სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ელექტრონული ტენდერის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია 600 ცალ „პამპერსს,“ ამდენივე სველ ხელსახოცს, საწოვარას, ბოთლს, საბავშვო შამპუნს და პედიატრიულ კრემს შეიძენს და ამ ყველაფრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯავს 25 000 ლარს.
Your browser doesn’t support HTML5
გადაწყვეტილებას „მუნიციპალიტეტის მხრიდან ლამაზი ჟესტი“ უწოდა ლაგოდეხის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატო ბატიაშვილმა. მისი განმარტებით, გაკეთდება ბავშვთა მოვლის და ჰიგიენის საშუალებების „კალათი,“ რომელსაც ერთჯერადად მიიღებს ლაგოდეხის მუნიციპალტეტში დაბადებული ყველა ახალშობილის ოჯახი. „ეს არის აუცილებელი მოხმარების პაკეტი, რომელიც თითოეულ ახალშობილს სჭირდება და ვფიქრობ, ეს დახმარება ძალიან კარგი იქნება“ - ამბობს ნატო ბატიაშვილი
დაახლოებით 50-ლარიან „კალათს“ მნიშვნელოვან დახმარებად არ მიიჩნევს ლაგოდეხის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ევა ლომთაძე. მისი შეფასებით, უმჯობესი იყო მერიას 25 000 ლარი დაეხარჯა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, ან მედიკამენტების შესაძენად. „ახლახან ერთ-ერთ ასეთ ოჯახში მითხრეს, რომ ერთი ნემსის შეძენა უჯდებათ 14 ლარი, არადა ექიმისგან ბევრი აქვთ დანიშნული და ვერ ყიდულობენ“ - ამბობს ევა ლომთაძე.
ლაგოდეხში, სადაც 2018 წელს 500-მდე ბავშვი დაიბადა, მუნიციპალიტეტის მერიის ახალ ინიციატივას არ ეწინააღმდეგებიან. ჩვენს მიერ გამოკითხულთა ნაწილს მოსწონს კიდეც, ნაწილი კი ფიქრობს, რომ დახმარება მათ სჭირდებათ, ვისაც პურის ფულის შოვნაც კი უჭირს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთმა ინდივიდუალურმა მეწარმემ გაიმარჯვა. თუმცა, მასთან მერიას გარკვეული შენიშვნები აქვს. შესაბამისად უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყებს ლაგოდეხის მერია ახალშობილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი „კალათის“ გადაცემას.