რაში სდებს ბრალს ნიკოლ ფაშინიანს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი?

ნიკოლ ფაშინიანი РБК-სთან ინტერვიუზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დუმილი დაარღვია და 10 დღის დაგვიანებით ვრცელი პასუხი გასცა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ინგლისურენოვან არხ „Russian Todays” მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის, ბრალდებებს, რომელსაც ფართო გამოხმაურება ახლავს როგორც სომხეთის შიგნით, ისე სოციალურ ქსელებში.

18 ივლისს თავის „ტელეგრამის“ არხის საშუალებით მარგარიტა სიმონიანმა სომხეთის ხელისუფლება დაადანაშაულა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების უგულებელყოფაში, პრორუსულად განწყობილი სომეხი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების დევნასა და კავკასიაში სომხეთის „ანტირუსულ პლაცდარმად“ გადაქცევაში.

„რუსეთისგან მიღებული მრავალწლიანი სიკეთისა და დაცვის პასუხად, თქვენ არ აღიარეთ ყირიმი. და ახლა, როცა თქვენს საზღვარზე ომია, როდესაც საკუთრივ თქვენი რეჟიმის არსებობას ემუქრება საფრთხე, თქვენ გაგახსენდათ, რომ რუსეთმა კვლავ უნდა გადაგარჩინოთ. სინამდვილეში, ყველაფერი იმის შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ, რუსეთს აქვს მორალური უფლება მოგაფურთხოთ და გაგსრისოთ“, - წერს მარგარიტა სიმონიანი, რომლის სკანდალური მიმართვის ადრესატია სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება და არა სომეხი ხალხი, რომლის ნაწილადაც, როგორც წერს, თავადაც მიიჩნევს საკუთარ თავს.

კრემლთან დაახლოებული ცნობილი ჟურნალისტის ამ სკანდალური პრეტენზიების უკან ზოგიერთმა რუსეთის ხელისუფლების გარკვეული განწყობებიც დაინახა, მაგრამ ერევანსა და მოსკოვში სიმონიანის ბრალდებების პოლიტიზება არ მოუხდენიათ.

28 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ სომხეთსა და რუსეთს საერთო სტრატეგიული ინტერესები აქვთ.

„აი, ნახეთ, სომხეთის რევოლუციის შემდეგ რას წინასწარმეტყველებდნენ იქ (რუსეთში). ამბობდნენ, აი, ნახეთ, სომხეთი დასავლეთისკენ წავაო. მაგრამ სომხეთი არსად არ წასულა, ის იქაა, სადაც იყო“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ის, რაც „როსკომნადზორს“ გადაურჩა

„შეხედეთ საკუთარ თავს გარედან. ნახეთ, რას აკეთებთ. როგორ იქცევით. თქვენ რანაირი სომხები ხართ? სომხები - პატიოსანი, კეთილშობილი და მადლიერი ხალხია. ყოველთვის ასეთი იყო. თქვენ კი იქცევით, როგორც“ ... ფრაზის დანარჩენი ნაწილი მოჭრილია და ადევს გაფრთხილება (ЗАПРЕЩЕНО РОСКОМНАДЗОРОМ).

მაგრამ ის, რაც მარგარიტა სიმონიანის სკანდალური წერილიდან „როსკომნადზორის“ ცენზურას გადაურჩა, გამოქვეყნებიდან მე-10 დღესაც არ კარგავს სიმწვავეს სომხეთში.

პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ის დაიწერა იმ დღეებში, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ გრძელდებოდა შეტაკებები.

ასევე ნახეთ თოვუზის ინციდენტი, კორონავირუსი და გეოპოლიტიკა

ერევანი განსაკუთრებით გააღიზიანა იმან, რომ სომხეთის ხელისუფლება ანტირუსულ საქმიანობაში დაადანაშაულა ჟურნალისტმა, რომელიც რუსეთის მიერ დაფინანსებული გავლენიანი ინგლისურენოვანი ტელეარხის, „Russia Todays”, მთავარი რედაქტორია.

უფრო ზუსტად, 18 ივლისს სოციალურ ქსელ „ტელეგრამის“ არხის საშუალებით მარგარიტა სიმონიანმა სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება მკვეთრად ანტირუსულ საქმიანობაში დაადანაშაულა

  • რუსეთისგან მიღებული მრავალწლიანი სიკეთის და დაცვის პასუხად, თქვენ არ აღიარეთ ყირიმი.
  • თქვენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების გამო ჩასვით ციხეში რობერტ ქოჩარიანი, რუსეთის უცვლელი მოკავშირე.
  • ჩასვით სპეციალურად, დემონსტრაციულად, პირდაპირ სახეში შეაფურთხეთ თქვენს „რუს მეგობრებს“.
  • გაყარეთ სომხური წარმომავლობის რუსი ბიზნესმენები. არ გინდათ თქვენთან არაფერი, რაც დაკავშირებულია რუსეთთან.
  • თქვენი მედია და სოციალური ქსელი ყოველ საათში ლაფს ასხამს რუსეთს, პუტინს და ყველა იმას, ვინც პუტინს იცავს. განსაკუთრებით - რუს სომხებს (მაგალითად, მე)
  • უბედური და ისედაც გაქრობის წინაშე მდგარი სომეხი ერი თქვენ დაყავით მტრებად - რუს სომხებად და „ნამდვილებად“, რომლებიც თქვენს ამწუთიერ ხელისუფლებას უჭერენ მხარს.
  • თქვენ გაავსეთ ქვეყანა ანტირუსული არაკომერციული ორგანიზაციებით, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე ახალგაზრდებს ასწავლიან, თუ როგორ დაამხონ რუსეთში ხელისუფლება.
  • თქვენ იქეცით ანტირუსული ძალების პლაცდარმად კავკასიაში, - წერს მარგარიტა სიმონიანი, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სომხეთის ხელისუფლების „ინტერნეტარმიის“ თავდასხმებმა აიძულა ასეთი კრიტიკული მოსაზრებები გამოეთქვა.

კრემლთან დაახლოებული ცნობილი ჟურნალისტის ამ სკანდალური პრეტენზიების უკან ბევრმა რუსეთის ხელისუფლების გარკვეული განწყობებიც დაინახა.

ეს ეჭვი გააძლიერა იმანაც, რომ სომხეთის ხელისუფლების კრიტიკით სავსე კომენტარები კრემლის ლიდერობით მოქმედი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“(ОДКБ)-ის ტვიტერის გვერდზე დაიდო.

როგორც რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მხოლოდ უწყების ზეწოლის შედეგად მოხერხდა სოციალური ქსელიდან მარგარიტა სიმონიანის ტექსტის აღება.

ვინ არის რუსეთის მოკავშირე სომხეთში?

როგორც ზემოთ ითქვა, მარგარიტა სიმონიანის ბრალდებებს მხოლოდ 10 დღის შემდეგ გასცა პასუხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. რუსულ ჰოლდინგ РБК-სთან ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხოლო ყირიმის აღიარება რუსეთს სომხეთის ხელისუფლებისაგან არასდროს მოუთხოვია.

უშუალოდ სიმონიანი ინტერვიუს დროს არასოდეს უხსენებია, მაგრამ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთში მოღვაწე ზოგიერთ ადამიანს ურჩია, „გაითვალისწინონ“, რომ რუსეთის მოკავშირე სომხეთში არის არა ფაშინიანი, პეტროსიანი, პოღოსიანი, სარქსიანი თუ ქოჩარიანი, არამედ რუსეთის მოკავშირე და პარტნიორი არის სომეხი ერი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. ძალიან ბევრი მოღვაწე მრავალი წლის განმავლობაში ისე წარმოადგენდა თავს, თითქოს ის ყოფილიყო რუსეთის ერთპიროვნული მოკავშირე. მაგრამ რუსეთის მოკავშირე სომხეთი და სომეხი ხალხია და არა კონკრეტული პირები, კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ბიზნესმენები და კონკრეტული პოლიტიკური მოღვაწეები. ეს იმიტომ კი არაა ასე, რომ ვიღაცას სხვაზე მეტად უყვარს რუსეთი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ საერთო სტრატეგიული ინტერესები გვაქვს. აი, ნახეთ, სომხეთის რევოლუციის შემდეგ როგორი წინასწარმეტყველება კეთდებოდა იქ (რუსეთში). ამბობდნენ, აი, ნახეთ, სომხეთი დასავლეთისკენ წავაო. მაგრამ სომხეთი არსად არ წასულა. ის იქაა, სადაც იყო“.

რაც შეეხება რუსეთისადმი მტრულად განწყობილი არაკომერციული ორგანიზაციების მოქმედებას სომხეთის ტერიტორიაზე, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ისინი უკვე საქმიანობდნენ იმ სომეხი პრეზიდენტების დროს, რომელთა რუსეთის მიმართ ლოიალობაში ეჭვი არავის ეპარება.

„ისინი ჩამოყალიბდნენ იმ დროს, როდესაც რუსეთში ეჭვი არავის შეჰქონდა სომხეთის ხელისუფლების პრორუსულ განწყობებში. ყველა ეს ორგანიზაცია შეიქმნა რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის მმართველობის დროს. თუ ეს მოღვაწეები ასეთი პრორუსულები იყვნენ, რატომ არ დახურეს ეს ორგანიზაციები?“ - რიტორიკულად კითხულობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება ყველაზე მთავარ ბრალდებას - რუსეთის მიერ ანექსირებული და არალეგიტიმური რეფერენდუმის შედეგად რუსეთის შემადგენლობაში ცალკე სუბიექტად შეყვანილი ყირიმის არაღიარების თაობაზე მარგარიტა სიმონიანის კიდევ ერთ პრეტენზიას, ფაშინიანმა განაცხადა, ყირიმის აღიარების საკითხი არასოდეს წამოჭრილა რუსეთ-სომხეთს შორის მოლაპარაკებების დროსო.

„სომხეთს ჯერ კიდევ არ უღიარებია არც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცავთ მთიან ყარაბაღს? არა. ჩვენ ვამბობთ, რომ სომხეთი არის მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტია და ეს მე ვთქვი სტეფანაკერტში. ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ისტერიკა დაიწყო. მაგრამ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი უსაფრთხოების ერთიან სივრცეს წარმოადგენს. ეს ფაქტია“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ახმოვანებს თუ არა სიმონიანი მოსკოვის პოზიციას?

აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის, გარშემო კონფლიქტი ბაქოსა და ერევანს შორის, სამი ათეული წელია, გრძელდება. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული, რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა.

უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირება 2020 წლის 12 ივლისს მოხდა არა მთიან ყარაბაღში, არამედ რეგიონისგან მოშორებით, საქართველოდან 55 კმ-ში. სროლის შედეგად დაიღუპნენ სამხედროები, მათ შორის, აზერბაიჯანელი გენერალი და მოქალაქეები. მხარეები ვითარების ესკალაციასა და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ასევე ნახეთ სომხეთი/აზერბაიჯანი - სისხლისღვრა 55 კილომეტრში საქართველოს საზღვრიდან

სომხეთი, სადაც რუსეთს ორი მძლავრი სამხედრო ბაზა აქვს, - საავიაციო ერევანში და უფრო მასშტაბური ქალაქ გიუმრიში, - სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება.

2010 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის ქალაქ გიუმრიში განთავსებულ ბაზას მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივდა.

სწორედ გიუმრის ბაზის მოქმედების ვადის გახანგრძლივების დროს დაუდო რუსეთმა სომხეთს სამხედრო კონფლიქტებში დახმარების პირობაც.

მაგრამ ბოლო სასაზღვრო კონფლიქტის დროს მოსკოვი ნეიტრალური განცხადებებით შემოიფარგლა, მაშინ როცა აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთმა ღიად გამოუცხადა უპირობო დახმარება ბაქოს.

„თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ყველა შესაძლო მეთოდით“, - ხაზგასმული იყო თოვუზის ინციდენტის თაობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ ფონზე ბევრს აინტერესებს, იქნებ მართლა უკმაყოფილოა მოსკოვი ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებით? ხოლო კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა თავის მიმართვაში გამოხატა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მოსკოვის პოზიცია, როდესაც სომხეთის ხელისუფლების მისამართით ასეთი რამ თქვა: „სინამდვილეში, ყველაფერი იმის შემდეგ, რაც თქვენ გააკეთეთ, რუსეთს აქვს მორალური უფლება მოგაფურთხოთ და გაგსრისოთ“?

„ჩვენ რუსეთთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ეფუძნება სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპს, ჩვენს საუკუნოვან მეგობრობას. რაც შეეხება პოსტის (სიმონიანის წერილის) შინაარსს, ჩემი მოვალეობებიდან გამომდინარე, მე უფლებამოსილი ვარ, ვუპასუხო მხოლოდ ჟურნალისტებისა და ექსპერტების შეკითხვებს სომხეთის საერთაშორისო პოლიტიკის გარშემო. მაგრამ მე არ ვარ უფლებამოსილი, კომენტარი გავუკეთო ჟურნალისტის პირად მოსაზრებას“, - განაცხადა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაღდალიანმა.