იმ დღეს სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ სოციალური ქსელის კიდევ რამდენიმე მომხმარებელი ამოიღო მიზანში. ძირითადად ქალები.
სექსუალური შევიწროების ნიშნების შემცველი გზავნილები სტუდენტსა და აქტივისტს
27 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ლაშა ტალახაძემ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, თინათინ რუხაძეს სპორტსმენებისთვის პრემიების რეფორმის შესახებ ჰკითხა:
„ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად განავითარებს სპორტს. ბევრ სპორტსმენს, ვინც წარმატებს აღწევს, გვიფასდებოდა და გვიფასდება პრემიების სახით. ზუსტად ეს მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება პრემიების ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან რეფორმა?“
სწორედ ეს კითხვა-ინიციატივა გააკრიტიკა სოციალურ ქსელში 22 წლის სტუდენტმა და აქტივისტმა, თაკო ლოჩოშვილმა. ინსტაგრამზე ე.წ. სთორის სახით დადო ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ლაშა ტალახაძის ციტატა და „ქართული ოცნების“ დეპუტატი მონიშნა:
„ვაკრიტიკებდი მის ინიციატივას, რომ თურმე, ისევ სპორტს უნდა დაურიგდეს ჩვენი ბიუჯეტიდან თანხები და შემდეგ ისევ ჩვენ მოგვიბრუნდეს უკან ცუდად. არაერთი პოლიტიკოსი გამიკრიტიკებია სოციალურ ქსელში, მომინიშნავს ისინი, მათ შორის, ქალაქის მერი კახა კალაძე, „ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი, მაგრამ არასდროს არავის მოუწერია პირადად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თაკო ლოჩოშვილი და ჰყვება, რომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტიდან დაახლოებით ხუთ წუთში, ლაშა ტალახაძისგან პირადი შეტყობინება მიიღო:
„მწერდა, თუ კითხვა არ იცით, მოსმენა მაინც ისწავლეთ, თქვე საწყლებოო. ძალიან გავბრაზდი, რადგან ამას მწერდა ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება მიღებული იმ სფეროში, რაშიც მუშაობა დაიწყო, თუნდაც არალეგიტიმურად.
გადმოვიდა შეტევაზე და როდესაც პასუხი დავუბრუნე, დრო მოვა სულში ჩაგაფურთხებთ-მეთქი, მომწერა, „სხვაგან მომწვდები და იქ არ მოგიწიოს დაფურთხებაო“, - ამბობს თაკო ლოჩიშვილი, რომელმაც მოგვიანებით „ოცნების“ დეპუტატთან მიმოწერა სოციალურ ქსელებში, ე.წ. სქრინების სახით გაასაჯაროვა.
„ეს იყო არა უბრალოდ შეურაცხყოფა, არამედ იყო მისი მხრიდან სექსისტური განცხადება, რომელიც თავის თავში მოიცავდა სექსუალურ შევიწროებასაც, ამაზე ცუდი და ამაზრზენი, სხვა რა უნდა მისწეროს კაცმა, ე.წ. დეპუტატმა, გოგოს, მასზე გაცილებით პატარას. ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი. ამ გზავნილს მალევე მოაყოლა მეორე გზავნილი, „ერთ ადგილს ვერ მოჭამთ ვერავის“.
მაშინვე გავიფიქრე, ვუჩივლებ-მეთქი, მეგობრებმაც მირჩიეს, მაგრამ მივხვდი, რომ დღევანდელ სასამართლო სისტემაში, აზრი არ აქვს. მგონია, რომ ეს იქნება დროის ხარჯვა“, - ამბობს თაკო ლოჩოშვილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების სექსისტური, მიზოგინიური და, მათ შორის, სექსუალური შევიწროების ნიშნების შემცველი გზავნილები არც გასული, მეათე მოწვევის პარლამენტში ყოფილა უცხო.
მაგალითად, 2023 წლის ოქტომბერში, პარლამენტის სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა. თქვა, რომ მიზეზი, რის გამოც აქუბარდია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს აკრიტიკებდა, იყო ის, რომ „მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება“. შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზების კასკადი კი დაასრულა ფრაზით: „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.
ასევე ნახეთ მოუწევთ ბერაიას და ღუდუშაურს თავის მართლება სექსუალური შევიწროების საქმეზე?„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გასულ გაზაფხულზე, მაშინ, როცა პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირების გაუქმების იდეას აკრიტიკებდა.
მეათე მოწვევის პარლამენტში სექსისტური და მიზოგინიური გზავნილებით გამოირჩეოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ზაზა პაპუაშვილი.
კიდევ რას სწერს ლაშა ტალახაძე სოციალური ქსელების მომხმარებლებს?
ბოლო ორი დღეა „ქართული ოცნების“ ახალი დეპუტატი, ლაშა ტალახაძე, პასუხგაუცემელს არ ტოვებს მის მიმართ კრიტიკულ პოსტებსა თუ კომენტარებს.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს ის სწერს როგორც პირად შეტყობინებებს, ისე კომენტარებს უტოვებს პოსტების ქვეშ.
ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს ჯერ პირადი შეტყობინება მისწერა: „ვხედავ, ნენე შენს მოღვაწეობას... უსამშობლოების მონებად ხართ ქცეული და დროა გამოფხიზლდეთ. ისევ თქვენ დაიტანჯებით ამდენი იმედ გაცრუებებით“ [სტილი დაცულია].
შემდეგ კი მის ერთ-ერთ პოსტზე საჯარო კომენტარიც დატოვა: „ვინც შეურაწყოფას მომაყენებს 10 მაგს ელოდოს“ [სტილი დაცულია].
ლაშა ტალახაძე კიდევ არაერთ კომენტარს ეხმაურება, მათ შორის, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ფრაზებით.
იურისტი ანა არგანაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სრულიად მიუღებელია ის ქცევა, რომელსაც ლაშა ტალახაძე, როგორც საჯარო პირი - დეპუტატი და ცნობილი სპორტსმენი ავლენს მოქალაქეების მიმართ:
„იქნებ ის თავის თავს არ მიიჩნევს პარლამენტის წევრად, რადგან ამხელა თავისუფლებას აძლევს საკუთარ თავს და არ ჰგონია, რომ მას რაიმე ზღუდავს, როგორც საჯარო პირს? ანუ, ის უერთდება მოსაზრებას, რომ არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, რადგან ვერ ვხედავთ მის ქცევაში რაიმე თვითშეზღუდვას, რომელიც ყველა საჯარო პირს მოეთხოვება.
ჩემთვის გასაგებია ეს გზავნილი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ამ პარლამენტს აქვს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
ვინ სწავლობს დეპუტატების ქცევას?
დეპუტატების ქცევას არეგულირებს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.
ეთიკის კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.
ეთიკის კოდექსი პარლამენტმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საბჭოს მონაწილეობითა და ძალისხმევით 2019 წელს მიიღო. ის მუდმივმოქმედი დოკუმენტია და ყველა მოწვევის პარლამენტის საქმიანობაზე ვრცელდება.
დეპუტატის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევას კი ეთიკის საბჭო უნდა განიხილავდეს. საბჭო, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტს არ ჰყავს.
ხუთი წელი სრულდება, რაც საქართველოს პარლამენტს ეთიკის კოდექსი აქვს, მაგრამ საბჭოს შეკრება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ლიკა საჯაია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, წლების წინ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, თავადაც იყო ჩართული პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავებაში.
ის ამბობს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა არ გამოხატა პოლიტიკური ნება, რომ, ერთი მხრივ, ეთიკის კოდექსი ამოქმედებულიყო და შექმნილიყო ეთიკის საბჭო, მეორე მხრივ კი, მასში ჩაედო რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები:
„მაგალითად, ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის, პარლამენტარს დაექვითოს ხელფასი, აეკრძალოს ვიზიტებში მონაწილეობა, არაფერს მსგავს არ ითვალისწინებს ეს დოკუმენტი. ის გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას და ამის შესახებ ინფორმაციის დადებას პარლამენტის ვებსაიტზე.
ამ ადამიანებს რომ „შერცხვენის“ არ რცხვენიათ, ამაში დარწმუნებულები ვართ. ამიტომ, თუკი ოდესმე ეს კოდექსი ამოქმედდება, ის ვერ იმუშავებს, თუკი არ გაიწერება ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები და, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ხელფასის დაქვითვა, რომ ამან რაიმენაირად მაინც იმუშაოს და მოიტანოს ეფექტი“, - ამბობს ლიკა საჯაია.
თუმცა, მისივე სიტყვებით, ახლა, როდესაც პარლამენტი შეკრებილია და მისი უფლებამოსილება ცნობილია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საფუძველზე, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი, რომელმაც კონსტიტუცია უგულებელყო, ეთიკის კოდექსის ან პარლამენტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს:
„ჩვენ ყველას გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტი, შეურაცხყოფის, გინების, დისკრიმინაციული, სექსისტური გზავნილების კასკადი ქალების მიმართ. ყველაფერი, რაც კი არაეთიკური შეიძლებოდა გვენახა, უკვე ვნახეთ წინა მოწვევის პარლამენტში.
ახლაც, სულ რამდენიმე დღეა, რაც შეიკრიბა ეს არალეგიტიმური პარლამენტი და უკვე ვხედავთ, როგორ იქცევიან მისი წევრები სოციალურ ქსელებში, აქედან გამომდინარე, არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი ეთიკის კოდექსსა და ეთიკის საბჭოზე დაიწყებენ ფიქრს“, - ამბობს ლიკა საჯაია და განაგრძობს: „მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის ღია მმართველობის საბჭომ საქართველოს წევრობა შეუჩერა“.
წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება ღია მმართველობის საბჭომ დაახლოებით ერთი თვის წინ, 2024 წლის 16 ოქტომბერს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ მაისში, უშედეგოდ მოუწოდა გაეწვია „აგენტების კანონი“.
OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა.
თუკი საქმე სექსუალურ შევიწროებას ეხება, დეპუტატს იმუნიტეტი მაინც იცავს?
იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის წევრის შეურაცხმყოფელ ფრაზებს, მიმართვებს ქალი სექსუალურ შევიწროებად აღიქვამს, თავს დამცირებულად გრძნობს, მას შეუძლია, რომ სექსუალური შევიწროების დადგენის მოთხოვნით მიმართოს ან სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას და ან სახალხო დამცველს.
სექსუალური შევიწროება და დისკრიმინაცია არის სექსუალური ძალადობის საერთაშორისოდ აღიარებული ფორმა და ასეთ დროს დეპუტატს იმუნიტეტი არ იცავს.
გარდა ამისა, სექსუალური შევიწროება, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელზეც არ ვრცელდება დეპუტატის იმუნიტეტი.
წაკითხული აქვს თუ არა ლაშა ტალახაძეს, მაგალითად, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი? იცის თუ არა, რომ საჯარო პირს თმენის ვალდებულება აქვს და ეს საერთაშორისო სტანდარტია? იცის თუ არა, რას ნიშნავს სექსისტური, დისკრიმინაციული გამონათქვამები?
რადიო თავისუფლება შეეცადა, ეს და სხვა კითხვები დაესვა დღეს ლაშა ტალახაძისთვის. მას მივწერეთ როგორც სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე, სადაც ასე აქტიურია ბოლო ორი დღის განმავლობაში, ასევე მასთან ურთიერთობისთვის დახმარება ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურსაც, თუმცა, ლაშა ტალახაძესთან გასაუბრება, ამ დრომდე, ვერ მოვახერხეთ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მხოლოდ მმართველმა პარტიამ აღიარა, რის საფუძველზე 25 ნოემბერს პარლამენტიც შეიკრიბა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა კი საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს.
ბარიერგადალახულმა სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, "კოალიციამ ცვლილებისთვის", "ძლიერმა საქართველომ" და "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.
27 ნოემბერს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებმა (19 მანდატი) და მანამდე, 25 ნოემბერს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი.
ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპის დარღვევის საფუძვლით არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია პრეზიდენტის სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლოში მე-10 მოწვევის პარლამენტის 30 ოპოზიციონერ დეპუტატზე მეტის ხელმოწერით შეტანილია კიდევ ერთი სარჩელი.