2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ბევრი სოფელი მთლიანად დაინგრა. ზოგიერთი გამიზნულად გადაწვეს, შემდეგ ტერიტორიების მოსასუფთავებლად იქაურობას მძიმე ტექნიკით გადაუარეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დარჩენილი ტაძრების და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების ნაწილი შეძლებისდაგვარად გადარჩა, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მიტოვებული, უმოქმედო და დანგრევის პირასაა მისული.
ცოტა ხნის წინ, ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ დეტალური ანგარიში (ინგლისურ ენაზე) და ელექტრონული რუკა (რომელზეც ომის შედეგად დანგრეული, დაზიანებული და გადარჩენილი ძეგლებია დატანილი) გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ლურჯი ფარი - საქართველოს“ ეროვნულმა კომიტეტმა.
„ლურჯი ფარის” გუნდმა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული 700-ზე მეტი ძეგლის მდგომარეობა გააანალიზა. ის სურათი, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ნელ-ნელა იშლება ქართული კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კულტურული მემკვიდრეობის 737 ძეგლიდან, მხოლოდ 36 აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად „კარგ“ მდგომარეობაში. იმ ობიექტების 20 %, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დღეს დანგრეულია.
შეაფასეს 17 სოფლის მდგომარეობა. ეს სოფლები ომის დროს საარტილერიო თავდასხმების სამიზნე გახდა, მათი ნაწილი კი განზრახ გადაწვეს. მათგან 11 სოფელი დღეს აღარ არსებობს.
ბულდოზერგადავლილი და მოსუფთავებული ტერიტორიის დიდი ნაწილი დღეს ძირითადად, საბინაო მშენებლობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის გამოიყენება (სოფელ ერედვთან, მაგალითად, ნაგავსაყრელს აკეთებენ).
უშუალოდ სამხედრო მოქმედებებისას (და მას შემდეგაც) დაზიანდა 13 ობიექტი. 10 - დაინგრა - ძირითადად მუზეუმები და რელიგიური ნაგებობები.
ციხესიმაგრეებს მსგავსი ზიანი, შესაძლოა, მათი მდებარეობის გამო არ მიუღიათ.
დაახლოებით 4-დან 1 შეფასებული სათავდაცვო და რელიგიური ნაგებობა - უპატრონობამ დააზიანა. სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო მაღალია, მაგრამ მიტოვებული ძეგლების დიდი რაოდენობა ისეა დაფარული მცენარეული საფარით, რომ მათი დანახვა Google Earth-ის სატელიტურ ფოტოებზე ვერ ხერხდება.
587 ობიექტი ან ცუდ მდგომარეობაშია, ან მისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ზოგან - უცნობია იქ რა ხდება.
მათგან 390 - საერთოდ ვერ შეფასდა. თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, სავარაუდოდ, მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
- ანგარიშზე, რომელიც პროექტის „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის” ფარგლებში მომზადდა, მუშაობდნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია "ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ნიუქასლის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და კულტურის სკოლასთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრა და დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი.
- ისინი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებულ ზიანს იკვლევდნენ საერთაშორისო კანონმდებლობის ჭრილში, კერძოდ, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობის დაცვის შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენციასა და მის ორ ოქმზე (1954, 1999) დაყრდნობით, რომლებიც მოქმედებენ კონფლიქტისა და ოკუპაციის პირობებში.
- რადგან ცხინვალის რეგიონში შესვლა და იქ დარჩენილი კულტურული ძეგლების მონიტორინგი შეუძლებელია, ამიტომ ეს ანგარიში დაეყრდნო თვითმხილველთა ანგარიშებს, ინტერვიუებს, მედიასა და სოციალურ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, სატელიტური გამოსახულების შეფასებებს Google Earth-ის მეშვეობით და UNOSAT-UNITAR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს.
ომის შედეგად გამოწვეულ ნგრევას ისიც დაემატა, რომ რაც დრო გადის, იერსახეს უცვლიან რელიგიური დანიშნულების ძეგლებსაც - ქართული მართლმადიდებლური ტაძარი - რუსულს ემსგავსება და არის შემთხვევები, როცა მათი ინტერიერი რუსულ სტილშია მოხატული.
რამდენიმე ტაძარი ომის დროს დაიწვა - ასეთი იყო, მაგალითად, სოფელ სვერის წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია.
სოფელ ხეითის მთავარანგელოზის ეკლესია და ღვთისმშობლის ეკლესია ბრძოლების დროს დაზიანდა. ეს უკანასკნელი ბოლოს ჩამოინგრა.
სავარაუდოდ, განადგურებულია სოფელ ნულის მე-16-მე-17 საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესიაც - კოორდინატების სიახლოვეს მდებარე ყველა შენობა დანგრეულია. სავარაუდოდ, ისიც.
სოფელ ძარწემში რამდენიმე ეკლესია გადაწვეს, ადგილი კი მოასუფთავეს. ძარწემი ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, რომლის ტერიტორია სამხედრო საწვრთნელი პოლიგონისთვის მომზადდა. იქ არაფერი გადარჩენილა - ეს გუგლის სატელიტურ ფოტოებზეც კარგად ჩანს.
ასევე ნახეთ გამქრალი სოფლები - ქურთა, ძარწემი და სხვებიომს გადაურჩა, მაგრამ 2014 წელს დაანგრიეს ქაშუეთის ეკლესია სოფელ ქემერტში, იქაც ტერიტორია მოასუფთავეს სამხედრო მიზნებისთვის. 2016 წლის მაისიდან 2017 წლის სექტემბრამდე, ყველაფერს ბულდოზერებით გადაუარეს.
სამოქალაქო პირებმა და დე ფაქტო ძეგლთა დაცვის სამსახურმა ე. წ. გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარეს, მაგრამ შეუსაბამო ჩარევის გამო მათი პირვანდელი სახე აღარ არსებობს. ამ სამუშაოებში, როგორც წესი, არ მონაწილეობენ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები, იყენებენ არათავსებად საშენ მასალას, მაგალითად, ცემენტს.
ანგარიშის ერთ-ერთი ავტორმა, „ლურჯი ფარი - საქართველოს“ ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელმა, მანანა თევზაძემ გვითხრა, რომ ამ ძეგლებმა უკვე დაკარგეს „ძველი ისტორიული ქსოვილი“:
„პირდაპირ ნანგრევებს შემოაშენეს გარშემო რაღაც, ძალიან უხარისხოდ და არაპროფესიონალურად. დღეს ეს ერთი და ორი ფაქტი, შესაძლოა, ბევრად არ გვეჩვენება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მსგავსი შემთხვევები მოიმატებს. თან ამ ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოებს, როგორც წესი, ატარებს რაღაც სამშენებლო კომპანია. ცხადია, ეს ყველაფერი კეთდება ძალიან უხარისხოდ და ყველა წესის დარღვევით“.
ასეთი სულ 25 ძეგლი გამოიკვეთა.
2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ასევე დაზიანდა:
ავნევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (მე-10-მე-14სს.) - თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციების შედეგად მისი მინები ჩამსხვრეულია.
ერედვის წმინდა გიორგის კომპლექსი. კომპლექსის ახლოს ჩამოვარდნილმა ჭურვმა დააზიანა წმინდა გიორგის ეკლესია (906) და მისი მიმდებარე კარიბჭე.
ტბეთის ეკლესიას (გვიანი შუა საუკუნეები), 2008 წლის 8-10 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს ჭურვი მოხვდა და განადგურდა.
ცხინვალის სინაგოგა (1950-იანი წლები), რომელიც ჯერ კიდევ 1992 წლის ბრძოლების დროს დაზიანდა ძლიერ, 2008 წლის 8-9 აგვისტოს ბრძოლების დროს, დაბომბვისას, ხელმეორედ დაზიანდა.
ვანათის ღვთისმშობლის ეკლესია (მე-19 საუკუნე) ძალიან დაზიანებულია და ვარაუდობენ, ის 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სოფლის გადაწვას შეეწირა. 2019 წლისთვის ეკლესიას არ ჰქონდა არც კარი, არც სახურავი, დარჩენილი იყო მხოლოდ კედლები.
ისტორიულ სოფელ თამარაშენში საცხოვრებელი კორპუსები ააშენეს, იქაურობას კი „მოსკოვსკი“ უწოდეს.
სავარაუდოდ, გადაკეთებულია ან აღარ არსებობს წორბისის სასაფლაოს კოშკი - 2019-2021 წლებში იქ ჩატარებული რემონტის შემდეგ, განახლებული ეკლესიისა და მიმდებარე ტერიტორიის ახალ ფოტოებზე სასაფლაოზე მდებარე ისტორიული კოშკი აღარ ჩანს.
დაზიანებული ძეგლების სიაშია ზემო აჩაბეთის ციხე, ახალგორის ქსნის ხეობის ერისთავების სასახლე, არმაზის - წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის ეკლესია, დმენისის მთავარანგელოზის ეკლესია, იკორთის – კომპლექსი: ციხე; და მთავარანგელოზთა ეკლესია და ა.შ.
განადგურებული და დაზიანებული ძეგლების ჩამონათვალი გრძელია.
მანანა თევზაძე ამბობს, რომ ამ ანგარიშში პირველად, ცალკე გამოიყო ის ძეგლები, რომლებსაც საფრთხე ელით სამხედრო ობიექტებთან სიახლოვის გამოც.
ასეთი 38 ძეგლია, რომლებსაც სამხედრო ბაზიდან მხოლოდ 500 მეტრი აშორებთ. საბრძოლო მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში, მათი დაზიანების რისკი მაღალია. მათ შორისაა, მაგალითად, ახალგორის ციხე; ბალაანის ციხე-კოშკი, დისევის კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია, ძარწემის ყოვლადწმინდა ეკლესია და არაერთი სხვა.
ეკლესია-მონასტრების გარდა, ომის დროს დაზიანდა და განადგურდა მუზეუმებიც.
მათ შორის არის ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც, რომელიც პირველად 1990-იან წლებში დაზიანდა. შემდეგ კი 2008 წლის ომის დროს (თუმცა მუზეუმიდან კოლექცია გატანილი იყო).
დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმის ნაკრძალი სოფელ ქურთაში და მისი კეხვის საცავი 2008 წელს განადგურდა - საბრძოლო მოქმედებების შედეგად. მის ნაშთებს 2014 წელს ბულდოზერებით გადაუარეს.
უკონტროლოა და პრობლემად რჩება ე.წ. უკანონო არქეოლოგია. თუმცა, როგორც მანანა თევზაძემ გვითხრა, მაინც არსებობს რამდენიმე მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია წინასწარ აღიკვეთოს უკანონო ქმედებები:
"უკრაინა, მაგალითად, ახლა ადგენს ნივთების ე.წ. „წითელ სიებს“. ჩვენთანაც, სააგენტოს შეუძლია შეადგინოს ასეთი ზოგადი სია. მაგალითად, ახალგორის მუზეუმის შემთხვევაში, რომელიც სრულად ინვენტარიზებულია, ამის გაკეთება უფრო მარტივია. მუზეუმიდან ნივთის გატანის და გაყიდვის მცდელობისას, ამის შესახებ მაშინვე გვეცოდინება. თუ, ცხადია, ამ სიიდან რომელიმე ნივთი ბაზარზე გამოჩნდება“.
„ლურჯი ფარი - საქართველო“ წერს, რომ დაკარგვის საფრთხის წინაშეა ერთი შეხედვით უხილავი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური მემკვიდრეობაც. მაგალითად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთი ჯგუფის კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ხარშვა, რომელიც მათთვის ჩვეული წესი იყო, ახლა ძალიან იშვიათად ხდება.
ხვალ შეიძლება აღარ იარსებოს ადგილობრივი კერამიკული ჭურჭლის წარმოებამაც - ამ ტრადიციას საფრთხე იმიტომ ექმნება, რომ მოსახლეობა დაიფანტა, ამ ცოდნისა და უნარის მქონე ადამიანები დაბერდნენ ან ცოცხლები აღარ არიან.
დღეს თითქმის აღარ აღინიშნება ქსნის ხეობაში მდებარე სალოცავებთან და წმინდა ტყეებთან დაკავშირებული დღესასწაულები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებული იყო.
შიდა ქართლის რეგიონი მოიცავს დიდი და პატარა ლიახვის, ფრონესა და ქსნის ხეობებს და ამ ტერიტორიაზე 800-მდე რეგისტრირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია: მართლმადიდებლური ეკლესიები და ტაძრები, კოშკები და ციხესიმაგრეები, რომლებიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით მე-6-მე-20 საუკუნეებით. ასევე, არქეოლოგიური ადგილები და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები, რომლებიც დაფარულია იშვიათი კედლის მხატვრობითა და ორნამენტული ან ჭედური ქვებით, ქვაზე შესრულებული ქართული წარწერებით - მათი უმრავლესობა დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი.
ცალკე ამბავია გაყალბებული ისტორია - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიები, რომელიც სულ უფრო ხშირია - შედეგად, იცვლება ტოპონიმები, რეგიონის ისტორია.
რა ბერკეტი ჰქონდა და რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება?
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2008 წლიდან დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის მისიის ყველა მცდელობა შეფერხდა რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო მთავრობების მიერ.
გამონაკლისი იყო მხოლოდ ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული 2016 წლის მოკლევადიანი მისია აფხაზეთში, რომლის დროსაც ოთხი ძეგლი შეფასდა.
ეს და 1997 წელს, იუნესკოს მისია აფხაზეთში, იყო ორადორი მისია, რომლებსაც დართეს ნება, რომ ორიდან ერთ-ერთ ოკუპირებულ რეგიონში შესულიყვნენ.
ამ საკითხზე მუშაობს დიდი ლიახვის მუზეუმ-ნაკრძალიც, რომელიც 2005 წელს დაარსდა და 2009 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნაწილია. 2008 წლამდე მუზეუმი სოფელ ქურთაში მდებარეობდა, თუმცა ომის დროს განადგურდა, მისმა პერსონალმა კი მუშაობა გორში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გააგრძელა.
საქართველოცა და რუსეთიც იყო შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობის დაცვის შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენციის ხელმომწერი მხარე.
თუმცა, ანგარიშის თანახმად, არ არსებობს ცნობები იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიღებული იყო 1954 წლის ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული ქმედითი დაცვითი ზომები: შენობებს არ ჰქონდათ მოქმედების გეგმა ხანძრის ან სტრუქტურული ნგრევის შემთხვევაში, კოლექციების გადასატანად სპეციალური ადგილი არ ყოფილა შერჩეული. არც ძეგლების რეესტრი იყო სრულყოფილი, არ არსებობდა ციფრული ვერსია.
ასევე, უცნობია, შეიარაღებული ძალები იყვნენ თუ არა გაწვრთნილი 1954 წლის ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება კულტურული ფასეულობების პატივისცემას: მათ არ გაუვლიათ წვრთნა, თუ როგორ ითანამშრომლონ მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელ სამოქალაქო ხელისუფლებასთან.
ცხინვალის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობა არ დაზიანებულა მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს. ეს პროცესი სხვადასხვა ფორმით დღესაც გრძელდება და, როგორც ანგარიშის ავტორებიც წერენ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი, 2008 წლიდან შექმნილი „პოლიტიკური ჩიხისა და დაშვების აკრძალვის ფონზე“, საქართველოსთვის კვლავაც შეუძლებელია თავისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.