"საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია" - რეალურად ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალს "მეორე ფრონტის"?

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გალის რაიონში. 2023 წლის 13 მარტი.

"საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან", შეერთებულ შტატებს კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნა უნდა, "საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია" - ასეთი შეფასებები მოჰყვა სოხუმსა და ცხინვალში თბილისში რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს.

დე ფაქტო ხელისუფლებები ომის რეალურ საფრთხეზე ალაპარაკდნენ და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გატარებაც მიზანშეწონილად ჩათვალეს.

გუშინწინ, 13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია გალის რაიონში იმყოფებოდა, სადაც უშიშროების ძალები წვრთნებს გადიან. ბჟანია შეიარაღებული ძალების მზადყოფნას გაეცნო და აფხაზეთ-საქართველოს დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო, თავდაცვის დანიშნულების ნაგებობები დაათვალიერა.

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის უსაფრთხოების ძალები გალის რაიონში სამხედრო წვრთნას ატარებენ. მასში ე.წ. უშიშროების, სახელმწიფო დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. პარალელურად, მოსახლეობას მოუწოდეს პანიკას და ჭორებს არ აჰყოლოდნენ.

მანამდე ასლან ბჟანია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა და თბილისში განვითარებული მოვლენების გამო უშიშროების ძალების გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა.

ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გალის რაიონში რაიმე განსაკუთრებულ დაძაბულობა არ იგრძნობა. სავარაუდოდ, დე ფაქტო პრეზიდენტის გალში ჩასვლის წინ მილიციამ რამდენიმე საათით გადაკეტა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის შესასვლელები.

"როგორც ვხვდებით, აქ უბრალოდ ეშინიათ, რამე არ მოხდეს. გუშინწინ გზებზე იყო საკმაოდ მკაცრი ზომები. ცენტრალური გზის შესასვლელები თითქმის ყველა გადაკეტილი ჰქონდა მილიციას", - ამბობს გალის მცხოვრები.

"საქართველო ახლა აფხაზეთზე არ არის დამოკიდებული, მას აქვს საკუთარი შიდა პრობლემები, მაგრამ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოჰყვება ამას", - უთხრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ რუსულ TASS-ს საპროტესტო აქციების კომენტირებისას.

"მეზობელ სახელმწიფოში არასტაბილურობა ყოველთვის უნდა იწვევდეს შეშფოთებას. მით უმეტეს, რომ გვესმის შემაშფოთებელი მოწოდებები. ეს გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ჩვენ, პრინციპში, მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის არაპროგნოზირებადი ქმედებების მოლოდინში ვართ, რადგან სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი არ გვაქვს და ჩვენი ურთიერთობა არ იწვევს ოპტიმიზმს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის", - განაცხადა შამბამ.

ასევე ნახეთ ეს ჟღერდა, როგორც ომის მუქარა - როგორ აღიქვეს თბილისის აქციის გამოსვლები სოხუმსა და ცხინვალში

მან ასევე დასძინა, რომ საქართველოში მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდი "მუდმივი აჯანყებებია", ხოლო სტაბილურობის პერიოდები - ძალიან ხანმოკლე.

8 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში ამერიკელები "საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან". მას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნაა. მანამდე არძინბამ თქვა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები და კრიზისის პროვოცირების მცდელობები მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთსა და ბელარუსში ჯაჭვის ერთი და იგივე რგოლია".

სიტუაციის "შესაძლო დესტაბილიზაციის გამო" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ინალ არძინბამ და ახსარ ჯიოევმა ტელეფონით ისაუბრეს, რომ შეეთანხმებინათ როგორ ყოფილიყვნენ მზად "არასასურველი შედეგებისა" და "დაძაბულობის ესკალაციისთვის".

პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი "ეხო კავკაზას" ეუბნება, რომ საქართველოდან მომავალი საფრთხე ოსეთში შიდაპოლიტიკური დისკურსის განუყოფელი ნაწილია.

"საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის ასეთი თავშეკავებული ქცევა რუსეთთან მიმართებით არ არის განპირობებული იმით, რომ ის უფრო პრორუსულია, ვიდრე მათი ოპონენტები. მიზეზი სხვაა: არსებობს გაგება, რომ სხვა ვარიანტები, იქნება ეს მეორე ფრონტის გახსნა თუ მსგავსი რამ, საქართველოსთვის კატასტროფულად დასრულდება. ვფიქრობ, თუ დღეს ხელისუფლებაში საპროტესტო აქციების შედეგად "ქართული ოცნების" ოპონენტები მოვლენ, რუსეთის მიმართ ანალოგიურ პოლიტიკას გაატარებენ. რაც შეეხება რიტორიკას, ის ყოველთვის უფრო თავშეკავებული იყო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან კი - უფრო რადიკალური. მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა რიტორიკა. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხრიდან საფრთხე არ არსებობს. სანამ ის არ ცნობს არსებულ რეალობას, არ ცნობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, საფრთხე ყოველთვის არსებობს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის", - ამბობს გობოზოვი.

პირველი მოწვევის დეპუტატის, სამოქალაქო აქტივისტის, თემურ ცხურბათის თქმით, თბილისის ქუჩებში სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების შემზღუდველი კანონების წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საფრთხეს არ წარმოადგენს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. პირიქით, მისი აზრით, დემოკრატიის განვითარება და საქართველოს ევროპული ვექტორი ახალგაზრდა "რესპუბლიკებს" რეგიონში სტაბილურობის იმედს აძლევს.

თემურ ცხურბათი

"საქართველოში მიმდინარე პროცესები ნორმალური მეჩვენება. მეტიც, ისინი აჩვენებენ, რომ, ჩემი დიდი სინანულით, საქართველო უსწრებს როგორც რუსეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს დემოკრატიის ზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების შენების თვალსაზრისით. ეს ჩვენთვის ცუდი არ შეიძლება იყოს. ევროპის გავლენით ქართველები მიხვდებიან, რომ რუსეთს, თუნდაც ახლანდელ მდგომარეობაში, შეუძლია შემთხვევით გააქროს საქართველო მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან".

ცხურბათი დასძენს, რომ თანაუგრძნობს მომიტინგეებს, რადგან იცნობს ადამიანებს, რომლებიც პროტესტის გამოხატვისას ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო დაშავდნენ.

"ჩემი თანაგრძნობა გამოვუცხადე მათ. რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის მაისურს არ შემოვიხევ, რადგან უცნობია, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენდამი. იქ ძირითადად ახალგაზრდა თაობა აპროტესტებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში გაიზარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ანუ მათ არ აქვთ დაკარგული ტერიტორიების სინდრომი. მაგრამ რამდენად შეიძლება მათი ცნობიერების მოწამვლა სახელმწიფო პროპაგანდით? მათი შეხედულება არ ვიცი ჯერ არაღიარებულ რესპუბლიკებზე", - ამბობს ცხურბათი.

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის თქმით, კარგი და აუცილებელიც კი იყო, საქართველოს ხელისუფლებას მყისიერად განემარტა სოხუმისა და ცხინვალისთვის, რომ არ არსებობდა შიშის არავითარი საფუძველი.

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი

"არავითარი საფუძველი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ მიუცია ნამდვილად არასდროს აფხაზებისა და ოსებისთვის, რომ იქ განსაკუთრებული მობილიზება გამოეცხადებინათ", - ამბობს პეტრიაშვილი.

კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, "უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პროპაგანდა გააქტიურდა. კონფლიქტოლოგის თქმით, ეს იყო რუსული შურისძიება საქართველოში წარუმატებელ პროცესებზე.

ზურაბ ბენდიანიშვილი

"იმის ფონზე, რომ დღეს რუსეთს უკრაინაში საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს, ოსები და აფხაზები ნამდვილად არ გამორიცხავენ, რომ საქართველოდან შესაძლებელია აგრესია წამოვიდეს. მით უმეტეს, ცხინვალში აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა, რომ 2008 წლის ომი ეს იყო ქართული სახელმწიფოს სამხედრო ოპერაცია ოსების წინააღმდეგ. თბილისში აქციების პირველ დღეებში დაძაბულობის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო. დღეს თითქოს იგივე განცდა აღარ არის. ინტერნეტის ეპოქაა და მეტიც წაიკითხეს. თუმცა ეს დაძაბულობა ბოლომდე არ გამქრალა და გუშინ ცხინვალელ კოლეგებს რომ ვესაუბრე, მითხრეს, იქნებ განცხადებები გაგეკეთებინათო", - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომის განახლების შიში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე და 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დაწყების დროსაც გაუჩნდათ. არც 2020 და არც 2022 წელს საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტური რეგიონების ძალისმიერი გზით დაბრუნების სურვილი არ გამოუხატავს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, უკრაინელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები.

მოქმედი მთავრობა მუდმივად აცხადებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ გახსნის "მეორე ფრონტს" და, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მშვიდობიანი გეგმა აქვთ.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

მილიტარისტულად არ არიან განწყობილი არც საქართველოს ახალგაზრდები. ამას მოწმობს 2021 წლის ზაფხულში CRRC საქართველოსა და კავკასიური სახლის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვით, ქართველი ახალგაზრდები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას არ ემხრობიან. კვლევაში 18-29 წლის 1116 ქართველი მონაწილეობდა.