რატომ შიმშილობს ადვოკატი ქუთაისში?

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.

მესამე დღეა, რაც ადვოკატმა მარიამ ლევიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ მან თქვა, რომ მოსამართლეებს „გადაწყვეტილება არ მიუღიათ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით”, რის გამოც მან დაკარგა სამართლებრივი ბრძოლის იმედი და პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს.

მარიამ ლევიძე ძმების უფლებებს იცავს. ადვოკატი ითხოვდა, სასამართლოს უკანონოდ ეცნო მათთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გადაწყვეტილება.

ძმებს ორდერი ორი თვის წინ, წყალტუბოს პოლიციის რაიონულ სამმართველოში გამოუწერეს.

24 მაისს 14 წლის გოგომ პოლიციაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ განაცხადა. მისი ჩვენების საფუძველზე ბავშვის მამასა და ბიძას ბრალი ოჯახში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის (სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე პრიმა მუხლით) ბრალდებით წაუყენეს და დააპატიმრეს.

დაკავებიდან მეორე დღეს პოლიციამ ძმებს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, ერთი დღის შემდეგ კი სასამართლომ ისინი ხუთიათას-ხუთიათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. საქმის არსებითი განხილვა კი აგვისტოში ჩანიშნა.

„შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მხოლოდ არასრულწლოვნის ჩვენების საფუძველზე, ორდერი უნდა გამოიცეს მყისიერად და დაუყოვნებლივ, მაგრამ ჯერ ჩვენება მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ და მეორე დღეს გამოსცა ეს შემაკავებელი ორდერი და როგორ არის მყისიერი და რელევანტური ასეთ შემთხვევაში?!” - ამბობს ადვოკატი, რომელიც ცდილობდა სასამართლოსთვის დაემტკიცებინა, რომ ეს ღონისძიება

მამას შვილების - 14 და 16 წლის და-ძმის მეურვეობის უფლება 2014 წლიდან, ცოლთან განქორწინების შემდეგ აქვს. განქორწინებამდე 2 წლით ადრე იგი ცოლთან ერთად სამუშაოდ იტალიაში წავიდა და ბავშვები აღსაზრდელად ბიძასთან (მამის ძმასთან) და ბიცოლასთან დატოვეს. მამა უკან, საქართველოში ერთ წელიწადში დაბრუნდა, დედა კი ახლაც იტალიაში ცხოვრობს.

სწორედ დედამ დარეკა 24 მაისს იტალიიდან სოციალურ მუშაკთან და ამის შემდეგ საქმე პოლიციამდეც მივიდა. ბავშვი იმ დღესვე ბაბუასთან, დედის მამასთან გადაიყვანეს, მისი 16 წლის ძმა კი მამის სახლში დარჩა.

„საბაბი, რაც შემდეგ გახდა მამის და ბიძის დაკავების მიზეზი, სოციალურ ქსელში გავრცელებული, მოზარდის და მისი შეყვარებულის ფოტოები იყო, მამამ და ბიძამ მიუთითა, რომ მსგავსი ფოტოების გადაღება, მით უფრო ამ ასაკში, არ იყო სწორი“, - ამბობს ადვოკატი და კატეგორიულად უარყოფს ბავშვზე ძალადობის განმეორებად ფაქტებს.

მოზარდის უფლებადამცველი სოსო ქუთათელაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმის მასალების დეტალებზე საუბარს საქმის არსებით განხილვამდე მიზანშეუწონლად მიიჩნევს და არ აზუსტებს, ძალადობის რამდენ და რა სიმძიმის ეპიზოდებს ედავება 14 წლის გოგო მამასა და ბიძას.

ბავშვის ადვოკატის სოსო ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოზარდს არ აქვს დაზიანებები, თუმცა ეს მასზე ძალადობას არ გამორიცხავს:

„დარტყმის შედეგად შეიძლება ადამიანს დაზიანებები არ დარჩეს, რაც შეეხება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, მასში წერია, რომ ამბულატორიულ პირობებში ვერ დგინდება, არის თუ არა ბავშვი ტანჯვის მსხვერპლი, და ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი არ არის“.

დაზარალებულის უფლებადამცველის შუამდგომლობით გოგოს განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ძალადობის ფაქტი, მოწმეთა ჩვენებები, ორი ექსპერტიზის დასკვნა, ფაქტობრივი გარემოებები, ყველაფერი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა სიმართლეზე მეტყველებს… ერთ შემთხვევაში [მოზარდმა] განაცხადა, რომ მობილური ტელეფონი ჩაარტყეს თვალის არეში, ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ ნივთი ესროლეს და მოხვდა. თუმცა დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც დაადასტურა ექსპერტიზამაც. ექსპერტიზა ასევე არ ადასტურებს, რომ მოზარდი ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა და ამ ყველაფრის მიუხედავად მამას და ბიძას მოძალადეებად მიიჩნევს სასამართლო“, - ამბობს ადვოკატი, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა. მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვის ბიძამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ სასამართლოს შენობაში თვითდაზიანება მიიყენა.

ძმების უფლებადამცველი, მარიამ ლევიძე, მოზარდ შვილებზე დედის გავლენის მოპოვების მცდელობაზე მიანიშნებს, და ამბობს, რომ მას შვილების იტალიაში „სამუშაოდ წაყვანა სურს”, რაზეც მამა არ თანხმდება.

„დედას უნდა, რომ არდადეგებზე ბავშვი წაიყვანოს და თავისთან ყავდეს, რაზეც მამა კატეგორიული წინააღმდეგია, არც საბუთებს უმზადებენ და გაყვანის ნებართვაზე ზედმეტია ლაპარაკი, ამიტომ მივმართეთ წყალტუბოს სასამართლოს მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვისთვის“, - ამბობს მზია დოღონაძე, მოზარდის დედის ადვოკატი.

ადვოკატი მარიამ ლევიძე კი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თვითმკვლელობა სცადა, რადგან კეთილსინდისიერმა ადამიანმა მოძალადის იარლიყი ვეღარ აიტანა.

11 ივლისს სასამართლოს შენობის წინ გამოცხადებულ შიმშილობას ახლა ადვოკატი მარიამ ლევიძე საადვოკატო ბიუროში განაგრძობს.

შენიშვნა: ბავშვის იდენტიფიცირების თავიდან აცილების მიზნით, მასალაში არ არის დასახელებული მისი მშობლების ვინაობა.