2020 წელს ბელარუსი მასობრივმა აქციებმა მოიცვა. ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოდიოდა. აქციებს დაპატიმრებები მოჰყვა. მაშინ ქვეყნიდან ათობით ათასი ადამიანი წავიდა, მათგან ნაწილი - უვიზო საქართველოში.
რომან კისლიაკი უფლებადამცველია, აჭარაში ბელარუსულ დიასპორას წარმოადგენს. ის ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ახლა აქ 13 ათასი ბელარუსი ცხოვრობს.
40 წუთით საზღვარგარეთ
საქართველოში ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის განსხვავებული წესია. მათ შეუძლიათ საქართველოში 365 დღე დაჰყონ, შემდეგ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წავიდნენ, დაბრუნდნენ და ისევ ერთი წელი დარჩნენ.
„მთელი დღით წასვლაც არ არის აუცილებელი. ბოლოს თურქეთში 40 წუთით გადავედი. სანაპიროზე დავჯექი და უკან დავბრუნდი. მესაზღვრეებმა იციან, რომ წელიწადში ერთხელ უცხოელები ე.წ. visa run-ს, ვიზის განულებას აკეთებენ. ეს ძალიან მოსახერხებელია, არც რეგისტრაციაა საჭირო, არც ლტოლვილის სტატუსი. პასპორტში მხოლოდ ბეჭედს გირტყამენ“, - განმარტავს რომან კისლიაკი.
იურისტის თქმით, იშვიათად რომ საქართველოს ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დეპორტი გაუკეთოს, რადგან ამ რთულ პროცედურას ხშირად სკანდალი და სასამართლო მოსდევს. მაგრამ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნებიან იმ ადამიანებს, რომლებიც „ვიზის განულებას“ აკეთებენ.
„ეს იგივეა, რაც შარშან იმ უკრაინელი და რუსი აქტივისტების თავს ხდებოდა, რომლებიც საქართველოში ცხოვრებდნენ და მუშაობდნენ. მათგან ზოგს აქ სახლიც კი ჰქონდა ნაყიდი. ასე „გასანულებლად“ გავიდნენ და უკან აღარ შემოუშვიათ. საბუთებში ეწერა: „უარი სხვა მიზეზების გამო“. ძირითადად ეს ეხებოდათ უფლებადამცველებს, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, ფემინისტებს და ლგბტ-აქტივისტებს. იყო შემთხვევები, როდესაც ისლამის მიმდევრებიც არ შემოუშვეს. წელს visa run-ზე გასული ბელარუსების შემოშვებაზეც უარს ამბობენ“.
„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ნელ-ნელა „წმენდენ“
2023 წლის აპრილში საქართველოში არ შემოუშვეს ევგენი გაცაკი, არასამთავრობო ორგანიზაცია „აჭარის ბელარუსული დიასპორის“ წარმომადგენელი. 2020 წელს ის ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელი იყო. 2021 წელს იძულებული გახდა საქართველოში გადასულიყო. გაცაკი იხსენებს, რომ როდესაც ბელარუსებმა ბათუმში სოლიდარობის პირველი აქცია გამართეს, მხოლოდ ექვსნი იყვნენ. 2021 წლის ოქტომბერში კი დაარსდა ორგანიზაცია „აჭარის ბელარუსული დიასპორა“. ორგანიზაციის მიზანი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა და საქართველოში ჩამოსული ბელარუსების დახმარება გახლდათ.
ევგენი ჰყვება, რომ ქართულ კომპანიაში ორი წელი იმუშავა. მისი გოგონა ბათუმის საბავშვო ბაღში დადიოდა, შემდეგ კი visa run-ის დროც დადგა.
„25 აპრილს თურქეთში ერთი დღით გადავედი, რომ ვიზა გამენულებინა და თან მაღაზიებში გამევლო. დაბრუნებულს ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი მითხრეს. მომცეს საბუთი ერთადერთი წინადადებით: „გეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა“, იქვე მონიშნული იყო „სხვა მიზეზები“.
ღამე სასტუმროში გავათიე. მეორე დღეს ისევ ვცადე საქართველოში მომხვდარიყავი. მესაზღვრეებმა მითხრეს: „თქვენ გუშინ უარი გეთქვათ“. ავუხსენი, რომ უკვე ორი წელია საქართველოში ვცხოვრობ, სამშობლოში დაბრუნება არ შემიძლია, თავშესაფარს ვითხოვ“.
ჩემი განცხადება მიიღეს. 5 საათი ველოდე. შემდეგ ისევ მიპასუხეს, რომ ქვეყანაში არ შემიშვებდნენ. ამით ჩემი საქართველოსთან ურთიერთობა დასრულდა“.
გაცაკის ცოლ-შვილი ბათუმში დარჩა, თავად - თურქეთში. ევგენიმ გადაწყვიტა სხვა ქვეყნის ვიზა გაეკეთებინა.
„მარტო რომ ვყოფილიყავი, ვეცდებოდი, სასამართლოსთვის მიმემართა ან სომხეთში მეცხოვრა. მაგრამ ოჯახი მყავდა მისახედი. მათ საბუთები პოლონეთის საკონსულოში შეიტანეს, სტამბულში. ჰუმანიტარული ვიზები მიიღეს და საბოლოოდ საქართველო დავტოვეთ. ახლა ვროცლავში ვართ“, - ამბობს გაცაკი.
როდესაც გაცაკი საქართველოში არ შეუშვეს, საზღვარზე ამ საქმეში გასარკვევად უფლებადამცველი რომან კისლიაკი მივიდა. ის მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მესაზღვრეებს არ მიუღიათ, თბილისში მიიღეს.
„მგონია, რომ ეს ბევრს ემუქრება. პოლიტიკა შეიცვალა: „აქ ცხოვრობ, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება უკან გაგაბრუნონ“. შესაძლოა ცხოვრების უფლებაც მიიღო, მაგრამ მასაც გააუქმებენ, ამის მაგალითებიც იყო. გაურკვევლობა ძალიან ძაბავს ბელარუსებს. თამაშის წესები გაუგებარია.
ვიყავით საქართველოს პარლამენტში. დეპუტატებს შევხვდით. ავუხსენით, რა გვაწუხებდა. გავასაჩივრებთ მსგავს შემთხვევებს, პოლიტიკურ დონეზე წამოვწევთ საკითხს, რადგან ევგენი გაცაკის საქმის შემდეგ ხალხი სხვა ქვეყნებში წავა. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი თემი - ტელეგრამ ჯგუფი, რომელშიც საქართველოდან პოლონეთში გადასული ბელარუსები არიან გაერთიანებულები. შესაძლოა თავშესაფარი და დაცვა მეტმა ადამიანმა მოითხოვოს. სინამდვილეში ჩვენ აქ ლტოლვილები ვართ, ოღონდ ესაა, რომ ამის შესახებ არ განგვიცხადებია“, - ამბობს უფლებადამცველი.
კისლიაკი ასევე ჰყვება ოჯახზე ბელარუსიდან, რომელსაც საქართველოში ცხოვრების უფლება ჰქონდა - ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი. უფლებადამცველი ამბობს, რომ ისინი რეგისტრაციის განყოფილებაში გამოიძახეს და საბუთები გაუუქმეს.
საქართველოში დარეგისტრირებულია ბელარუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აქ ბევრი აქტივისტი და ჟურნალისტია. რომან კისლიაკი აღნიშნავს, რომ ბელარუსები კანონმორჩილი, უკონფლიქტო და ზრდილობიანი ხალხია.
„ქართველმა ხალხმა ძალიან თბილად და კარგად მიგვიღო, ხელისუფლებამ კი - არა. მთავრობას ქართული სამოქალაქო საზოგადოებაც მტრად ესახება და უცხო ქვეყნების აქტივისტებიც. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ნელ-ნელა „წმენდენ“, პარლამენტმა ისიც კი სცადა, რომ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონი მიეღო“, - ამბობს ის.
რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის შსს-ს მიმართა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ევგენი გაცაკისა და სხვა ბელარუსების საქმეებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გვიპასუხებენ.