რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ძირითადად, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს (მეგრელებს), რომლებიც აფხაზურ გვარს მიიღებენ, დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. მოქალაქეობას და ახალ ე.წ. პასპორტს სთავაზობს და ამ პროცესს მათთვის ძირძველი აფხაზური გვარების დაბრუნებას უწოდებს.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტი, რომელიც გვარად ეხვაიაა, ამბობს, რომ ზოგიერთი ამ წინადადებას თანხმდება მხოლოდ იმიტომ, რომ ე.წ. აფხაზური პასპორტი მიიღოს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის შედარებით უკეთეს უფლებრივ მდგომარეობას უზრუნველყოფს. „მეც შემომთავაზეს ჩემი გვარის ემხვარად გადაკეთება. ვუთხარი, რომ არ გავაკეთებ იმას, რაც არ შეშვენის ჩემს შთამომავლობას. მე ამას არასდროს გავაკეთებ. მაგრამ არაერთია, ვინც ეს გააკეთა“ - გვითხრა გალში მცხოვრებმა ქალმა.
ახლაც არის თითო-ოროლა შემთხვევა, როცა ადამიანმა მოაშორა გვარს ია დაბოლოება და აფხაზი გახდა. აფხაზებს უნდათ, რომ ეს მასობრივად იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის...ოთარ აძინბაია
ოკუპირებულ გალში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „მურზაყანელი აფხაზების საბჭოს“ მტკიცებით, გალის რაიონის 400-ზე მეტ მცხოვრებს უკვე მიეცა შესაძლებლობა დაებრუნებინა აფხაზური გვარი. სააგენტო „აფსნიპრესი“ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე, ედიშერ ზუხბაზე დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციის დაარსებიდან ხუთ წელიწადში საბჭოს აფხაზური გვარების დასაბრუნებლად მიმართა 900-მდე ადამიანმა. ზუხბას განცხადებით, საბჭო დაინტერესებულია „აფხაზეთის შიდა ცხოვრებაში გალის რაიონის მცხოვრებთა უსწრაფესი ინტეგრაციით და მათთვის აფხაზური გვარების აღდგენით.“
სააგენტოს სტატიაში აფხაზური წარმომავლობის გვარებად დასახელებულია ანჩაბაძე, აძინბაია, აქიშბაია, ბუთბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კაკუბავა, ეზუგბაია, ყოლბაია და კიდევ ათზე მეტი გვარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სოხუმელი ვახტანგ ყოლბაია გვეუბნება, რომ აფხაზების მხრიდან ამ თემის წამოწევა სიახლე არ არის და გვარების წარმომავლობის საკითხი აქტუალური იყო აფხაზეთში ომის დაწყებამდეც: „ყოველთვის იყო დავა გვარებზე - ზუხბაია, ბუთბაია, ქეცბაია. სხვათა შორის, ყოლბაია მაშინ ნაკლებად იყო მოხსენიებული. აფხაზები თვლიდნენ, რომ ეს აფხაზური გვარებია, ქართველები კი, აბსოლუტურად დასაბუთებულად, რომ - ქართული.“
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებითვე, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდანაც იყო შემთხვევები, როცა ქართველები გვარს იცვლიდნენ, რადგან აფხაზებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. მაგალითად, არ მიჰყავდათ ჯარში და მარტივად ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
ასეთივე ფაქტებს იხსენებს გაგრელი ოთარ აძინბაია: „რატომ არის შერვაშიძე, ქავთარაძე, კირთაძე აფხაზი? ძე ხომ ქართული დაბოლოებაა! თუ ჩაეწერებოდნენ აფხაზად, ჯარში არ წაიყვანდნენ. ამიტომ ჩაიწერეს და მერე დარჩა.“
ასევე ნახეთ გალელი აფხაზები აფხაზობას იბრუნებენოთარ აძინბაია ამჟამად ფოთის ერთ-ერთი სკოლის დირექტორია და ქართულ ენას ასწავლის. გვეუბნება, რომ მისი გვარი აფხაზური წარმომავლობისაა და მისი შეცვლა არასდროს უფიქრია. აფხაზური ენის კარგად მცოდნეს აქტიური ურთიერთობა აქვს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მეგობრებთან და ნათესავებთან. ოთარ აძინბაია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა გვარის წარმომავლობა, არამედ ის, რომ ყველანი საქართველოში ვცხოვრობთ.
„ახლაც არის თითო-ოროლა შემთხვევა, როცა ადამიანმა მოაშორა გვარს ია დაბოლოება და აფხაზი გახდა. აფხაზებს უნდათ, რომ ეს მასობრივად იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის“, - ამბობს გაგრელი ოთარ აძინბაია.
მისი შეფასებით, აფხაზებმა უკვე კარგად დაინახეს პრობლემა, რომ უმცირესობაში რჩებიან და აფხაზეთში მკვიდრდებიან უცხო ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის რუსები, ამიტომ, ასეთ ვითარებაში ურჩევნიათ მონათესავე ქართველებმა, კერძოდ, მეგრელებმა მიიღონ აფხაზური გვარები და ასე გაზარდონ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები აფხაზების რაოდენობა.