21 ივლისს უკრაინის ქალაქ ლვოვში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსი, "ვერხოვნა რადის" ყოფილი დეპუტატი, ირინა ფარიონი, რომელიც 19 ივლისს შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ლვოვში მდებარე წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ტაძარში პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა. ირინა ფარიონის დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ და ლვოვის მერმა, ანდრი სოდოვოიმ. საკუთარი ტელეგრამის საშუალებით მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე. „მათ შორის იმაზე, რომელიც რუსეთისკენ მიდის“, - წერს ზელენსკი.
კვირას საღამოს უკრაინის პოლიციამ გაავრცელა სავარაუდო მკვლელის, 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო, მაგრამ მის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, ამიტომ ირინა ფარიონის მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით გაურკვეველია.
რა არის ცნობილი პოლიტიკოსზე თავდასხმის და ვერსიების შესახებ?
ირინა ფარიონზე თავდასხმა 19 ივლისს მოხდა ლვოვში, მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად. ბოროტმოქმედმა მას თავში ესროლა პისტოლეტი. დაჭრილი პოლიტიკოსი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ძებნა გამოაცხადა მამაკაცისა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოლიტიკოს ირინა ფარიონის მკვლელობასთან. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება.
ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერჯერობით არ დაუდგენიათ, მაგრამ პოლიციამ გამოაქვეყნა მკვლელობის ადგილის მახლობლად გადაღებული ფოტო- და ვიდეომასალა. კადრებზე ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი წითელი მაისურითა და შავი შარვლით. მას პანამური ქუდი ახურავს და მზის სპორტული სათვალე უკეთია. სწორედ ასე აღწერდნენ ფარიონის მეზობლები მამაკაცს, რომელიც, მათი სიტყვებით, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიტიკოსის საცხოვრებელი ადგილის მახლობლად და, როგორც ჩანს, მომავალ მსხვერპლს უთვალთვალებდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ მანამდე დაგმო ირინა ფარიონზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა, ვიდრე მძიმედ დაჭრილი პოლიტიკოსი და პედაგოგი სიკვდილს ებრძოდა.
„ნებისმიერი თავდასხმა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და ყველამ, ვინც ამ თავდასხმაშია დამნაშავე, სრულად უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოძიების მსვლელობაზე საუბრობს: „მოწმდება ყველა ხელმისაწვდომი სათვალთვალო კამერა, გრძელდება მოწმეების დაკითხვა, მოწმდება რამდენიმე რაიონის ტერიტორია. გამოძიება სწავლობს ყველა ვერსიას, მათ შორის იმას, რომელსაც რუსეთისკენ მივყავართ“.
ირინა ფარიონის მკვლელობის უკან რუსულ კვალზე ამ დღეებში უკრაინაში მრავალი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე აკეთებს აქცენტს.
მათ შორის არის ცნობილი ჟურნალისტი, იური ბუტუსოვიც, რომელიც დარწმუნებულია, რომ პოლიტიკოსი ქალის მკვლელობა ხელს სწორედ რუსეთს აძლევს.
„რუსეთის მედია ბევრს წერდა და გადასცემდა სიუჟეტებს ფარიონზე, როგორც ერთ-ერთ გამოჩენილ ანტირუს ფიგურაზე, მას მუდმივად ახსენებდნენ“, - წერს იური ბუტუსოვი.
60 წლის ირინა ფარიონი იყო ფილოლოგი და ენათმეცნიერი, 2012-2014 წლებში იყო უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი, სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდას“ წევრი. ის ცნობილი იყო თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მინიმუმამდე დავიდეს ქვეყანაში რუსულის როგორც „ოკუპანტების ენის“ გამოყენება.
რუსეთში 2015 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ რეპრესიების მოწოდების, სიძულვილის გაღვივებისა და ადამიანის ღირსების დამცირების შესახებ მუხლით. რუსეთის პროპაგანდა ხშირად იყენებდა ფარიონს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დევნის დასტურად.
კომუნისტური პარტიის წევრობა, რომელსაც ფარიონი მალავდა
ირინა ფარიონის მოღვაწეობას „არაერთგვაროვანი შეფასება ჰქონდა“ თავად უკრაინაში. 2013 წელს ირინა ფარიონი ვერხოვნა რადის დეპუტატი იყო ულტრანაციონალისტური პარტია „თავისუფლების“ რიგებიდან.
სწორედ ამ წელს ჟურნალისტებმა ლვოვის არქივებში საბჭოთა წლებში კომუნისტურ პარტიასთან ფარიონის თანამშრომლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას მიაგნეს.
ყველაზე დიდი რეაქცია გამოიწვია 1987 წლის 10 მარტით დათარიღებულმა დახასიათებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ იმხანად ფარიონი კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი ყოფილა და ხშირად მართავდა "საერთაშორისო მეგობრობის ფაკულტეტის კლუბში" უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრებს რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით.
სტატიის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ 1988 წელს, როდესაც კომუნისტურ პარტიაში კომკავშირელი ფარიონის კანდიდატურა მხოლოდ განიხილებოდა, სსრკ-ში დაწყებულმა გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ საბჭოთა პერიოდში ჩადენილი მრავალი დანაშაულის ფაქტი გამოააშკარავა, რის შედეგადაც ბევრმა კომუნისტმა დაიწყო პარტიის რიგების დატოვება.
შეკითხვაზე, თუ რატომ მალავდა კომუნისტურ პარტიაში თავის წევრობას, ფარიონმა თქვა, რომ ამას მისი ცხოვრების სასაცილო ეპიზოდად მიიჩნევს. დეპუტატის განმარტება კი ასეთი იყო: 1988 წელს როდესაც კომუნისტური პარტიის რიგებში შედიოდა, ფარიონის ერთადერთი ოცნება ასპირანტურა ყოფილა. და მაშინდელ აღმზრდელებს დაურწმუნებიათ იგი, რომ პარტიის წევრობა ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც "გზას ხსნიდა პროფესიული მეცნიერების სამყაროსკენ".
რუსულ ენაზე ლაპარაკისთვის ფარიონი არც უკრაინელ სამხედროებს ინდობდა
მაგრამ საბჭოთა კავშირის მიმწუხრზე კომუნისტური პარტიის რიგებში შესვლას ხელი არ შეუშლია ულტრანაციონალისტური პარტია "თავისუფლების" ლიდერ ოლეჰ ტიაგნიბოკისთვის, რომ ლვოვის უნივერსიტეტის პედაგოგი ირინა ფარიონი საპარლამენტო პარტიულ სიაში შეეყვანა.
ვერხოვნა რადაში მოხვედრის შემდეგ, ირინა ფარიონი ყველა ტრიბუნიდან შეურიგებლად იბრძოდა უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსის დასაცავად.
ასე გაგრძელდა დეპუტატის მანდატის ამოწურვის შემდეგაც, როდესაც პროფესიით ლინგვისტმა ფარიონმა ლვოვის უნივერსიტეტში გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა.
მაგრამ გასული წლის ნოემბერში ვერხოვნა რადის ექსდეპუტატი, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლვოვის ნაცონალური უნივერსიტეტის უკრაინის ენის კათედრაზე, ხელმძღვანელობამ სასწავლებლიდან გარიცხა.
ამის მიზეზი გახდა უკრაინული ტელეკომპანაია „მე-5 არხისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ლინგვისტმა ქალმა უკრაინული ენისადმი უპატივცემულობის გამო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც გააკრიტიკა.
კონკრეტულად კი ირინა ფარიონის კრიტიკის ობიექტად იქცა მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის პირადი (აღნიშნული ბრიგადა ჩამოყალიბდა ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეთა ქვედანაყოფ „აზოვის“ ბაზაზე) შემადგენლობა. ინტერვიუში ირინა ფარიონმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია უკრაინელები უწოდოს იმ სამხედროებს, რომლებიც რუსულად საუბრობენ. „მაშინ, მათ საკუთარ თავს რუსები უწოდონ“, - აღნიშნა ეთერში ირინა ფარიონმა. ექსდეპუტატმა მოიყვანა ციტატა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის 29-ე მუხლიდან, რომლის თანახმად უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ენად რუსული ცხადდება.
ამ ინტერვიუს გამო, 2023 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათი ეროვნების მიუხედავად მოქალაქეების თანაბარი უფლებების დარღვევის, ასევე პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისა და მიმოწერის საიდუმლოების ხელყოფის შესახებ მუხლებით.
ამ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ „აზოვის“ ბრიგადის შტაბის უფროსმა, ბოჰდან კროტევიჩმა ირინა ფარიონს, ამ სიტყვების გამო, რუსული პროპაგანდის აშკარა თანამდგომი უწოდა.
„მე არ მომწონს, როდესაც ცალკეული თემებით სპეკულირებენ. „აზოვის“ [პირადი შემადგენლობის უმრავლესობის პოზიციაა, რომ საჭიროა უკრაინულ ენაზე გადასვლა. ვურთიერთობთ თუ არა ჩვენ რუსულ ენაზე? დიახ, ვურთიერთობთ. რადგან არმიაში საჭიროა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, და ასეთ დროს შენ თავს ვერ მისცემ გადათარგმნის უფლებას. უკრაინულ ენაზე გადასვლას სჭირდება სიმშვიდე. ჩვენ კი ამჟამად ასეთი ვითარება არ გვაქვს“, - განაცხადა კროტევიჩმა უკრაინელ ჟურნალისტ ნატალი მოსეიჩუკთან ინტერვიუში.
მაგრამ ირინა ფარიონის მკვლელობის შემდეგ, კროტევიჩმა სოციალურ ქსელ Х-ში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც „ამაზრზენი“ უწოდა უიარაღო ადამიანზე თავდასხმას. „ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ რუსებს შეუძლიათ. მათში არ არის პატივი და ღირსება“, - წერს „აზოვის“ შტაბის უფროსი.
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მიმდინარე წლის მაისში ლვოვის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა აღედგინა ვერხოვნა რადის ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი, ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტის, "ლვოვის პოლიტექნიკის", უკრაინული ენის კათედრის პროფესორის რანგში. ხოლო უნივერსიტეტს კომპენსაციის სახით მისთვის 2023 წლის 24 ნოემბრის, ანუ უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შემდეგ, კუთვნილი მთელი ხელფასის გადახდა დააკისრა.
ირინა ფარიონი, რომელიც იმ დროისთვის აქტიურად იყო დაკავებული უკრაინის არმიისათვის დრონების შეძენისათვის საჭირო თანხების შეგროვებით, სასამართლოს გზით მიღებული ფულის სამხედრო აღჭურვილობაზე დახარჯვას აპირებდა.
და, რა თქმა უნდა, აგრძელებდა იდეურ ბრძოლას უკრაინული ენის დასაცავად. ირინა ფარიონი მკვეთრად აკრიტიკებდა უკრაინის განათლების მინისტრს და მისი თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდა. მწვავედ აკრიტიკებდა ასევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის მომხრეებს მმართველი პარტია "ხალხის მსახურიდან". ირინა ფარიონი მათ "რეგიონების პარტიის პიონერთა და ოქტომბრელთა თაობას", თავად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკასა და მსოფლმხედველობას კი "სავოკურს", ანუ საბჭოურს უწოდებდა.
თუმცა, თავის დროზე ასევე არაკეთილგანწყობილი იყო უკრაინის წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშჩენკოს მიმართაც.
"მთავარი მის ცხოვრებაში უკრაინული ენისათვის ბრძოლა იყო", - დაწერა უკრაინელმა ტელეჟურნალისტმა, ოლჰა ფრეიმუტმა, ინსტაგრამში მას შემდეგ, რაც ირინა ფარიონის მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი. "არა ყოველთვის დელიკატურად, არა ყოველთვის ოსტატურად, მაგრამ ის [ამ ბრძოლაში] იყო ისე გულწრფელი, როგორც არცერთი ჩვენგანი. მოდი, ვილაპარაკოთ უკრაინულად! პანი ირინამ ამას შესწირა სიცოცხლე", - წერს ოლჰა ფრეიმუტი.