რატომ დააანონსა „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია, როცა საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს?

"ქართული ოცნების" რეგიონალური კონფერენცია ზუგდიდში. 2018 წლის 24 აპრილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციამ ფეისბუკზე 5 აგვისტოს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო, მოგვიანებით კი წაშალა.

ეს ინფორმაცია ერთი დღით უსწრებდა პარტიის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებას, რომ მას საკუთარი კანდიდატი არჩევნებზე არ ეყოლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა პარტიის ხელმძღვანელებთან შეთანხმებული და მართლა ემზადებიან თუ არა რეგიონალური ორგანიზაციები 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ბახტაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ამის შესახებ მან დღეს პირველად გაიგო:

„საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას, ალბათ, ვერავინ ვერ დაიწყებდა, იმიტომ რომ ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, ჩვენი კანდიდატი არ გვყავს. მე პირველად მესმის ეს ინფორმაცია თქვენგან. აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით. რა თქმა უნდა, არც ერთი პარტიული სტრუქტურა ამ ეტაპზე არჩევნებისთვის არ ემზადება“, - განმარტა მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. კითხვაზე, თუ რატომ დააანონსა პარტიამ საარჩევნო სამზადისი და რატომ წაშალა ის მოგვიანებით, დღეს პასუხი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციაში არ აქვთ. 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა წაშლამდე შეინახეს, წერია:

„28 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციამ უკვე დავიწყეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამი დღის განმავლობაში ვხვდებოდით პარტიის აქტივს და მათგან ვისმენდით იმ პრობლემების შესახებ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება აქტიური საარჩევნო კამპანიისას იჩინოს თავი“. - განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს სიტყვები პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას ეკუთვნის.

თავად ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია. ლაშა გოგია არ გამორიცხავს, რომ მისი სიტყვები არასწორად გავრცელდა.

ლაშა გოგია

„არა, არა, ასეთი განცხადება არ იყო. უბრალოდ, აქტივთან იყო შეხვედრა. ყოველთვიურად ვხვდები აქტივს. ტექსტი არც მინახავს, მართალი რომ გითხრათ. ალბათ, არასწორია. არ მახსოვს, მართალი რომ გითხრათ“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის საკრებულოში მოქმედი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამარ ჯიქია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დააანონსა მმართველი პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის დაწყება. მისი განცხადებით, ისინი პერმანენტულად ხვდებიან პარტიულ აქტივს, ამიტომ ეს შეხვედრაც ამ პროცესის ნაწილი იყო. მისი თქმით, შეკრება, უბრალოდ, წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა და პრეზიდენტის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

„კანდიდატზე იქ არაფერი არ ეწერა, მე როგორც მახსოვს. ჯერ პარტიას არ დაუსახელებია, მხარს ვის ვუჭერთ და, შესაბამისად, არ არსებობს, რომ ჩვენ წინასწარ ვთქვათ, ამას ვუჭერთ მხარს“, - თქვა თამარ ჯიქიამ.

„ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი რომ არ ეყოლება, ამის შესახებ 6 აგვისტოს განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობის წევრთა და საპარლამენტო უმრავლესობის შეთანხმებით მიიღეს.