
პლატფორმის ქვეშ მოქცეული მდინარე, 24 თებერვალი, 2025 წელი
თბილისის მერმა ლეღვთახევზე მას შემდეგ ილაპარაკა, რაც 23 თებერვალს, სოციალურ ქსელში რკინა-ბეტონსა და ფიცრებში მოქცეული მდინარე წავკისისწყლის ფოტო გავრცელდა:
„ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, დაფიქსირდა ქვათაცვენის შემთხვევები. ეს ტურისტულად დატვირთული ტერიტორიაა. გარდა ამისა, ზემოთ არსებულ სახლებსაც პრობლემა ჰქონდა, რადგან ფერდზე, რომელზეც დაშენებულია სახლები, არის კონკრეტული ადგილები, რომლებიც გამოფიტულია. შესაბამისად, ვაკეთებთ გამაგრების სამუშაოებს. გაკეთდება დამცავი ბადეებიც იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს“, - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
უკვე თვეებია, ლეღვთახევში, ჩანჩქერისკენ მიმავალი საფეხმავლო გზა ჩაკეტილია. რადიო თავისუფლებას დედაქალაქის მერიაში უთხრეს, რომ სამუშაოები გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს და ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
ლეღვთახევის ჩანჩქერისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია
სამუშაოები „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ დაკვეთით ტარდება, რადგან ეს უბანი მის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ხეობის შესასვლელი, 2025 წლის 24 თებერვალი
ტერიტორიის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ფერდობიდან ლოდებისა და დიდი მოცულობის კლდოვანი მასივის უეცარი ჩამოშლის რისკი გაიზარდა:
„საშიში იყო ტერიტორიაზე მყოფთათვის, მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურისათვის. [საშიშროება] დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითაც“, - გვეუბნებიან „ბოტანიკური ბაღის“ ადმინისტრაციაში და კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ გამაგრება აუცილებლად დასაწყები იყო.
სამუშაოები ლეღვთახევში
მათივე თქმით, რთული რელიეფის გამო მოწყობილი დროებითი პლატფორმა მუშებს აძლევს საშუალებას ისე გამოიყენონ ტექნიკა, რომ ლანდშაფტი არ დააზიანონ. კვლევისა და პროექტირების ეტაპზე კი პროცესში ჩართულები იყვნენ გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც ახლაც აკვირდებიან პროცესს.
საფრთხეების მოხსნა და გამაგრების დასრულება ჯამში 6 184 372 ლარი ჯდება. რეაბილიტაციის დასრულების სავარაუდო თარიღია 2025 წლის მაისი. როგორც „ბოტანიკური ბაღის“ ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, ტურისტულად აქტიური უბანი სექტემბერში უნდა გაიხსნას.
ლეღვთახევის რეაბილიტაცია 2011-2012 წლებშიც ჩატარდა. მაშინ გაწმინდეს ხეობა და დაშალეს ჯერ კიდევ 1950-იან წლებში აშენებული კოლექტორი, შეკეთდა იმ სახლების ფასადებიც, რომლებიც ხევს გადაჰყურებს.