უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შეცვალა რუსეთის როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ვექტორი, ასევე განათლების სისტემაც. რუსეთს მოუწია ბოლონიის პროცესიდან გასვლა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, უთუოდ იქონიებს გავლენას უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხზე, სტრუქტურასა და ხელმისაწვდომობაზე.
ამავე დროს, რუსეთის აღმოსავლეთისაკენ მასშტაბური მიბრუნების ფონზე უმაღლეს სასწავლებლებშიც გაძლიერდა ჩინური ენის სწავლების კომპონენტი. ეს ევროპული ენების ხარჯზე, რამაც სტუდენტთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა გადის ბოლონიის პროცესიდან - ევროპული სისტემიდან, რომელიც ახდენს უმაღლესი განათლების სტანდარტიზებასა და განვითარებას.
2023 წლის თებერვლის ბოლოს ამაზე ილაპარაკა ვლადიმირ პუტინმაც ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვაში.
წავიდა თუ გაუშვეს?
ბოლონიის პროცესი, რომელშიც ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც, განათლების სისტემების დაახლოებასა და ჰარმონიზაციას და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ისახავს მიზანდ. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის გარდა, ეს პროცესი ემსახურება ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერებას, ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
რუსეთი ბოლონიის პროცესს 2003 წელს შეუერთდა.
2022 წლის მაისის ბოლოს რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ვალერი ფალკოვმა განაცხადა, რომ ბოლონიის პროცესი რუსეთისთვის „განვლილი ეტაპია“. ფალკოვამდე ევროპის უნივერსიტეტებთან კავშირის გაწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პიოტრ ტოლსტოი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ სადოვნიჩი, თუმცა მალევე რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დმიტრი აფანასიევმა დააზუსტა, რომ რუსეთი და ბელარუსი ბოლონიის პროცესის საერთაშორისო სტრუქტურებიდან ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში გაირიცხნენ.
„ქაოსის ოთხი გარდამავალი წელი“
2023 წლით თებერვალში ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა რუსეთის ტრადიციული უმაღლესი განათლების საბაზისო სწავლების უპირატესობაზე.
რუსეთის განათლების სამინისტროს განცხადებებიდან გამომდინარეობს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება: სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, სწავლას ძველი სისტემით დაასრულებენ. დროთა განმავლობაში კი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ჩაანაცვლებს ცნობილი „სპეციალიტეტი“ - საბჭოთა რუსეთსა და სსრკ-ში მიღებული უმაღლესი განათლების ხუთწლიანი სქემა.
სპეციალისტები შენიშნავენ, რომ ცვლილება ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება. „წლების განმავლობაში შენარჩუნდება შერეული სისტემა, რომელშიც სპეციალიტეტთან ერთად იარსებებენ ბაკალავრიატიები და მაგისტრატურები. ასე იყო 20 წლის წინაც, როცა რუსეთი მიუერთდა ბოლონიის პროცესს, ოღონდ ახლა მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით წარიმართება - სპეციალიტეტები თანდათან ჩაანაცვლებენ ბოლონიის სისტემის საფეხურებს. ასეთი ზომები უთუოდ გამოიწვევს ქაოსს“, - ამბობს ვასილი ჟარკოვი, ვილნიუსის ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ რუსეთის უმაღლესი განათლების სისტემას წინ ელის „ქაოსის ოთხი გარდამავალი წელი“, თუმცა, მისი ვარაუდით, კატასტროფა არ მოხდება, რადგან რუსეთში უმაღლესი განათლების სისტემა მიჩვეულია ცვლილებებს.
„სტუდენტებისთვის უარესი იქნება, რადგან დაკარგავენ განათლების ტრაექტორიის უფასოდ შეცვლის შესაძლებლობას. პროვინციაში მდებარე უნივერსიტეტები იხეირებენ, რადგან სტუდენტებს აღარ მიიზიდავენ დიდი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამები. სრულფასოვნად ბოლონიის სისტემას რუსეთში არც უმუშავია: რუსული დიპლომების პრესტიჟი ბოლონიის პროცესში მონაწილეობით დიდად არ გაზრდილა“, - ამბობს ის.
„ბაკალავრიატი პლუს სამაგისტრო“ სისტემა (ჩვეულებრივ, 4- და 2-წლიანი) უმტკივნეულოდ ვერ შეიფუთება ხუთწლიან სპეციალიტეტად, - მიიჩნევს რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი.
„ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში იყო ასეთი სამაგისტრო პროგრამა: „მომავლის ქალაქების დაპროექტება“, რომელშიც ლექციებს ვკითხულობდი. პროგრამა უკვე დახურულია, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ის მუშაობს. ჩემი იდეა მარტივია: ქალაქი არ არის ინფრასტრუქტურა, ქალაქი ხალხია. პროგრამა არ ეფუძნებოდა რაიმე კონკრეტულ ბაკალავრიატს. ვასწავლიდი როგორც არქიტექტორებს, ასევე მუნიციპალური ადმინისტრირების სპეციალისტებს, მყავდა უცხოელი სტუდენტებიც, ორი და სამი წლის წინანდელი ბაკალავრებიც“, - ამბობს ის.
არა უბრალოდ წლები
ბოლონიის პროცესიდან დისტანცირების შემდეგ, რუსეთს სხვა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების შანსი არ აქვს, - ამბობს ანდრონიკ არუთიუნოვი, რუსეთის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი.
არუთიუნოვის თქმით, „ამერიკაში სისტემა ფორმალურად განსხვავებულია, მაგრამ არსებითად თავსებადია ბოლონიის სისტემასთან. ყველაზე „ბოლონიზებული“ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ყაზახეთია. ინდოეთის უნივერსიტეტები, რომლებიც დაარსებულია ბრიტანეთში მცხოვრები ემიგრანტების მიერ, ევროპული უნივერსიტეტებისკენ არიან მიდრეკილნი. ინდოეთში, ისევე როგორც ევროპაში, არსებობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ჩინური საგანმანათლებლო სისტემაც მიდრეკილია ამერიკულისკენ, დიდი რაოდენობით ჩინელი სტუდენტი სწავლობს აშშ-ში. ერთი სიტყვით, არ არსებობს ალტერნატიული აკადემიური სივრცე, რომელსაც შეიძლება მიუერთდეს რუსული უმაღლესი განათლების სისტემა“,
არუთიუნოვი ხაზს უსვამს, რომ რუსი სტუდენტებისთვის დასავლეთის უნივერსიტეტებში შესვლის შესაძლებლობა ჯერ ისევ რჩება. შესაძლოა მათ მოსთხოვონ ისეთ ქაღალდზე ხელის მოწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ომის წინააღმდეგი არიან.
„ბოლონიის პროცესი მხოლოდ 4+2 სისტემა არ არის, რაზეც "ფსევდოპატრიოტები" საუბრობენ. ბოლონიის პროცესი - ეს მულტიფაქტორული ამბავია: სამეცნიერო წოდებების ურთიერთაღიარება, უნივერსიტეტებს შორის კურსების ურთიერთჩათვლა. საერთო კრებების გამართვა, ერთიანი აკადემიური სივრცის ფორმირება. ის, რაც წერია ერთი ქვეყნის განათლების დოკუმენტებში, აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული სხვა ქვეყნების ანალოგიურ დოკუმენტებთან. ბოლონიის სისტემა - ეს არის უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ამბავი. საუბარია იმაზე, რომ უნივერსიტეტი არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც სწავლობენ, არამედ სადაც მეცნიერებაც იქმნება. რომ უნივერსიტეტი გარკვეულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. იგულისხმება აკადემიური თავისუფლება, გახსნილობა, ცენზურის არდაშვება, ჰუმანიზმი, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა“, - განმარტავს არუთიუნოვი, რომელიც ასე ასკვნის:
„პუტინისა და ფალკოვის სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ სურთ მაგისტრატურაში სწავლა ფასიანი გახადონ. ისინი ამბობენ, რომ ბაკალავრიატი არის უმაღლესი განათლების სრულფასოვანი სისტემა და მას უნდა დაეყრდნონ. პარალელურად საუბრობენ, რომ მაგისტრატურა ან შემცირდება, ან ფასიანი გახდება“.
ფიზიკოსების ამბოხი
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის (МФТИ) სტუდენტებმა გააპროტესტეს ჩინური ენის, როგორც მეორე სავალდებულო ენის შემოღება და ევროპული ენების (ფრანგულის, გერმანულის, ესპანურის) სწავლის შესაძლებლობის გაუქმება. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რუსეთის სხვა უნივერსიტეტებში მსგავსი პრაქტიკა ჯერ არ დანერგილა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, თვალშისაცემად გაიზარდა რუსეთის შრომის ბაზარზე ჩინური ენის ცოდნაზე მოთხოვნა.
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში მომდევნო სასწავლო წლიდან სტუდენტებს ორი სავალდებულო უცხო ენის შესწავლა მოუწევთ: ინგლისურის და ჩინურის. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ბევრი სტუდენტის გულისწყრომა, რომელმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც გაჟონა.
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების პროფკავშირის კომიტეტმა გამოკითხა სტუდენტები, მხარს უჭერენ თუ არა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.
„ახლა განვითარების გლობალური ვექტორი აღმოსავლეთისკენაა მიმართული, მაგრამ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის თვალსაზრისით, ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი მრავალი სხვა უნივერსიტეტისგან განსხვავდება თავისი მოქნილობით. ამიტომ, როცა სტუდენტებს მეორე სავალდებულო ენად ჩინურს გვაძალებენ, რბილად რომ ვთქვათ, არ მოგვწონს“, - განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ინსტიტუტის სტუდენტთა პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ისმაგილოვმა.
ისმაგილოვი ამბობს, რომ სტუდენტების უმეტესობა უკმაყოფილოა სიახლით. სტუდენტები აგროვებენ ხელმოწერებს და მოითხოვენ სავალდებულო ჩინურის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვას.
ორი საათი ინგლისური, ორი საათი ჩინური
2023 წლამდე მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში ინგლისური იყო სავალდებულო პირველი უცხო ენა. თუმცა სასწავლებლის პროგრამა, სურვილის შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებდა მეორე უცხო ენის სწავლებასაც, ენებად კი შერჩეული იყო გერმანული, ფრანგული, ესპანური და ჩინური.
„მეორე ენის არჩევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ადრე, ინგლისური ენის გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, მეოთხე კურსზე ინგლისურის ნაცვლად მეორე ენის აღება იყო შესაძლებელი. ახლა საუბარია იმაზე, რომ მესამე კურსიდან სტუდენტების დაახლოებით ნახევარი ერთდროულად ისწავლის როგორც ჩინურს, ასევე ინგლისურს. კვირაში იქნება ორი საათი ჩინური და ორი საათი ინგლისური. ჩინური ენა თავისთავად რთულია, ასეთი დაბალი ინტენსივობით კი ორ წელიწადში ვერაფრით ისწავლი“, - ამბობს ალექსანდრ ისმაგილოვი.
ახლაც, თუ სტუდენტმა კარგად იცის ინგლისური, მას შეუძლია ოთხი წლის განმავლობაში ისწავლოს ჩინური ენა: კვირაში ოთხი საათი. სასწავლებლის უცხო ენების დეპარტამენტი რეგულარულად ატარებს ჩინეთთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, იქნება ეს ჩინურენოვანი კლუბის გახსნა, ჩინური ჩაის საღამოების ორგანიზება თუ ჩინური კინოს ჩვენება.
ისმაგილოვის თქმით, სტუდენტებს არც ის მოსწონთ, რომ ჩინურ ენას აძალებენ და არც ის, რომ სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობას უზღუდავენ.
უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ სტუდენტებს ჯერ არ ესმით, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობაში ხდება გლობალური ცვლილებები, მათ შორის ჩინურ ენაზე გადასვლის სახითაც. უმაღლესი სასწავლებლის პრესსამსახურმა კომენტარი გააკეთა გამოცემა „ვედომოსტისთან“: „სწორედაც რომ ჩინურ ენაზეა დაწერილი ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ძირითად მიმართულებებში სამეცნიერო სტატიის 27%, მკვლევრების პროგნოზით, 2030 წლისთვის ტექნიკური და საინჟინრო დოკუმენტაციის 50% გამოქვეყნდება ჩვენი აღმოსავლელი მეზობლის ენაზე. ჩინური ენის სწავლებისას ჩვენ, პირველ რიგში, ორიენტირებული ვართ ტექნიკური თარგმანის დაუფლებაზე“.
სასწავლებლის პრესსამსახურში ასევე ამბობენ, რომ მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებს ჩინურ ენას ასწავლის 12 მასწავლებელი, რომელთაგან რვისთვის ჩინური მშობლიური ენაა.
ჩინურზე მოთხოვნა იზრდება
„კოვიდის დროიდან მოყოლებული, ჩინეთში უამრავი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად. მოსაწვევები ეგზავნება მკვლევართა ფრთო წრეს. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ასე არ იყო“, - ამბობს რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რომლის თქმითაც, ჩინურის სწავლა მეცნიერებისთვის სულაც არ არის უსარგებლო, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ კარგად ესმის სტუდენტებისაც, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ იძულებითი სწავლების გამო. ჩინეთი მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში, მაგრამ ის ასევეა ავტორიტარული სახელმწიფო, რაც შეიძლება ბევრს აფრთხობს. გარდა ამისა, სი ძინპინთან პუტინის მეგობრობის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციის ღალატში ბრალდებულ მეცნიერთა უმეტესობამ, რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ესა თუ ის ინფორმაცია სწორედ ჩინეთს გადასცა. ასე რომ, ჩინელ კოლეგებთან ურთიერთობა ყოველთვის არ არის უსაფრთხო.
ასევე ნახეთ რუსი მეცნიერები ციხეშიგამოცემა „როს-ბიზნეს-კონსალტინგმა“ (РБК) გამოაქვეყნა Superjob-ისა და Headhunter-ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, წლის განმავლობაში ვაკანსიების რაოდენობა, რომელიც მოითხოვს ჩინურის ცოდნას, გაიზარდა 1,5-2-ჯერ. რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, რუსულ უნივერსიტეტებში ჩინურს ახლა 22 ათასი სტუდენტი სწავლობს, ბევრი უნივერსიტეტი კი აფართოებს მის სწავლების მასშტაბს.
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს, რუსეთის არმიისთვის შესრულებული სამუშაოების გამო, სანქციები აქვს დაწესებული.
მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მასალების მიხედვით