რატომ არ ჰყავთ ქართველ მწერლებს აგენტები

ქართველი ლიტერატორებიდან აგენტი მხოლოდ რამდენიმეს თუ ჰყავს. მწერლებს თავად უწევთ გამომცემლობებთან ურთიერთობაც და წიგნის პოპულარიზებაც, რის გამოც ზარალდება მწერალი და ასევე ლიტერატურაც.

სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული მწერალი ნატო დავითაშვილი ფენტეზის ჟანრში წერს. მისი რომანები თანამედროვეა და, ამასთან, ქართულ მითოლოგიასაც ეფუძნება. გამომცემლობასთან ურთიერთობას, სხვა ქართველი მწელების მსგავსად, ისიც თავად აგვარებს. წიგნები იბეჭდება, მაგრამ ტირაჟის გაზრდა ან წიგნის საზღვარგარეთ გაყიდვა უკვე სხვა უნარ-ჩვევებს მოითხოვს: მარკეტინგის, პიარის, უცხო ენის... ცოდნას.

„ეს არის ცალკე პროფესია, საქმე, რომელსაც მე, მწერალი, ვერ და არ გავაკეთებ. ლიტერატურული აგენტი ხომ არ მყავს, მაგრამ ჩემი გამომცემელიც, როგორც პირადი საუბრებიდან ვიცი, არაფერს აკეთებს ამ წიგნებისთვის. მე ამას შევეგუე, რადგან სხვა გამომცემლობაც ვერ ვიპოვე და ისევ ძიებაში ვარ“, - ამბობს ნატო დავითაშვილი.

ქართული წიგნის ბაზარი და ჰონორარი იმდენად მცირეა, კარგ მენეჯერს ვერ დააინტერესებ შენი წიგნების გაყიდვაზე იზრუნოს, რადგან მან პროცენტი სწორედ ამ მცირე ჰონორარიდან უნდა მიიღოს.
ტორესა მოსი

საქართველოში წიგნის ჰონორარით ვერც ერთი მწერალი ვერ ცხოვრობს. ყოველ მათგანს მუშაობა უწევს და არ რჩება დრო „მიხედოს“ საკუთარ წიგნებს, უფრო მეტიც, ხშირად წიგნის დასაწერი დროც კი აღარ რჩება.

სწორედ ლიტერატურულმა აგენტმა უნდა შესთავაზოს სხვადასხვა გამომცემლობას წიგნები, შეადგინოს ხელშეკრულება, შეავსოს სხვადასხვა ლიტერატურული პროგრამების განცხადებები, იზრუნოს წიგნის თარგმნასა და საზღვარგარეთ გაყიდვაზე.

რატომ არ აინტერესებთ მენეჯერებს მწერლები?

ახალგაზრდა პროზაიკოსი ტორესა მოსი ამბობს, რომ ლიტერატურული აგენტი ერთხელ მართლაც აიყვანა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გამოუვიდა.

„ქართული წიგნის ბაზარი და ჰონორარი იმდენად მცირეა, კარგ მენეჯერს ვერ დააინტერესებ შენი წიგნების გაყიდვაზე იზრუნოს, რადგან მან პროცენტი სწორედ ამ მცირე ჰონორარიდან უნდა მიიღოს. ისედაც, მწერლიდან გამომცემლობამდე მანძილი იმდენად პატარაა, შუა რგოლი ეფექტს არ იძლევა“, - ამბობს პროზაიკოსი ტორესა მოსი.

ეს, რაც შეეხება შიდა ბაზარს. თუ უფრო მასშტაბურ პროექტებზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ლიტერატურული აგენტის ფუნქციას ნაწილობრივ წიგნის ცენტრიც ასრულებს, რადგან მისი ერთ-ერთი დანიშნულება ქართველი ავტორების ნაწარმოებების თარგმნა და საზღვარგარეთ გატანაა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ნამდვილად ღირს მოლაპარაკებების დაწყება. არ არსებობს, ვინმე არ დაინტერესდეს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რაც თავად მომწონდა და რისი გაყიდვაც მინდოდა, ყველაფერი გავყიდე.
ნინია მაჭარაშვილი

ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც ქართული ლიტერატურა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო. ფრანკფურტის ბაზრობისთვის ითარგმნა 600 წიგნი. მას შემედეგ, რაც გადაწყდა, რომ ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნებოდა, გერმანული გამომცემლობები ქართველი ავტორებით დაინტერესდნენ. ამას, საბოლოოდ, გამოცემული წიგნების გარდა, სხვა შეთავაზებებიც მოჰყვა, თუნდაც ის, რომ საქართველო 2021 წელს პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს.

„არ არსებობს, ვინმე არ დაინტერესდეს“

ლიტერატურული აგენტი ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ ეს არის საქმე, რომელსაც არ უყვარს სიჩქარე. წიგნით გამომცემლობა შესაძლოა მაშინვე დაინტერესდეს, შესაძლოა - წლების შემდეგ.

„ნამდვილად ღირს მოლაპარაკებების დაწყება. არ არსებობს, ვინმე არ დაინტერესდეს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რაც თავად მომწონდა და რისი გაყიდვაც მინდოდა, ყველაფერი გავყიდე. თუ ადამიანს საშუალება აქვს, რომ პირადი ლიტერატურული აგენტი ჰყავდეს, ძალიან კარგი იქნება“, - ამბობს ნინია მაჭარაშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში მართლა თითებზე ჩამოსათვლელად არიან ლიტერატურული აგენტები, რომლებსაც აქვთ წიგნების გაყიდვის გამოცდილება. ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ კარგ აგენტს გამოცდილება, კავშირები სჭირდება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის მიღმა.

გამოტოვებული წიგნები

საქართველოს მწირი ბაზრის პირობებში ქართველი ავტორების თარგმნა და უცხოურ გამომცემლებზე გაყიდვა ერთ-ერთი გზაა როგორც ავტორების მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე უშუალოდ ქვეყნის კულტურის გასატანად უცხოეთში, სადაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჯერ კიდევ სჭირდება თავის დამკვიდრება.

გარდა ამისა, ლიტერატურული პროცესი, რომელიც მხოლოდ მწერლის მარკეტინგულ შესაძლებლობებზე არ იქნება დამოკიდებული, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რას წაიკითხავს და რას „გამოტოვებს“ საზოგადოება. დღეს მკითხველს ძირითადად არჩევანი აქვს კლასიკასა და უცხო ენებიდან ნათარგმნ თანამედროვე ლიტერატურას შორის, ხოლო რაც შეეხება საინტერესო თანამედროვე ქართველ ავტორებს, მათ ფართო აუდიტორია არ იცნობს, რისი ძირითადი მიზეზიც, სხვა ბევრ რამესთან ერთად, სწორედ ისაა, რომ მწერალზე ლიტერატურული აგენტი არ ზრუნავს.