13 მარტს, 28 წლის მარი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად, ისანი-სამგორის რაიონში, სახლთან ახლოს, საბავშვო მოედანზე სეირნობდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ და პოლიციამ გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა. სოციალური სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სათამაშო მოედანზე მარის ქმარმა, 43 წლის მიხეილ კობიაშვილმა გამოიძახა.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ კობიაშვილს ბრალად ედება ცოლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა, დედა-შვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული და უკვე რამდენიმე თვეა ოჯახში ძალადობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ამ ფაქტს არ შეუშლია ხელი სოციალური მუშაკისათვის, რომ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს, ძალადობაში ბრალდებული მამისთვის გაეტანებინა.
მარისა და მისი შვილის უფლებების დამცველს, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს, ეკა ქობესაშვილს, სოციალურმა მუშაკმა უთხრა, რომ „პირად პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ბავშვი დატოვოს მამასთან“.
ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალდებული კაცი, გასული წლის ზაფხულის მიწურულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ გირაოს სანაცვლოდ ისე გაათავისუფლა, რომ მას არ აუკრძალა ცოლ-შვილთან კომუნიკაცია. კაცი მაშინ სიდედრზე განხორციელებული ძალადობის გამო დააკავა პოლიციამ.
28 წლის მარის დედამ, გამოძიებას ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წარუდგინა აუდიო ჩანაწერები, სადაც გარკვევით ისმის, როგორ ძალადობს კაცი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე. ამ მტკიცებულებების წარდგენიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, პროკურატურამ დედა-შვილი დაზარალებულად ცნო. მიხეილ კობიაშვილს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა მცირეწლოვანი ბავშვის თაბდასწრებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
ეს აუდიო-ჩანაწერები, რომლებიც ოჯახში ძალადობის საქმეს ახლავს თან, რადიო თავისუფლებას 28 წლის ქალის დედამ 2022 წლის სექტემბერში მიაწოდა. ჩანაწერები რთული მოსასმენია და ის ოჯახში ძალადობის რამდენიმეთვიან ეპიზოდს მოიცავს. ათობით აუდიო-ჩანაწერს, გარდა ძალადობის ამსახველი ხმებისა, გინებისა და მუქარისა, ფონად გასდევს მცირეწლოვანი ბავშვის უწყვეტი ყვირილი. ყველა აუდიო ჩანაწერში, რომელიც სხვადასხვა პერიოდს ასახავს და შესაბამისად, სხვადასხვა რიცხვითაა დათარიღებული, ოთხი ადამიანი ფიგურირებს: 27 წლის ქალი (ცოლი), 42 წლის კაცი (ქმარი), 2 წლის ბავშვი და ბებია. აუდიო ჩანაწერებში ისმის, რომ კაცი ცოლს მოკვლითაც ემუქრება.
დღეს ცოლ-შვილზე ძალადობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა არეშიძე განიხილავს. საქმე არსებითი განხილვის პროცესშია და მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა.
ლაივი სათამაშო მოედნიდან - რატომ გადაიყვანეს მარი ფსიქიატრიულში
როგორც მარის დედა გვეუბნება, ქმრის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო, გასულ წლებში, მისი შვილი რამდენჯერმე მოხვდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა, დედა ირწმუნება, რომ ამჯერად, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო და არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომ ის გლდანში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაეყვანათ:
„ეს კაცი მარის სისტემატურად ემუქრებოდა, რომ ფსიქიატრიულში გამოკეტავდა. რაკი ჩემი შვილი რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში, ისევ და ისევ მისი ძალადობისგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემების გამო, ეს მდგომარეობა ამ კაცმა სათავისოდ გამოიყენა. გამოიძახა სასწრაფო და მარი ფსიქიატრიულში წააყვანინა. ორი დღის წინ ისევ ემუქრებოდა მარის. მარიმ მითხრა, რომ კიდევ თუ დამემუქრება, ვეტყვი, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლებ და ყველაფერს ვეტყვი, როგორც მექცეოდიო. როგორც ჩანს, მისი მოშორება გადაწყვიტა. მარის ამჟამად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა იყო სრულიად ადეკვატური და ეს მის ლაივშიც ჩანს“.
სანამ 28 წლის მარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი საბავშვო მოედნიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანდა, მან ფეისბუკზე პირდაპირი ეთერის ჩართვა მოასწრო. ცხრაწუთიან ლაივში მარი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მშვიდად ელაპარაკება. უსვამს კითხვებს და თავადაც სცემს მათ კითხვებს პასუხს:
- რა გნებავთ ჩემგან?.. თქვენ მითხარით, რა გნებავთ ჩემგან.
- თქვენი სახელი?
- მე მარი მქვია. სანამ კითხვებს დამისვამთ, მე გკითხავთ, რა გნებავთ ჩემგან?
- მე გამოძახებაზე ვარ მოსული.
- გასაგებია, კანონდამრღვევი ვარ? რატომ მობრძანდით? მე მივდივარ სასეირნოდ.
- ჩვენ კანონდამრღვევებს ასე არ ვესაუბრებით და არ ვექცევით. ჩვენ გამოგვიძახა სოციალურმა სამსახურმა, მოსულები ვართ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან ერთად. ჩვენ გასარკვევი არაფერი გვაქვს.
- ეს თქვენი მეუღლეა, მარი?
- არა, ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ჯვარიც არ დაგვიწერია. მეუღლეა ადამიანი, თუ მასთან ან ჯვარი გაქვს დაწერილი, ან ხელი მოწერილი...
მარის დედა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ კობიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საქმე სასამართლოში განიხილება, ის ცოლ-შვილთან ურთიერთობას სისტემატურად ცდილობდა:
„როცა სახლში არ ვიყავი, ეს ადამიანი ამოდიოდა სახლში. ჩემს შვილზე აგრძელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. მარის ვუთხარი, პოლიციას მივმართავ-მეთქი, მაგრამ მითხრა, აზრი არ აქვს, პოლიცია აქამდეც დაგვიცავდა, შესაძლოა, ორივე მოგვკლასო. მარის სწორედ ასეთი განცდა ჰქონდა, მისი ეშინია“.
„დღეს სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბავშვი მოძალადე მამისგან“ - რას ამბობს ადვოკატი
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი ახლა რამდენიმე განცხადებას ამზადებს. ერთი განცხადება ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს გაეგზავნება. ამ განცხადებით, ადვოკატი მოითხოვს იმ სოციალური მუშაკის აცილებას, რომელმაც დაზარალებულის სტატუსის მქონე 3 წლის ბავშვი, ძალადობაში ბრალდებულ მამასთან „პირადი პასუხისმგებლობის“ საფუძველზე დატოვა:
„როდესაც ჩვენ დავუკავშირდით სოციალურ მუშაკს და ავუხსენით, რომ ბავშვს აქვს დაზარალებულის სტატუსი და მოვითხოვეთ, დაუყოვნებლივ გამოეყვანათ ბავშვი მოძალადისგან, მისგან მივიღეთ პასუხი, რომ წავიდოდა ადგილზე და შეამოწმებდა სიტუაციას. მოგვიანებით როცა დავუკავშირდით, სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ პირად პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ბავშვი დატოვოს მამასთან. როგორღა უნდა ვენდოთ იმ სოციალურ სამსახურს, რომელიც გვეუბნება, რომ პირად პასუხისმგებლობას იღებს, რომ ბავშვი დარჩეს მამასთან, რომელიც ძალადობაშია ბრალდებული? ჩვენ მოვითხოვთ ამ სოციალური მუშაკის აცილებას. როგორც ვიცით, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი საქმის კურსშია და მისგან ველოდებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას“.
მეორე განცხადებას ეკა ქობესაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანს:
„გუშინ, მაშ შემდეგ, რაც მარი წაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გამოვიძახეთ პოლიცია და მოვთხოვეთ, რომ მიხეილ კობიაშვილისთვის დაუყოვნებლივ გამოეწერათ შემაკავებელი ორდერი, წარვუდგინეთ მტკიცებულებები, რომ ბავშვი მამასთან არ იქნებოდა უსაფრთხოდ. პოლიციამ გვითხრა, რომ რაკი სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა, სამინისტრომ უარი თქვა ამ მომენტისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე“.
როგორც ეკა ქობესაშვილი გვიხსნის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული:
„პოლიციამ ნებისმიერ ეტაპზე, სადაც არ უნდა მიდიოდეს საქმის განხილვა, თუკი ვინმეს ემუქრება რაიმე საფრთხე, ვალდებულია გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ის ფაქტი, რომ საქმე სასამართლოში განიხილება, ვერ უზრუნველყოფს ვინმეს უსაფრთხოების დაცვას. რომელ უწყებაშიც არ უნდა შევიდეს განაცხადი ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იქნება ეს პოლიცია, სოციალური მუშაკი თუ სასამართლო, ეს უწყება ვალდებულია მაშინვე მოახდინოს რეაგირება და დაიცვას ბავშვის უსაფრთხოება. ის პასუხი, რომ რამდენიმე თვის წინ მოსამართლემ არ გამოიყენა ბრალდებულის მიმართ აკრძალვის მექანიზმი, დღეს პოლიციისთვის არ არის არგუმენტი, რომ არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი მიმართავს სასამართლოსაც და მოითხოვს, რომ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო, პატიმრობით შეიცვალოს:
„დღეს სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბავშვი მოძალადე მამისგან და მივიღეთ ის, რომ უწყებების ურთიერთშეუთანხმებელი მუშაობის შედეგად, ბრალდებულმა წაიყვანა დაზარალებული ბავშვი თავისთან მზრუნველობის ქვეშ“.
ასევე ნახეთ სისტემისთვის უჩინარი ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი - ვინ რა შეცდომა დაუშვა
ეკა ქობესაშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ კობიაშვილს ძლიერი მფარველები ჰყავს და ამ გზით ახერხებს, თავი აარიდოს იმ პასუხისმგებლობებსა და ბერკეტებს, რაც ოჯახში ძალადობაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ მოქმედებს:
„ეს სავარაუდო მფარველობა თავიდანვე, გამოძიების დაწყებისთანავე შეინიშნებოდა, შეინიშნებოდა ეს სასამართლოშიც. იმ მტკიცებულებების ფონზე, რა მტკიცებულებებიც ჩვენ წარვადგინეთ გამოძიებაში, ის მაინც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა, ზრუნვის სააგენტო ბავშვს მაინც მასთან ტოვებს. ადამიანთან, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი აქვს. შვილს კი დაზარალებულის. აშკარაა, რომ მას სერიოზული მფარველი ჰყავს, საქმეს აგვარებს ყველგან და ყველაფერში“.
მიხეილ კობიაშვილი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ მხოლოდ „ნაწილობრივ“ ცნობს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, გასული წლის 11 ოქტომბერს განაცხადა.
მოსამართლის დასმულ კითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავეს წარდგენილ ბრალდებებში, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობდა, მიხეილ კობიაშვილმა უპასუხა:
- ნაწილობრივ.
- ნაწილობრივ როგორ გავიგო? - ჰკითხა მას მოსამართლემ:
- იმიტომ, რომ ეს ოჯახური კონფლიქტები გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზის გამო.
- მიზეზებს არ გეკითხებით, რას ნიშნავს ნაწილობრივ? მუქარაში გედებათ ბრალი და ძალადობაში, რომელ ნაწილში გრძნობთ თავს დამნაშავედ?
- უბრალოდ მუქარა იყო, ეს იყო გაღიზიანება, როდესაც ბავშვს წამალი არ მიეწოდებოდა.
- მუქარის ნაწილში თავს დამნაშავედ გრძნობთ?
- დიახ.
- რაც შეეხება ძალადობას?
- არა, არანაირი, პირდაპირ ვამბობ.
- გასაგებია.
მისი ადვოკატი, რევაზ მოდებაძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გაღიზიანება უკავშირდებოდა იმ ქმედებებს, რაც ხდებოდა მის ოჯახში - შამანური, ჯადოქრული ქმედებები. ბავშვს სათანადოდ არ უვლიდნენ. ბავშვს რომ დასალევ წყალს ამოუტან და იმას გადაღვრიან და რაღაც მცენარეებს ჩაუყრიან წყალში და იმას აძლევენ, ადამიანს რაღაც რეაქცია გექნება, ხო? ამ რეაქციებზეა ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა სიტყვიერ დაპირისპირებაში გამოიხატა, თორემ არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფაქტორებზეა ლაპარაკი“.
რატომ გადასცა ბავშვი ზრუნვის სააგენტომ ძალადობაში ბრალდებულ მამას?
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალის საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის ოფისიც. თუმცა, დეტალების დაზუსტებისგან ისინი, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.
28 წლის ქალის დედა 14 მარტს შვილის მკურნალ ექიმს ელაპარაკა:
„გულისხმიერი ქალია. მითხრა, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა არ არის მწვავე და ის, ამ ეტაპზე, არ გადის არანაირ მედიკამენტოზურ მკურნალობას. მაშ, ისმის კითხვა, რატომ მიიღო მორიგე ექიმმა გუშინ გადაწყვეტილება, რომ ჩემი შვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაეწვინათ?“
რადიო თავისუფლება შვიდი თვეა აშუქებს ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული მიხეილ კობიაშვილის საქმეს. ამ შვიდი თვის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ პასუხების მოძიება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან, თუმცა, ვერცერთ ეტაპზე მათგან პასუხების მიღება ვერ მოხერხდა.
რადიო თავისუფლება 14 მარტსაც შეეცადა სააგენტოსგან მოეძიებინა კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაუტოვა სააგენტომ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ კაცს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.
რადიო თავისუფლება ესაუბრა იმ სოციალურ მუშაკს, რომელმაც ბავშვის ბრალდებულ მამასთან დატოვების გადაწყვეტილება მიიღო:
„ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ანუ, ჰქონდა თუ არა მამას ურთიერთობის აკრძალვა, შეეძლო თუ არა ბავშვთან კომუნიკაცია, ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივად ყველა დოკუმენტი ჩვენ განვიხილეთ, ვიცით და საქმის კურსში ვართ. ჩვენი პიარის ნომერს მოგცემთ, დაუკავშირდით, ძალიან გთხოვთ, რადგან საქმის კურსშია თავიდან ბოლომდე“.
მიუხედავად სოცმუშაკის მტკიცებისა, რომ სააგენტოს მზად ჰქონდა პასუხი ყველა კითხვაზე, რადიო თავისუფლება, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მიეღო სააგენტოსგან განმარტება ბრალდებულის სტატუსის მქონე მამისთვის შვილის დატოვების გადაწყვეტილების სისწორის შესახებ, თუმცა, სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა არაერთგზის დაპირების ფონზე, ეს პასუხი არ მოგვაწოდა
ასევე ნახეთ გირაოთი გათავისუფლებული კაცები - ქალების მკვლელობის იარაღი სისტემის ხელში?2023 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch, ეხმაურება "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებას, სადაც საუბარია ოჯახში ძალადობის საქმეების წარმოებისას გამოვლენილ მართლმსაჯულების ხარვეზებზე.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ 2022 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად, რაც ხშირად გამოხატულია ძალადობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაში. შედეგად, სასამართლოს მხრიდან, ოჯახში ძალადობის საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ გამოხატული ლმობიერი მიდგომა ზრდის შემდგომში უფრო მძიმე შედეგების დადგომის რისკებს და წარმოადგენს სახიფათო ტენდენციას. აღნიშნული ტენდენცია ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას - დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და უზრუნველყოს პრევენციული ზომების გატარება.
ასევე ნახეთ „ნუ მოვთხოვთ ქალებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან, როცა ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ“