დამიხატია, დამითესია, დაუმალია, უთქვია, დაურეკია, მინახიხარ... - აი, ამ ფორმით დაწერილ -ავ და -ამ თემისნიშნიან ზმნებს ვეღარც მასწავლებელი გაგისწორებთ, ვეღარც რედაქტორი და ვეღარც ე.წ. „გამსწორებელი“, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებითა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილებით, -ავ და -ამ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნებში I თურმეობითის ფორმათა წარმოებისას, - ია დაბოლოებიანი ფორმები, როგორიცაა, მაგალითად, უნახია, დაუთესია, დაურეკია და ა.შ. დასაშვებ ნორმად იქნა მიღებული.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუკი ნაცვლად "დამირეკავს" ფორმისა, "დამირეკია"-ს, ან თუკი "მინახავხარ"-ის ნაცვლად "მინახიხარ"-ს დაწერ, ვეღარავინ მიგითითებს, რომ გრამატიკულად გაუმართავ, დაუშვებელ ფორმებს იყენებ.
ექსპერტთა კომისიამ ეს ორივე ფორმა პარალელურ ფორმებად დაადგინა და ახლა თქვენი გადასაწყვეტი იქნება, რომელი ფორმა უფრო მოგწონთ გამოსაყენებლად - "მითქვია" თუ "მითქვამს", "დამიხატიხარ" თუ "დამიხატავხარ" და ა.შ.
ცვლილებების განხილვისას პროექტის ავტორებმა იხელმძღვანელეს ქართველი ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას ერთ-ერთი ცნობილი ფრაზითა და პრინციპით: „სალიტერატურო ქართული ენა, როგორც ყოველი ცოცხალი ენა, უცვლელი ვერ იქნება. ამოცანა ისაა, რომ ცვლის ეს პროცესი მიზანშეწონილად წარვმართოთ: შევინარჩუნოთ და დავიცვათ ყველაფერი, რაც ფასეული შეუქმნია ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ერთი მხრით, მეორეცაა და სალიტერატურო ენას შევუნარჩუნოთ სათანადო კავშირი ცოცხალი ხალხური მეტყველების უშრეტ წყაროსთან“.
განახლებული ნორმების ერთ-ერთი ინიციატორია გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
გიორგი გოგოლაშვილის ინიციატივა კი დაეფუძნა წლების განმავლობაში, როგორც მისი, ისე სხვა ენათმეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ თანამედროვე ენაში, -ია დაბოლოებიანი ფორმების სიჭარბე და ისტორიული მართებულობა იძლეოდა საშუალებას, რომ დასმულიყო მათი არსებობის კანონიერების საკითხი:
„ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის შესახებ საუბრობდა ენათმეცნიერი ზურაბ ჭუმბურიძე. ამ საკითხს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ვიკვლევდი მეც, სადაც ვასაბუთებდი, რომ -ია დაბოლოებიანი ფორმები გრამატიკული თვალსაზრისით სრულიად კანონზომიერი ფორმებია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი გოგოლაშვილი.
როგორც ის გვიხსნის, განახლებული ნორმების დასადგენად რამდენიმე მთავარი მომენტი იყო გასათვალისწინებელი - ისტორიული მართებულობა, ფორმების ფართო გავრცელება და ფორმათა კანონზომიერება. ამ შემთხვევაში კი მისი თქმით, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთან თანხვედრაში აღმოჩნდა:
„ენობრივი კანონზომიერების თვალსაზრისით, -ავ და -ამ თემის ნიშნიანი ზმნების -ია დაბოლოებიან ფორმებზე გადასვლა კანონზომიერი გრამატიკული მოვლენაა. გარდა ამისა, -ია დაბოლოებიანი ფორმები, დღესდღეობით გაცილებით ჭარბობს ზეპირმეტყველებაში. მაგალითისთვის, ვიცით, რომ აქამდე ერთადერთ სწორ ფორმას წარმოადგენდა - მინახავს, მინახავხარ და არა მინახია, მინახიხარ. არადა, -ია დაბოლოებიანი ფორმები უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე მინახავხარ და ა.შ. გადაიხედა ამ ფორმების სტატისტიკა და რამდენადაც ეს გრამატიკული კანონზომიერების თვალსაზრისითაც დასაშვები ფორმა იყო, მისი გავრცელებულობა არ ჩამორჩებოდა და პირიქით, ჭარბობდა დამკვიდრებულ ნორმას და გარდა ამისა, ისტორიულადაც მართებული იყო მისი დაშვება, დაისვა საკითხი, ხომ არ მივდიოდით ენის განვითარების კანონზომიერების წინააღმდეგ, როდესაც უარს ვამბობდით ნორმის ცვლილებაზე? არადა, რა გამოდიოდა, გვქონდა ნორმა, რომელსაც ვერ ვიცავდით. გადახედეთ, ტელევიზიას, პრესას, რადიოს... ეს ფორმები, მინახავხარ, და ა.შ. ძალიან იშვიათად გამოიყენება. ენა თავისი განვითარების გზით მიდის და ჩვენ ვერანაირი კანონით და ნორმით ვერ შევაჩერებთ მას. არ არსებობს უცვალებელი ნორმა. ნორმა ცვალებადი ფენომენია. შესაბამისად, ჩვენ ხელოვნურად არ უნდა დავაბრკოლოთ კანონზომიერი ენობრივი ცვლილებები“.
გიორგი გოგოლაშვილი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ თუკი აქამდე, ერთადერთ სწორ ფორმად ითვლებოდა -ავ დაბოლოებიანი ფორმა, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებითა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დადგენილებით, დასაშვებ ფორმად იქნა მიღებული -ია დაბოლოებიანი ფორმაც, ანუ ეს ორი ფორმა პარალელურ ფორმებად ჩამოყალიბდნენ და ამიერიდან, ორივე მათგანის გამოყენება ნორმად და დასაშვებად ჩაითვლება.
მაკა თეთრაძე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საინფორმაციო ანალიტიკური კვლევის მენეჯერი და სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრია. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც განახლებული ნორმის პროექტს 2022 წლის აგვისტოში მხარი არ დაუჭირა.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მიაჩნია, რომ უმჯობესია, სალიტერატურო ენაში პარალელური ფორმები არ გვხვდებოდეს:
„ამ საკითხის განხილვისას აღმოვაჩინე, რომ როდესაც საქმე სალიტერატურო ენას ეხება, მკაცრი კონსერვატორი ვარ და მირჩევნია, რომ პარალელური ფორმები არ იყოს ნორმირებული. მსგავსი ფორმები, სამომავლოდ, როგორც წესი, გაურკვევლობას იწვევს ხოლმე და უმჯობესია, ერთი რომელიმე კონკრეტული ფორმა იყოს არჩეული. მე ვემხრობოდი, რომ კვლავ ნორმად დარჩენილიყო ერთი, -ავ დაბოლოებიანი ფორმა. თუმცა, საკითხი, ცხადია, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა“.
მწერალი დავით გაბუნია თავის პიესებსა თუ რომანებში, არც თუ იშვიათად გამოიყენებს, ე.წ. პარალელურ ფორმებს. ამბობს, რომ ამას თავად ლიტერატურის ენა მოითხოვს. პარალელურ ფორმებს ის უფრო მეტად სტილისტიკის ნაწილად განიხილავს, რომელიც მაგალითად, თუნდაც პერსონაჟის ხასიათის, მეტყველების მანერის, რაიმე საკითხთან დამოკიდებულების გამოსახატად სჭირდება:
„მაგალითად, სიტყვა „მინახავხარ“. ყველამ ვიცით, რომ ამ სიტყვის სწორი ფორმა სწორედ ესაა, მაგრამ პრაქტიკაში არავინ ვიყენებთ. თუკი ჩემს ტექსტში ამ ფორმას გამოვიყენებდი, შესაძლოა, მას ჰქონოდა თუნდაც ირონიული კონტექსტი. ლიტერატურის ენაში, ამ მხრივ, მეტ-ნაკლები თავისუფლებაა. და აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ პერსონაჟის მეტყველებას. ცხადია, რომ დიალოგების წერისას ზეპირმეტყველებაში დამკვიდრებული ფორმები უფრო ბუნებრივია, მაგრამ მესამე პირის თხრობაშიც არის მეტ-ნაკლები თავისუფლება. კი, რედაქტორები ხშირად გვიბაკუნებენ ხოლმე ფეხებს, მაგრამ თუკი უფრო დაჟინებული იქნები, მაინც გაიტან შენსას. ის ენათმეცნიერები და საბჭოები, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს განიხილავენ, როგორც წესი, კონსერვატორები არიან, ძალიან ებღაუჭებიან გარკვეულ ფორმებს. ამიტომ ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო მათი ასეთი გადაწყვეტილება და ამან გარკვეული აჟიოტაჟიც გამოიწვია. ფაქტობრივად, უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც სამეტყველო ფორმა დაუშვეს პარალელურ სწორ ფორმად, რასაც მე ნამდვილად მივესალმები“.
ცვლილებებთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან პედაგოგები და აბიტურიენტები. წელს ჩატარდება პირველი ეროვნული გამოცდები, როცა „გამსწორებელი“, აბიტურიენტების ტექსტებში ნანახ ორივე, -ავ და -ია დაბოლოებიან ფორმებს, სწორ ფორმებად ჩათვლის. მთავარია, აბიტურიენტებმა თავად გადაწყვიტონ, რომელი ფორმა უფრო მოსწონთ მათ სტილისტურად, მაგალითად, მითქვია თუ მითქვამს, დაურეკია თუ დაურეკავს და ა.შ.
თეონა ბექიშვილი, ფილოლოგი და პედაგოგი, თუკი აქამდე აბიტურიენტებს ასწავლიდა, რომ ორპირიან -ავ და -ამ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნებში I თურმეობითის ფორმათა მართლწერისას, გამოყენებული უნდა ყოფილიყო -ავ ელემენტიანი დაბოლოება, ახლა ასწავლის, რომ სალიტერატურო ენაში უკვე დამკვიდრდა პარალელური ფორმები და ორივე, -ავ და -ია დაბოლოებიანი ფორმები, ნორმად და დასაშვებად ითვლება:
„რამდენიმე თვეა პედაგოგები უკვე ვასწავლით, რომ ეს ფორმები დასაშვებია. თუმცა, თუკი, მაგალითად, ქართული ენის გამოცდაზე, რედაქტირების ნაწილში მოვიდა მსგავსი ფორმა, აბიტურიენტი შესაძლოა დაიბნეს და ჩათვალოს, რომ გასასწორებელია. თუმცა, მსგავს ახალ ცვლილებებს, გამოცდების ეროვნული ცენტრი, როგორც წესი, ითვალისწინებს ხოლმე და ჩემი აზრით, ასე პირველივე წელს არ შეიტანს რედაქტირების ნაწილში ისეთ ფორმებს, რაც გამოიწვევს დაბნეულობას. რაც შეეხება გამოცდის სხვა ნაწილებს, თხზულებასა და ესსეს, ცხადია, ამ ახალი გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებს სრული თავისუფლება ეძლევათ აირჩიონ ის ფორმა, რომელიც მათ უფრო მოსწონთ. შემფასებელი ამის გამო აბიტურიენტს ქულას ვერ დააკლებს“.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაცაა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისთვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება, პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ქართულ ენაში განახლებული ნორმების შემოღების შესახებ.
ენაში დამკვიდრებული ნორმების ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისია ხმათა უმრავლესობით. კომისია 47 წევრისგან შედგება.