თელავი დიდებული ადგილია - გეოგრაფიულადაც, ისტორიულადაც და კულტურულადაც. არაფერი სჯობია გომბორის უღელტეხილით თბილისიდან თელავში გადასვლას. გულგრილს ვერავის დატოვებს უღელტეხილის თხემიდან გაშლილი ულამაზესი პანორამა, ალპური ზონის მდელოებს შესეული ფუტკრები და თეთრი წყლებიდან ლამის თელავამდე რცხილნარ-წიფლნარის დაბურულ გვირაბში ქროლვა. აკი „ცისკრის“ ცნობილი რედაქტორი ივანე კერესელიძეც ისე აამჩატა თელავის გზამ, რომ აკაკი წერეთლის დასაცინი გახდა, როცა გომბორის გზაზე შემდგარმა ასეთი მიამიტური ლექსი გამოთქვა:

"მივალ, მივალ მივდივარ, მივალ მიმიხარია,
ავალ, ავალ ავდივარ, ავალ ამიხარია,
ჩავალ ჩავალ, ჩავდივარ, ჩავალ ჩამიხარია...“

16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიპატიჟებული სტუმრებიც ივანე კერესელიძესავით გულით გაიხარებენ თელავის ხილვით, მისი ქუჩებითა და აივნიანი სახლებით, დათოვლილი კავკასიონითა და ყვარლის მთებთან სიმაღლეში გაჯიბრებული ეკლესიებით... კი, გულით გაიხარებენ, მაგრამ სად თელავი და სად პრეზიდენტის ინაუგურაცია?

საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებით, რომლის 23-ე მუხლის („საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია“) მე-2 პუნქტის (საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია) მიხედვით, ფიცის დადების ადგილად განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტი:

...საქართველოს პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე...

...პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები...

…საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დასაწყისში ცხადდება: „საქართველოს პრეზიდენტი“. საპატიო ყარაულის ჯარისკაცები აღებენ პარლამენტის ჭიშკარს...

თუმცა, ამგვარი მკაფიო მითითებების მიუხედავად, არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დასახელებული ლაშა ჟვანია ამბობს, პრეზიდენტის N386 ბრძანებით განისაზღვრება ინაუგურაციის წესი და არა ადგილიო.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა კი განმარტა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ 2001 წლის ბრძანება შეუსაბამოა დღევანდელობასთან, და ახლა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალი წესი მუშავდება.

კახეთის გუბერნატორმა ინაუგურაციის ადგილის შერჩევის მიზეზად დეცენტრალიზაცია და რეგიონების ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის სურვილი დაასახელა. და ეს მაშინ, როცა სწორედაც რომ ინაუგურაციის შემდეგ დასრულდება საქართველოს ისტორიაში ძალაუფლების ცენტრის დედაქალაქიდან გადატანის ყველაზე მასშტაბური რეფორმა ქუთაისში პარლამენტის განთავსების სახით და სწორედ ახლა, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ალაპარაკდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმიდან თბილისში გადატანის შესაძლებლობაზე.

თელავის შერჩევის გაუცხადებელი მიზეზები შესაძლოა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდეს:

1) 16 დეკემბერს ოპოზიციას დედაქალაქში წინასწარ აქვს დათქმული საპროტესტო აქცია; ამავე დროს პარლამენტის წინ გაშლილია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის კარვები, რომლებიც 4 დეკემბრიდან მერიის დახმარებით კეთილმოეწყო კიდეც;

2) ასევე, შესაძლოა, მავანის აზრით, უფლებამოსილების მიხედვით დაკნინებული ინსტიტუტი აღარ იმსახურებდეს მასშტაბურ ცერემონიას და პომპეზურობას დედაქალაქსა და საკანონმდებლო ორგანოში.

რაც შეეხება ინაუგურაციის ადგილის სიმბოლურ მნიშვნელობას, ძალაუფლების თვალსაზრისით, რისი სიმბოლოა ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორია?

ცნობილია, რომ 300 წლის წინ,1720 წლის 7 ნოემბერს, თელავის მოკრძალებულ სასახლეში დაიბადა ერეკლე II, ქართლ-კახეთის სამეფოების უკანასკნელად გაერთიანებისა და გაძლიერების მოწმე და აქტიური მოღვაწე, რომელიც ყველანაირად ცდილობდა თავისი ქვეყნის მატერიალური პროგრესისა და გონებრივი განახლების გზაზე დაყენებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გამოუვიდა.

ერეკლე II ასევე არის სიმბოლო მოტყუებული, იმედგაცრუებული მმართველისა. სწორედ მისი გადაწყვეტილებით და 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში გაფორმებული ტრაქტატით, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობის, პროტექტორატის ქვეშ, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის იმპერატორი პასუხისმგებლობას იღებდა საქართველოს დაცვაზე გარე მტრების თავდასხმისაგან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ერეკლე II მარტო აღმოჩნდა მტრის წინაშე. არადა, აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმამდე ორი თვით ადრე რამდენჯერმე სთხოვა დახმარება ჯერ ეკატერინე II-ს, შემდეგ კი გენერალ ივან გუდოვიჩს. ლაპარაკი იყო სულ 3 ათასამდე ჯარისკაცის მიშველებაზე, რაც, რატომღაც, შეუძლებელი აღმოჩნდა. შედეგად, რუსი ისტორიკოსის, პიოტრ ბუტკოვის, გადმოცემით, ქართლ-კახეთის მოსახლეობა 61 ათასი კომლიდან 35 ათას კომლამდე შემცირდა. ასეთი იყო რუსეთის მხრიდან „მეგობრობითი პირობის“ გატეხის პირველი შედეგი, რომელსაც სულ მალე, რუსეთის იმპერატორის 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით, მოჰყვა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წყვეტა ლამის ორი საუკუნით...

სხვა რა სიმბოლურ მნიშვნელობაზე შეიძლება საუბარი?

იქნებ მცდელობაა რამენაირად გაცოცხლდეს მონარქისტული მუხტი, რომელიც წლების წინ გაღვივდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით და ბოლო დროს მინავლდა? ლაშა ჟვანია ხომ ბოლო დრომდე პატრიარქის ფონდს ხელმძღვანელობდა! მაგრამ საქმე ისაა, რომ ერეკლე მეფე არ ყოფილა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. უკანასკნელი მონარქი ერეკლეს უფროსი ვაჟი, გიორგი XII იყო... თუმცა, როგორც უნდა იყოს, გაცილებით მეტი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ სად დაიბადა, არამედ სად დაიკრძალა. დაბადების ადგილი ბევრად უფრო შემთხვევითია, ვიდრე დაკრძალვის ადგილი, რომელიც სიმბოლურად აჯამებს პოლიტიკური მოღვაწის ცხოვრებას. ერეკლე II თელავში გარდაიცვალა, მაგრამ დაკრძალვით სვეტიცხოველში დაკრძალეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შავი ჭირი მძვინვარებდა და ცხედრის მცხეთაში ჩატანა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში ასევე ჩართულია მომავალი პრეზიდენტის მისვლა ილია ჭავჭავაძის საფლავთან, თბილისში, მთაწმინდის პანთეონში და არა ყვარელში, სადაც ილია დაიბადა და სიყმაწვილის წლები გაატარა.

თავად არჩეულმა პრეზიდენტმა თელავზე არჩევანის შეჩერება იმითაც ახსნა, რომ თელავი წააგო, და ახლა სურს იმის ჩვენება, რომ ყველას პრეზიდენტია. თუ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა რუსთავშიც, სადაც გრიგოლ ვაშაძემ თელავზე ლამის ორჯერ მეტი, 28 ათასზე მეტი ხმა მიიღო...

ერთი სიტყვით, რატომ თელავი, მეტ არგუმენტებს ითხოვს, ვიდრე:

"მივალ, მივალ მივდივარ, მივალ მიმიხარია,
ავალ, ავალ ავდივარ, ავალ ამიხარია,
ჩავალ ჩავალ, ჩავდივარ, ჩავალ ჩამიხარია...“