საქართველოს პროტესტი ყურადღების ცენტრში - რეაქციები დასავლეთიდან, რეაქციები საქართველოში

უკვე კვირაზე მეტია თბილისსა და რეგიონებში ევროკავშირის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ხალხი აპროტესტებს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას - ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. ფოტო: 4 დეკემბერი, 2024 წელი.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას - დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი, მწვავე რეაქციები მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“; „2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

საგარეო კურსის ცვლილების გარდა, საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას იწვევს „ქართული ოცნების“ მხრიდან მომიტინგეების სასტიკი დარბევა, ცემა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებით, აქციების მონაწილეთა დაკავება, როგორც მიტინგზე, ასევე საკუთარ სახლებში.

რადიო თავისუფლებამ აქ თავი მოუყარა ბოლო დღეების მნიშვნელოვან რეაქციებს - როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

რეაქციები დასავლეთიდან

5 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციების მორიგი ეტაპი დააანონსა. განცხადებაში, რომელშიც ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას ადასტურებს, აღნიშნულია, რომ პასუხს აგებს ყველა, ვინც „ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს“ და „ვინც ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას“.

„გარდა იმისა, რომ ვაგრძელებთ აქამდე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ემზადება მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად“, - წერია სახელმწიფო მდივნის წერილში.

აქვე ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“.

30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე ნახეთ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი დამატებით სანქციებს აანონსებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

სექტემბერში, აშშ-მა, დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ათეულობით პირს და მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს. ამავე პერიოდში სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს და ასევე - ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

ენტონი ბლინკენმა საქართველოს კრიზისზე ილაპარაკა მალტაშიც, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სესიაზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობდა. ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს“.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ იზიარებს ეუთოს წევრების შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო - „შეჩერდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“ და დაგმო აგრესია მათ მიმართ, ვინც ევროპულ გზაზე დარჩენისკენ მოწოდებით გამოდის და განსაკუთრებით - ჟურნალისტებზე თავდასხმა და დაკავება.

“ჰელსინკის კომისია” “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმურად თვლის.

სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების მოთხოვნით მიმართა აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“ - „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა. მისი რეკომენდაციაა, რომ სანქციები დაუწესდეთ ხალხის დარბევის ორგანიზატორებს და პირველ რიგში - კახა კალაძესა და ვახტანგ გომელაურს. ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების სახლებსა და ოფისებში დაკავება - კონგრესმენის შეფასებით, „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.

ასევე ნახეთ აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის მარიონეტებს, ივანიშვილსა და მის ამფსონებს - კონგრესმენი უილსონი
ასევე ნახეთ სენატორები: „ქართული ოცნების“ ქმედებები საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ

„ვიმედოვნებთ, "მაგნიტსკის" სანქციები იქნება ხელშემწყობი საქართველოს სწორ გზაზე დასაბრუნებლად, ვინაიდან მიუღებელია, რაც დღეს იქ ხდება - ჩვენი ამ ლაპარაკის პარალელურად რასაც სჩადის საქართველოს ახლანდელი მთავრობა საქართველოს ხალხის წინააღმდეგ“, - აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი.

„მაგნიტსკის აქტი“, 2012 წელს, ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, რომელმაც სანქციები დაუწესა 2009 წელს რუსი ბიზნესმენის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს. წლების განმავლობაში აქტის ადრესატების სია გაფართოვდა, გახდა გლობალური და ამჟამად მასში 650-ზე მეტი ადამიანის სახელია შესული. „მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში.

უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის საელჩო, ფეისბუკგვერდზე, ისევ აქვეყნებს მოკლე შეტყობინებებს.

„ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა“, - ეს არის ბოლო „ქარდი“ მოკლე შეტყობინებით, რომელიც საელჩომ 5 დეკემბერს გამოაქვეყნა. გასულ დღეებში ასევე იყო მოკლე მესიჯები: „ლიდერობა ღირსებით?“, „ყველაფერი გასაგებია“. ანალიტიკოსებისთვის ეს ნიშანია, რომ აშშ დიალოგს დასრულებულად თვლის და „ოცნება“ კონკრეტულ ზომებს უნდა მოელოდეს.

ასევე ნახეთ აშშ-ს საელჩოს ქარდები აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე - ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა 1 დეკემბერს X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს „ევროკავშირისგან პირდაპირი შედეგები მოჰყვება“ და, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და „ევროპულ მომავალზე მისი არჩევანის გვერდით“.

„ვგმობთ ძალადობას მომიტინგეთა წინააღმდეგ და ვწუხვართ მმართველი პარტიის სიგნალების გამო, რომ არ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და ქვეყანა დემოკრატიული უკანდახევის გზაზეა“, - დაწერა კალასმა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად კიევში ჩასვლის შემდეგ.

უფლებამოსილების შესრულებას კაია კალასი 1 დეკემბრიდან შეუდგა.

„ტაშს ვუკრავთ ხალხის გამბედაობას მთელ საქართველოში, რომლებიც ქუჩებში გამოდიან დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას - დაუბრუნდეს ევროპულ გზას და აქ მე არ ვეთანხმები საქართველოს წარმომადგენელს [მაკა ბოჭორიშვილს] - სწორედ საქართველოს მთავრობა უხვევს ამ გზიდან სიტყვით და მოქმედებებით“, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ეს განცხადება 5 დეკემბერს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე, მალტაში გააკეთა.

მანამდე, 30 ნოემბერს მან X-ზე დაწერა, რომ ათობით ათასი ქართველი ატარებს ევროპის გულს და ევროკავშირის დროშებით დგას წყლის ჭავლის წინაშე. „საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის ხმას“, - დაწერა ბერბოკმა.

ნიდერლანდი გამოდის ინიციატივით - საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„მიუღებელია ძალადობა პროტესტის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, ასევე მიუღებელია საქართველოში პოლიტიკოსების დაკავება. ამიტომაც ნიდერლანდი მოუწოდებს ევროკავშირს, შეჩერდეს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი. მივესალმები ბალტიის ქვეყნების ინიციატივას მოგზაურობაზე ინდივიდუალური აკრძალვის შემოღებაზე“, - დაწერა ველდკამპმა 5 დეკემბერს.

ასევე ნახეთ ნიდერლანდი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოწოდებით გამოდის

კასპარ ველდკამპის განცხადებით, საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად აუცილებელია ეუთოს არსენალში არსებული მექანიზმების შესწავლა და ის აპირებს მუშაობას ამ მიმართულებით.

5 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი 18 ქვეშევრდომის წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. მათ შორის არიან: ირაკლი კობახიძე, მისი მამა გიორგი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ სანქციები საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესების გამყიდველთა წინააღმდეგ დააწესა.

ასევე ნახეთ უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს

ბალტიის სახელმწიფოები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ - დაასანქცირეს 10-ზე მეტი ადამიანი.

ამის გამო, ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მიუთითეს, რომ „ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს“.

სანქციებს განიხილავს კანადის ხელისუფლებაც.

„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთებს ის, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით [ამ სამი ქვეყნის] მაგალითს და ჩვენი სანქციების რეჟიმზე დაყრდნობით, სანქციებს დავუწესებთ საკვანძო ფიგურებსა და ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევაში, ასევე კორუფციაში“, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, 2 დეკემბერს, რიგაში, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მუდმივი კავშირი აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებსაც საქართველოში პროდასავლური კურსისა და დემოკრატიის მხარდაჭერისკენ მიუთითებს. ბოლო დღეებში ლიდერები პლატფორმა X-ზე მწვავე განცხადებებს აქვეყნებენ.

„“ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ გაყინავს ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას. ეს არის რადიკალური ცვლილება მანამდე არსებული პოლიტიკისა, რომელიც ეფუძნება ქვეყნის კონსტიტუციას. საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით აჩვენებს ქართველების დიდ სურვილს გააგრძელონ სვლა ევროპულ გზაზე. არ უნდა მოხდეს მათი შეზღუდვა. ფინეთი ქართველების გვერდით არის“, - დაწერა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა X-ზე, 2 დეკემბერს.

რეაქციები საქართველოში

4 დეკემბერს პოსტი დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა. სამსახურებრივ პატაკში მიზეზად დასახელებულია „ოჯახური პირობები“, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, შაიშმელაშვილის წასვლას საზოგადოების დიდი ნაწილი მიტინგების ძალადობრივ დარბევას უკავშირებს, როცა, წყლის ჭავლთან ერთად, რუსთაველის გამზირზე დიდი რაოდენობის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდნენ - ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.

  • საერთაშორისო გზამკვლევების თანახმად, ოპერატიული სამეთაურო რგოლი პასუხისმგებელია როგორც დემონსტრაციების დაშლისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დაგეგმვის პროცესში; ასევე ამ რგოლის პასუხისმგებლობაა პროცესების კონტროლი ადგილზე.
  • ექიმები შიშობენ, რომ დღეების მანძილზე ჯანმრთელობისთვის სახიფათო ოდენობის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდნენ. ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ისროდნენ ხალხში, როდესაც სხვადასხვა გათვლით, რუსთაველის გამზირზე 100-200 ათასი ადამიანი იდგა. მომიტინგეები ჰყვებიან, რომ მოყვნენ ჭყლეტაში და ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

ასევე ნახეთ სპეცრაზმის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა სამსახური დატოვა

გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის პოსტიდან წასვლა დროში დაემთხვა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ასკაციანი სიის გასაჯაროებას, - მასში, არხის მტკიცებით, გდდ-ს ის თანამშრომლები შედიან, რომლებიც [ნოემბერ-დეკემბერში] ძალადობდნენ პროევროპული აქციების მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე.

ამის შემდეგ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შს სისტემა ათეულობით თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის - წყლის ჭავლის მანქანების ოპერატორებმა. ეს ინფორმაცია არ დაადასტურა შსს-მ.

მანამდე პოსტი დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ. ამის შესახებ მან ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

ასევე ნახეთ თანამდებობა დატოვა შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების უფროსმა ინსტრუქტორმა - პრეზიდენტმა მას "პირველი მერცხალი" უწოდა

გადადგომის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღეს ელჩებმა. პოსტიდან გადადგნენ:

  • თეა მაისურაძე - საქართველოს ელჩი ჩეხეთში. „საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - დაწერა მაისურაძემ სოციალურ ქსელში.
  • დავით ზალკალიანი - საქართველოს ელჩი აშშ-ში. მისი გადაწყვეტილება დროში დაემთხვა აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.
  • ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი ბულგარეთში; „არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა“, - დაწერა მან გადადგომის შესახებ პლატფორმა X-ზე.
  • დავით სოლომონია - საქართველოს ელჩი ნიდერლანდის სამეფოში. „პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა. ვგმობ ნებისმიერ ძალადობას”, - დავით სოლომონიას განცხადება მისმა დამ გაავრცელა.
  • სალომე შაფაქიძე - ლიეტუვაში საქართველოს ელჩი. „პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რომელიც თან ერთვის ევროატლანტიკურ გზას! საქართველო ევროპაა“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
  • ირაკლი ვეკუა - იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. „ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანს განგებამ აჩუქოს. მათ შორის იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტრაცები და ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს ფეისბუქის პირად გვერდზე“, - დაწერა მან ფეისბუკის პირად გვერდზე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხელმომწერთა სიიდან, პოსტი დატოვა საგანგებო დავალებათა ელჩმა, გამოცდილმა დიპლომატმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა.

ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას სწრაფად მოჰყვა სახელმწიფო უწყებების საპროტესტო განცხადებები, თანამშრომელთა ნაწილის ხელმოწერით.

ხელმომწერთა რიცხვი თანდათან გაიზარდა. 6 დეკემბრისთვის სურათი ასეთია:

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნა თბილისის მერიის რამდენიმე ასეული თანამშრომელი.

ასევე ნახეთ „საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობა“ - კალაძე ისევ ეხმაურება მერიის თანამშრომელთა განცხადებას
ასევე ნახეთ „მუქარად და დაშინებად აღვიქვით ყველამ“ - თბილისის მერიის თანამშრომელი კახა კალაძეს პასუხობს

სახელმწიფო უწყებების პროტესტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საბოტაჟად თვლიან და აცხადებენ, რომ ოპოზიცია მიზანს ვერ მიაღწევს, ხოლო, თავად, ამ პროცესს სახელმწიფო სამსახურის სისტემის გასაწმენდად გამოიყენებენ.

სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადებები გააკეთეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, ილიაუნიმ, საქართველოს უნივერსიტეტმა. გაიფიცა სხვა სასწავლებლების, მათ შორის - თსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი.

ევროკავშირის მხარდაჭერა და „ოცნების“ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტი გამოხატა თეატრების ნაწილმა - საპროტესტო აქციების აქტივისტი მსახიობები შსს-ს სპეცრაზმელების მიერ დაკავებულთა და ნაცემთა შორის არიან.

ცალკეული კომპანიები წერენ, რომ აჩერებენ მუშაობას - იქნება ეს რესტორნები, სასტუმროები, ტურისტული თუ სამშენებლო კომპანიები.

30 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნეს „სილქ ბანკისა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლებმა.

„მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას. არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!“ - წერია ტექსტში.

30 ნოემბერს, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა „ორბი ჯგუფმა“.

„ორბი ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს: უარი ძალადობას, წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!“, - წერია განცხადებაში.

ასევე 30 ნოემბერს გამოქვეყნდა განცხადება კლინიკა „კურაციოს“ ფეისბუკგვერდზე.

„კლინიკა კურაციოს თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას“, - კლინიკა „კურაციოს“ თანამშრომლები ასევე აღნიშნავენ, რომ იზიარებენ „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენების სულისკვეთებას“ და გმობენ ძალადობას, „რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვების, ჟურნალისტების, ექიმების წინააღმდეგ“.

კლინიკა „კურაციო“ მზად არის, უსასყიდლოდ მოემსახუროს აქციებზე დაზარალებულებს.

4 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნეს კლინიკა „თიმი-თბილისის“ მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლებმაც.

„კლინიკა თიმი-თბილისის მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლები სოლიდარობას ვუცხადებთ და მხარს ვუჭერთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც თავიანთ პოზიციას გამოხატავენ სამართლიანობისა და თანასწორობის მოთხოვნით. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებების დაცვა არის საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი საფუძველი“, - წერია ტექსტში.

ნოემბრის ბოლოს ერთობლივი საპროტესტო განცხადება გამოაქვეყნა 13-მა ბიზნესასოციაციამ.

„ვგმობთ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქმნის დიდ რისკს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოიშვა“, - ბიზნესასოციაციების განცხადებაში ლაპარაკია იზოლაციის საფრთხესა და ეკონომიკური კრიზისის რისკებზე, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერიოდში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო, ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნესასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.