რა ეშველება ლარს?

ლარი სწრაფ ვარდნას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 14 აგვისტოსთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2,5694 ლარი შეადგინა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარის ყიდვა 2,62 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო კომერციულ ბანკებში მაჩვენებელმა 2,67-საც გადააჭარბა. ლარის ვარდნის პირველი ნიშანი 10 აგვისტოს, საღამოს, ნახტომისებური იყო (2.4687 ლარიდან 2.5339 ლარამდე). ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორების ზემოქმედებით ხდება და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ ექსპერტები ლაპარაკობენ ლარის მიმართ უნდობლობისა და პანიკის ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გააუარესოს. აჰყვა თუ არა ქართული ლარი თურქულ ლირასა და რუსულ რუბლს? ამ მხრივ ექსპერტების აზრი ორად იყოფა.

რა დაემართა ლარს?

ბევრისთვის საკვირველია, რომ ტურისტული სეზონის პიკზე ლარი ვარდნასა და გაუფასურებას განაგრძობს, მაგრამ ეს ფაქტია და თუკი ხელისუფლებას შევეკითხებით, საპანიკო არაფერია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, ლარის კურსის ვარდნა ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის განპირობებული და ზეგავლენა ამჯერად თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა. მართალია, კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, მაგრამ ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ასევე გარე ფაქტორები ახსენა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი კობახიძე ლარის კურსის ვარდნაზე

აჰყვა თუ არა ლარი ლირასა და რუბლს?

„საგარეო ფაქტორებზე ქვეყნის შიდა პრობლემების გადაბრალება ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ეს ლარის კურსს ეხება ხოლმე, როგორც წესი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მერაბ ჯანიაშვილი. მისი თქმით, ლარის ვარდნის ერთადერთი რეალური მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ წელს, იმპორტთან (22 %) შედარებით ექსპორტის (28 % ) უფრო მაღალი ზრდის მიუხედავად, თანხობრივად გაუარესებულია ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, თუმცა, ეკონომისტის აზრით, ლარის სწრაფი გაუფასურების პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკისრება, რადგან ის ძირითადად ლარის გამყარებას ებრძვის, ხოლო გაუფასურების წინააღმდეგ მოქმედებას არასოდეს ჩქარობს.

Your browser doesn’t support HTML5

მერაბ ჯანიაშვილი ლარის კურსის ვარდნაზე

მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, თურქეთისა და რუსეთის სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ფიზიკურად ვერ მოასწრებდა ზეგავლენის მოხდენას საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, თუმცა ეკონომისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ უარყოფითი შედეგი შესაძლოა უარყოფით მოლოდინსაც მოეტანა. მაგალითად, როგორც „კავკასიისა“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტების პროფესორმა, ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ლარის მიმართ ნდობა იმდენად დაბალია, რომ შესაძლოა, მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული არასახარბიელო ინფორმაციის ფონზე, ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს მოემარაგებინათ დოლარი.

Your browser doesn’t support HTML5

აკაკი ცომაია ლარის კურსის ვარდნაზე

ლირის გაუფასურებამ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე სხვა კუთხითაც იმოქმედა. როგორც სარფში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, თურქი ტურისტები საქართველოში ფულის დახარჯვას ერიდებიან, რადგანაც მეტი ლირით ნაკლებ ლარს ყიდულობენ და, მაგალითად, სასმელის საქართველოში შეძენა მათთვის უფრო ძვირი გამოდის. ისინი კი, ვინც თურქეთში სავაჭროდ დადის, ლირის გაუფასურების ფონზე, პროდუქციის იქიდან შემოტანასაც აზრსმოკლებულად მიიჩნევენ, რადგან გარკვეულ პროდუქტებზე თურქეთში ფასები გაიზარდა.

Your browser doesn’t support HTML5

ლირის გაუფასურების შედეგები

ლირა, რუბლი და ამერიკული სანქციები

ფაქტია, რომ ორშაბათს, მოსკოვის ბირჟაზე გამართული ღია ვაჭრობის პირობებში, დოლარის ღირებულებამ 68 რუბლს გადააჭარბა და, 2016 წლის აპრილის შემდეგ, მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. რუბლის გაუფასურების ახალი ეტაპი გასულ კვირაში დაიწყო და10 აგვისტოს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 67 რუბლი შეადგინა. რუსეთის ბანკის ანალიტიკოსები ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი გაუფასურების ძირითად მიზეზად ასახელებენ ამერიკულ დოლართან მიმართებით თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირის კურსის ვარდნას, თუმცა ბევრისთვის ისიც ფაქტია, რომ რუბლის კურსის ვარდნის დაჩქარება გამოიწვია აშშ-ის გადაწყვეტილებამ, რუსეთს დაუწესოს ახალი სანქციები დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია სანქციების კიდევ ერთი პაკეტის თაობაზე, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს 7 რუსული ბანკისთვის დოლარით განსახორციელებელი ოპერაციების გაყინვას.

თავისთავად არასახარბიელო მდგომარეობაშია თურქული ლირაც. გასული კვირის პარასკევს ლირამ ახალი ანტირეკორდი დაამყარა. 10 აგვისტოს, დღის განმავლობაში, დოლართან მიმართებით ლირა გაუფასურდა დაახლოებით 16 %-ით და, 2001 წლის შემდეგ, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 13 აგვისტოს კი, დილის მონაცემებით, თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით კიდევ 8 %-ით გაუფასურდა და 1 დოლარის ყიდვა 7 ლირად იყო შესაძლებელი. ბევრისთვის ფაქტია, რომ ლირის სწრაფი ვარდნა თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება თურქეთიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტის გადასახადის გაორმაგების თაობაზე. თურქეთი ლირის გადარჩენას ცდილობს და პროცესში აქტიურად არის ჩართული თავად პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანიც.