რატომ მოკვდა თეკლა? – ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ 15 წლის გოგო მაინც დაიღუპა 

სოფელი თაგვეთი, 15 წლის თეკლას პანაშვიდზე მიმავალი ადგილობრივები

„თეკლა აქ არ მოუსვენებიათ. დედამ თავისი მშობლების სახლში წაიყვანა, აქ ნაქირავებში ცხოვრობდნენ“, - ახალგაზრდა ქალი, 15 წლის თეკლას მეზობელი გვიღებს კარს და იმ სოფლის სახელს გვეუბნება, სადაც თეკლა პროზექტურიდან გადაასვენეს. 15 ოქტომბერს თეკლა სწორედ მისი ფანჯრების ქვეშ ნახეს მეზობლებმა გარდაცვლილი.

კორპუსი, სადაც თეკლა დედასთან და დებთან ერთად ცხოვრობდა

„საღამოს რვა საათი იქნებოდა, ორი წუთის შემოსულები ვიყავით სახლში, გარედან ბრახუნი რომ შემომესმა. ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მალევე ატყდა ხმაური. გავედით მე და ჩემი ქმარი. ახლოს ვერ მივედი. ჩემი მანქანის კუთხეში იწვა ბავშვი. ამბობდნენ, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა“, - მიყვება ქალი, რომელიც თეკლას და მის ოჯახს კარგად იცნობდა:

„დაახლოებით 5 წლის წინ გადმოვიდნენ. ზუსტად ჩემი ბინის აყოლებაზე, მერვე სართულზე ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ქალია დედა. თეკლას ტყუპისცალი და და უმცროსი და ჰყავს. ქუჩაში თუ შეგხვდებოდა თეკლა, მოკითხვის გარეშე არ ჩაგივლიდა. ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად ნაკლებად ვხედავდი, უფრო დედასთან ერთად დადიოდა, დედა-შვილებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს უბედურება რომ დატრიალდა, ყველანი სახლში იყვნენ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ და არ ვიცით, რა და რატომ მოხდა“.

სახლი, სადაც თეკლა ცხოვრობდა

15 წლის თეკლას გარდაცვალების საქმეს ხაშურის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

ხაშურის პოლიციის სამმართველო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს

არასრულწლოვანი გოგო დაახლოებით ორი წლის წინ, სექსუალური ძალადობის საქმეში, დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა. ამ საქმეზე თეკლას ბაბუა, მამის მამა, გაუპატიურების მუხლითაა გასამართლებული და მას 16-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ბრალდების თანახმად, ბაბუა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა შვილიშვილზე.

„მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გავრცელდა, ვცდილობდი, კიდევ უფრო მეტი სითბო გამომეხატა ბავშვის მიმართ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თითქოს ბავშვიც ნორმალურად იყო, ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანდა..., - ამბობს თეკლას მეზობელი, - სამძიმარზე გვინდა წასვლა, ყველას ფეხები გვრჩება უკან“.

ხაშურიდან სოფელ თაგვეთისკენ მიმავალ გზას პატრულის თანამშრომელი გვასწავლის - სამძიმარზე მიდიხართ ალბათ, პირველივე აღმართზე უნდა აუხვიოთ და იქვე დგას სახლი”.

სოფელ თაგვეთისკენ მიმავალი ხიდი

გზა ტალახიანია, ცრის. მტკვარზე გადებულ ხის ხიდზე ფრთხილად უნდა გადაიარო. მანქანა იშვიათად შეგხვდება, ხვდები, რომ ისიც იქით მიდის ან იქიდან მოდის, საითაც ახლა ჩვენ მივდივართ.

- ვერ დაგიცავი...

შვილთან ჩამომჯდარი დედა ორ სიტყვას იმეორებს. თეკლას უმცროსი და ეზოში ზის. სახლში ვერ შედის. ტყუპისცალი - დედის გარშემო ტრიალებს.

ჯერ დილაა - ფართოდ გაღებულ ჭიშკარში იშვიათად გამოჩნდება სამძიმარზე მისული ვინმე. სიჩუმეა. ყრუდ ისმის თეკლას დედის ხმა. არ ტირის, შვილს ელაპარაკება - „რა ლამაზი ხარ, რა ლამაზი“.

ზრუნვის სააგენტო: განვახორციელეთ ყველა სერვისი

15 წლის თეკლას გარდაცვალების საქმე არ არის საქმე, რომელზეც, მაგალითად, სამართალდამცავები, ბავშვზე ზრუნვის სააგენტო, სკოლა, ანუ სისტემა, სახელმწიფო იტყვის, რომ არაფერი იცოდნენ წარსულში, ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და შედეგი, რომელიც 15 ოქტომბრის საღამოს დადგა, მათთვის ცაზე მეხის გავარდნასავით იყო.

თეკლა იყო მოზარდი, რომელსაც ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი სექსუალური ძალადობის საქმეში, რომელიც სარგებლობდა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს სერვისებით - სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დახმარებით და რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს არ დარჩენილა სისტემის ყურადღების მიღმა.

ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს, ისევე როგორც სხვა არაერთ მსგავს შემთხვევაზე, თეკლას საქმეზეც ტრაფარეტად ქცეული პასუხი აქვს:

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩართული იყო არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში. სააგენტომ განახორციელა ყველა შესაბამისი სერვისი“.

მშრალად მოგვწერა სახელმწიფო სტრუქტურამ 16 ოქტომბერს.

კრიზისული ცენტრის თანამშრომელი კი, რომელიც თავად დაგვიკავშირდა, გვეუბნება, რომ თეკლამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრში რეაბილიტაციის ორი კურსი გაიარა და ცენტრი „სტაბილური მდგომარეობით დატოვა“. სულ ეს იყო. სხვა კითხვებზე მან აღარ გვიპასუხა.

„მე ახლა დამარცხებული ადამიანი ვარ“ - რას ამბობს სკოლა

თეკლა ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. თეკლას სიკვდილი არ ეტყობა სკოლას. ზარი ჩვეულებრივად რეკავს და ბავშვებიც ისევ ისე დარბიან დერეფნებსა და სათამაშო მოედანზე, როგორც სხვა დღეებში.

პირველი საჯარო სკოლის ეზო, ხაშური

სკოლის დირექტორი, მორის დანდურიშვილი მეუბნება, რომ ერთი წლის წინ, სწორედ მისი და ფსიქოლოგის რეკომენდაციითა და თხოვნით დაუბრუნდა თეკლა სკოლას. მანამდე ის გაკვეთილებს დისტანციურად, ონლაინ ესწრებოდა:

„იცით, რა მითხრა მაშინ დედამ? დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუკი გვექნება გარანტია, რომ ბავშვს ან ჟურნალისტები არ დახვდებიან კარში, ან სკოლაში არ შეექმნება პრობლემებიო. დავპირდი, მთავარია ბავშვი სკოლამდე მოიყვანოთ და მერე მე ვარ პასუხისმგებელი, რომ სკოლაში მაქსიმალურად იქნება დაცული-მეთქი და ეს პირობა შევასრულეთ. დედას ერთხელაც კი არ უხსენებია ჩვენთან, რომ ბავშვს სკოლის სივრცეში რაიმე პრობლემა ჰქონდა. რა გააკეთა სკოლამ? გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა გაეკეთებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც დამარცხებული ადამიანი, ასე გელაპარაკებით“.

პირველი საჯარო სკოლა

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ თეკლა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ტყუპისცალ დასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ღონისძიებაში:

„პარასკევს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებოდით. მისი კლასი ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და თეკლაც სხვა ბავშვებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში, ორ დღეში კი ეს ამბავი მოხდა. თითქოს არანაირი წინაპირობა აღარ არსებობდა, თითქოს ყველა პრობლემა ამოწურული იყო, წელს განსაკუთრებით, მაგრამ მაინც დავმარცხდით. რა მოხდა ამ ორ დღეში [არ ვიცი], ბავშვს არაფერი ეტყობოდა“...

რატომ იჩივლა თეკლას დედამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში?

დირექტორი, მორის დანდურიშვილი იხსენებს, რომ თეკლას დედის მონაყოლით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ოჯახი, ძალადობაში მსჯავრდებული ბაბუის ადვოკატის ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იყო.

დირექტორის თქმით, განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა მაშინ, როდესაც 2022 წლის იანვარში ჟურნალისტები ხელახლა დაინტერესდნენ თეკლას ისტორიით. მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ, სექსუალური ძალადობის საქმე „თავდაყირა დგება“, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბაბუა „უდანაშაულოა“, ხოლო საქმე შესაძლოა ისე შეტრიალდეს, რომ „განსასჯელის სკამზე ბავშვის დედა აღმოჩნდეს“ ცრუ ჩვენებისა და შვილზე ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ თეკლას დედამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ეთიკის ქარტიამ კი ამ საქმეზე ქარტიის ორი პრინციპის დარღვევა დაადგინა - პირველი - „მედიასაშუალებამ არ დაიცვა ბავშვის უფლებები, სიუჟეტში არასრულწლოვანზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“. და მეორე - მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ აძლევდა საკმარის საფუძველს ჟურნალისტებს, მტკიცებით ფორმაში, დადასტურებული ფაქტის სახით ეთქვათ, რომ ბრალდებული პირი უდანაშაულოა“.

„გაცამტვერდა ბავშვი. დედა ამბობდა, სახლის კარს ვერ ვაღებ, კამერებით დგანან ადამიანებიო. სოციალური მუშაკი ასეთ სიტყვებს მეუბნებოდა, რომ ავაშენებდი რაღაცას, ყველაფერი წამში მენგრეოდაო“, - გვეუბნება სკოლის დირექტორი.

თეკლას ოჯახზე რაიმე ტიპის ზეწოლის ფაქტს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უარყოფს მსჯავრდებული ბაბუის ადვოკატი, ზურაბ თოდუა. ამბობს, რომ არც მას და არც თეკლას მამასა და მის ნათესავებს, ოჯახთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არ ჰქონიათ:

ადვოკატი ზურაბ თოდუა

„გამოვრიცხავ, რომ ან მამის, ან ბაბუის, ან ჩემი მხრიდან ოჯახზე რაიმე ტიპის ზეწოლა ხორციელდებოდა. ბაბუა მსჯავრდებულია. ეს ადამიანი დღესაც სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. რაც შეეხება მამას, ბავშვებს მისი ტელეფონი დაბლოკილი აქვთ. შვილის სამძიმარზეც არ მიუშვეს“.

რა უთხრა თეკლას მამამ გამოძიებას?

15 წლის თეკლას მამა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მამამისი უდანაშაულოა, ხაშურის პოლიციამ შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 16 ოქტომბერს გამოკითხა.

ადვოკატი ზურაბ თოდუა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 15 წლის გოგოს მამამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მოითხოვა იმ ფსიქოლოგის კვალიფიკაციის საკითხის შესწავლა, რომელიც მის შვილთან რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. საქმე ეხება სახელმწიფო სააგენტოს ბაზაზე შექმნილ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგს:

„ჩვენ ამ ფსიქოლოგის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები გვქონდა ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მაშინ, როდესაც სექსუალური ძალადობის საქმეზე სასამართლოს სხდომები და მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობდა. მოვითხოვეთ ამ საკითხის მოკვლევა, მივმართეთ ზრუნვის სააგენტოს, პროკურატურას, მოვითხოვე, რომ შეესწავლათ ამ ფსიქოლოგის განათლებისა და კვალიფიკაციის საკითხი. გენერალურმა პროკურატურამ ჩემი განცხადება შიდა ქართლის პროკურატურას გადაუგზავნა, სადაც მითხრეს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობდა.

ახლა, გოგონას გარდაცვალების შემდეგაც, 16 ოქტომბერს, მამამ გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ და პირდაპირ დაასახელა, რომ შესაძლოა, მისი შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არასწორმა სარეაბილიტაციო კურსმა გაართულა და კვლავ მოითხოვა, რომ ჩატარდეს სპეციალური კვლევები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ კაცს შვილიშვილი არ გაუუპატიურებია, ამას მოწმობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნაც. ეს ფსიქოლოგი კი ბავშვს, როგორც გაუპატიურების მსხვერპლს, ასე მკურნალობდა თვეების განმავლობაში“, - ამბობს ზურაბ თოდუა, რომელსაც ხაშურის რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გაუპატიურების მუხლით იქნა მსჯავრდებული, ამჯერად უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას ბავშვზე ზრუნვის სააგენტოსთან და დაინტერესდა მათი ფსიქოლოგის მიერ ბავშვისთვის გაწეული სერვისით:

  • როდის, რამდენი ხნის განმავლობაში გადიოდა მოზარდი ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ცენტრში?
  • ვინ მუშაობდა მასთან და როგორი იყო მოზარდის მდგომარეობა, როდესაც დაასრულა რეაბილიტაციის პროცესი?
  • ჰქონდა თუ არა ცენტრს რეკომენდაციები ოჯახთან, სკოლასთან?
  • გამოძიება დაინტერესდა თუ არა ფსიქოლოგის კვალიფიკაციით?
  • კვლავაც მუშაობს სისტემაში ფსიქოლოგი, რომელთანაც მოზარდი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა თუ აღარ?

ამ კითხვებზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ რადიო თავისუფლებას პასუხები არ გასცა.

რატომ არ მისცა მამამ ყოფილ მეუღლეს ბავშვების საზღვარგარეთ წაყვანის უფლება?

რადიო თავისუფლებას რამდენიმე ადამიანმა უთხრა, რომ თეკლას დედას შვილებთან ერთად საზღვარგარეთ სურდა საცხოვრებლად წასვლა. მის არასრულწლოვან შვილებს, საზღვარგარეთ წასასვლელად მამის თანხმობა სჭირდებოდათ. თუმცა, მამა წინააღმდეგი იყო.

რადიო თავისუფლებას ეს მსჯავრდებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამაც დაუდასტურა:

„დიახ, ყოფილმა ცოლმა ბავშვების მამას მიმართა, რომ მას სურდა შვილებთან ერთად წასულიყო საზღვარგარეთ საცხოვრებლად, დაურეკა და სთხოვა, რომ მიეცა ნებართვა ბავშვების გაყვანაზე, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან მამისთვის მიუღებელი იყო მისი გადაწყვეტილება, არ იცოდა, სად უნდა წასულიყვნენ, ვისთან. ეს იყო დაახლოებით ერთი წლის წინ“.

როცა ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ბავშვი მაინც კვდება

ის უფლებადამცველები და იურისტები, რომლებსაც ბავშვების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ გამოძიებამაც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომაც ბევრ კითხვას უნდა გასცენ პასუხი.

მაგალითად, ანა თავხელიძეს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს აინტერესებს, ორი წლის წინ, მაშინ, როდესაც ბავშვი გაუპატიურების მსხვერპლად ჩაითვალა, რა მოიფიქრა სახელმწიფომ მის დასაცავად:

იურისტი ანა თავხელიძე

„როდესაც ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობაზეა ლაპარაკი, როგორც წესი, ბავშვებს ადანაშაულებენ ხოლმე მომხდარში, ადანაშაულებენ, რომ რაღაც გამოიგონა და გადააჭარბა, [ამუნათებენ] როგორ გაუკეთა ეს ოჯახის წევრს… ეს რისკები გაცილებით მაღალია ასეთი კატეგორიის საქმეებში და ეს იცის საგამოძიებო უწყებამაც. მისი ფუნქცია მხოლოდ ის არ არის, რომ გამოძიება აწარმოოს და კონკრეტული მოძალადე დასაჯოს. მისი ფუნქციაა, რომ დამცავი ზომები მიიღოს, რომ ბავშვი არ დაექვემდებაროს სხვადასხვა პირებისგან მორიგ ძალადობას. ეს საკითხი შეისწავლა და შეაფასა თუ არა საგამოძიებო უწყებამ?“

კიდევ ერთი მთავარი კითხვა იურისტს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან აქვს. და ეს ეხება იმ სერვისს, რომელიც ნაცნობ სოციუმში საცხოვრებლად დარჩენილ ბავშვს უნდა მიეღო:

„ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქობულეთში, 14 წლის ნინი ცეცხლაძეს, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და რომელმაც შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სოცმუშაკი შეხვდა ორჯერ და ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა, რომ ბავშვის გადაწყვეტილება იყო, რომ არ სჭირდებოდა ფსიქოლოგი. ანუ ბავშვს მიაღებინეს გადაწყვეტილება, იყო თუ არა მისი ოჯახიდან გაყვანის საჭიროება და სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგი. ამ შემთხვევაშიც გასარკვევია, რა ხარისხით და როგორ მუშაობდა სახელმწიფო ბავშვთან“.

ანა თავხელიძის თქმით, გამოსაკვლევია ისიც, აუხსნა თუ არა სოციალურმა მუშაკმა დედა-შვილს, თუ რა სამართლებრივი ბერკეტები ჰქონდათ მათ, უცხოეთში მამის თანხმობის გარეშე გასამგზავრებლად:

„მაგალითად, აუხსნა თუ არა ბავშვს ვინმემ, რომ მას ჰქონდა უფლება სახელმწიფოს ხარჯზე აეყვანა უფასო ადვოკატი? რომ მას ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა მამის უფლების შეზღუდვა იმ ნაწილში, რომ მამის თანხმობის გარეშე მომხდარიყო უცხოეთში გასამგზავრებელი დოკუმენტაციის მომზადება. ცხადია, შემდგომ ადვოკატი აწარმოებდა დავას პოზიციისა და მოთხოვნის დასაცავად, მაგალითად, სად წავიდოდა ოჯახი, რა პირობებში და ა.შ. თუმცა, ბავშვს ამ სერვისის მიღების უფლება რომ ჰქონდა, ამის შესახებ უნდა სცოდნოდა. იცოდა? ცდილობდა ოჯახი ამ უფლების გამოყენებას? ამ კითხვასაც უნდა გაეცეს პასუხი“...

სამძიმარზე მიმავალი ადგილობრივები

თაგვეთში შუადღისკენ გამოიდარა. ერთსართულიანი სახლისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ახლა 15 წლის გოგოს გლოვობენ, ხალხმა იმატა. სიჩუმეა. დედის ხმა ისმის ყრუდ:

- ვერ დაგიცავი.

თეკლას 19 ოქტომბერს დაკრძალავენ.