რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად თამთა თოდაძეს?

7 ოქტომბერს, საღამოს, გენერალურ პროკურატურასთან, ქალთა მოძრაობის აქტივისტები თამთა თოდაძის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თუმცა, გამოძიების დაწყებიდან მეშვიდე დღეს, თამთას დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული. ქალთა აქტივისტები ამბობენ, რომ პროკურატურა განზრახ აჯანჯლებს საქმეს და ისინი დეპუტატისთვის ბრალის წაყენებას მოითხოვენ.

თავად 54 წლის ილია ჯიშკარიანი, რომელიც თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია, 5 ოქტომბერს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ანო გოგიჩაძის ინფორმაციით, ის მკურნალობას კვლავ სტაციონარში აგრძელებს.

რა მოხდა ქეთევან წამებულის 46-ში? - თამთა თოდაძის ნაამბობიდან

30 სექტემბერი, დაახლოებით 12:00 საათი

თბილისში, ქეთევან წამებულის 46-ში მდებარე ილია ჯიშკარიანის წარმომადგენლობის ოფისში თამთა თოდაძე სამუშაოდ დილიდან მიდის. ოფისში, სადაც საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ისნის მაჟორიტარი, მოქალაქეებს იღებს ხოლმე, არავინ არის. 12 საათისათვის თამთას უფროსი, ილია ჯიშკარიანი მოდის. ნაბახუსევი იყოო, ამბობს თამთა. ილია ჯიშკარიანი თამთას ეუბნება, წავალ, ცოტა სასმელს ამოვიტან და ჭიქა მომიჭახუნეო. დეპუტატს ოფისში სასმელი მოაქვს. სვამს. თამთა ამბობს, რომ ისიც სვამს, თუმცა, ცოტას. მხოლოდ ჭიქის მისაჭახუნებლად. რამდენიმე ხანში, წარმომადგენლობაში კიდევ ორი ადამიანი მოდის, ილია ჯიშკარიანის ბიძაშვილის შვილი და მისი ბავშვობის მეგობარი. ისინიც სვამენ. და მალევე მიდიან.

15:00-16:00 საათამდე

თამთა და მისი უფროსი, საკრებულოს დეპუტატი, ოთახში მარტო რჩებიან. დღის ოთხი საათი ხდება:

„ადრეც იცოდა ხოლმე ჩახუტება, მაგრამ მეგონა, უბრალო ჩახუტება იყო. მისი შვილი და მე თანატოლები ვართ, ბაღელები... თუმცა, კაბინეტში, ნასვამმა რომ დამიწყო ჩახუტება, მივხვდი, რომ ეს უბრალო ჩახუტება არ იყო. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ კისერში კოცნა რომ დაიწყო, მივხვდი... თავის დაღწევას რომ ვცდილობდი, მეუბნებოდა, რა იყო, არ გსიამოვნებსო? ბოლოს ვუთხარი, ბატონო ილია, ტელეფონი მაქვს ჩართული და ვიღებ-მეთქი. ტელეფონის წართმევა გადაწყვიტა ეს დაზიანებებიც ხელზე სწორედ იმ დროს მომაყენა. ძირს დავვარდი. ხელსაც მირტყამდა და ფეხსაც. ტელეფონი გამომტაცა და იატაკს დაახეთქა რამდენჯერმე. მახსოვს, ზევიდან დამყურებდა და მეუბნებოდა, აბა, მანახე სად არის შენი მტკიცებულებებიო, აბა სად არის შენი ტელეფონიო. ტელეფონი რომ დააზიანა და კარგად რომ დამარტყა, მოვახერხე კართან მივფორთხებულიყავი, ურდულით იყო ჩაკეტილი, გავაღე და გამოვიქეცი. მახსოვს, მომაძახა, აქ მოსული არ დაგინახოო. სხვა სიტყვების გამეორება აღარ მინდა. გარე კამერებმაც დააფიქსირეს, როგორ გამოვდივარ ოფისიდან განერვიულებული და მივდივარ სახლისკენ“.

16:44

თამთას სახლი წარმომადგენლობის ოფისიდან 10 წუთის სავალ გზაზეა. სახლში მისული თამთა პოლიციაში დედის ტელეფონით რეკავს. ადგილზე მისული პოლიცია სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს. სხეულზე დაზიანებები ნათლად ეტყობა, მუხლზე სილურჯეები, სისხლი, ხელებზე ნაკაწრები. გამომძიებელი თამთას დაზიანებებს ფოტოებს უღებს. სასწრაფოს ექიმები თამთას დამამშვიდებელს აძლევენ. თამთა პოლიციას სთხოვს, რომ დაუყოვნებლივ წავიდნენ ოფისში და შეისწავლონ შემთხვევის ადგილი. გამომძიებელი ტელეფონზე რეკვას იწყებს. გამომძიებელი თამთას პასუხობს: „მანქანა გავუშვითო“.

გამოძიების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება შსს-მ 30 სექტემბერს სამი მუხლით დაიწყო - 126-ე, 138-ე და 187-ე მუხლებით, რაც ძალადობას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დეპუტატი უკვე გამოიკითხა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-მ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო

126-ე მუხლი: ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

138-ე მუხლი: სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება:

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

187-ე მუხლი: ნივთის დაზიანება ან განადგურება:

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.


თუმცა, მომხდარი ფაქტიდან შვიდი დღის თავზე, თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული. თამუნა ლუკავა, თამთას ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიება განგებ ჭიანურდება და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ საქმეში გარეულია მაღალი თანამდებობის პირი. თამუნა ლუკავას თქმით, მაშინ, როდესაც სახეზეა არაერთი მტკიცებულება, რომელიც მოწმობს თამთას მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, გამოძიებას არ აქვს არანაირი არგუმენტი, რომ მას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭოს.

ადვოკატმა თამთასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 7 ოქტომბერს, პროკურატურაში შუამდგომლობა შეიტანა:

„საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩვენი მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროკურორმა. თუმცა, პირადადაც და წერილობითაც ვთხოვე პროკურორს, რომ დაჩქარებული წესით განიხილოს ჩვენი მოთხოვნა და დაჩქარებული წესით მიიღოს გადაწყვეტილება. მტკიცებულებები მოწმობს, რომ ფაქტი ნამდვილად მოხდა. პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს თამთას დაზარალებულის სტატუსი და ამის შემდგომ უნდა მოხდეს ბრალის წაყენება იმ პირისათვის, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩაიდინა დანაშაული. იქიდან გამომდინარე, რომ თამთას არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ გავეცნოთ საქმის მასალებს, ვნახოთ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული“.

თამთა თოდაძის ადვოკატის თქმითვე, რამდენიმე დღის წინ, ილია ჯიშკარიანის ახლობლებმა თამთა თოდაძის დედას გარიგება შესთავაზეს. ჯიშკარიანის ახლობლები მათგან ძალადობის უარყოფასა და საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ. თუმცა, მისი თქმით, თამთა თოდაძესა და მის ოჯახს ფაქტის დამალვა არც უფიქრიათ.

ინფორმაცია თამთა თოდაძის მიმართ ჩადენილი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ, მედიაში 3 ოქტომბერს გავრცელდა. მას შემდეგ, რაც თამთამ ორგანიზაცია „საფარს“ დახმარების თხოვნით მიმართა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიურად გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათ შორის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებიც. მაგალითად, თბილისის მერიის თანამშრომელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი... ისინი თამთა თოდაძეს მიუთითებენ, რომ ის არა თუ დაზარალებულია, არამედ თავად არის დამნაშავე:

თამთა თოდაძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს

7 ოქტომბერს, ორგანიზაცია „საფარის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სანამ თამთა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებდა, თქვა:

„არ შევწყვეტ ბრძოლას. მე ვარ მზად ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან მე ჩემს სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მე მაქვს ძალიან ბევრი მყარი არგუმენტი, ყველა მტკიცება, რომელიც დაადასტურებს ჩემს სიმართლეს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრი ქალი განიცდის მსგავს წნეხს და მსგავსი სიტუაცია ძალიან ბევრ სამსახურშია. მე მინდა, რომ ეს ბრძოლა განვაზოგადოთ. მე მინდა ადამიანებს მოვუწოდო, რომ გვერდში დამიდგნენ, იმიტომ, რომ ისე გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ვარ მარტო და ყველაზე მეტად ახლა თქვენი თანადგომა მჭირდება“.

„საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია დარწმუნებულია, რომ საქმე მთავარი პროკურორის დაკვეთით ჯანჯლდება. ის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართავს და მოუწოდებს, მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება:

„საქმე ხელოვნურადაა გაჩერებული. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს საქმე ჩაიფარცხოს. ჩვენ მოვისმინეთ ის სავარაუდო სცენარები, რისთვისაც ემზადებიან ბატონი ილია და მისი მხარდამჭერები, რომ თითქოს თამთა ამ გზით ფულს შოულობს. გაიხსენეს ინციდენტი, რომელიც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის სექსუალურ ძალადობასთან. 6 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარში“ ნახსენებ ჯუბა მახარაძესთან, თამთას მოუვიდა მცირე კონფლიქტი, რომელსაც შეესწრო საპატრულო პოლიცია და ამიტომ გადაწყდა გამოძიების დაწყება, თუმცა, თამთამ მეორე დილითვე უარი განაცხადა ამ მცირე კონფლიქტის გამო სისხლის სამართლებრივ დავაში შესვლაზე. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის წელში გამართული საქმე, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზებით ყოვნდება. ჩვენ არ დავტოვებთ კომფორტის ზონაში თადუმაძეს და მის უწყებას. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს“.

თამთა თოდაძის საქმეს მეთვალყურეობას გაუწევს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მათ უკვე მიმართეს სამართალდამცავ უწყებას და მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას დროულად ჩაატაროს გამოძიება და გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით.

სექსუალური ძალადობის საქმეზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. ის ამბობს, რომ ბრალდებას დადასტურება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კონკრეტულ ნაბიჯებზე ლაპარაკი:

„ჩვენი მოლოდინი გამოძიების მიმართ არის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული ობიექტურობით იქნება შესწავლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ შემდგომ მივიღებთ. ჩვენთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება სახელისუფლებო, ანუ ჩვენი გუნდის წევრს“.

„არც მიფიქრია, სხვაგვარად მოვქცეულიყავი“

ჩემი შვილი მე ისეთ მდგომარეობაში ვნახე, სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი“, - თამთა თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს შვილთან ერთად მისი სიმართლის დასამტკიცებლად:

ამ საქმეზე გაჩუმება რომ არ შეიძლება, ფაქტია. არც კი მიფიქრია სხვანაირად მოვქცეულიყავი. ჩემი შვილი ისეთი განადგურებული ვნახე, ისეთი გაუბედურებული, არც კი მომსვლია თავში აზრად, რომ გავჩუმებულიყავით. არც მსხვერპლი და არც მისი ოჯახი ასეთ სიტუაციაში არ უნდა გაჩერდეს. ეს იყოს მაგალითი. ყველა დედა უნდა დაუდგეს შვილს გვერდში. არ უნდა გაჩუმდნენ. როცა ყველა ალაპარაკდება, მაშინ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდება. საზოგადოება ნელ-ნელა იზრდება. უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ ძალადობა დაუშვებელია და ამის შესახებ ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. განადგურებული ვარ ყველანაირად, მაგრამ ახლა არ არის ამის დრო. მთავარი, რომ ერთად ვართ და ბოლომდე ასე იქნება“.