საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევის დაფიქსირების ფონზე, ყურადღების ცენტრში ექცევა ინფექციური საავადმყოფო. კარანტინში მოხვედრილმა ათობით ადამიანმა შენობის მძიმე სანიტარული მდგომარეობის შესახებ მედიას ღიად უამბო. „ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა“, - უთხრა 2 მარტს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.
შენობა, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრია განთავსებული, თავად ცენტრს არ ეკუთვნის, შენობის მეპატრონე ამბობს, რომ წელიწადზე მეტია ორგანიზაცია ფაქტობრივად უკანონოდ იყენებს მის ქონებას.
სახელმწიფომ 11 წლის წინ განაცხადა, რომ ცენტრს ახალი შენობა ექნება, თუმცა ამ დრომდე პროექტიც კი არ არის შექმნილი.
- დროებითი შეთანხმება, რომელიც 8 წლის მერეც ვერ დასრულდა
- იჯარაში გადახდილი 3 მილიონი ლარი და წელიწადზე მეტი უკანონოდ სხვის შენობაში
- ჩაშლილი ტენდერების ქრონიკა
ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა აუქციონზე და ის „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. კომპანიამ სახელმწიფოს 12 მილიონ 250 ათას დოლარი გადაუხადა და დადო პირობა, რომ კიდევ 2 წლის განმავლობაში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ძველ შენობაში დატოვებდა.
ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფექციური ცენტრის აშენებაზე, თუმცა ეს ვალდებულება სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეასრულა.
„2012 წლის 8 თებერვლის შემდეგ „ავერსს“ არანაირი ვალდებულება არ ჰქონია. ამ დროიდან მოყოლებული „ავერსი“ ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. არაერთხელ მოვთხოვეთ ინფექციურს, დაეცალა ფართი... არაერთხელ მოვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს, უზრუნველეყო ეს სამედიცინო დაწესებულება ახალი შენობით. 8 წელი გავიდა და ეს სავსებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ ერთი სამედიცინო დაწესებულება აშენდეს. 2020 წლის 2 მარტია და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობით ჩვენს კუთვნილ შენობებს კვლავ ინფექციური იკავებს“, - ამბობს „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე. მისი თქმით, ზარალი, რომელიც კომპანიას თავისი კუთვნილი ტერიტორიის გამოუყენებლობით მიადგა, უხეში გათვლებით, რამდენიმე ათეული მილიონია.
3 მილიონი ლარი იჯარაში
2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფომ „ავერსი ფარმასთან“ ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა და მომდევნო წლების განმავლობაში 1 კვადრატულ მეტრს 5 ლარად ქირაობდა. ჯამში ცენტრს 7000 კვ.მ-ის ტერიტორია აქვს დაკავებული, რომელიც 8 შენობაზეა გადანაწილებული.
ყოველთვიურად სახელმწიფოს იჯარაში 35 000 ლარის გადახდა უწევდა. ქირაში გადახდილი თანხა 3 მილიონ ლარს აღწევს. „ავერსი ფარმაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფომ იჯარის გადახდა 2019 წლის 1 იანვარს შეწყვიტა. ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იჯარის ხელშეკრულების დადების წინააღმდეგი თავად „ავერსი ფარმაა“.
„მათ სურთ, რომ ჩვენ დავტოვოთ ტერიტორია და ამიტომ ამბობენ უარს ფართის გაქირავებაზე“, - გვითხრა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ. ამას „ავერსი ფარმა“ არც უარყოფს. მისი წარმომადგენელი საჯაროდ აცხადებს, რომ დარღვეული პირობის გამო, ამ ვითარებაში ყველა მხარე წაგებულია, მათი ზარალი კი ათეულობით მილიონია.
„ავერსი ფარმაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო იმ ტემპებით, როგორც აქამდე მუშაობდა ახალი საავადმყოფოს აშენებაზე და იმ მონდომებით, არაერთხელ ჩაშლილი ტენდერისა და არასწორ ადგილებში გამოყოფილი ფართების ფონზე, ახალი შენობით ცენტრის უზრუნველყოფას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც ვერ შეძლებს.
„ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე“
„ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა“, - უთხრა 2 მარტს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს. იმ დროის განმავლობაში, რაც ის ჯანმრთელობის მინისტრი იყო, ორჯერ გამოიყო სხვადასხვა ადგილი ახალი ცენტრის ასაშენებლად, რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი პროექტირებისთვის, თუმცა პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ ახალი ცენტრის აშენება, ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო. გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით „მიმდინარეობს მუშაობა“ და როცა ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება, გაგვაგებინებენ.
დავით სერგეენკო ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა, რომ ინფექციური დაავადების მართვა ქვეყნის პრიორიტეტი იყო და ქვეყანას ჰქონდა როგორც ახალი ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებელი თანხები, ასე ორი წლის წინ მომზადებული პროექტი და მშენებელი კომპანია. ხელის შემშლელ ფაქტორად ამ დროს საავადმყოფოსთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილი სოციალურად დაუცველები სახელდებოდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის თებერვალში გაავრცელა ამბავი, რომლის თანახმადაც, არსებობს კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და რომელიც ინფექციურისთვის ახალი ცენტრის პროექტზე მუშაობს. ამავე უწყების 2019 წლის 3 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტზე მუშაობა 6 თვეში უნდა დასრულებულიყო.
„პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას. ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში. მისი სამუშაო ფართი დაახლოებით 10 000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრზე მეტი“, - ესაა ამონარიდი ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.
ფონდის დირექტორის მოადგილე, ჯაბა სირბილაძე, 2019 წლის მიწურულს საუბრობდა იმაზე, რომ პროექტირებაზე უკვე დახარჯულია 900 000 ლარი, მშენებლობისთვის კი 25 მილიონამდე თანხაა გამოყოფილი.
ჯაბა სირბილაძემ რადიო თავისუფლებას 2020 წლის 2 მარტს უთხრა, რომ პროექტი კვლავ მუშავდება და ვინაიდან ის სპეციფიკური და სენსიტიურია, იმაზე მეტი დრო დასჭირდა კონტრაქტორ კომპანიას, ვიდრე ტენდერის პირობებით იყო გათვალისწინებული. ამ დროის მონაცემებით, პროექტირება 2020 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებლობისთვის.
ეს გზა, პროექტირებისა და აშენების დაპირებების გაცემის, სახელმწიფომ უკვე რამდენჯერმე გაიარა. პროექტირებისა და ცენტრის ასაშენებლად განსაზღვრული თანხების ოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა.
ჩაშლილი ტენდერების ქრონიკა
2016 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ისევ საუბრობდა იმაზე, რომ ინფექციური საავადმყოფო, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, მძიმე მდგომარეობაში იყო და მისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა.
პირველი ტენდერი ცენტრის პროექტირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გამოაცხადა. 266 949 ლარის ღირებულების ტენდერი ჩაიშალა. სახელმწიფო მაშინ ყიდულობდა არქიტექტურულ კონცეფციას და ესკიზს იმ ტერიტორიისთვის, რომელიც 2016 წლის აგვისტოში 25-წლიანი უფასო სარგებლობის უფლებით გადაეცა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს. საუბარია უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. 2019 წლის მონაცემებით, ეს მიწის ნაკვეთი ისევ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს კუთვნილებაშია, როგორც ეს 2016 წლამდე იყო. „ავერსი ფარმაში“ ამბობენ, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ ზონას ეკუთვნოდა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ იქ კლინიკა ვერ აშენდებოდა.
2017 წელს კიდევ ერთი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამჯერად პროცესს სამინისტროს ნაცვლად მუნიციპალური განვითარების ფონდი მართავდა. გამარჯვებულ კომპანიას ახალი შენობა 18 თვის განმავლობაში უნდა აეშენებინა. პროექტის დიზაინისთვის გამოყოფილი იყო 300 ათასი ევრო, მშენებლობისთვის კი - 6 მილიონი ევრო. ტენდერი 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდმა შეწყვიტა.
ტენდერებს და მშენებლობების დაპირებებს ფონად სდევდა ინფექციური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი. 2017 წლის ივნისში, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირობა დადეს, რომ ახალი შენობის მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდებოდა.
ასეთი პირობა 2019 წლის მიწურულს დადო მოქმედმა პრემიერმა, გიორგი გახარიამაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე გვეუბნება, რომ მდგომარეობა კრიტიკულია. ქირის ხელშეკრულების არქონის პირობებში მათ „ავერსი ფარმას“ კუთვნილ შენობაში რემონტის გაკეთების საშუალებაც კი არ აქვთ.
„ჩვენს გენერალურ დირექტორს 30 დეკემბერს შეხვდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და აღუთქვა, რომ გამოგვიყოფდა შენობას. ძალიან ბევრჯერ გვქონდა ასეთი დაპირებები, დარწმუნებულები ვიყავით. რომ ამ დრომდეც მოგვარებული გვექნებოდა ეს პრობლემა, მაგრამ პრემიერის სიტყვის გვჯერა. მაინც იმედი გვაქვს ჩვენი ბატონი გახარიას სიტყვის და ველოდებით, რომ სამედიცინო ინოვაციების ცენტრში გამოგვიყოფენ ფართს“, - ამბობს მარინა ენდელაძე.
ის, რასაც პრემიერი ექიმებს შეჰპირდა და ის, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს, ორი სხვადასხვა რამაა. სამედიცინო ინოვაციების ცენტრი საპარტნიორო ფონდის დირექტორის, დავით საგანელიძის ძმის კომპანიაა და იქ ფართის გამოყოფაზე ინფორმაცია საჯაროდ გაჟღერებული არ ყოფილა.
საჯაროდ გაცემული დაპირება, მშენებლობის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში დასრულებაა, რაც მუნიციპალური ფონდის დირექტორის მოადგილემ, ჯაბა სირბილაძემ 2019 წლის დეკემბერში დადო.
ტერიტორია, სადაც ფონდი ცენტრის აშენებას აპირებს, ლუბლიანას ქუჩა 21-ში მდებარეობს. ამ დროის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის. განაცხადი, რომელიც თბილისის მერიაში შევიდა, ხარვეზებს შეიცავდა.