რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში გასცა. რამდენიმე თვეში, 27 სექტემბერს „რიონის ხეობის მცველებმა“ ონში კარავი გაშალეს და მას შემდეგ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ. ახლა მათ უნდათ, რომ ეს კარავი და მასთან ერთად საპროტესტო მუხტიც თბილისში გადმოიტანონ.
ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს სოციალური სამართლიანობის ცენტრიც. ის ასევე მოუწოდებს მთავრობას, აქციის მონაწილეებს 18 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრებისა და კარვების გაშლის საშუალება მისცეს.
„შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, რომელმაც ლიცენზია შეიძინა, ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოეწყო. მიზანი კეთილშობილი ირმისა და კავკასიური დომბას, იგივე ევროპული ბიზონის მოშენება იყო. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე დავით ხიდაშელია, რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.
15 ნოემბერს გავრცელდა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” განცხადება, რომლის მიხედვით, კომპანია სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. „კარგად იყვნენ უჩემოდ", - განაცხადა დავით ხიდაშელმა.
ასევე ნახეთ „თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ" - ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადისკომპანია აღნიშნავს, რომ დავით ხიდაშელმა რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა: „ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც“.
თავის მხრივ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო და კიდევ მთელი რიგი ვალდებულებები აეღო, რეალურად კი არაფერი გაუკეთებია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც დაადგინა, რომ „არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად“.
ამის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით“. ითვალისწინებს თუ არა ეს ლიცენზიის გაუქმებას, ჯერჯერობით ცხადი არაა.
„რიონის ხეობის მცველებისთვის“ კი არც ხიდაშელის განცხადებაა დამაჯერებელი და არც გარემოს დაცვის სააგენტოსი. მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ეჭვობს, რომ სამინისტროც და ხიდაშელიც შეთანხმებულად მოქმედებენ, ორივეს მიზანი კი საზოგადოების პროტესტის განეიტრალებაა.
„ეს გადაყიდვის პროცესი უამრავ კითხვას აჩენს. ეს კაცი რომ ყიდის ამას, როგორ ყიდის? აქამდე გვიმტკიცებდნენ, რომ ტყეების განკარგვის უფლება არ ჰქონდა, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი, - ფიქრობენ [სამინისტროში], რადგან ხიდაშელი რუსეთთან არის დაკავშირებული, თუ მას ჩამოაშორებენ და ვიღაც ქართული და ესპანური კომპანიები აიღებენ ამ ტყეებს, საზოგადოება წინააღმდეგი აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ხიდაშელის ფაქტორი ამძიმებდა სიტუაციას, მაგრამ ჩვენ ზოგადად ლიცენზიის გაუქმებას ვითხოვთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დაეპატრონება ამხელა ფართობს ნახევარი საუკუნით. თავად ეს მიგვაჩნია მიუღებლად“.
გარემოს დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ მართალია, დავით ხიდაშელმა მეურნეობიდან გასვლის შესახებ განაცხადა, მაგრამ სააგენტოში არც მას და არც მის კომპანიას სათანადო განაცხადი არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, ჯერ ცნობილი არ არის, როგორ და რა პროცედურით აპირებს ბიზნესმენი ამ საქმიანობას ჩამოშორდეს.