რატომ „მოიძულა“ პუტინმა ბჟანია და გაგლოევი?

ვლადიმირ პუტინი, 2024 წ. 9 მაისი

დე ფაქტო ლიდერები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 9 მაისს მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვიეს. ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი არც ორი დღით ადრე ჩატარებულ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას დაასწრეს.

პაატა ზაქარეიშვილი

9 მაისს წითელ მოედანზე იმყოფებოდნენ ვლადიმირ პუტინის მიერ დაპატიჟებული ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის პრეზიდენტები, ასევე სპეციალურად მოწვეული ლაოსის, გვინეა-ბისაუსა და კუბის ლიდერები, ბჟანიამ და გაგლოევმა კი სოხუმიდან და ცხინვალიდან მიულოცეს უფროს კოლეგას გამარჯვების მორიგი წლისთავი.

ბოლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები 9 მაისის აღლუმს მოსკოვში 2020 წელს დაესწრნენ. სოხუმსა და თბილისში ბევრი ფიქრობს, რომ კრემლის ამგვარი ქცევა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ერთგვარ დათბობას უკავშირდება.

ასევე ნახეთ პუტინმა 9 მაისის აღლუმი ჩაიბარა, სტუმრებს შორის არ იყვნენ ბჟანია და გაგლოევი

2020 წლის 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი და სამხრეთ ოსეთის მაშინდელი ლიდერი ანატოლი ბიბილოვი დაესწრნენ.

ცხინვალსა და სოხუმში იმით იმართლებენ თავს, რომ 2020 წლის შემდეგ ე.წ. 9 მაისის აღლუმები იმართება ან უცხოელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე (2022), ან მხოლოდ დსთ-ს რომელიმე ქვეყნის ლიდერის ან ცალკეული ლიდერების მონაწილეობით: 2021 წელს - მხოლოდ ტაჯიკეთის ლიდერი, 2023 წელს - ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. და ბელორუსი. წელს პუტინმა გამორჩეულად ბევრი პარტნიორი მიიწვია, წესით, მავზოლეუმის ტრიბუნაზე ბჟანიას და გაგლოევის ადგილებიც უნდა ყოფილიყო, თუმცა...

კითხვა, თუ რატომ არ მიიწვიეს ასლან ბჟანია მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე, აფხაზურ საზოგადოებაშიც დაისვა. გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდის“ მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგიმ თავის Telegram-არხზე დაწერა:

„იქნებ რაღაც გამომრჩა, მაგრამ წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე ასლან ბჟანია არ მინახავს. იყო გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი, იყვნენ კუბის და ლაოსის პრეზიდენტები, მაგრამ ვერ დავინახე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები. ცუდი ნიშანია“.

ინალ ხაშიგს არც ის გამორჩენია, რომ ვლადიმირ პუტინმა „ოსი და აფხაზი კოლეგა“ არც ორიოდე დღის წინ გამართულ ინაუგურაციაზე მიიწვია.

„ის, რომ არც ასლან ბჟანია და არც ალან გაგლოევი არ იყვნენ მიწვეული ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციაზე, არ ნიშნავს იმას, რომ კრემლის საკურიერო სამსახურმა ცუდად შეასრულა თავისი სამუშაო. ე.ი. ასე იყო საჭირო. მეტიც, როგორც ჩანს, ძალიან საჭირო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ პირველივე დაძახილზე მოსკოვში ჩამსვლელი უმაღლესი პირების სია საკმაოდ შეზღუდულია. სახლში დარჩე და თვალში არავის შეეჩხირო, ასევე მნიშვნელოვანი მისიაა. მაგრამ საკითხავია, ვის თვალს უნდა მოერიდო? იქნებ თბილისის?“ - იკითხა აფხაზმა ჟურნალისტმა.

ინალ ხაშიგი

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, მიიჩნევს, რომ მოსკოვი, ბჟანიასა და გაგლოევის გვერდზე გადგომით, ცდილობს არ გააღიზიანოს თბილისი.

„რუს პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, დუმის დეპუტატებს არაერთხელ განუცხადებიათ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ საქართველო ახორციელებს კეთილმეზობლურ და მოკავშირულ ურთიერთობებს რუსეთთან და, რომ ასეთ დროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბარი დამაზიანებელი იქნებოდა“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრებმა, გარი მულდაროვმა, დავით სანაკოევმა და ძამბოლატ მედოევმა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, 2024 წლის მარტში განაცხადეს, რომ იდევნებიან რუსეთში მოქმედი პროქართული ძალების მიერ და, შესაძლოა ეს „სამხრეთ ოსეთის საქართველოში შეყვანის“ მცდელობაზე მიანიშნებდეს.

უფრო ადრე ცხინვალის მედია და ცალკეული მიმომხილველები იტყობინებოდნენ, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო დირექტივა, რომ არ ილაპარაკონ არჩევნების დროს გარკვეულ თემებზე.

ასევე ნახეთ მოსკოვისა და თბილისის გარიგების მოგონილი შიში და ცხინვალში გაჭედილი დეპუტატების ამბავი

2024 წლის ივნისში ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. სავარაუდო დირექტივის თანახმად, ოსმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ რუსეთთან მიერთებასა და ახალი ტერიტორიების შემოერთებაზე საუბრისგან.

„ამ საკითხებზე საუბრის გამო სამ დეპუტატს ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა, აუკრძალეს რუსეთში შესვლა. რუსეთის ხელისუფლების ბევრ ქცევაში ჩანს, რომ რუსეთი უკარნახებს სოხუმს და ცხინვალს, რომ არ ილაპარაკონ საქართველოზე უარყოფით კონტექსტში. თუ ასეთი ტენდენციაა, მაშინ ჩემთვის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ბჟანიას და გაგლოევის ყოფნა პუტინის გვერდით გამოიწვევდა მძაფრ ნეგატიურ რეაქციას ქართულ ოპოზიციაში, ექსპერტულ წრეებში და ეს არ იქნებოდა მომგებიანი „ქართული ოცნებისათვის“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ასევე ნახეთ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს“ - არასამთავრობოები

7 მაისს ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, რომელიც უშუალოდ კრემლის მიერ იყო დანიშნული სოხუმის მთავრობაში და გამორჩეულად ანტიქართულ პოლიტიკას ატარებდა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ინალ არძინბას წასვლა გადაწყვეტილი იყო, ის ყველა ვარიანტში დატოვებდა თანამდებობას, თუმცა აფხაზები ამ საკადრო ცვლილებაშიც თბილისის კვალს ხედავენ.

პაატა ზაქარეიშვილი

„არჩევნების წინ თბილისი აგროვებს ქულებს, რათა შექმნას ქართულ საზოგადოებაში, ამომრჩეველში განცდა, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ცვლის პოლიტიკას, ხდება უფრო კორექტული და „ღმერთმა ქნას, არჩევნები რომ დასრულდება, შემდეგ შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პროცესი“, - აი, ასე იკითხება ეს ამბავი, თუმცა ვიმეორებ, ინალ არძინბა წამსვლელი იყო ნებისმიერ შემთხვევაში... ახლა კი ბარემ გააფორმეს, როგორც ქართველებისთვის გაკეთებული საჩუქარი“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.