რევაზ გიგაურზე "შინ - უცხოეთში" ხუთი წლის წინ გადავიღეთ მოკლე ფილმი, როცა ის აქტიურ სპორტს ნელ-ნელა თავს ანებებდა და ბავშვების წვრთნის ხელოვნებაში იწაფებოდა.
ახლა რევაზ გიგაური ამბობს, რაგბის სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებას ეხება საქმე და მაგის ძიებაში ვართ სულ ყველაო.
2019 წელს რევაზ გიგაურს გულწრფელობა ვთხოვე, დღემდე რაც გააკეთე, იმით კმაყოფილი თუ ხარ-მეთქი, ხუთი წლის წინ მითხრა, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რაღაცებში მთელი ენერგია არ ჩავდე, უფრო მეტად ვიშრომებდი, ყველაფერი რომ თავიდან იწყებოდესო.
ხუთი წელი გავიდა, რაღაც შეიცვალა, რაღაც განვითარდა. რევაზ გიგაური ახლა ნიცის რაგბის კლუბის ბავშვთა სფეროს განაგებს, ამავე დროს არის მომავალი მწვრთნელების მასწავლებელი, მათი ლექტორი.
რაგბისთან ერთად რევაზ გიგაური, რომელსაც მსოფლიოს ორ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული, სამაშველო სამსახურში ჩადგა და ნიცელებს, იმის მიხედვით, თუ რა მხრივ უჭირთ, ხანძარია, სტიქია მძვინვარებს, ვინმე ცუდადაა თუ უბრალოდ მოხუცებულს სჭირდება დახმარება, გვერდში უდგას.
გაკვრით საფრანგეთის არჩევნებსაც შევეხეთ და მორაგბემ მკაფიო პოზიცია გამოხატა: პირველი მისთვის მშვიდობაა, ასევე კანონის უზენაესობა და საზოგადოებაში არ უნდა იყოს არავინ დაჩაგრული.
რევაზ გიგაური თავის მეუღლესთან, ნათიასთან ერთად ორ გოგონას ზრდის, ელენესა და ანას. ამ ეტაპზე მამა თვლის, რომ ისინი საფრანგეთში იცხოვრებენ და მომავალი გვაჩვენებს, არის თუ არა ეს სწორი.
საფრანგეთში ჩვენი წამოსვლა იმან გამოიწვია, რომ მეტად განვითარება გვსურდა რაგბიში, რაც მაშინდელ საქართველოში რთული იყო. ახლა საქართველოში ვითარება შეიცვალა, მაგრამ აქაურობას შევეწყე, განვითარება გრძელდება და ამ პროცესში ვარ, ისე რომ, ამ წუთას საქართველოში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ, აქეთკენ მირჩევნია ყოფნა, მეც და ჩემს ოჯახსაც.