რატომ მოკვდა 19 წლის შაკო ისაევი? – „ყური მოვკარი, რა მოხდა, არ ვიცი“

19 წლის შაკო ისაევს ამ სკვერში სცემა რამდენიმე ადამიანმა

„არაფერი გამიგია“, „ვინ მოკვდა?“, „რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, მე არაფერი ვიცი“, „აქ მოხდა რამე? არ გამიგია“, „ჰო, რაღაცას კი მოვკარი ყური, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა“, „პირველად მესმის“...

ვარკეთილში, უფრო ზუსტად კი კახეთის გზატკეცილის 12 ნომერში, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ, 19 წლის შაკო ისაევს სასტიკად გაუსწორდა რამდენიმე ადამიანი, „არავინ არაფერი იცის“.

კახეთის გზატკეცილის 12 ნომერი

რვასართულიანი კორპუსის მცხოვრებლები დუმან. საბავშვო მოედანს გზის პირას, იმ მაგიდასა და სკამებს, სადაც 15 ივნისის საღამოს შაკო და მისი მეგობარი ისხდნენ და სადაც 19 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საცხოვრებელი კორპუსი ზევიდან გადაჰყურებს. იქვეა ავტობუსის გაჩერებაც. კორპუსის ქვეშ, შემთხვევის ადგილიდან 15-20 მეტრში სასურსათო მაღაზიაა:

„ახლავე მიბრძანდით აქედან. დატოვეთ მაღაზია“, - მკაცრი ტონით მიმითითებს მაღაზიის მეპატრონე კარისკენ. კითხვის დასმას ვერ ვახერხებ.

შემთხვევის ადგილი

მხოლოდ ეზოში მოთამაშე ბავშვები მიგვითითებენ იმ ადგილისკენ, სადაც შაკო ისაევს სცემეს: „აი, აქ, აქ მოხდა“.

ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა

რა მოხდა 15 ივნისს კახეთის გზატკეცილის 12 ნომერში?

სრული სურათის აღდგენა ჭირს. შაკო ისაევის ცემის ფაქტს, სავარაუდოდ, ცოტა თვითმხილველი არ უნდა ჰყავდეს, თუმცა ჟურნალისტებთან, ფაქტობრივად, არ ლაპარაკობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ იძიებენ ცემას, რომლის შედეგადაც ბიჭი გარდაიცვალა.

პროკურატურის ოფიციალური ვერსიით „სამმა ბრალდებულმა 15 ივნისს, ვარკეთილის მესამე მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 19 წლის შალვა ისაევს ხელებით და ფეხებით, თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს.

დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

პოლიციამ 15 ივნისს, ცემიდან მალევე დააკავა სამი ახალგაზრდა კაცი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთი 19 წლისაა, მეორე 20-ის, მესამე კი 28-ის.

ინციდენტის ადგილი

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწყო, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, 21 ივნისს, პროკურატურის ცნობით, სამივე დაკავებულს ბრალდება შეეცვლება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას ჰყვება მამა?

შაკო ისაევი ახლა თბილისის ზღვის სასაფლაოზე მდებარე პატარა ეკლესიაშია დასვენებული. მამა, ზურა ისაევი, ეკლესიის შესასვლელში იღებს სამძიმარს. ჩვენც ეკლესიის შესასვლელში გველაპარაკება.

„ჯერ ვერ ვკრავ სურათს, გათიშული ვარ, ამიტომ, ჯერჯერობით, სრულად სამართალდამცავებს აქვთ მინდობილი ეს საქმე, მაგრამ აუცილებლად ავიყვანთ ადვოკატსაც“, - ამბობს ის.

მარიამ ეგვიპტელის სახელობის მამათა მონასტერი, სადაც შაკო ისაევია დასვენებული

15 ივნისს მომხდარის დეტალები თვითონაც გადმოცემით იცის. მის შვილს სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში სცემეს:

„საღამო იყო, ფეხბურთის მატჩის დაწყებამდე, ერთი საათით გავიდა მეგობართან ერთად. ჩემი შვილი საავიაციოზე სწავლობდა. პრაქტიკაც დაიწყო და მალე მუშაობის დაწყებასაც აპირებდა. თანაკლასელები იკრიბებოდნენ ხოლმე ხანდახან და იმ საღამოსაც ასე დაემთხვა. ფეხბურთისთვის ერთად უნდა გვეყურებინა, ამიტომ მალევე ველოდით სახლში“.

იმ სამ ბრალდებულს, რომლებიც დააკავეს, არ იცნობს:

„არ ვიცი, ამ ადამიანებთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ვიცი, რომ ერთ-ერთი ასაკით გაცილებით უფროსია. ან შვილი არ ჰყავს, ან ახლობელი, ასე როგორ გაიმეტა ბავშვი“.

როგორც ზურა ისაევი ჰყვება, კონფლიქტის დროს, შაკომ თავის უფროს ძმასთან მოასწრო დარეკვა:

„ჩემი უფროსი ბიჭი გაიქცა, მაგრამ იქ რომ მივიდა, ბავშვი უკვე სასტიკად იყო ნაცემი. ჩემს უფროს ბიჭსაც დაუპირისპირდნენ, ისიც სცემეს, მაგრამ, საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებები არ აქვს. ახლა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია“.

მამათა მონასტერი

შაკო ისაევის მამა ამბობს, რომ მის შვილს ძირითადად თავზე ჰქონდა ტრავმები:

„მე არ წამიკითხავს ექსპერტიზის დასკვნა. ახლა ამის უნარი არ მაქვს. ექიმები გაოცებულები იყვნენ, ასე გამეტებით ნაცემი ადამიანი იშვიათად გვინახავსო.

თავში ჰქონდა უშველებელი ჰემატომა. დღითი დღე დამძიმდა მდგომარეობა, ვერაფრით უშველეს.

სადაც გინდათ იქ გაიკითხეთ, ყველა გეტყვით, როგორი იყო ჩემი შვილი. როგორი წესიერი, ოჯახში გაზრდილი. მისი სამეგობრო ყველა ასეთი იყო“.

„მაყურებელი ვარ, ვარკეთილი ხელში მიჭირავსო“...

ზურა ისაევი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როგორც შეიტყო, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მის შვილს ცემისას წამოაძახა: „აქაურობის "მაყურებელი" ვარ და რასაც მინდა, იმას გიზამო“.

კრიმინალური სუბკულტურა და ე.წ. არაფორმალური მმართველობის ფორმების პრაქტიკა რომ ისევ არსებობს, ამაზე უკანასკნელ წლებში აღრიცხული არაერთი ფაქტი მეტყველებს.

მათ შორის, მაგალითად, 2019 წელს, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიუთითებდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კვლავ ჩანდა არაფორმალური მმართველობის ნიშნები, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებდა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ საუბრობდა მედია 2021 წელსაც, როდესაც დმანისში, მაღაზიაში, ალკოჰოლური სასმლის გამო დაწყებული დავა არეულობაში გადაიზარდა და ათობით მოქალაქე ერთმანეთს ქვებითა და ჯოხებით დაუპირისპირდა.

მაშინ, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი, კამილა მამედოვა ამბობდა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება კონფლიქტის მოგვარებას არა სამართლებრივი გზებით, არამედ „შინაურულად“, ადგილობრივი ავტორიტეტების და ნაცნობების ჩართულობით ცდილობდა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისა თუ „მაყურებლების“ არსებობის თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდში.

სწორედ ეს საკითხი იკვლია 2022 წელს ორგანიზაციამ „ფონდი ღია საზოგადოებამ“. ანგარიშის ავტორებმა შეისწავლეს არაფორმალური ჯგუფების გავლენა საარჩევნო პროცესზე და გამოიკვეთა, რომ 2020 და 2021 წლების არჩევნების პერიოდში, სამართალდარღვევის ჩამდენები, ხშირ შემთხვევაში, კრიმინალური სუბკულტურის წევრები - უბნის ავტორიტეტები, „მაყურებლები“, ე.წ. ძველი ბიჭები და სხვა არაფორმალური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, „რომლებიც აშკარად და ღიად მოქმედებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ზოგჯერ, მისი სახელითაც კი“.

თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი პროგრამის დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამგვარი არაფორმალური ძალებისთვის ძალაუფლების თუნდაც გარკვეული დოზით გადაცემაც კი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და სისასტიკეში გადაიზრდება ხოლმე:

თამთა მიქელაძე

„თუკი ვარკეთილში მომხდარ ფაქტს მართლაც ამგვარი შინაარსი აქვს, რომ ამ ძალადობის ფაქტში ე.წ. მაყურებლები ფიგურირებენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ არა მხოლოდ ამ ინციდენტში ჩართული მოძალადეების საქმე უნდა გამოიძიოს და ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს, არამედ, უნდა მიიღოს პრევენციული ზომები ამგვარი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად“.

თამთა მიქელაძის თქმით, ბოლო წლებში პოლიცია და სამართლებრივი სისტემა იმდენადაა პოლიტიზებული და, ამასთანავე, იმდენად გავრცელდა დაუსჯელობის სინდრომი, რომ ამგვარ კონტექსტში ასეთი არაფორმალური ძალაუფლებები, როგორც წესი, ღვივდება და ძლიერდება:

„ეს ნამდვილად არის სახელმწიფოს დასუსტების სინდრომი და ამაზე ნამდვილად უნდა დაფიქრდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები.

იქ, სადაც პოლიცია, სუსი პოლიტიზებულია, არ მუშაობს მდგრად, გრძელვადიან უსაფრთხოებაზე, იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესები პარტიულ ინტერესებს ემთხვევა და იქმნება დაუსჯელობის კლიმატი, იქ აუცილებლად ღვივდება კრიმინალური სუბკულტურის პრაქტიკა, მით უმეტეს, ჩვენს კონტექსტში, როდესაც დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ამგვარი არაფორმალური მმართველობის პრაქტიკა და აქტორები ძალიან გავლენიანები იყვნენ ჩვენს სოციალურ რეალობაში“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

19 წლის შაკო ისაევს 25 ივნისს დაკრძალავენ.