რატომ არასდროს გაუთავდება რუსეთს ფული ომისთვის? პასუხობს ეკონომისტი ვლადისლავ ინოზემცევი

"ომის დაწყებიდან დღემდე ხელფასები დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა, გიგანტურია დაკრძალვის ხარჯები, რომელიც ომის პირველივე დღიდან დააწესა პუტინმა და მას შემდეგ სულ იზრდება..." - ვლადისლავ ინოზემცევი.

2025 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები მეოთხედით - რეკორდულ 13,5 ტრილიონ რუბლამდე გაიზრდება, რაც რუსეთის მშპ-ს 6.31%-ს შეადგენს და ორჯერ მეტია, ვიდრე პენსიებსა და შემწეობებზე დახარჯული სახსრები.

ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლების პროგნოზით, ნავთობისა და გაზის შემოსავალი 2027 წელს 2024 წელთან შედარებით 14%-ით შემცირდება. Current Time ესაუბრა ეკონომისტ ვლადისლავ ინოზემცევს რუსეთის ომის ხარჯებსა და პუტინის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც მან უკრაინასთან ომს მოარგო.

„ფული არის ბოლო რამ, რაც სახელმწიფოს ამოეწურება“

- 2025 წელს რუსეთი სამხედრო ხარჯებზე 13,5 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს. ყოველთვის იქნება საკმარისი ფული ომისთვის?

- დიახ, ყოველთვის იქნება საკმარისი ფული ომისთვის. პრინციპში, არსებობს [ფულის] რამდენიმე წყარო. ერთი მხრივ, ეს არის გადასახადების ზრდა, მეორე მხრივ, ეს ის ფულია, რომელიც სახელმწიფომ წინა წლებში დააბანდა ეკონომიკაში, [წინსწრებით] დაფარა სამხედრო ხარჯები.

რუსეთის ეკონომიკა საბაზრო ეკონომიკაა, განსხვავებით საბჭოთა ეკონომიკისგან: ეს ხარჯები ზრდის შეკვეთებს ეკონომიკის სხვა სექტორებში. ფული, რომელსაც უხდიან სამხედროებს ან, გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ოჯახებს, პირდაპირ იღვრება ეკონომიკაში, რითაც რეალურად იზრდება მოთხოვნა.

გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინმა ბოლო წლებში ძალიან ძლიერად მოახდინა ეკონომიკის დერეგულირება. მართალია რუსეთის ეკონომიკა ძლიერაა მიბმული სახელმწიფოს, მაგრამ არა დიდწილად… რუსეთში ოთხი მილიონი ადამიანი გახდა თვითდასაქმებული: აქვთ შემოსავალი, იხდიან გადასახადებს. მეორე მხრივ, ისინი უფრო თავისუფლად ხარჯავენ ფულს და ამით დამატებით მოთხოვნას ქმნიან.

ანუ ეკონომიკა გამოდის ჩრდილიდან, მცირდება კაპიტალის გადინება, წარმოების სიმძლავრე თითქმის სრულად არის ათვისებული, ხელფასები იზრდება. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ერთად ქმნის სიტუაციას, რომელშიც [ეკონომიკის] შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავ.

- რას გაწირავს სახელმწიფო ომის დანახარჯების გაზრდისთვის?

ამაგრებენ ლულას T-72BZ ტიპის ტანკზე. „ურალვაგონზავოდის“ №130 მექანიკური საამქრო ნიჟნი ტაგილში.

- იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ახლა გვაქვს, ნათლად ჩანს, რომ იგეგმება საპენსიო ფონდში გადარიცხვების, რეგიონებისთვის სუბსიდიებისა და ინფრასტრუქტურაზე დანახარჯების შემცირება. არის ამ ბიუჯეტში ბევრი რამ, რასაც შეიძლება შეელიო.

თუმცა, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს, მთავრობას კი ჯერ ბოლომდე არ ესმის, რამდენად სერიოზული იქნება ეს ზრდა. იმიტომ, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილია დამატებითი გადასახადების შემოღება - დაახლოებით 2,6 ტრილიონი [რუბლის] ოდენობით. მე ეჭვი მაქვს, რომ ისინი სულ მცირე სამს [ტრილიონს] გადააჭარბებს. თუნდაც იმ ინფლაციის გამო, რომელიც იქნება ამ წლის განმავლობაში.

ასევე ნახეთ რამდენს გაუძლებს რუსეთის გადახურებული ეკონომიკა?!

მეორეც, ჩვენ გვესმის, რომ 1 იანვრიდან შემოდის დამატებითი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის. ხშირად ამბობენ, რომ ეს არის დამატებითი შემოსავალი, მაგრამ ასე არ არის, რადგან მისი აკრეფა მხოლოდ 2026 წლიდან დაიწყება. ამრიგად, რეალური ნახტომი 2026 წელს მოხდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი არის ადაპტაცია ახალ რეალობასთან. და 2026 წლიდან, თუ სამხედრო ხარჯები განაგრძობს ზრდას, ვფიქრობ, ეს მოხდება უფრო ნელა, ვიდრე ახლა, ხოლო შემოსავლები - უფრო სწრაფად გაიზრდება. ასე რომ, სავარაუდოდ, 2026 წელს ბიუჯეტი კიდევ უფრო სტაბილური იქნება, ვიდრე 2025 წელს. თუმცა ის 2025 წელსაც პირველადი დეფიციტის გარეშე კეთდება.

ანუ ფული არის ბოლო, რაც სახელმწიფოს ამოეწურება - ამაშია საქმე.

„ჯარისკაცის სიცოცხლეს სახელმწიფო აფასებს 15 მილიონ რუბლად“

- ამ წლის მაისში ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, თავდაცვის მინისტრად სერგეი შოიგუს ნაცვლად დაენიშნა ეკონომისტი ანდრეი ბელოუსოვი. როგორ აფასებთ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტი ეკონომისტმა დაიკავა?

- სიმართლე გითხრათ, ბევრად მეტს ველოდი, იმიტომ რომ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ ვხედავ. საქმე ისაა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში რუსეთი იბრძოდა ისეთ მოცემულობაში, სადაც ჯარისკაცის სიცოცხლე არაფრად ღირდა.

ასევე ნახეთ "პუტინს უნდა ბევრი უფასო ხორცი"

ასე იყო ყმების რეკრუტირებისას, ასე იყო პირველ მსოფლიო ომში სავალდებულო ჯარის დროს, დიდი სამამულო ომის დროს… და ეს ტრადიცია დიდწილად გადაეცა რუსეთის ჯარს. ტრადიციები ტრადიციებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მობილიზაციის დაწყებამდე სახელმწიფო პრაქტიკულად არაფერს უხდიდა დაქირავებულ ჯარისკაცებსაც კი. 2022 წლის 24 თებერვალს, კონტრაქტით დაქირავებული იმ ჯარისკაცების ხელფასი, ვინც პირველები შევიდნენ უკრაინაში, 40, 42, 45 ათას რუბლს შეადგენდა. ანუ საშუალო ხელფასზე 40%-ით ნაკლები იყო.

ომის დაწყებიდან დღემდე ხელფასები დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა, გიგანტურია დაკრძალვის ხარჯები, რომელიც ომის პირველივე დღიდან დააწესა პუტინმა და მას შემდეგ სულ იზრდება. არსებითად, დღეს თითოეული [რუსი] ჯარისკაცის სიცოცხლე მინიმუმ 15 მილიონი რუბლით და კიდევ უფრო ძვირადაც ფასდება. თუ თქვენ, არმიის ხელმძღვანელობისას იმოქმედებდით როგორც ბიზნესმენი, მაშინ მაქსიმუმს გააკეთებდით იმისთვის, რომ ასეთი ძვირი რესურსი რაც შეიძლება ეფექტური ყოფილიყო. ანუ, ნებისმიერი საშუალებით შეებრძოლებოდით დანაკარგებს, ეცდებოდით მათ მაქსიმალურ შემცირებას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის, სამხედრო ოლქების მეთაურებთან შეხვედრის წინ. 2024 წლის 13 ივნისი.

და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბელოუსოვის გამოჩენა მე პირადად აღვიქვი, როგორც სიგნალი იმისა, რომ სახელმწიფოს ესმის, რომ საზარბაზნე ხორცი იმდენად ძვირი ჯდება, რომ შოიგუს მსგავსი შლეგი უკვე აღარ უნდა მართავდეს ამ სფეროს, არამედ [მის სათავეში] უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სულ მცირე თვლა შეუძლია. მაგრამ არაფერი შეცვლილა - აი, ეს ძალიან მაკვირვებს.

„თუ ომი დასრულდება, დაქირავებული მკვლელების ბანდის დემობილიზაცია სახიფათო იქნება“

- რა მოხდება, როცა სახელმწიფო სამხედროებს შეუწყვეტს ისეთი მაღალი ხელფასის გადახდას, როგორსაც ისინი ახლა იღებენ?

- არ შეუწყვეტენ. და ვითომ რატომ უნდა შეუწყვიტონ? ისინი [მომავალში] მხოლოდ მეტს თუ მიიღებენ. ამბობენ, როდესაც ომი დამთავრდება, მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა იქნებაო. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ხელმძღვანელობა საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს სერიოზული შეცდომები.

თებერვალში ჩვენ ვნახეთ, როგორ შეხვდა პუტინი ჩელიაბინსკში, ადგილობრივ მუშაკებად გადაცმულ ფსბ-ს თანამშრომლებს, სადაც ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ მიმდინარე სამხედრო შეკვეთები ომის დასრულებიდან 5-10 წელი კიდევ დარჩება. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან ის ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკის რეზერვების აღდგენის საბაბით, მთავრობას სურს შეინარჩუნოს თავდაცვის შეკვეთების ძალიან მაღალი დონე. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია.

ვფიქრობ, თუ ომი დასრულდება, ამ ბანდის დემობილიზაცია, რომელიც მათ აიყვანეს როგორც დაქირავებული მკვლელები, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად საშიში იქნება.

ასევე ნახეთ ომის ეკონომიკა. ხუთი შემაძრწუნებელი პროგნოზი რუსეთისთვის

მე რომ პუტინი ვიყო, რა თქმა უნდა, ამ ჯარს გავუშვებდი ბანაკებში და გავაგრძელებდი იმავე ხელფასის გადახდას. რადგან თვეში 200 ათასი ხელფასიც კი წელიწადში ორ მილიონს იძლევა. და ერთი სიკვდილის შეტყობინება იძლევა 15 მილიონს ერთ ადამიანზე.

ამიტომ მგონია, რომ თუ გაქრება ფრონტზე დაღუპული, დაჭრილი ჯარისკაცების ფაქტორი და დიდი კომპენსაციებიც გაიცემა, მაშინ არსებული პერსონალის ხელფასის შენარჩუნება პრობლემა არ არის.

ანუ ორ-სამწლიანი გარდამავალი პერიოდია საჭირო, პირველ რიგში იმისთვის, რომ ეს ხალხი როგორმე მაინც მიეჩვიოს მშვიდობიან ცხოვრებას და არ დაერიონ თანამოქალაქეებს ისევე, როგორც უკრაინელებს ხოცავენ. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შენარჩუნება კი მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკა ნელ-ნელა შენელდეს და შოკში ჩავარდნას გადაურჩეს.

ბანკნოტების საბეჭდი ფაბრიკა "გოზნაკის“ ცეხი მოსკოვში. 2023 წლის 16 თებერვალი

„ხელისუფლების სტრუქტურებში უკვირთ სამხედრო ხარჯების ზრდის ტემპი“

- თუ იცით, რას ამბობენ რუსეთის ხელისუფლებაში ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

- დადის ხმები, რომ, პრინციპში, ხალხი არ არის კმაყოფილი. როგორც მე მესმის, რუსეთის ხელისუფლების სტრუქტურებში უკვირთ სამხედრო ხარჯების ზრდის ტემპი. იმიტომ რომ, თუ წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ შარშან, როდესაც ბიუჯეტს ამტკიცებდნენ, 2025 წელს იყო მოსალოდნელი შემცირება. 2024 წლისთვის 10,8 ტრილიონი და 2025 წლისთვის დაახლოებით 8,8 ტრილიონი რუბლი უნდა ყოფილიყო. ახლა კი, 8,8-ის ნაცვლად, მივიღეთ 13,5. ანუ დინამიკა მკვეთრად შეიცვალა. ნათელია, რომ ეს აშკარად არის პუტინის, ბელოუსოვისა და სამხედრო ლობის ზეწოლა. მაგრამ მაინც, რასაც ამბობენ, ერთია და რას გააკეთებენ - მეორე: თავს დაუკრავენ და შეასრულებენ.

- რა ბედი ეწევა ინფლაციას რუსეთში?

- ინფლაცია მაღალი იქნება, არ მგონია, რომ მკვეთრად გაიზარდოს, მაგრამ საერთოდ არ ველოდები, რომ შემცირდება. ანუ, მომავალ წელს იგივე 7-8% იქნება ოფიციალური, როგორც ახლა და, ალბათ, 12% რეალურად. მაგრამ ინფლაცია ადამიანებს მაშინ აწუხებთ, როდესაც ხელფასები ერთ ადგილზეა გაყინული. ხელფასები კი იზრდება და საკმაოდ სწრაფადაც.

ვლადისლავ ინოზემცევი

- საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ხარჯები ტრილიონი რუბლით მცირდება. შეიძლება ეს პროტესტის მიზეზი გახდეს?

- საჯარო სექტორის ხარჯებში ხელფასების წილი პირდაპირ არ შეადგენს ამ ხარჯების აბსოლუტურ უმრავლესობას… [მაგალითად] ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ სკოლებში რემონტი, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. დიახ, ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ახალი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა მოდერნიზაციისთვის ერთი ან ორი წლით - და აი თქვენ შემცირება.

მე ვფიქრობ, რომ პუტინის მთავრობა იმდენად გაიწაფა მენეჯმენტში და ისე კარგად ესმის იმ საზოგადოების, რომელთანაც საქმე აქვს, რომ პირდაპირ ხელფასების შემცირებას, რამაც შეიძლება ხალხი უკმაყოფილო დატოვოს, ყველაზე ბოლოს მიმართავს.

თარგმანი: ელენე კობახიძე