არავის, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა და ვინც ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც წერს, ბოლო წლებია საქართველოში ექვსი თვე გადაბმულად არ უცხოვრია.
არ სურთ ასე იფიქრონ, თუმცა, ვერც იმას გამორიცხავენ, რომ საკონსულო აღრიცხვიდან გაქრობა შესაძლოა მათ სამოქალაქო პოზიციას, იმ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდეს, რომლებიც არ ემთხვევა მმართველი პარტიის ინტერესებს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ.
"გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილები, სიმართლეს არ შეესაბამება", - მოსწერა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ერთ-ერთი გზა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში მისცეს ხმა, საკონსულო აღრიცხვის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციაა.
"მე კირკიტა ადამიანი ვარ და ვიფიქრე, იქნებ ჩემი ბრალია"...
რევაზ ბოჭორიშვილმა, საფრანგეთში მცხოვრებმა მეან-გინეკოლოგმა, რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ის საკონსულოს რეგისტრაციიდან მოხსნილია.
ექიმი და მისი ოჯახი წლებია ცენტრალურ საფრანგეთში, ქალაქ კლერმონ-ფერანში, პარიზიდან 400 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ. არჩევნებზე პარიზში ჩასვლა, შეიძლება ითქვას, მათი ოჯახური ტრადიციაა. ასე ჩავიდნენ ისინი პარიზში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად 2020 წელსაც, როდესაც მსოფლიოში კოვიდპანდემია ბობოქრობდა და ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება, მხოლოდ და მხოლოდ, სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი:
„არ დამავიწყდება ის არჩევნები. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო, როცა ცარიელი მატარებლით წავედით პარიზში, გარშემო უკაცრიელი ქუჩები, მაგრამ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო. საკონსულომ მაშინ სპეციალური დოკუმენტი გამოგვიგზავნა, სადაც ეწერა, რომ არჩევნებში მონაწილეობა იყო ერთ-ერთი გამონაკლისი ჩვენი გადაადგილებისთვის. ამ დოკუმენტის მიღებამ მაშინ ძალიან გაგვახარა. ახლა რა მოხდა, ვერაფერი გავიგე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რევაზ ბოჭორიშვილი.
საკონსულო რეესტრში საკუთარი თავის გადამოწმება მას შვილმა ურჩია. პირველად სწორედ რევაზ ბოჭორიშვილის შვილმა აღმოაჩინა, რომ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილი იყო:
„გაკვირვებულმა მომწერა და "სქრინიც" ჩამიგდო, რეესტრიდან ვარ მოხსნილიო და მითხრა, გადამემოწმებინა ჩემი სტატუსიც. გადავამოწმე და მეც ანალოგიური პასუხი მომივიდა“.
ყველაზე მეტად კი იმან გააოცა, რომ რეესტრიდან მოხსნის მიზეზად „ექვსი თვე საქართველოში ყოფნა“ ეწერა:
„მე კირკიტა ადამიანი ვარ და ვიფიქრე, იქნებ ჩემი ბრალია. ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს, ამიტომ ვიფიქრე, საქართველოს დატოვებისას, ქართულ პასპორტში ხომ არ დამავიწყდა ბეჭდის ჩარტყმა-მეთქი. გადავამოწმე ჩემი ქართული პასპორტი, სადაც დაფიქსირებულია, რომ საქართველოში შემოვედი და საქართველო დავტოვე 2022 წლის აგვისტოში. 2022 წლის შემდეგ მე საქართველოში ქართული პასპორტით არ ვყოფილვარ. ვერავინ დამაბრალებს, რომ საქართველოში ვარ ექვსი თვეა. ეს არის სრული აბსურდი.
თუ არ გავყვებით კონსპირაციის თეორიებს, შესაძლოა, ეს ტექნიკური შეცდომა იყოს, მაგრამ ასე მასობრივად? ე.ი. ასეა მოშლილი ყველაფერი, რომ ვერ აკონტროლებენ სისტემას? კარგი, დავიჯერებ, რომ ტექნიკური ხარვეზია, მაგრამ არც ესაა კარგი, მაშინ, როგორ დავიჯეროთ, რომ არჩევნების დროს არ მოხდება მსგავსი რამ?“
რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, რომ არა მისი შვილი, მას არც კი მოუვიდოდა თავში აზრად საკუთარი თავის საკონსულოს რეესტრში გადამოწმება:
„და შემდეგ უკვე ალბათ მაშინ აღმოვაჩენდი ამ პრობლემას, როცა ყველაფერი დაგვიანებული იქნებოდა. პოსტიც ამიტომ დავდე სოციალურ ქსელში, რომ სხვებსაც გადაემოწმებინა საკუთარი თავი და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ეს პრობლემა“.
სწორედ ასე, რევაზ ბოჭორიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ აღმოაჩინა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ალექსანდრე (კახა) ლომაიამ (განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2004-2007 წწ.), რომ საკონსულოს რეესტრიდან მოხსნილი იყო მისი მეუღლეც:
„ვნახე რეზო ბოჭორიშვილის სტატუსი, რომ საკონსულოს ის მოუხსნია რეგისტრაციიდან ყალბი მიზეზით: "ექვსი თვე საქართველოში ყოფნა". შეშფოთებულმა დავიწყე ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შემოწმება. რეგისტრაციიდან ქეთიც მოუხსნიათ! 100%-იანი ტყუილია. ქეთი 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა საქართველოში 6 თვის განმავლობაში. ხელახლა შევიტანეთ განცხადება რეგისტრაციაზე“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
"უმეტესობა, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წერენ, მონიშნულნი არიან ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ეტიკეტით"
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც საკონსულოს რეგისტრაციიდან მისთვის გაუგებარი მიზეზის გამოა მოხსნილი, ნინო ბაისონაშვილია. ქალთა უფლებების დამცველი და აქტივისტი, საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს.
საკონსულოს რეესტრში საკუთარი თავი რამდენიმე დღის წინ ვერც მან იპოვა. როგორც სხვებს, რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზად ეწერა „ექვსი თვე საქართველოში ყოფნა“.
ნინო ბაისონაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში 2023 წლის 22 დეკემბერში ჩაფრინდა და ქვეყანა 2024 წლის პირველ იანვარს, ანუ 9 დღეში დატოვა:
„მე დღეს ფიზიკურად ვარ საფრანგეთში. საქართველოში არანაირი ექვსი თვე არ გამიტარებია. თუ იმას გულისხმობენ, რომ ექვსი თვის წინ ვიყავი საქართველოში, მაშინ ასე უნდა იყოს მითითებული და ხომ უნდა შეეტყობინებინათ, რომ ხელახლა უნდა დავრეგისტრირებულიყავი?
ჩემმა მეგობარმა გააზიარა პოსტი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ საკუთარი თავი, ხართ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზეო და ასე, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე არ ვარ.
როგორც მითხრეს, ხელახლა უნდა გავიარო რეგისტრაცია. დავრეკავ საკონსულოში და გავარკვევ დეტალებს, როგორ დავდგე ხელახალ აღრიცხვაზე, რადგან აუცილებლად ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას და ამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, ნამდვილად არ მინდა, პრობლემა შემექმნას“.
ნინო ბაისონაშვილს არ სურს იფიქროს, რომ საკონსულოს რეგისტრაციიდან მისი სამოქალაქო თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხსნეს, თუმცა, დარწმუნებით არც იმის თქმა შეუძლია, რომ ეს ასე არ არის:
„თავდაპირველად, როდესაც ვნახე, რომ არ ვიყავი სიაში, არ მიფიქრია, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ვიღაც საბოტაჟს მიწყობდა, რომ არჩევნებში ხმა ვერ მიმეცა. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო და არ შევიდე ხოლმე კონსპირაციულ თეორიებში. თუმცა, შემდეგ, გაჩნდა სხვა ადამიანების პოსტებიც, რომლებსაც მსგავსი პრობლემები შეექმნათ. ძალიან ცუდია, თუკი პოლიტიკური თუ სხვა სამოქალაქო შეხედულებების გამო მართლაც ხელოვნურად იქმნება ეს წინაღობა.
აღმოჩნდა ისიც, რომ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც საკონსულოს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წერენ, ხელისუფლების მხრიდან მონიშნულნი არიან ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ეტიკეტით, რომელსაც ხელისუფლება ხშირად გვაკრავს“.
როგორ და ვინ იხსნება საკონსულო აღრიცხვიდან?
„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, არსებობს როგორც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის, ისე აღრიცხვის შეჩერების კრიტერიუმები.
საკონსულო აღრიცხვის შეჩერება:
- საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ფიზიკურ პირს, რომელიც შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მიმოსვლისთვის დადგენილი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, ავტომატურ რეჟიმში უჩერდება საკონსულო აღრიცხვა;
- საკონსულო აღრიცხვის შეჩერება გაუქმდება, თუ ფიზიკური პირი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას საერთაშორისო მიმოსვლისთვის დადგენილი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით, შემოსვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.
საკონსულო აღრიცხვიდან პირის მოხსნის მიზეზების ჩამონათვალი გრძელია, მათ შორის:
- თუკი ადამიანი გარდაიცვალა;
- თუკი პირი სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ იქნა აღიარებული;
- პირი, რომელიც იმყოფება საქართველოში და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე პირადად ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით განცხადებით მიმართავს დეპარტამენტს;
- პირი, რომელსაც შეუჩერდა საკონსულო აღრიცხვა და რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას;
- საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირი, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
„ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ამ მოქალაქეებს და გავარკვიოთ მიზეზები"
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“.
ამ ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ კამპანია წამოიწყო, რომელიც სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გააქტიურებას, მათ არჩევნებში მონაწილეობის წახალისებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისინი პირადად ესაუბრნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკონსულო რეგისტრაცია მოეხსნათ და ახლა ცდილობენ გარკვევას, რამდენად კანონიერად მოხდა ეს.
„ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ამ მოქალაქეებს და გავარკვიოთ მიზეზები. სავარაუდოდ, მათ ასევე ვთხოვთ, რომ თავადაც მიმართონ საკონსულოებს და ოფიციალურად მოითხოვონ ინფორმაცია რეგისტრაციის შეჩერებისა თუ შეწყვეტის შესახებ. რეგისტრაცია უკანონოდ შეუჩერეს ან მოუხსნეს, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავეხმაროთ მათ სამართლებრივი კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რეგისტრაციის მოხსნა მოხდა წესის მიხედვით, თუ ეს წესი დაირღვა.
ცხადია, არც ჩვენ გვინდა კონსპირაციის თეორიებში შესვლა და თუკი წესი დაირღვა, ეს უნდა იყოს დადასტურებული ფაქტებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ სამართლებრივ შეფასებას“, - ამბობს ნინო დოლიძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი
- რატომ მოეხსნა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების ნაწილს საკონსულო რეგისტრაცია?
- მუშაობს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ საკონსულოსთან რეგისტრაციის მოხსნის მიზეზების იდენტიფიცირებისათვის?
რადიო თავისუფლებას ამ კითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით პასუხობს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილები, სიმართლეს არ შეესაბამება:
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, საკონსულო ფუნქციების ეფექტური განხორციელების მექანიზმების შექმნა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების, რაც მისი პირადი განცხადებით ხდება და არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა, რისთვისაც არსებობს კონკრეტული საუძვლები, არავითარ კავშირშია მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებთან".
საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვიდან, განსაზღვრული წესის თანახმად, ყოველწლიურად იხსნებოდა საშუალოდ 2000 მოქალაქე და, იმავდროულად, რეგისტრირდებოდა საშუალოდ 4200 მოქალაქე.
- 2022 წელს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილია 2120 მოქალაქე;
- 2023 წელს - 1573;
- 2024 წლის იანვრიდან - ივნისამდე - 851 მოქალაქე.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო გვწერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო "თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ზრუნავს, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა, სხვა წლების მსგავსად, შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლების რეალიზება".
უწყების თქმით, ამ მიზნით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ამოქმედდა საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი, რომლის მეშვეობითაც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გადაამოწმონ თავიანთი საკონსულო აღრიცხვა და სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ, რათა მათი მონაცემები აისახოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ვის და როგორ შეუძლია საზღვარგარეთ არჩევნებში ხმის მიცემა?
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ უბანს გახსნის ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ეს უბნები შეიქმნება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი კი იქმნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის.
2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები საზღვარგარეთ ჩატარდა 38 სახელმწიფოში გახსნილ 52 საარჩევნო უბანზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმის თანახმად, საზღვარგარეთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 66 217 ადამიანი. საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 247-მა ამომრჩეველმა. ბათილად იქნა ცნობილი 162 ბიულეტენი.
იმ წელს ოპოზიციამ საზღვარგარეთის უბნები მოიგო.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელს მსოფლიოში კოვიდპანდემია იყო და, შესაბამისად, კიდევ უფრო გართულებული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება არჩევნებზე მისასვლელად, არსებობს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე იმაზე გაცილებით მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს, ვიდრე 2020 წელს.
საზღვარგარეთ ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდაზე აისახება, სავარაუდოდ, 2023 წელს, ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რეკორდული რიცხვიც. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ემიგრაციაში წავიდა 163 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
საზღვარგარეთ არჩევნებში ხმის მისაცემად არსებობს ორი გზა:
- ერთი - საკონსულო აღრიცხვა;
- მეორე - 7 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო რეგისტრაციის გავლა საარჩევნო უბანში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ უკანონოდ (არალეგალურად) იმყოფებიან.
როგორც „სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, ამ პირების არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მათთვის რაიმე რისკს:
„ეს ადამიანები შიშობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მათ შეექმნებათ პრობლემა. არაფერ შუაშია ერთმანეთთან არჩევნებში მონაწილეობა და დეპორტაცია. თუმცა, ეს შიშები მათ მაინც აქვთ და ამ შიშებს, წესით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა უპასუხოს. პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს საკონსულო და საელჩო უსაფრთხო ადგილია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევნებში ხმის მიცემა. ჩვენ სწორედ ამას ველით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო დოლიძემ.
ამ შინაარსის განცხადება მიმდინარე წლის 22 მარტს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მიწვეულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააკეთა:
„საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს, ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას“.
ამას გარდა, გასული წლის ბოლოდან, ოპოზიციას დაწყებული აქვს კამპანია, რათა რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა მოახერხოს ხმის მიცემა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ანუ საზღვარგარეთ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები. ამ საქმის ორგანიზება ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალებათ.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდის საკითხს მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტიც.
ამ საკითხზე საუბრისას მას მოლდოვის მაგალითი მოჰყავს, როდესაც უცხოეთში 150 საარჩევნო უბანი გაიხსნა და ამბობს:
„თუ მოლდოვას შეუძლია, ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზია გვაქვს და ალბათ ჩვენც შეგვიძლია. რატომ ვამბობთ, რომ ჩვენ ამის რესურსები არ გაგვაჩნია?!“
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე „ზედმეტი აჟიოტაჟია შექმნილი“:
„გვაქვს კონკრეტული პროცედურა, რაც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. არ იღელვოთ, როგორც აქამდე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დროებით იმყოფებიან საზღვარგარეთ, ექნებათ შესაძლებლობა, იმ უბნებზე, რომლებსაც გავხსნით, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გამოხატონ საკუთარი სიმპათიები“, - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებამდე 143 დღეა დარჩენილი.