ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, პური, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ 50 თეთრად შეიძინეს, ახლა 70 თეთრი ღირს. გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი პურის გაძვირებას „კატასტროფულ“ ამბად მიიჩნევს, მით უმეტეს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მაშინ როცა თვითდასაქმებული ადამიანების ნაწილის შემოსავლები შემცირდა, ზოგი კი საერთოდ უმუშევარი დარჩა.
„პური 50-დან 70 თეთრამდე გაძვირდა და, ალბათ, მალე ამასაც ვეღარ ვიყიდით. წარმოიდგინეთ, ოჯახს რამდენი პური უნდა, თუკი იქ 10 ადამიანი ცხოვრობს... გარდა იმისა, რომ გაძვირდა, შევამჩნიეთ, რომ პური წონაშიც დაკლებულია. ხან ფქვილს ვყიდულობდი, მაგრამ ფქვილიც 65 ლარამდე გაძვირებულა. არ ვიცით, როგორ ვიარსებოთ“, - ამბობს ერთ-ერთი თელაველი.
ამ ეტაპზე პური კახეთში ყველა საცხობს არ გაუძვირებია, მაგრამ ამბობენ, რომ ფასს რამდენიმე დღეში ისინიც მოუმატებენ, რადგან გაძვირებულია ფქვილი.
მაგალითად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ერთ-ერთი საცხობის მეპატრონემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერ კიდევ 10 დღის წინ საქართველოში წარმოებული ფქვილი „კარმენი“ 54 ლარი ღირდა, ახლა კი ერთ ტომარა ფქვილში 64 ლარი გადაიხადა. საცხობის მფლობელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე თვეში ის მხოლოდ კომუნალური გადასახადებისა და ხელფასების გადახდას შეძლებს.
„პური მე ჯერ არ გამიძვირებია, მაგრამ, ალბათ, 3 დღეში მოვუმატებ 10 თეთრს. ჩვენთან ფქვილი მოაქვთ დისტრიბუტორებს და ბოლოს 10 ლარით უფრო ძვირად მივიღეთ, ვიდრე მანამდე. ამ თვეში, ალბათ, ბუნებრივი აირის ხარჯს დავფარავ. გვეუბნებიან, რომ ფქვილი კიდევ გაძვირდება და მომავალში რა იქნება, არ ვიცი“, - განაცხადა ერთ-ერთი საცხობის მფლობელმა.
პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის პური მასობრივად არ გაძვირებულა და ერთეული შემთხვევები შესაძლოა იყოს არამარტო კახეთში. დოლიძის ინფორმაციით, მართალია, მსოფლიოში ხორბლის ფასი მომატებულია და, შესაბამისად, წისქვილკომბინატებმა გააძვირეს ფქვილიც, მაგრამ ქვეყანაში ე.წ. ქარხნის პურის ფასი იგივეაო, ირწმუნება დოლიძე.
„საქართველოში საქარხნო პურს ფასი ჯერ არ აქვს მომატებული. კახეთში შესაძლოა გაძვირდა სპეციალური რეცეპტურით დამზადებული და სადღესასწაულო, ქართული პური. თუმცა აღსანიშნავია ისიც და, ალბათ, ყველამ იცის, რომ ხორბლისა და ფქვილის ღირებულება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში და, მათ შორის, მწარმოებელ რუსეთშიც გაიზარდა“, - თქვა მალხაზ დოლიძემ.
რადიო თავისუფლება ესაუბრა პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელს, ლევან სილაგავას. ის ადასტურებს, რომ ასოციაციაში შემავალმა მსხვილმა წისქვილებმა ფქვილის ფასის გაზრდა ჯერ კიდევ სექტემბრიდან დაიწყეს, იმ პერიოდიდან, როცა მსოფლიოში ხორბლის გაძვირება დაიწყო. სილაგავას თქმით, სექტემბერში საქართველომ ერთი ტონა ხორბალი თუ 200 დოლარად იყიდა, შემდეგ მისი ფასი ნელ-ნელა იზრდებოდა და ახლა 270 დოლარია.
ასოციაციის ხელმძღვანელის თანახმად, ფასების ცვლილების დროს, ახლაც და ყოველთვის, არსებობს შეწონილი ფასი, რის გამო ფქვილი არ ძვირდებოდა, თუმცა, რადგან თავად შეწონილი ფასიც გაიზარდა, გაძვირდა ფქვილიც, მაგრამ, ლევან სილაგავას თქმით, ეს არ არის ისეთი მატება, რის გამო ქვეყანაში პური მასობრივად უნდა გაძვირდეს.
„სექტემბრის დასაწყისში წისქვილკომბინატებში ფქვილის ფასი თუ იყო 49-50 ლარი, ეტაპობრივად გახდა და დღეს არის 55-57 ლარი. როგორც ჩანს, ეს ის ფასია, რომლის შემდეგაც მეპურეები ამბობენ, რომ პურის გაძვირების რისკი არსებობს, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ არის გეგმა ფასის დარეგულირების“.
გეგმა, რომლის შესახებაც ლევან სილაგავა ლაპარაკობს, დარგის სუბსიდირებას გულისხმობს, რომელსაც სამთავრობო გუნდი განიხილავს. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 10 დღეში მთავრობა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმის შესახებ, მოხდეს ხორბლის სუბსიდირება, წისქვილკომბინატების თუ უშუალოდ პურის.
„პურის გაძვირება არ იგეგმება. ამას ჩვენ შევძლებთ მეპურეებთან ერთად მუშაობით. თუ ეს დამოუკიდებლად ვერ შევძელით, იქნება სუბსიდირება რომელიმე მიმართულებით. ამისთვის მთავრობა მზად არის და კონკრეტულად რა იქნება, უახლოეს მომავალში გადაწყდება“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ფქვილის ფასი გაზრდილია საქართველოს სხვა ქალაქებშიც, კონკრეტულად კი, ზუგდიდსა და ქუთაისში, თუმცა პურზე ფასი მომატებული არ არის. რაც შეეხება კახეთს და ცალკეულ ქალაქებს, აქ პური ბოლოს 2018 წელს 40-დან 50-60 თეთრამდე გაძვირდა.