რატომ ვერ აგროვებს სახელმწიფო ღია მონაცემებს

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 2014 წელს შექმნა ღია მონაცემების პორტალი, სადაც ამ დრომდე 250-მდე მონაცემის ბაზაა განთავსებული. სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ უჭირთ სახელმწიფო უწყებების დარწმუნება იმაში, რომ ღია მონაცემები მნიშვნელოვანია და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ საიტზე უნდა ატვირთონ ყველა ის ღია მონაცემი, რომელსაც ამუშავებენ. სამოქალაქო სექტორის წამომადგენლები ამბობენ, რომ ყველა მსჯელობა ღია მონაცემებზე ერთმანეთს ჰგავს და, რაც არ უნდა ითქვას, ღია მონაცემების მნიშვნელობაზე ციფრული ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდისთვის, სანამ არ იარსებებს შესაბამისი პოლიტიკური ნება, კონკრეტული უწყებების კეთილ ნებაზე ვიქნებით დამოკიდებული და შეგროვებული მონაცემები იქნება ფრაგმენტული და არასაკმარისი.

“ღია მონაცემთა პორტალის შექმნა იყო მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ვალდებულება, რომელიც OGP-ს სამოქმედო გეგმით ავიღეთ, თუმცა მასზე მონაცემების განთავსება არის თითოეული ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა, რაც ვალდებულებით ფორმაში არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ გაწერილა. შესაბამისად, ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ data.gov.ge გახდეს მოხმარებადი რესურსი და სრულყოფილად შეძლოს ფუნქციონირება, აუცილებელია ყველა ორგანომ განათავსოს ღია მონაცემები“, - ამბობს ნატალია გოდერძიშვილი, მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან.

ნატალია გოდერძიშვილი ფიქრობს, რომ, მონაცემთა სიმწირესთან ერთად, პრობლემას ქმნის ისიც, რომ არსებული მონაცემები იშვიათად ახლდება. მაგალითისთვის, Data.gov.ge-ზე ყველაზე ხშირად ნანახი მონაცემი ნოტარიუსთა ცნობარია. ბაზა 2014 წელს არის გამოქვეყნებული და ჩამოტვირთულია 3 220-ჯერ. ეს მონაცემი, ისევე როგორც სხვა არაერთი მონაცემი, გამოქვეყნების შემდეგ არ განახლებულა.

“ეს პორტალი 2014 წელს შეიქმნა და მხოლოდ რამდენიმე უწყება აქტიურობს მონაცემების გამოქვეყნებაზე და, მეტიც, ისინი დღეს უფრო ნაკლებად აქტიურობენ, ვიდრე საწყის ეტაპზე აქტიურობდნენ”, - ამბობს თეონა ტურაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წამომადგენელი.

ინსტიტუტი ღია მონაცემების ხელმისაწვდომობაზე, წლებია, მუშაობს და ამ სამუშაოს ნაწილია 2018 წელს შექმნილი პორტალი Datalab.ge, რომელზეც თითქმის სამჯერ მეტი მონაცემია (970-მდე) განთავსებული ამ დროისთვის, ვიდრე სახელმწიფოს მიერ შექმნილ საიტზე. გარდა რაოდენობრივი უპირატესობისა, datalab-ზე განთავსებული ინფორმაცია უფრო ხშირად ახლდება და ვიზუალიზაციის საშუალებასაც იძლევა.

იმაზე, რომ data.gov.ge-ზე მონაცემების სიმწირეა და შესაძლებელია მისი უკეთ შევსება კონტენტით, IDFI ჯერ კიდევ 2016 წელს ლაპარაკობდა.

ასევე ნახეთ დამალული ინფორმაცია

“IDFI- ის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით, ღია მონაცემების პორტალზე დღეის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ღია მონაცემთა რაოდენობა (117 ღია მონაცემი) რეალურად არ შეესაბამება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული კუთხით არსებულ რესურსს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მოცემულობა, რომ მხოლოდ 72 საჯარო დაწესებულებიდან მათ გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ მოწოდებული მონაცემებიდან და ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგად IDFI-ის მიერ შეირჩა 162 იმგვარი მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, არ არის წარმოდგენილი და მიზანშეწონილია მათი ღია მონაცემების პორტალზე განთავსება”, - ეს არის ნაწყვეტი ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კვლევიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ 2016 წელს გამოაქვეყნა.

ამ კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, “ღია მმართველობის პარტნიორობის” საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება და “ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” კანონის მიღება იყო. კანონი ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა.