როგორც პოლიტიკის ბულგარელი ექსპერტები შენიშნავენ, არჩევნების გაუთავებელი სერია აიხსნება პოლიტიკური პარტიების პერმანენტული უუნარობით, შექმნან კოალიციური მთავრობა. ამავე დროს, ყოველი ახალი არჩევნებით 240 დეპუტატისაგან შემდგარ სახალხო კრებაში პრორუსი დეპუტატების რაოდენობა იზრდება.
2022 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პროკრემლისტური პოზიციით ცნობილი პარტიების წარმომადგენელთა რაოდენობა 64 დეპუტატს აღწევდა:
„აღორძინება“ - 27
ბულგარეთის სოციალისტური პარტია - 25
„ბულგარული აღმავლობა“ - 12
2023 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი პრორუსი დეპუტატების რაოდენობა 71-მდე გაიზარდა:
„აღორძინება“ - 36
ბულგარეთის სოციალისტური პარტია - 24
„არის ასეთი ხალხი“ - 11
2024 წლის ივნისის არჩევნების შედეგად ბულგარეთის პარლამენტში პრორუს დეპუტატთა რაოდენობამ შეადგინა 86:
„აღორძინება“ - 38
ბულგარეთის სოციალისტური პარტია - 19
„არის ასეთი ხალხი“ - 16
„დიდებულება“ - 13
2024 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მათი რაოდენობა 85 (ანუ მთლიანი შემადგენლობის 35%) იქნება:
„აღორძინება“ - 35
ბულგარეთის სოციალისტური პარტია - 20
„არის ასეთი ხალხი“ - 18
„მახვილი“ („მორალი, ერთობა, ზნეობა“) - 12
ყველა ელოდა ნაციონალისტური, პროკრემლისტური პარტიის, „აღორძინების“ დაწინაურებას (ამ პარტიას თანამშრომლობის შეთანხმება აქვს გაფორმებული პუტინის „ერთიან რუსეთთან“), თუმცა სენსაცია არ მოხდა და „აღორძინება“ მთლიანობაში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.
ასევე ნახეთ ბოლო არჩევნები - გამოვა ბულგარეთი პოლიტიკური ჩიხიდან?პრორუსული ლობის ზრდა გამოიწვია ახალი მოთამაშის გამოჩენამ: 4%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემდეგ ბულგარეთის სახალხო კრებაში შევიდა ძალიან ახალგაზრდა პარტია „მახვილი“ („მორალი, ერთობა, ზნეობა“), რომელსაც საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი, სპორტის ყოფილი მინისტრი, 39 წლის რადოსტინ ვასილევი ხელმძღვანელობს. „მახვილი“ თავს „ცენტრისტულ“, მაგრამ, ამავდროულად, „პრობულგარულ, პატრიოტულ და ეროვნულ“ პარტიას უწოდებს. როგორც თავად ვასილევმა თქვა პარტიის დაარსების ცერემონიაზე 2023 წლის ოქტომბერში, „მახვილი“ არის მოდერნიზებული პროორბანული პროექტი“; ამ განცხადების შემდეგ პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ძნელი გამოსაცნობი არ არის, კონკრეტულად რის სესხებას აპირებს პარტია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისგან, რომელიც მრავალი წელია კონფლიქტში იმყოფება ევროკავშირთან, რუსეთთან კი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს. „მე შევხვდებოდი პუტინს ვაჭრობის, გაზისა და ნავთობის მიწოდების შესახებ სასაუბროდ“, - თქვა რადოსტინ ვასილევმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
„მახვილს“ ასევე პრორუსული პოზიცია უკავია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებითაც. პარტია გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, ხოლო ბულგარეთმა მისდიოს სრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკას. პარტია ასევე მხარს უჭერს „ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს“, გამოდის ლგბტ თემის წინააღმდეგ და სკეპტიკურად უყურებს ბულგარეთის ევროკავშირში წევრობას.
„კრემლის მომხრე პოლიტიკური სუბიექტების მდგრადი მხარდაჭერა ბულგარელ ამომრჩევლებში დიდწილად კავშირშია სოციალურ ქსლებში მათ მასშტაბურ ყოფნასთან“, - განაცხადა გორან გეორგიევმა, სოფიაში მდებარე დემოკრატიის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსმა. მისი თქმით, რადიკალური პოპულისტური და პრორუსული პარტიების წარმატება განპირობებულია ადვილად ასათვისებელი და ემოციურად დამუხტული კონტენტით, რომელსაც ისინი აქვეყნებენ ინტერნეტში. ამ დროს, ე.წ. ევროატლანტიკური, პროევროპული პარტიები - ГЕРБ („მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“) და ПП-ДБ („ცვლილების გაგრძელება - დემოკრატიული ბულგარეთი“), რომლებიც 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველ-მეორე ადგილზე გავიდნენ (შესაბამისად, 69 და 37 მანდატით), ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დუმილს ამჯობინებენ და პასიურები არიან.
ამასთან, სოციოლოგი ბორიანა დიმიტროვა Alpha Research-იდან და დობრომირ ჟივკოვი Market Links-იდან, არ ფიქრობენ, რომ ამ მოძრაობების წარმატება მალე გამოიწვევს პარლამენტში რადიკალური პოპულისტური პრორუსული უმრავლესობის ჩამოყალიბებას.
„ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ სამომავლოდ შეიქმნება სრულიად ახალი გაერთიანება ისეთი ძლიერი და ცნობადი ლიდერით, როგორიც, მაგალითად, არის პრეზიდენტი რუმენ რადევის პარტია, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციებით“, - ამბობს დიმიტროვა.
პრეზიდენტი რუმენ რადევი, როგორც პორტალი blitz.bg წერს, ცდილობს შექმნას საკუთარი პროკრემლისტური პოლიტიკური პროექტი - პარტია „სამი მარტი“, რომელიც საშუალებას მისცემს მას დარჩეს პოლიტიკაში მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, „ზედმიწევნით ჰბაძავს კრემლში მყოფ კოლეგას ერთ ძალიან საინტერესო საქმეში - იმეგობრებს ცნობილ ბიზნესმენებს, რომლებიც იძენენ ენით აღუწერელ სიმდიდრეს და სანაცვლოდ ეხმარებიან პრეზიდენტს თავიანთი კავშირებითა და კონტაქტებით. blitz.bg პორტალზე მოცემულია იმ ბულგარელი ოლიგარქების სია, რომლებიც ახლახან დაჯილდოვდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, Stara Planina-ს ორდენით. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა გონივრული ვარაუდები, რომ რადევს სურს ძლიერი ფინანსური ნაკადით უზრუნველყოს და გააძლიეროს თავისი ახალი პარტია, რომელიც თავის მხრივ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.
თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბულგარეთში პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის ალბათობა საგრძნობლად გაიზარდა. ავსტრიული Der Standard-ი ციტირებს ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების ანალიტიკოსს, ვესელა ცერნევას: „არ არის გამორიცხული, რომ ГЕРБ-მა შექმნას კოალიცია „აღორძინებასთან“, თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს შეერთებულ შტატებში. ამასთან, აღმოსავლეთევროპელებსა და ტრამპს შორის შუამავლად შეიძლება მოგვევლინოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. და თუ ГЕРБ-ის ლიდერი ბოიკო ბორისოვი იმუშავებს მემარჯვენე რადიკალებთან, იმის მსგავსად, როგორც ორბანი გარკვეული დროს განმავლობაში კოალიციაში იყო ულტრამემარჯვენე უნგრულ პარტია Jobbik-თან, მაშინ ის მოიგებს, რადგან საზოგადოების თვალში წარმოჩინდება ზომიერ პარტიად“. თუმცა, თვითონ ბორისოვმა ერთ-ერთ საუბარში განაცხადა, რომ მისი პარტნიორები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ სცენარს დაუშვებენ.
„ბულგარეთი უმართავია, - წერს კიდევ ერთი ავსტრიული გაზეთი Die Presse, - პარტიული სისტემა დაქუცმაცებულია, ელიტები ერთმანეთს მტრობენ, ხოლო ინსტიტუტები პარალიზებულია. ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც ევროკავშირის ფინანსებთან დაკავშირებითაც, რაც ასე აუცილებელია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. 2025 წლისათვის დაგეგმილი ევროზონაში შესვლაც კი საფრთხეშია. ზარალდებიან მოქალაქეები, რომელთა დიდმა ნაწილმა ზურგი აქცია პოლიტიკას“.
ბალკანეთის კარი
რუსლან სტეფანოვი დემოკრატიის კვლევის ცენტრიდან მიიჩნევს, რომ ბევრი ბულგარელის აზროვნება თითქმის იდენტურია კრემლის მხარდამჭერი რუსებისა.
27 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პორტალმა faktor.bg გამოაქვეყნა ნაწყვეტები რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორის, გენერალ-ლეიტენანტ ლეონიდ რეშეტნიკოვის მიერ 2016 წელს მიცემული ინტერვიუდან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ინტერვიუს ტექსტი გაქრა ინსტიტუტის ვებსაიტიდან.
„ბულგარეთი ჩვენთვის ბალკანეთის კარია, - თქვა მაშინ რუსმა მზვერავმა, - ჩვენი ეკონომიკური, კულტურული და სულიერი გავლენის ტრადიციული ზონაა. ბულგარეთის, ასეთი კარის გარეშე, ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა სერბეთში, მონტენეგროსა და საბერძნეთში მოხვედრა, ამიტომ ამ გაგებით ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. სამი წლის შემდეგ რეშეტნიკოვს ათი წლით აეკრძალა ბულგარეთში შესვლა; ეს უკავშირდებოდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეს, რომელშიც გარეული იყო ნაციონალური მოძრაობა „რუსოფილების“ თავმჯდომარე ნიკოლაი მალინოვი. სწორედ მისი მეშვეობით, ბულგარეთის პროკურატურის ცნობით, ფინანსდებოდა სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც წარმოადგენდა ბულგარეთის საგარეო პოლიტიკაზე განზრახ ზემოქმედების მცდელობებს, რითაც საფრთხე ექმნებოდა ბულგარეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამასთან, მალინოვი ფულს იღებდა ორი რუსული ორგანიზაციისგან - რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიდან და საზოგადოება „ორთავიანი არწივიდან“, რომელშიც რეშეტნიკოვი ირიცხებოდა აღმასრულებელ დირექტორად და ავრცელებდა „ისტორიულ ცოდნას რუსული პრინციპების სულისკვეთებით“.
სწორედ რეშეტნიკოვმა, ბულგარეთის გამოცდილმა სპეციალისტმა (XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში სწავლობდა სოფიის უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც დაიცვა დისერტაცია ძალიან ორიგინალურ თემაზე - „ბულგარელი პოლიტიკური ემიგრანტების მონაწილეობა საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მშენებლობაში (1921–1941)“), შეუწყო ხელი ბულგარეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რუმენ რადევის ხელისუფლებაში მოსვლას 2016 წლის არჩევნებში. მიიჩნევა, რომ სწორედ რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა, რადევის პროფილის შესწავლის შემდეგ, რეკომენდაცია გაუწიეს ბულგარეთის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს, კორნელია ნინოვას, დაესახელებინა რადევი პრეზიდენტობის კანდიდატად. დღეს რადევი - „რეშეტნიკოვის კაცი“, როგორც მას ღიად უწოდებენ ბულგარულ პრესაში, ცდილობს ღია იყოს რუსეთისთვის ბალკანეთის ბულგარული კარი. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ის თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ხოლო ბოლო დროს სისტემატურად ახსენებს ბირთვულ იარაღს - საფრთხეს, რომელსაც თავად პუტინი იყენებს ხშირად. 2024 წლის მარტში ანტალიაში (თურქეთი) დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას რადევმა თქვა: „ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ომის გაფართოებას გამოიწვევს. თუ საქმე მიდგება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ყველაფერი აზრს დაკარგავს“.
განვითარებას რა მიმართულებას შეიძლება ელოდოს ბულგარული საზოგადოება?
ცნობილი ბულგარელი ფსიქიატრი და ამავე დროს მწერალი, ლიუბომირ კანოვი მიიჩნევს, რომ რუსული ენის თუნდაც დაბალ დონეზე ცოდნამ, ათასობით არცთუ ისე განათლებული ბულგარელი პუტინის პროპაგანდის იოლ მსხვერპლად აქცია. „ბულგარეთში შეუძლებელია ნამდვილი დემოკრატიის აშენება მაშინ, როცა იქ რუსი აგენტები და პუტინის დამქაშები ბოგინობენ“, - მიიჩნევს ლიუბომირ კანოვი. თუმცა ცნობილი ბულგარელი პუბლიცისტი დიმიტარ პოპოვი სვამს კითხვას, მართლა უხდის თუ არა მოსკოვი ფულს თავის ხალხს ბულგარეთში ქაოსის შესაქმნელად? „პუტინის პასიანსი იშლება ყველა დონეზე და, ამასთან ერთად, არავის უხდიან ფულს სპეციალურად ამ საქმისთვის, უბრალოდ, ქვეყანა სავსეა სასარგებლო იდიოტებით, რომლებიც იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც ჩვენ ყველანი ვსხედვართ“, - ამბობს პოპოვი.
რუსული კანონები, რომლებიც ბოლო დროს ბულგარეთმა მიიღო
ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა - ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 2024 წლის აგვისტოში ხელი მოაწერა „სკოლამდელ და სასკოლო განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის“ აკრძალვას. ეს კანონი იმეორებს ლგბტ-ს შესახებ რუსეთის შესაბამის კანონს (ასეთი კანონი მოქმედებს უნგრეთშიც), რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ბულგარეთის პარლამენტის (სახალხო კრების) დეპუტატების ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის ინიციატორი იყო ულტრანაციონალისტური პროკრემლისტური პარტია „აღორძინება“. ბულგარელი პოლიტიკური კომენტატორის, დანიილ სმილოვის თქმით, „ეს კანონი არის სახელმწიფო ძალაუფლებით შენიღბული გაუნათლებელი სიბნელის განსახიერება“. კანონპროექტის განხილვის დღეებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა დიდი დემონსტრაციები როგორც კანონის მიღების წინააღმდეგ, ასევე მის მხარდასაჭერად. კანონის მხარდამჭერთა აქციებში მონაწილეობდნენ ადამიანები Z ნიშნებით, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სიმბოლოა. თუმცა ცვლილებებს ასევე დაუჭირა მხარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია ГЕРБ-მა („მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“), რომელიც პროევროპულად მიიჩნევა.
აგენტების კანონი - პარტია „აღორძინება“ წლებია ცდილობს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის მიღებას, რომელიც ასევე რუსულის ანალოგია. მოითხოვს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის (თვით)რეგისტრაციას, რომლებიც ყოველწლიურად, პირდაპირ თუ ირიბად, იღებდნენ ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას 1000 ლევის (500 ევრო) ზევით და დაკავებული არიან ინფორმაციის გავრცელებით როგორც მედიის, ასევე სასწავლო და პოლიტიკური აქტივობების საშუალებით. კანონპროექტის თანახმად, „აგენტებს“ შეიძლება აეკრძალოთ მუშაობა საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიაში და ა.შ. მათ ასევე ეკრძალებათ მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში და სახელმწიფო/მუნიციპალური დაფინანსების მიღება. „აღორძინება“ მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივით 2022 წლის ბოლოს გამოვიდა, თუმცა მაშინ პარტიამ მარცხი იწვნია.
კონფისკაცია, რომელიც არ მომხდარა
როგორც ეკონომისტები შენიშნავენ, შეუძლებელია ბულგარეთის ეკონომიკაში რუსეთის ხვედრითი წონის რამენაირად დაკნინება. Moody's-ის კვლევის მიხედვით, ბულგარეთი ევროკავშირში მეორე ადგილზეა იმ კომპანიების რაოდენობით (9,5 ათასი), რომლებშიც რუსეთის წილი 40% და მეტია. არაოფიციალური მონაცემებით, მოსკოვის ხელშია ბულგარეთის ეკონომიკის 30%-ზე მეტი.
Moody's-ის კვლევა უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს, რომელიც ავალდებულებს ევროკავშირის საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტებს, 2024 წლის ივლისიდან შესაბამის უწყებებს მიაწოდონ ინფორმაცია 100 ათას ევროზე მეტი ღირებულების ყველა ტრანზაქციის შესახებ, თუ ისინი დაკავშირებულია რუს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან. ეს კეთდება იმისთვის, რომ უკეთ შეფასდეს რუსეთთან დაკავშირებული სანქციების პოტენციური დამრღვევები და გამოვლინდეს მათი შემოსავლის წყაროები. რამდენად საფუძვლიანად ტარდება ასეთი შემოწმებები ბულგარეთში, ღია საკითხია. თუმცა, როგორც ადგილობრივი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, დიდი ალბათობით, არ ტარდება.
2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში პორტალმა Flagman.bg გამოაქვეყნა ბულგარეთში რუსი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების საკუთრებაში არსებული აქტივების არსებითი კვლევა. ორგანიზაციის თვალსაწიერში მოხვდნენ: რუსული იარაღის კორპორაციის როსტეკის ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი; სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ალექსეი ჩეპა; ოლიგარქი ალექსანდრ პონომარენკო, რომლის სახელი ევროკავშირის შავ სიაში უკვე 2022 წლის 28 თებერვალს შევიდა; VTB-ბანკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვალერი ლუკიანენკო, რომელიც აშშ-ს სანქციების ქვეშ მყოფი რუსების სიაში ფიგურირებს; რუსი ოლიგარქი ანდრეი მელნიჩენკო, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაასანქცირა ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ბულგარეთში მილიარდერი ფლობს სასუქების მწარმოებელ და სავაჭრო კომპანიებს.
„ჩამოთვლილ პირთა საკუთრებაში არსებული კომპანიები და მსხვილი უძრავი ქონება ხელუხლებელი რჩება“, - აღნიშნავს გამოცემა, თუმცა 2023 წლის შემოდგომაზე ბულგარეთის მთავრობის დადგენილებით შეიქმნა ევროკავშირის შემაკავებელი ზომების განხორციელების საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ინფორმაციის შეგროვება ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული სანქცირებული რუსი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების საბანკო ანგარიშების, უძრავი ქონების ან კომპანიების შესახებ. უნდა მომხდარიყო ყველა გამოვლენილი საკუთრების კონფისკაცია, თუმცა, როგორც პორტალი Flagman.bg წერს, ბიუროკრატიული გაჯანჯლებისა თუ სრული დაუდევრობის გამო, კომისიამ მუშაობა ვერც კი დაიწყო.
პუტინის თაფლაკვერის გარეშე?
დიმიტარ პოპოვისთვის გაუგებარია, რატომ გამოაცხადა რუსეთმა ბულგარეთი, რომელსაც ასეთი პრორუსი პრეზიდენტი და ამდენი პრორუსი პარტია ჰყავს, არამეგობრულ ქვეყნად და დასავლური საზოგადოების ნაწილად, რომელიც მიჰყვება „დესტრუქციულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიურ მითითებებს და ეწინააღმდეგება ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ პრინციპებს“.
„ამ დროს, ცნობილია, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკისგან შეწუხებული არცერთი ბულგარელი არ გაქცეულა რუსეთში“, - აღნიშნავს ბულგარული გაზეთი „სეგა“, რომლის რედაქციას მხედველობაში აქვს პრეზიდენტ პუტინის 2024 წლის 20 სექტემბრის ბრძანებულება, რომლის ადრესატები არიან 47 ქვეყნის მცხოვრებლები, მათ შორის ბულგარეთის მოქალაქეები. პუტინი მათ სთავაზობს რუსეთში გადასვლას და ამ გზით თავის დაღწევას თავსმოხვეული „დესტრუქციული ნეოლიბერალური დღის წესრიგისგან“.
როგორც პოლიტიკის ექსპერტები შენიშნავენ, ბულგარეთში პარტიული ბრძოლა კვლავ გაგრძელდება, მაგრამ ბოლოდროინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბულგარელების უმრავლესობა (60%), ისევე როგორც ევროკავშირის სხვა მოქალაქეები (65%), გამოხატავს ოპტიმიზმს ერთიანი ევროპის მომავლის მიმართ. ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, სარგებელს ნახულობს თუ არა მათი ქვეყანა ევროკავშირში ყოფნით, ბულგარელების 53%-მა დადებითად უპასუხა (მთელი ევროკავშირის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 70%-ია). გამოკითხულ ბულგარელთა 61%-ის აზრით, „საერთო-ევროპული ქმედებები“ დადებითად აისახება ბულგარელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ცოტა ხნის წინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 55%.