რატომ ეურჩება უმრავლესობა საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელს“?

ოპოზიციური სპექტრი და კონსტიტუციონალისტთა ნაწილი თანხმდება, რომ მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, ამჯერად, სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ გამოსავლად რჩება ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის შემოღება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სწორედ ამ მოდელის შესაბამისად გამართვა.

ე.წ. გერმანული მოდელის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს არის ის სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც ამომრჩეველთა ნებას ადეკვატურად ასახავს არჩევნების შედეგებზე.

კანონპროექტი „გერმანული მოდელის“ შემოღების შესახებ „რესპუბლიკელების“ მიერ საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე დარეგისტრირდა, თუმცა, მისი განხილვა პარლამენტში არ მოეწყო.

ისევე როგორც დღეს, 2016 წელსაც, უმრავლესობა აცხადებდა, რომ საარჩევნო სისტემის ეს ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

16 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის შეკრების შემდეგ, ჟურნალისტებთან გამოსულმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ შეხვედრისას მას და მის თანაგუნდელებს ამ საკითხზე დიდხანს არ უმსჯელიათ, რადგან ეს ინიციატივა აზრს არის მოკლებული იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება დღეს მოქმედ კონსტიტუციას და თუ რატომ არ შეესაბამება, ამას კონსტიტუციონალისტები უკეთ ახსნიანო:

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანებმა, ვინც ეს თემა წამოწიეს, კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე, მიუხედავად ამისა, ცდილობენ, რომ ეს ნაპერწკალი როგორმე გადააქციონ ისეთ პროცესად, სადაც რეალობა, კანონი ჩაიკარგება ემოციებსა და სკანდალურობაში“.

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მტკიცე უარი ე.წ. გერმანული მოდელის შეთავაზებაზე, კიდევ ერთხელ აშიშვლებს „ქართული ოცნების“ სიცრუეს და მიუთითებს პოლიტიკური ნების არარსებობაზე:

„ჯერ ერთი, ტყუიან, ტექნიკურ-ლეგალურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, ის მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, არის ზუსტად იდენტური ე.წ. გერმანული მოდელის და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაგრამ აქ ლაპარაკია პოლიტიკურ ნებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ გაშიშვლდება, რომ მათ არ უნდათ. სულ 30 ხმა უნდა ახლა „ქართული ოცნებიდან“, რომ ეს „გერმანული მოდელი“ გავიდეს და არსებითად პროპორციული სისტემა მივიღოთ, მაგრამ ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს მათ კომენტარებში, რომ ამის სურვილი არ აქვთ. თუ გახსოვთ, 20 ივნისს მთელი დღის განმავლობაში იძახდნენ, კობახიძე არსად არ წავაო და მოუწიათ მერე მეორე დღეს გადაყენება. მთავარი კითხვაა, რას ვაპირებთ ჩვენ, საზოგადოება, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევნები და უფლება, რომ თავისუფლად და სამართლიანად გავაკეთოთ მომავალზე არჩევანი. ამას ემსახურება ეს პროტესტი და ამ პროტესტით და საზოგადოებრივი ზეწოლით აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს“.

რას ნიშნავს ე.წ. გერმანული მოდელი?

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, პირველ რიგში, გასათვალისწინებლია, რომ „გერმანული მოდელის“ მისაღებად, ანუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად, საკმარისია, მხოლოდ და მხოლოდ, 76 ხმა და არ არის აუცილებელი 113 ხმის, ანუ პარლამენტის სამი მეოთხედის მხარდაჭერა კონსტიტუციის შესაცვლელად და ამ მოდელის მისაღებად.

  • „გერმანული მოდელი“ არ გულისხმობს სრულად პროპორციული არჩევნების სისტემას, ის შერეული ტიპისაა, თუმცა იმ მოდელისგან განსხვავდება, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.
  • გერმანული მოდელის შემთხვევაში, პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერცერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის;
  • არჩევნები იმართება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა;
  • საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3%-ია.

„შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს, რომელიც ამასთანავე, 2016 წელს პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, „გერმანული მოდელის“ მიხედვით ჩატარებული არჩევნების მაგალითი მოჰყავს და ამბობს:

„ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10% და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, 6 გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ 9 კანდიდატი. ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3%-იანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მაჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში. ამრიგად, ერთდროულად კმაყოფილდება პროპორციულობის მოთხოვნაც და მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების მოთხოვნაც. თანაც ამ ყველაფერს სჭირდება არა 113, არამედ 76 ხმა. და კიდევ, სახელმწიფოებრივი კეთილგონიერება“.

რას ამბობენ კონსტიტუციონალისტები?

კონსტიტუციონალისტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ამბობენ, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად და, ამასთანავე, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ე.წ. გერმანული მოდელის შემოღება პრობლემა არ უნდა იყოს.

კონსტიტუციონალისტ ალიკა კუპრავას თქმით, თუკი იქნება მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება, არ წარმოადგენს სირთულეს, რომ კონსტიტუციაში არსებულ ნორმას, რომლის თანახმადაც, საქართველოს აქვს ე.წ. შერეული საარჩევნო სისტემა, მიანიჭოს ამასთანავე ის შინაარსი, რასაც „გერმანული მოდელი“ ითვალისწინებს:

„პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღებას. „ქართული ოცნება“ არ არის ამისთვის მზად და მას სურს, რომ მაჟორიტარულ სისტემაში დაინახოს მხოლოდ ის შინაარსი, რა შინაარსითაც ის დღემდე მოქმედებს, და რაც აძლევს მათ საშუალებას, პარლამენტში ჰყავდეთ იმაზე მეტი დეპუტატი, ვიდრე ლოგიკურად შეიძლება ჰყავდეთ. „გერმანული მოდელის“ შემოღების შემთხვევაში კი იქნება საფრთხე, რომ ეს ასე ვეღარ იქნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ამ წესით ჩატარების შემთხვევაში, ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას, 76 დეპუტატს, პარლამენტში დამოუკიდებლად ვეღარ შეიყვანენ“.

რა არგუმენტს ეყრდნობა უმრავლესობა, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელის სისტემის შემოღება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია? კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი არგუმენტია დღეს მოქმედი კონსტიტუციის ნორმის სიტყვასიტყვით განმარტება:

„ანუ, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში წერია, რომ 73 მანდატი ნაწილდება მაჟორიტარული წესით და 77 - პროპორციული წესით. უმრავლესობის ნაწილი სწორედ ამ საკითხზე აპელირებს და აცხადებს, რომ 77 მანდატი აუცილებლად უნდა გადანაწილდეს პროპორციული წესით. ჩვენ უნდა ავიღოთ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, საპარლამენტო რეგლამენტი და ისეთი ჩანაწერი გავაკეთოთ საარჩევნო კოდექსში, რომელიც, ერთი მხრივ, გერმანულ მოდელთან და, მეორე მხრივ, მოქმედ კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისი“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, „გერმანული მოდელი“ არის გამოსავლის ძებნა, რათა პროცესების რადიკალიზაცია და ქვეყანაში რევოლუციური ცვლილება არ მოხდეს:

„რატომ არის „გერმანული მოდელი“უარესი, ვიდრე სრულად პროპორციული სისტემა, რომლის კანონპროექტსაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა? იმიტომ, რომ, როგორც წესი, მაჟორიტარულ ოლქებს იგებენ ხოლმე ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წარმომადგენლები. ხოლო, უკეთესია იმიტომ, რომ გერმანულ მოდელში პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩევნები არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში, განსხვავებით ჩვენთან არსებული სისტემისა, სადაც ერთიმეორისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხდება შედეგების დადგენა“.

14 ნოემბერს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით.