რატომ ტოვებს რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებას

რუსეთი აპირებს გავიდეს იმ საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის კომპეტენციას შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევის გამოძიებაზე. ექსპერტების შეფასებით, ამით რუსეთი ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, რომელიც მას საქართველოს, უკრაინისა და ჩეჩნეთის ომების შედეგად შეიძლება დაეკისროს.

ეს შეთანხმება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მიერ არის ხელმოწერილი. კონვენციის მთავარი მუხლი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ავალდებულებს მშვიდობიანი მოსახლეობა და ომში მონაწილეები ერთმანეთისგან გაარჩიონ. შეთანხმების დატოვების შესახებ კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუმაში წარადგინა.

რუსეთს სურს ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გავიდეს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას უკავშირდება
ნიკა ჩიტაძე


პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი საქციელი რუსეთისგან პირველი არ არის. მისი თქმით, სულ მალე ჰააგაში განაჩენს გამოიტანს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც რომის სტატუტის შეთანხმების ფარგლებში მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი, მასზე გარკვეული ვალდებულებები მაინც ვრცელდება. ამ ხელშეკრულების დატოვებით კი ის ცდილობს თავიდან აიცილოს როგორც 2008 წლის, ასევე დონბასის მოვლენებზე პასუხისმგებლობა.

„ხშირად ეს არის კომპენსაცია, ან პოლიტიკური აღიარება, ან ვინმეს დასჯა. რუსეთს არ სიამოვნებს, როდესაც რაღაც მოედნებზე მას კიცხავენ და ბრალს სდებენ და თუ ამ მოედნებიდან წამოვა, ვეღარც გაკიცხავენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შეთანხმებიდან გასვლა გამოწვეულია „საერთაშორისო ვითარების მზარდი რისკებით“, ასევე „არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ კომისიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებით“.

განმარტებით ბარათში ცალკე მითითებულია, რომ კომისიაში არ იყო შეყვანილი რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც მაშინ მის ბიუჯეტში საწევროს იხდიდა.

ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი: „რუსეთს ჩადენილი აქვს სამხედრო დანაშაულებები, მათ შორის ჩეჩნეთის ორი ომის დროს, როდესაც 160-200 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშიდობიანი მოსახლეობა; ასევე 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და სამოქალაქო მოსახლეობაზე მიიტანა იერიში. ამასთან, ის ცდის ახალ ბალისტიკურ რაკეტებს. სარაკეტო კომპლექსებს („ისკანდერი“) ნატოს საზღვართან განათავსებს. გამომდინარე რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან, რუსეთს სურს ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გავიდეს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას უკავშირდება და ამით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს“.

მიუხედავად ამისა, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ საქართველოს მაინც რჩება მექანიზმები იმისთვის, რომ რუსეთს ომის დანაშაულებზე პასუხი მოსთხოვოს, რადგან რუსეთი არის წევრი სხვა ხელშეკრულებების, მათ შორის ჟენევის კონვენციისა, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას გულისხმობს.