რატომ ვკვდებით კოვიდით - რა ვიცით, რას არ გვეუბნებიან

მას მერე, რაც საქართველოში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარადაცვალა, 16 თვე გავიდა. დღევანდელი, 5 აგვისტოს მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 6000-ს აღწევს (5986).

გარდაცვლილთა დემოგრაფიას, მკურნალობის მეთოდებს, თანმხლებ დაავადებებსა და სხვა დეტალებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უნდა აჯამებდეს. რადიო თავისუფლებამ 2020 წლიდან დღემდე უწყებას ორჯერ მიმართა ოფიციალურად იმ კითხვების ჩამონათვალით, რომელიც მეტ სიცხადეს შეიტანდა გარდაცვალების მიზეზებში.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა ნასტასია არაბულმა და ნინო თარხნიშვილმა 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის ივნისში მისწერეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელსაც ათი სამუშაო დღე ჰქონდა ინფორმაციის მოსაწოდებლად. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. უწყება კანონის დარღვევის მიუხედავად უპასუხოდ ტოვებს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესის საგანია.

რაზე არ პასუხობს NCDC რადიო თავისუფლებას:

  • როგორია გარდაცვალების სტატისტიკა კოვიდკლინიკებისა და რეგიონების მიხედვით?
  • როგორია „პრაქტიკულად ჯანმრთელი” ადამიანების გარდაცვალების სტატისტიკა?
  • როგორია გარდაცვლილი პაციენტების სტაციონარში მოთავსების სტატისტიკა და რამდენ მათგანს დასჭირდა ხელოვნური ვენტილაციის აპარატი?
  • რამდენი გარდაცვლილი პაციენტის მკურნალობის პროცესში გამოიყენეს პრეპარატი „რემდესივირი”?
  • რამდენ ხანს ყოვნდებიან საშუალოდ მძიმე პაციენტები რეანიმაციაში?
  • ჟანგბადდამოკიდებული რამდენი პაციენტი გარდაიცვალა?
  • არაინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანილი რამდენი პაციენტი გარდაიცვალა?

ამ დროისთვის ხელთ გვაქვს მხოლოდ ის მონაცემები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პერიოდულ ანგარიშებსა და ყოველდღიურ მონაცემებში აქვეყნებს.

საერთო სტატისტიკა ექვსჯერ გამოქვეყნდა: 2020 წელს ოთხჯერ, ხოლო 2021 წელს - ორჯერ.

ბოლო მონაცემები 1 ივლისის მდგომარეობას ასახავს. მასში არასრულადაა მოცემული ის სურათი, რაც ქვეყანაში ვირუსის ე.წ. დელტა ანუ ინდური შტამის გავრცელებას მოჰყვა. კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი პირველად მაისში დაფიქსირდა საქართველოში და ახლა ის დომინირებს.

სწორედ დელტა შტამით იყო ინფიცირებული ორი ჩვილი, რომელიც ციციშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ეს ვარიანტი სწრაფად ვრცელდება ბავშვებში. დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვთა კლინიკები და კოვიდგანყოფილებები სრული დატვირთვით მუშაობენ.

ამ სტატიაში გაიგებთ:

  • რამდენი ადამიანი იღუპება ვირუსისგან (1 მილიონ მოსახლეზე);
  • როგორია გარდაცვალების პროცენტული წილი დადასტურებულ შემთხვევებში;
  • რა თანმხლები დაავადებებითა და გართულებებით იღუპებიან პაციენტები ყველაზე ხშირად;
  • როგორ შეცვალა პანდემიამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგადად საქართველოში;
  • რას უნდა ველოდეთ საუკეთესო და უარეს შემთხვევებში.

გარდაცვლილი პაციენტების დემოგრაფია

5 აგვისტოსთვის 2020 წლის თებერვლიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების 1,3% პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა. დღიურად ყველაზე მეტი ადამიანი 2020 წლის 12 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში გარდაიცვალა.

თითქმის თანაბარია გარდაცვალების მაჩვენებელი სქესის მიხედვით, თუმცა მცირედი პროცენტული სხვაობით კაცები ჭარბობენ.

1 ივლისის მდგომარეობით COVID-19–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები პაციენტები 40%-ს შეადგენდნენ, 30% - 70-79 წლის, ხოლო 31% - 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა.

პროცენტულად, ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა თბილისში, შემდეგ მოდის იმერეთი, აჭარა, ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

თანმხლები დაავადებები და გართულებები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკვლევს გარდაცვლილი პაციენტების როგორც თანმხლებ დაავადებებს, ასევე უშუალოდ კორონავირუსით დაავადების შემდეგ დაფიქსირებულ გართულებებს. აი, რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

  • გარდაცვალების ყველაზე დიდ პროცენტში პაციენტს თანხმლებ დაავადებად უფიქსირდებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები ყველაზე იშვიათი თანმხლები დაავადება იყო.
  • თუმცა გარდაცვალების შემთხვევათა 72.9%-ში დაავადება გართულებული იყო სუნთქვის უკმარისობით.
  • საქართველოში არ გარდაცვლილა პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით ან საერთოდ უსიმპტომო. ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე შეფასებული იყო მძიმედ ან კრიტიკულად.
  • გარდაცვლილთა 71.7%-ს ვირუსით ინფიცირების შემდეგ დაემართა პნევმონია. 24%-ს - რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ფილტვების შეშუპება), ხოლო 19,1%-ს - გულის უკმარისობა.

COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ტვირთი ქვეყნის მოსახლეობაზე

NCDC განმარტავს: „COVID-19-ით ავადობის ტვირთის შეფასების ერთ-ერთი საგულისხმო ინდიკატორია ყველა მიზეზით განპირობებული ნამატი სიკვდილიანობა, რომლითაც ფასდება, მოახდინა თუ არა გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა სიკვდილიანობის ზოგად მაჩვენებელზე. ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკვლევ პოპულაციაში განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობა, რომელიც აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებელს”.

თუ შევხედავთ ყველა მიზეზით ყოველკვირეულად გარდაცვალების რაოდენობას 2020-2021 წლებში, კორონავირუსის გარდაცვალების მაჩვენებლის ხარჯზე სიკვდილიანობამ განსაკუთრებით მოიმატა 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გარდაცვალების თვიური რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო 17 წლის მანძილზე. სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის კორონავირუსით, ნოემბერში 5929, ხოლო დეკემბერში 6363 ადამიანი გარდაიცვალა.

თუმცა კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზებს შორის საგრძნობლად ჩამორჩება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს.

პროგნოზები

დღეს საქართველოში სულ გაკეთებულია 564691 აცრა (მოსახლეობის ნაწილი ერთჯერადადაა აცრილი, ნაწილი - ორი დოზით). დღეს, 5 აგვისტოს, აცრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - დაახლოებით 20 ათასი ადამიანი აიცრა, რაც მასობრივი ვაქცინაციის სასურველ ნიშნულს ოდნავ მიუახლოვდა, თუმცა მაინც არ არის საკმარისი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების შემთხვევაში ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია. კერძოდ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მიმდინარე სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 25 000-დან 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას.

„საუკეთესო იქნება, თუ ავედით 31 000-33 000 ათას აცრამდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ საშუალოდ ავედით 25-26 000 აცრამდე დღის განმავლობაში. ეს მიღწევადია და ამიტომ ხშირად ვამბობთ, რომ აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ამ თვალსაზრისით არის კრიტიკული და თუ ჩვენ გავაკეთებთ და მივაღწევთ ამას, რომ დღეში გვექნება 25-30-მდე აცრა სამი თვის განმავლობაში, ეპიდემიას ნამდვილად შევაჩერებთ სერიოზულად და დავაგდებთ სერიოზულად ეპიდემიის განვითარების ტემპს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 5 აგვისტოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დამოუკიდებელი ამერიკული კვლევითი ცენტრის Institute for Health Metrics and Evaluation (IHME) მიერ შექმნილი პროექტის მიხედვით, რომელიც ქვეყნების კოვიდმონაცემებზე დაყრდნობით კარგ და ცუდ სცენარებს ითვლის, საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გარდაცვალების მაჩვენებელი 7200-ს გადააჭარბებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი 7800-ზე მეტი იქნება. ამავე საზომებით აგვისტოს ბოლოსკენ გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 43-45 ადამიანს მიაღწევს.

რადიო თავისუფლებამ 5 აგვისტოს მესამედ მიმართა კითხვებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. უწყებისგან ისევ პასუხს ველით.