ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კინოცენტრის თანამშრომლებმა პირველი აქცია გამართეს - დღესაც, კულტურის სამინისტროს წინ, ისინი ითხოვენ, შეიცვალოს დირექტორის დანიშვნის წესი და ამას ერთპიროვნულად მინისტრი არ განკარგავდეს.
არსებითად, კინოს პროფესიონალები დამოუკიდებლობას ითხოვენ და მათ კულტურის სხვადასხვა სფეროს მოღვაწეებიც უერთდებიან.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, კობა ხუბუნაია დანიშნა და სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვა ყოფილი დირექტორის მოადგილე, ნინო კუხალაშვილი, კინოს სფეროს მოღვაწეები შიშობენ, რომ კინოცენტრის, ამ სფეროს მნიშვნელოვანი საყრდენის დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო. ამიერიდან, კინოს დაფინანსებაში სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა და, მეტიც, ცენზურას დაუწესებს მისთვის მიუღებელ ფილმებს.
„კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის ცვლილება, ახლა ჩვენი მთავარი მოთხოვნა ხდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს კანონში შეტანილი, სისტემური ცვლილება და არა მოკლევადიანი ჩასწორება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო გოგუამ, დოკუმენტური კინოს რეჟისორმა და პროტესტის მონაწილემ.
სამინისტროს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა კინოცენტრის რეორგანიზაცია, მაგრამ დღეს რამდენიმე თანამშრომელმა, რომელიც პროტესტში თავიდანვე იყო ჩართული, სამსახურიდან დათხოვნის წერილი მიიღო, კომისიისგან, რომელიც 20 ივნისს შედგა და რომელზეც არაფერი იცოდნენ.
ასევე ნახეთ კინოცენტრიდან გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ყოფილ ხელმძღვანელს, გაგა ჩხეიძეს, მხარდაჭერა გამოუცხადესერთ-ერთი მათგანი კინომცოდნე დავით დავითიანია: „დღემდე კარი ჩაკეტილია, არავის გვინახავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, არავისთან უსაუბრია, უბრალოდ ხალხი გაუშვა და გაამზადა ეს ადგილები ისევ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებისთვის...
როცა გაუმჭვირვალეა პროცესი, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ არ იქნება ცენზურა. მაგალითებიც გვაქვს, რომ სალომე ჯაშის ფილმი ვერსად ვერ აჩვენეს, გარდა კერძო სივრცეებისა, ლუკა ბერაძის ფილმი კინოცენტრმა საერთოდ არ ახსენა.
დაფინანსებას ემუქრება საფრთხე, რადგან კომისია ყოველთვის პროფესიონალებისგან იყო შემდგარი, ახლა არ ვიცით, როგორ გადაწყდება ეგ საკითხები, შეიძლება ისეთივე ბუნდოვანმა კომისიამ გადაწყვიტოს [დაფინანსება], ვინც ჩვენს გათავისუფლებაზე მიიღო გადაწყვეტილება.
არჩევითი დირექტორი იქნება ამ სიტუაციიდან დემოკრატიული გამოსავალი, უნდა აირჩიონ კინოპროფესიონალებმა, ვინც იციან რაზეა საუბარი, დღეს ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომელთა ხმა არ ისმის იმიტომ, რომ თავის ფასეულობებზე არ თქვეს უარი”.
კობა ხუბუნაიას გარდა, კინოცენტრში ორი ახალი თანამშრომელი იმუშავებს: გიორგი ცხვედიანი და ბაჩო ოდიშარია - პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „პოსტივის“ წამყვანი, კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იქნება.
კინოცენტრის ფეისბუკგვერდიდან საპროტესტო პოსტის წაშლამ და უკანასკნელი თვის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლების შენიშვნებმა ცენზურაზე ეჭვები მხოლოდ გაამყარეს: 19 ივნისს, ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ უკავშირდებოდა კინოცენტრში მიმდინარე პროცესები სალომე ჯაშის ფილმს „მოთვინიერებას”, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ცენზურა წარსულში დარჩა, მაგრამ „...მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული, სწორი შინაარსის [იყოს]. კრიტიკულიც შეიძლება იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს, რა თქმა უნდა, გაუგებარია“.
არა სამარცხვინო შინაარსს, ფილმი სწორი შინაარსის უნდა იყოს - ეს კომენტარი, ფილმზე, რომელიც პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობას აღწერს, კინოს სფეროს მოღვაწეებმა საგანგაშო ზარად მიიღეს.
„როცა გვესმის კომენტარები "გასაკეთებელი" და "არგასაკეთებელი" კინოს შესახებ მმართველი პარტიის სკამებიდან, ეს არის სამთავრობო ცენზურის ნიშანი. ცდილობენ გაასაღონ როგორც ინდივიდუალური აზრი, მაგრამ როცა მას აჟღერებს მმართველი გუნდის წევრი, ეს ვერ მიიღება როგორც მხოლოდ მისი აზრი, ის სამთავრობო პოლიტიკის სპიკერია”, - ამბობს ნინო გოგუა.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროს წინ ხელმოსაწერად მანიფესტიც მოიტანეს.
„ჩვენ, გასულ საუკუნეში რეპრესირებული კინოს მემკვიდრეები,
შეუძლებელია შევეგუოთ ნაკარნახებ სცენარებსა და შემოქმედებით ჩარჩოს.
ჩვენ უარს ვამბობთ ერთმნიშვნელოვან ხელოვნებაზე;
ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაში მონაწილეობაზე;
ჩვენ მხოლოდ დავცინებთ შეუმდგარ ცენზორებს
და მათ განზრახვას მოათვინიერონ ქართული კინო“, - ამბობს მანიფესტის ერთ-ერთი ფრაგმენტი.
რეჟისორი ნინო ჟვანია, რომელმაც მანიფესტი წაიკითხა, ამბობს, რომ ქართულ კინოს, რომელმაც მცირე ბიუჯეტით მაინც მოახერხა, მსოფლიოსთვის საქართველო გაეცნო, ახლა უკან დახევის საფრთხე ემუქრება:
„მათი ცენზურა და იმ ფილმების გადაღება, რაც უნდათ მათ, ეს ნიშნავს კინოს სიკვდილს. თუ არ დავიცავთ კულტურის სფეროს, დიდი გამყინვარება დაგვიდგება და მერე დაგვჭირდება იმ გზის თავიდან გავლა, რაც უკვე გავიარეთ. ჩვენ ვერ დავთმობთ ამ ყველაფერს, ვერ ვაჩუქებთ უნიჭო და გაბოროტებულ ადამიანებს”.
კინოცენტრის თანამშრომლების განგაშს კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, იმ ინსტიტუციებიდან, სადაც თეა წულუკიანმა უკვე გაატარა საკადრო ცვლილებები.
ზოგიერთი ეს ცვლილება 16 ივნისს, კინოცენტრის მხარდასაჭერად, საჯარო წერილში გაიხსენეს ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა, რომლებმაც საზოგადოებას წიგნის ცენტრის დახურვა, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების გათავისუფლება, თეატრების ხელმძღვანელების ჩანაცვლება გაახსენეს.
დღესაც აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა კინოცენტრის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
„ეს პროტესტი დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ერთ სექტორს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა რიაბოშენკომ, კურატორმა და თანამედროვე ხელოვნების მენეჯერმა, - ის რასაც აკეთებს მმართველი პარტია მოქალაქეების წინააღმდეგ, არის ანტიკონსტიტუციური, და ყველას ვალია გამოვხატოთ პოზიცია.
მეზობელი ქვეყნებიდან უკვე გვაქვს ცენზურის სამწუხარო მაგალითები, გუშინ ციხეში გარდაიცვალა ბელორუსი მხატვარი, რაც ძალიან არ მინდა წარმოვიდგინო, მაგრამ ახლოს შეიძლება აღმოვჩნდეთ მაგ რეალობასთან...
კულტურისთვის კინოცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი იყო, მიუხედავად ბევრი ზეგავლენისა, ფუნქციონირებდა და ჰქონდა დამოუკიდებელი სტატუსი, რომელიც არცერთ სხვა სექტორს არ ჰქონდა.
უკვე არ არსებობს, რომელიმე მნიშვნელოვანმა ფესტივალმა ქართული ფილმის გარეშე ჩაიაროს, და ეს წინ გადადგმული ბევრი ნაბიჯის დამადასტურებელია”.
„პირადად მე უკვე ძალიან დიდი ხანია არ ვთანამშრომლობ არცერთ სახელმწიფო უწყებასთან, რადგან ცენზურა ბევრგან შემხვედრია და კულტურის სამინისტრო რა გრანტებსაც აცხადებს, ყველაფერი უკვე გათვლილი და დარიგებულია წინასწარ”, - ამბობს დავით აფაქიძე, ვიზუალური ხელოვანი.
„მე პირადად ქვიარ თემის წარმომადგენელი ვარ და როდესაც ისეთი ადამიანია კულტურის სამინისტროს თავი, როგორიც წულუკიანია, რომელიც ღიად ჰომოფობია, მე ჩემს იდენტობაზე ვერ ვილაპარაკებ და თავის ფასეულობებს გაატარებს კულტურის სფეროში. ისე ლაპარაკობს, თითქოს საქართველოს იდენტობა ისაა, რაც თვითონ არის და ეს მთავრობა, რომელიც რეალურად პრორუსული სიბნელეა”.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეების სახელზე 28 ივნისს წერილიც შეიტანეს - კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის სახელზე.
მათ კომიტეტებს შეახსენეს, რომ თეა წულუკიანის საკადრო პოლიტიკის შედეგად, „უკანონოდ გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი”, მათი უმრავლესობა სასამართლოში დავობს, ერთ შემთხვევაში კი დისკრიმინაცია სახალხო დამცველის აპარატმაც დაადგინა.
წერილი შეგონებით მთავრდება, რომ კინოცენტრში საკადრო ჩანაცვლებები იმავე დისკრიმინაციული პოლიტიკის ნაწილია. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა კომიტეტების სხდომაზე აქცია-პერფორმანსიც გამართეს.
„ჩვენ პროტესტის ბევრი ფორმა გვაქვს. ახლა დავიწყებთ ერთად მუშაობას და სხვადასხვა აქტივობას, რომელსაც ამ წუთას სცენიდან არ ვაჟღერებთ, მაგრამ თანდათან გავაცნობთ საზოგადოებას. ჩვენი ჯგუფის წევრები იღებენ სხვადასხვა შემოთავაზებას სამინისტროსთან დაახლოებული პირებისგან, მაგრამ არაფერს არ დავთანხმდებით, სანამ ეს პროცესი არ იქნება საჯარო და გამჭვირვალე”, - ამბობს ნინო გოგუა.
ასევე ნახეთ რეორგანიზაცია კინოცენტრში - ვინ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს?