რატომ გადასცა კიევმა რუსეთს ბომბდამშენები, რომლებიც რაკეტებს ესვრიან უკრაინის ქალაქებს?

1990-იანი წლების ბოლოს უკრაინამ რუსეთს გადასცა რვა Tu-160 ბომბდამშენი და სამი Tu-95MS ბომბდამშენი (ფოტომონტაჟი)

ახლა, როდესაც რუსეთის არმიის სტრატეგიული ბომბდამშენები - ტუ-95მს და ტუ-160 პერიოდულად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს, ბევრი ადამიანი, ვისაც ახსოვს 1990-იანი წლების პერიპეტიები, ეძებს პასუხს შეკითხვაზე: რატომ გადასცა მაშინ უკრაინამ ამ ტიპის მძიმე ბომბდამშენები რუსეთს?

გარდა ბომბდამშენებისა, რუსეთმა უკრაინისგან 1500-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტაც მიიღო.

„როდესაც რუსეთის ამჟამინდელი დაბომბვების შედეგებს ვხედავ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომელსაც სიტყვა „რისხვითაც“ ვერ გამოხატავ... უკრაინის მაშინდელი ხელისუფლება კრემლის სცენარის გზით წავიდა“, - აცხადებს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში 1992-93 წლებში რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხებზე მოლაპარაკების დროს უკრაინის სამთავრობო დელეგაციის პირველი ხელმძღვანელი იური კოსტენკო.

მოლაპარაკების შედეგად 1990-იანი წლების ბოლოს უკრაინამ რუსეთს გადასცა 8 ერთეული ტუ-160 და სამი ერთეული ტუ-95მს ბომბდამშენი. ასევე ტუ-22 მოდელის ბომბდამშენები, რომლებიც რუსეთს შავი ზღვის ფლოტის გაყოფის შედეგად ერგო.

რა ედო საფუძვლად სამი ათეული წლის წინ დადებულ გარიგებას?

რა სარგებელი მიიღო უკრაინამ თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების რუსეთისათვის გადაცემის სანაცვლოდ?

და არსებობდა თუ არა სხვა ალტერნატივა?

სამაშველო ოპერაციები უმანში კასპიის ზღვის თავზე Tu-95 მძიმე ბომბდამშენიდან რუსული რაკეტის გასროლის შემდეგ. 2023 წლის 28 აპრილი

საკითხის ისტორიული ასპექტები

რუსეთისთვის მძიმე ბომბდამშენების გადაცემის შესაძლებლობაზე მოლაპარაკება 1994 წელს დაიწყო და ხუთი წლის შემდეგ, 1999 წლის 8 ოქტომბრის მთავრობათაშორისი შეთანხმებით დასრულდა, რასაც სულ მალე თვითმფრინავების რუსეთში გადაყვანა მოჰყვა.

ექვსი ეშელონი, ანუ 120-ზე მეტი მატარებელი დასჭირდა 575 ერთეული დიდი სიშორის საჰაერო ბაზირების X-55 კლასის რაკეტის რუსეთში ტრანსპორტირებას.

ამჟამად რუსეთი უკრაინას უფრო თანამედროვე - Х-101 და Х-555 რაკეტებს უშენეს, მაგრამ რუსეთის ჯარი საბრძოლო ოპერაციებში ჯერ კიდევ იყენებს ტუ-95 მს და ტუ-160 ტიპის თვითმფრინავებს.

დღეისათვის უკრაინის მიერ გასული საუკუნის ბოლოს გადაცემული ტუ-160 ტიპის ბომბდამშენები რუსეთში ამ ტიპის თვითმფრინავების პარკის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

რუსეთში გატანილ იქნა ასევე თვითმფრინავების სათადარიგო ძრავები და სხვადასხვა აღჭურვილობა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს კიევთან ახლოს, უზინში, პოლტავასთან და ასევე ჩერნიგოვის ოლქის ტერიტორიაზე დისლოცირებული იყო ბევრად უფრო ახალი, 1989-1991 წლებში გამოშვებული თვითმფრინავები, მაშინ როდესაც რუსეთში, კერძოდ, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, უფრო ძველი ბომბდამშენები იყო განლაგებული.

როგორც მოგვიანებით, ვერხოვნა რადის საგამოძიებო კომისიის ანგარიშში იყო აღნიშნული, უკრაინაში ბაზირებულ ბომბდამშენებს „ექსპლუატაციაში შესვლიდან მინიმალური ფრენები ჰქონდათ განხორციელებული“. ანუ ისინი იყვნენ, ფაქტობრივად, ახლები და კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

რას წარმოადგენენ რუსეთში გატანილი ბომბდამშენები?

ბომბდამშენი ტუ-95მს უკრაინაზე სარაკეტო იერიშებისათვის რუსეთის შეიარაღებაში არსებული ძირითადი ინსტრუმენტია. ტუ-160-ისგან განსხვავებით, რომელსაც 12 რაკეტის გადატანა შეუძლია, ტუ-95მს-ის ფრთების ქვეშ, კონტეინერებზე ორჯერ უფრო ნაკლები რაკეტა მაგრდება.

Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენი ფრენისას. 1990-იანი წლების ბოლოს უკრაინამ რუსეთს 11 მძიმე ბომბდამშენი გადასცა.

ბომბდამშენ ტუ-95მს-ს ოთხი ტურბოხრახნიანი ძრავა აქვს, ტუ-160-ს კი რეაქტიული ძრავები. ტუ-95მს-ის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არის 10,5 ათასი კმ, მაქსიმალური საბრძოლო წონა 20 ტონა, ხოლო სიჩქარე 850 კმ/სთ-ში.

ბომბდამშენ ტუ-160-ს უფრო უკეთესი მახასიათებლები აქვს - მისი ეკიპაჟი ორჯერ ნაკლებია (4 ადამიანი, ნაცვლად 8-ის), სიმაღლეში ადის 17 კილომეტრზე და საათში 2200 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე მოსკოვს შეიარაღებაში ჰქონდა 42 ერთეული ტუ-95 მს-ის ტიპის ბომბდამშენი, მათგან, ექსპერტთა შეფასებით, რეალურად მოქმედია დაახლოებით სამი ათეული თვითმფრინავი. შეიარაღებაში რუსეთის არმიას ასევე აქვს სულ მცირე 15 ერთეული ტუ-160 ტიპის მძიმე ბომბდამშენი

მედია იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ბოლო თვეებში რუსეთის ფედერაციამ აქტიურად სწორედ ტუ-95მს-ის ტიპის ბომბდამშენებს იყენებს, ვიდრე უფრო მძიმე ტუ-160-ებს, რომლებიც სტრატეგიული, Х-5სმ-ის კლასის ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი.

ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს ТУ-95მს-ის ტიპის თვითმფრინავებიდან ესროლა ექვსი ფრთოსანი რაკეტა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოთხის განადგურება შეძლო.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდასხმას კიევში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

„ვალების ყულფი“ - გარიგების საფასური

11 მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენის, 575 ფრთოსანი რაკეტისა და სხვა აღჭურვილობის სანაცვლოდ, რუსეთმა 275 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს თანხა, როგორც ვერხოვნა რადის სპეციალური საპარლამენტო კომისია მოგვიანებით დაადგეს, მინიმუმ 10-ჯერ მაინც იყო შემცირებული.

საინტერესოა, რომ თავიდან ბომბდამშენების კომპენსაციისათვის, სამთავრობო წრეებში სახელდებოდა 650 მილიონი დოლარი, შემდეგ 450 მილიონი, და ბოლოს რუსეთმა უკრაინას დაგროვილი ვალის სანაცვლოდ 275 მილიონი დოლარი ჩამოაწერა.

ანუ რეალურად უკრაინას არცერთი კაპიკი ნაღდი ფული არ მიუღია. ყველაფერი რუსეთის გიგანტური კომპანია „გაზპრომის“ მიმართ დაგროვილი ვალების დაფარვაზე წავიდა.

"რუსეთმა მაშინ ვალების ალყაში მოგვაქცია როგორც გაზისთვის, ასევე ნავთობპროდუქტებისთვის და ყველაფრისთვის დაგვაკისრა ვალი. ეს იყო „ვალის ყულფი“ და შემდეგ ამ „ვალის ყულფში“ მოყოლილი უკრაინიდან რუსეთს შეეძლო ყველაფერი გამოეწურა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. მაშინ უკრაინული სახელმწიფო სუსტი იყო და ჩვენი პოზიციებიც იყო სუსტი", - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილ ჰონჩარმა, კვლევით ცენტ „სტრატეგია XXI“-ის პრეზიდენტმა.

Tu-22 სტრატეგიული ბომბდამშენის დაშლა პოლტავას მახლობლად სამხედრო აეროდრომზე, 2002 წლის 12 ნოემბერი. თვითმფრინავი განადგურდა უკრაინის ბირთვულ იარაღზე უარის თქმის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებული იყო 1994 წელს ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმით.

რუსეთისათვის ბომბდამშენები გადაცემის იდეა იმხანად ეკუთვნოდა იგორ ბაკაის, უკრაინული კომპანია „ნავტოჰაზის“ დირექტორს, რომლისთვისაც უმთავრესი იყო „გაზპრომის“ წინაშე ბუნებრივი აირის საფასურად წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა. თავის მხრივ ეს დავალიანება უკრაინაში სწორედ გაზის სექტორში გამეფებული კორუფციის გამო დაგროვდა.

აღსანიშნავია, რომ იგორ ბაკაი, რომელიც 1998-2000 წლებში ხელმძღვანელობდა „ნავტოჰაზს“, რუსეთში გადაბარგდა, ხოლო უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

მასთან ერთად გაზის სფეროში კორუფციის მფარველად უკრაინელი ექსპერტები ასახელებენ1996-1998 წლებში უკრაინის ვიცე-პრემიერ, პაველ ლაზარენკოს, რომელიც შემდეგ აშშ-ში ფულის გათეთრებისთვის გაასამართლეს.

რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა რაკეტა გაუშვა სირიაში. 2015 წლის ნოემბერი

ჰქონდა თუ არა უკრაინას ალტერნატივა?

რადიო თავისუფლების თანამოსაუბრეებს შორის არ არსებობს ერთსულოვნება იმ საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა უკრაინას 1990-იან წლებში ალტერნატივა რუსეთისთვის სტრატეგიული ბომბდამშენებისა და ფრთოსანი რაკეტების გადაცემის სანაცვლოდ.

პირველ ყოვლისა, ბირთვული განიარაღების შესახებ იმდროინდელი შეთანხმების თანახმად, თავად ამ ტიპის თვითმფრინავები არ ექვემდებარებოდნენ შემცირებას. დოკუმენტით უნდა მომხდარიყო მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილი ბირთვული ქობინებისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შემცირება. მაგრამ იმხანად, მრავალწლიანი ცივი ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში გამეფებული იყო გლობალური ბირთვული განიარაღებისა და დროებითი გეოპოლიტიკური რომანტიკის ატმოსფერო.

შესაბამისად, იური კოსტენკო მიიჩნევს, რომ იმხანად შესაძლებელი იყო უბრალოდ მძიმე ბომბდამშენების „დაკონსერვება“ და მათი შენახვა „ავბედითი დროისთვის“.

„შეიძლებოდა ამ ავიაციის ჩაყენება უკრაინის არმიის სამსახურში, მათზე ჩვეულებრივი მაღალი სიზუსტის რაკეტების დაყენება და მაშინ „რაშისტები“ ვერასოდეს ვერ გაბედავდნენ უკრაინაზე თავდასხმას. ეს იქნებოდა ასეთი შეშლილი მეზობლისგან ჩვენი სტრატეგიული თავდაცვის ერთ-ერთი სეგმენტი“, - ამბობს 1992-93 წლებში რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხებზე მოლაპარაკების დროს უკრაინის სამთავრობო დელეგაციის პირველი ხელმძღვანელი, იური კოსტენკო.

რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აეროდრომი სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, რომელსაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონი დაესხა უკრაინაში რაკეტების გაშვების საპასუხოდ. Maxar Technologies-ის სატელიტური სურათი, დათარიღებული 2022 წლის 4 დეკემბრით. ორი თეთრი თვითმფრინავი არის Tu-160, ხოლო სამი ნაცრისფერი თვითმფრინავი არის Tu-95MS.

განსხვავებულად ფიქრობს მიხაილ ჰონჩარი, რომელიც იხსენებს, რომ 1990-იანი წლების ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ითვლებოდა, რომ ამ ბომბდამშენების შენახვა რთული იყო, ამ ხარჯიან კომპონენტზე უარის თქმა კი უფრო უმჯობესი.

„ეს მართლაც არის ხარჯიანი, რადგან ბომბდამშენები ხანგამოშვებით უნდა ავიდნენ ჰაერში, შეასრულონ რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები, მას ერთ დღეში შეუძლია დაწვას ათასობით ტონა საწვავი, რომელიც არ იყო საკმარისი და რომელიც რუსეთისგან საბაზრო ფასში უნდა შეგვეძინა“, - ამბობს მიხაილ ჰონჩარი.

ასეთი თვითმფრინავების გაყიდვა კი იმხანად რთული იყო. ჰონჩარის თქმით, არც შეერთებულ შტატებს, არც ბრიტანეთს და არც ევროპას არ სჭირდებოდათ ასეთი საბჭოთა წარმოების ბომბდამშენები.

საბოლო ჯამში, ასეთი გამანადგურებლებით, ჰონჩარის ვარაუდით, შეიძლებოდა დაინტერესებულიყვნენ მხოლოდ მაშინდელი ერაყელი და ლიბიელი დიქტატორები - სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამას მოჰყვებოდა კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების უკიდურესი გამწვავება.

Tu-95MS ბომბდამშენი დიაგილევის აეროდრომზე, რიაზანის რეგიონში.

ექსპერტის აზრით, არსებობდა ერთი ალტერნატივა

"ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა მაშინ თვითმფრინავების ჯართად დაჭრა და მათი უტილიზება. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა ვნანობდეთ, რომ ეს თვითმფრინავები და რაკეტები არ განადგურდა და ისინი რუსეთს ჩაუვარდა ხელში“, - ამბობს მიხეილ ჰონჩარი.

და მართლაც, მაშინ მართლაც დაჭრეს ბევრი ისეთი სამხედრო თვითმფრინავი, რომლის წაღებაზე, ასაკის ან ტექნიკური მდგომარეობის გამო, რუსეთმა თავად თქვა უარი. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისამდე, უკრაინაში ჯართად იქცა სხვადასხვა მოდიფიკაციის სამოცი ერთეული ტუ-22 რაკეტმზიდი თვითმფრინავი, მათი ბედი გაიზიარა ასვე 30-მდე ტუ-160-ისა და ტუ-95მს-ის მოდელის მძიმე ბომბდამშენებმა, რომლებსაც, როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთის არმია უკრაინის სამხედრო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე იერიშებისთვის იყენებს.