„მნიშვნელოვანია ვიდეომასალები, რომლებიც ინახება ამ განყოფილებაში, იყოს სრულყოფილი. სახელმწიფო ინსპექტორს აქვს ეს გამოთხოვილი. ამ ეტაპისთვის, წესით, გადაეცემოდა უკვე. ვნახავთ როგორი სიტუაციაა [ასახული] ამ კამერებში“, - ამბობს რევაზ აჭარაძე, საიას იურისტი და იმ 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი, რომელმაც გასულ კვირაში თვითმკვლელობა სცადა, რასაც წინ უძღოდა მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში.
რევაზ აჭარაძე რადიო თავისუფლების ეთერში აზუსტებს, რომ გამოთხოვილია მოზარდის განყოფილებაში ყოფნის სრული პერიოდის ამსახველი ვიდეომასალა:
„სრული პერიოდია გამოთხოვილი, რადგან მშობელი განმარტავს, რომ დაახლოებით 5 საათზე მივიდნენ 10 დეკემბერს და გამოუშვეს ღამის 11 სათისთვის. ანუ, თუკი გამომძიებელი იტყვის, რომ გამოკითხვის ოქმის დროს არ იყო პრობლემა, ამდენ ხანს რატომ იყო არასრულწლოვანი განყოფილებაში? ამ კითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს შსს-მ.
მოზარდი 5-6- საათი იყო განყოფილებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოქმი რომელ საათზე გაფორმდა“.
ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ არასრულწლოვანი სახელმწიფო უწყებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იყოს მშობლის თანხლებით და არა მხოლოდ უშუალოდ გამოკითხვის პერიოდში. შსს-ს განხცადებაზე, რომ მოზარდი მშობელთან უთანხმოების გამო რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რევაზ აჭარაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:
„3 წუთით გაიყვანაო. არ უნდა გაეყვანა არც სამი წუთით და არც 10 წამით. არანაირი მოქმედება არ უნდა ჩაეტარებინა საგამოძიებო ორგანოს მშობლის გარეშე - არც საგამოძიებო და არც პირადი გასაუბრება...
თუკი ჩანს, რომ მშობელი არ გაატარებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, ის უნდა მოიხსნას, უნდა მოიყვანონ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი უნდა ჩაერთოს და არა განყოფილების რომელიმე თანამშრომელი. არ შეიძლება ვიღაც პირებმა აიღონ თავზე აღმზრდელობითი ხასიათი გასაუბრებები...
თუ თვლიდა, რომ მშობელი არასწრულწლოვნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, უნდა გაეკეთებინა ის, რაც წერია კანონში...
სწორედ იმ 3-4 წუთზე ლაპარაკობს მშობელი, რომ დაბრუნებული არასრულწლოვანი იყო ატირებული, ანერვიულებული და ითხოვდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. ეს არის პრობლემა, რომ არც ერთი წუთით არ უნდა მოხდეს არასრულწლოვნის გაცალკევება მშობლისგან“.
საია-ს თავდაპირველ განცხადებას საფუძვლად ედო ის ფაქტი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიებას აწარმოებდა ის განყოფილება, რომელშიც, სავარაუდოდ, მოხდა დანაშაული:
„ჩვენი აღშფოთება უკავშირდებოდა იმას, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება დაიწყო იმ განყოფილებამ, რომელსაც ვედავებით, რომ ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა მოზარდი. სწორედ ამას ეხებოდა ჩვენი განცხადება, რომ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ამ განყოფილებამ მოიპოვა, ან შეიძლება მოიპოვოს, რაიმე ზიანი არ მიადგეს.
ამიტომაც ვთხოვეთ სახელმწიფო ინსპექტორს, რომ ეს ნაწილიც მას წაეღო გამოსაძიებად. ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდა და დღეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი აწარმოებს გამოძიებს ორი მუხლით - ეს არის მოწმის იძულება ჩვენების მისაცემად და მეორე - თვითმკვლელობამდე მიყვანა.
გამოძიების ოპერატიულობის ნაწილში ვხედავთ, რომ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენც არაერთხელ მოგვიწია მისვლა და სხვადასხვა ქმედებაში მონაწილეობის მიღება. გადაუდებელი აუცილებლობით ღამითაც მოგვიწია მისვლა. ჩართულები ვართ, მაგრამ გამოძიების ყველა ასპექტს არ გვაცნობენ, რაშიც ვიღებთ მონაწილეობას, იმის სრულყოფილად გაცნობის უფლება გვაქვს...
რასაც ვხედავთ, ტარდება არაერთი საგამოძიებო მოქმედება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რაღაც შედეგს გამოიღებს, რომ მიმართულია საქმის გახსნისკენ და არა უბრალოდ დასანახად“.
Your browser doesn’t support HTML5