რატომ უნდათ ბიძინა ივანიშვილს და სხვებს საქართველოში კანაფის მოყვანა

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა, რომ თავად მონაწილეობდა კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შედგენაში.

ბიძინა ივანიშვილი

„სანამ კანონპროექტი შევიდოდა, [პარლამენტში] ამ განხილვაში მეც ვმონაწილეობდი, ვიმეორებ საუბარი იყო წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 23 ოქტომბერს, ტელეეთერში.

ბიძინა ივანიშვილი სამედიცინო და კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის კანაფის წარმოებას „ძალიან საინტერესო“ ბიზნესად მიიჩნევს:

„რენტაბელობა... 500 %-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიარდი დოლარის და მეტის ექსპორტი განხორციელდეს ერთი, ორი და სამი წლის განმავლობაში“

კანონპროექტი, რომელზედაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, პარლამენტმა დღის წესრიგიდან საპატრიარქოს წინააღმდეგობის შემდეგ მოხსნა.

ასევე ნახეთ მარიხუანა შინ და გარეთ

„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ რიცხვში საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ რიცხვში საპატრიარქოსთან”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რა იგეგმებოდა შეჩერებული კანონპროექტით

  • სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა, წარმოება და ექსპორტზე გატანა;
  • სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შექმნა;
  • ქვეყანაში კანაფის წარმოების წესების დადგენა.

კანაფის წარმოების დაწყებას დეკრიმინალიზაციის კონტექსტში განიხილავს პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ წარმომადგენელი ვახო ხვიჩია. მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელმაც პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის ფლობა დასაშვებად ცნო, საქართველოში კვლავ დასჯადია მარიხუანის კულტივაცია და გაყიდვა.

„ბიძინა ივანიშვილი ამას თუ წმინდა ბიზნესად აღიქვამს, როგორც ბიტკოინების შემთხვევაში გათვალა, რომ ამას ექნებოდა დიდი მოგება, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მას ამის გაკეთება 2012 წელსაც შეეძლო, როცა ხელისუფლებაში მოვიდა“, - ამბობს ვახო ხვიჩია.

კანაფის წარმოება მსოფლიოში

დიდი ბრიტანეთი სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულების კანაფის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს 2016 წლის მონაცემებით, ამ ქვეყანაზე მოდის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 70 %, მას ნიდერლანდი მოსდევს ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია რეგულაციებიც. გაცილებით მეტ ქვეყანაშია ლეგალიზებული სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, ვიდრე მისი მოხმარება. შეერთებული შტატებში სამედიცინო მარიხუანის მოხმარება დაშვებულია 31 შტატში და კოლუმბიის ოლქში, თუმცა ფედერალურ დონეზე აკრძალულია მისის ყველა სახით მოყვანა, იმპორტი ან გაყიდვა

რეგულაციები საქართველოში

Agro Solutions Georgia-ს ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქავა, საერთაშორისო ეკონომიკურ ტენდენციაზე დაკვირვებით, ამბობს, რომ თუკი საქართველო რეგულაციებს უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში მიიღებს, მსოფლიო ბაზარზე შესვლას მოასწრებს. „5 წლის შემდეგ ძალიან პატარა ნიშა დარჩება საქართველოსთვის“. ირაკლი ჩიქავა თავადაცაა დაინტერესებული სამრეწველო კანაფის წარმოებით და კონკრეტული გაანგარიშებაც აქვს.

„კანაფისის დაახლოებით 2 ტონა ნედლი მასის ექსპორტით შესაძლებელია 2 მილიარდი ლარის მიღება. საქართველოში ათვისებული და აუთვისებელი მიწების ზუსტი რეესტრი არ გვაქვს, თუმცა სულ მცირე, მიწების 50 % აუთვისებელია. შესაბამისად, ღია გრუნტზე და სათბურებში საქართველოში 2 ტონა კანაფისის მოყვანა სავსებით რეალისტურია“.

საკანონმდებლო პროცედურებზე მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ განახლდება.