რურუა, 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა, მას შემდეგ - რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე უარი განაცხადა. სუსში ის მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.
„ეს აქტი [სუსში დაბარება] წნეხია როგორც ჩემზე, ისე მოქალაქეებზე. ასე ვფიქრობ - გავლენა და ფოკუსის არევის მცდელობაა“, - უთხრა რურუამ რადიო თავისუფლებას, სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ. მისივე თქმით, ეს იყო „გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებული აჟიოტაჟისგან ყურადღების გადატანის მცდელობა“. „ყავაზე მკითხაობა“ - ესეც რურუას შეფასებაა.
„გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი, მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის?! მგონი ბიძინა ქვია და გვარი - ი ასოზე იწყება. ცირკია მა რა არიი - როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან: საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა“, - 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში გიორგი რურუა აღნიშნავდა, რომ საქმე - სახელმწიფო გადატრიალებასა და ძალადობრივ დამხობას უკავშირდება. თუმცა უწყებაში მითითებული იყო, რომ რურუას სუსის კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელი იბარებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუკონკრეტეს, რომ გიორგი რურუა დაბარებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე:
- 315-ე მუხლის პირველი ნაწილი - „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“;
- 323-ე მუხლის პირველი ნაწილი - „ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით“.
„ეს არის მიმდინარე საქმე - მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს [გიორგი რურუა]. გრიფი [საიდუმლო] ადევს [ამ საქმეს]“, - უთხრეს სუსში რადიო თავისუფლებას. თუმცა ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე - არის თუ არა ეს იგივე გამოძიება, რომლის დაწყების შესახებაც უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა ივლისში. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო მკვლელობის მომზადების შესახებ.
სუსისგან პასუხი ჯერჯერობით ვერც იმაზე მივიღეთ - ჯამში რამდენი საქმის გამოძიება მიმდინარეობს ხელისუფლების დამხობისა თუ ტერორიზმის მუხლით. საქართველოს ახლო წარსულის გამოცდილებით, წლების განმავლობაში მსგავსი გამოძიებების შედეგად არავინ დასჯილა.
ასევე ნახეთ "მზადდებოდა მკვლელობა" - რას იძიებს თბილისი და რას ამბობს მოსკოვი ასევე ნახეთ „ოთხ წელიწადში ერთხელ სუსში მიბარებენ, ჩემპიონატივით“ - ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმე„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - იტყობინებოდა სუსი 24 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტექსტში აღნიშნული იყო ასევე, რომ:
- „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.
- „დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“.
- გამოძიება იბარებს მოწმეებს და ატარებს მათ გამოკითხვას.
არაერთმა ადამიანმა დაადასტურა, რომ - საგამოძიებო უწყებაში დაბარება სწორედ ამ საქმეს უკავშირდებოდა. მათ შორის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც, მანამდე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ სუსში დაწყებული გამოძიება კვლავ გლობალური ომის პარტიის ინტერესებს დაუკავშირა.
გიორგი რურუა აცხადებს, რომ გამოკითხვისას, მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, თუმცა საქმის დეტალებს ვერ გაამხელს, რადგან, გამოკითხვაზე მისულს, გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინეს ხელი.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა გიორგი რურუა2019 წლის ნოემბერში გიორგი რურუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და 4 წელი მიუსაჯეს. „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის დაკავებას ოპოზიცია 20 ივნისის [“გავრილოვის ღამე”] მოვლენების შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებდა.
- 2021 წლის 27 აპრილს რურუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა - მას შემდე, რაც ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა, 2021 წლის 19 აპრილს პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების [“შარლ მიშელის შეთანხმების”] შესაბამისად.
- მანამდე, პარტიებს შორის 2020 წლის მარტში გაფორმებული კიდევ ერთი შეთანხმებით - გიორგი რურუა არ გაათავისუფლეს, პოლიტიკოსების - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების დროს.
სამი წლის წინ, ნოემბერში - საერთაშორისო პარტნიორებთან ღია დაპირისპირების საწყის ეტაპზე, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად - „მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა“, ხოლო „მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელ გამოხატულებად“ გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას განთავისუფლება დაასახელა.
საერთაშორისო პარტნიორების მისამართით მან პირველად გამოიყენა ტერმინი - „კრიმინალების მფარველები“.
როგორც 2020 წლის 8 მარტის, ასევე 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებები ევროკავშირის აქტიური ჩართულობით შედგა და ქვეყანაში მზარდი პოლარიზაციის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლება ამ შეთანხმებების მხოლოდ ერთი ნაწილი იყო.
„თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს.
მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - წერდა 2021 წლის ნოემბერში ირაკლი კობახიძე.
მას შემდეგ, მრავალი მიზეზის გამო, თბილისს თანდათან დაეძაბა ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით - „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ და ამჟამად საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად გაყინულია.