როდესაც საყვარელი ადამიანი ავადაა, ხშირად ვინტერესდებით, ექიმი ქალია თუ კაცი, რადგან კაც ექიმს უფრო მეტად ვენდობით. მაგალითად, ქირურგი, როგორც წესი, კაცად წარმოგვიდგენია, ხოლო სტომატოლოგისთვის მამაკაცური ფიზიკური ძალა მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. როდესაც ჩვენ წინააღმდეგ სასამართლო დავაა, დიდი შანსია, რომ ჩვენ მამაკაც ადვოკატზე შევაჩეროთ არჩევანი - არა იმიტომ, რომ ის უფრო მეტად პროფესიონალია, ვიდრე მისი ქალი კოლეგა, არამედ იმიტომ, რომ კაცი „ხელწამოსაკრავი“ არ არის, რაც, შეიძლება, ქალზე ვერ ვთქვათ. არქიტექტორიც მამაკაცი უნდა იყოს, რადგან „კაცის ტვინი მაინც სხვანაირია“, ნახაზებში უკეთ ერკვევა და სივრცესაც უკეთ აღიქვამს. მსგავსად ამ პროფესიებისა, პოლიტიკოსიც, როგორც წესი, კაცად წარმოგვიდგენია.
თუ თქვენ მსგავს სტერეოტიპებს არასოდეს გადასწყდომიხართ, გილოცავთ, შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ გაბრწყინებულ ივერიაში ცხოვრობთ!
თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ გენდერული კვოტების შესახებ დისკუსიაში ეს ანალოგიები მცდარია. საქმე ის გახლავთ, რომ ექიმი, ადვოკატი, არქიტექტორი - პროფესიებია, რომელთაც განათლების მიღების პროცესში ვეუფლებით. პარლამენტარის დიპლომს კი ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ გასცემს. შესაბამისად, პარლამენტარის გაიგივება ამ პროფესიებთან მცდარია.
ასეც რომ არ იყოს, ნებისმიერ თავმოყვარე უნივერსიტეტში შეხვდებით სტატისტიკას იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდებიან სტუდენტები გენდერულად კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასეთი უნივერსიტეტები ცდილობენ, რომ წაახალისონ ახალგაზრდა და ნიჭიერი ქალები, რომ ჩააბარონ ისეთ სპეციალობებზე, რომლებიც, ტრადიციულად, აღიქმება როგორც მამაკაცის პროფესიები. შესაბამისად, ჩვენი საუკეთესო ექიმი, ადვოკატი და არქიტექტორი სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ კვოტირების „პროდუქტი“ იყოს.
გენდერული კვოტები არის მცდელობა, რომ არათანაბარი შესაძლებლობები, რომლებიც კაცების სასარგებლოდ მოქმედებს, მეტ-ნაკლებად გავათანაბროთ; შეძლებისდაგვარად მოვშალოთ „შუშის ჭერი“ და, შედეგად, გავზარდოთ ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში. თუმცა კვოტების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტები ეხება იმას, რომ კვოტების სათანადო განხორციელება, შეიძლება, ვერ მოხდეს. ეს არგუმენტები შეგვიძლია სათითაოდ განვიხილოთ.
ასევე ნახეთ კვოტმადიდებლობა პარტიული ფეოდალიზმის სამსახურში"კვოტები დისკრიმინაციულია, რადგან ინდივიდუალურ დამსახურებაზე უპირატესად ვაღიარებთ ჯგუფურ მიკუთვნებულობას."
ეს არგუმენტი ეფუძნება დაშვებას, რომ პარტია ორიენტირებულია საკუთარი სიის კომპეტენტური წევრებით დაკომპლექტებაზე. თუ ეს დაშვება ჭეშმარიტია, მაშინ ასევე ორიენტირებული იქნება ღირსეული ქალების მოძიებასა და ნომინირებაზე. საქართველოში, საბედნიეროდ, გვყავს უამრავი კომპეტენტური ქალი, რომელიც ღირსეულად გაართმევდა თავს საპარლამენტო საქმიანობას.
"პოლიტიკური პარტიები შეარჩევენ არაკომპეტენტურ ქალებს არაკომპეტენტური კაცების ნაცვლად, რომლებიც იქნებიან „ღილაკზე თითის დამჭერები“ და მაინც არაფერი შეიცვლება."
ეს არგუმენტი ეფუძნება დაშვებას, რომ პარტიული სიის შედგენისას კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებია, მაგალითად, ნეპოტიზმი, ლოიალურობა, ფული, გავლენა და ა.შ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ნამდვილად არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ არაკომპეტენტურ პარლამენტართა მეოთხედი იქნება ქალი. თუ კაცების არაკომპეტენტურობა მისაღებია, ხოლო ქალების არაკომპეტენტურობა - მიუღებელი, მაშინ სექსიზმთან გვაქვს საქმე. სხვა შემთხვევაში ეს არგუმენტი არ ხდის კვოტებს საზიანოს და გვაფიქრებს იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება გახდეს მნიშვნელოვანი ნომინირების პროცესში, რაც სრულიად სხვა პრობლემაა და არ მოდის კვოტებთან წინააღმდეგობაში.
"კვოტების მქონე ქვეყნებში - მაგალითად, ბოლივიასა თუ სამხრეთ აფრიკაში - ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობა იზრდება."
ეს არგუმენტი კვოტების დემონიზებას ახდენს იმის მოჩვენებით, თითქოს, პარლამენტში გენდერული კვოტები რამენაირად იწვევდეს ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის ზრდას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია აქტიური ქმედებები, თუმცა თუ ვინმე ცდილობს კვოტების ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმად წარმოჩენას, უბრალოდ, ცდება.
"ქალები, რომლებიც კვოტებით მოხვდებიან პარლამენტში, წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ კაცებს საპარლამენტო დებატების დროს."
ეს არგუმენტი ეფუძნება დაშვებას, რომ თუ კვოტირება იარსებებს, ავტომატურად პარლამენტში მოხვედრილი ქალები იქნებიან არაკომპეტენტურნი. კომპეტენციების საკითხები უკვე განვიხილეთ ზემოთ და მთავარი ისაა, ეს ქალები როგორი კაცების ადგილს დაიკავებენ. თუ ქალები ისედაც არაკომპეტენტური კაცების ადგილას მოგვევლინებიან, რაც უარესი სცენარია, მაშინ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ არც ის არაკომპეტენტური კაცები იქნებოდნენ ენაწყლიანად მოდებატენი. ხოლო თუ კომპეტენტური კაცების ჩანაცვლებაზე ვლაპარაკობთ, ეს იმის ნიშანია, რომ მათი პარტიისთვის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანია და შეგვიძლია გვქონდეს გონივრული მოლოდინი, რომ ეს პარტია ქალებსაც პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩევს.
"კვოტებთან შედარებით უკეთესია გვქონდეს არა დახურული, არამედ ღია საარჩევნო სიები, რათა ამომრჩეველმა თავად მიიღოს მონაწილეობა ნომინირების პროცესში."
თუ ჩვენ პრობლემად ვსახავთ იმას, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში, ღია სიები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. აკადემიური კვლევების მიხედვით, ღია სიები უმცირესობათა წარმომადგენლობის გასაზრდელად არაეფექტური მექანიზმია. საზოგადოება, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებს ჰეტეროსექსუალ მამაკაცს, რომელიც დომინანტური ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფის წარმოამდგენელია. ამასთან, ღია სიები გააღრმავებს პოლიტიკის პერსონალიზაციას და საზოგადოების პოლიტიკით იმედგაცრუებისა და ნდობის ნაკლებობის კონტექსტში ამომრჩევლის აქტივობაზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ხმის მიცემის ეს სისტემა უფრო რთული პროცედურაა, ვიდრე დახურული სიები.
"კვოტები ქმნის ილუზიას, რომ ქალების ჩაგვრის პრობლემა მოგვარდა."
თუ კვოტების შემოქმედებს ამ ილუზიის შექმნა სურთ, ეს ძალიან ცუდია, თუმცა სწორედ ამისთვის არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არასახელისუფლებო პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ესმით, რომ კვოტები არ არის თვითმიზანი (აქ მოყვანილი არგუმენტები და მათი ავტორები ამგვარი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის დასტურია!). ის არის ინსტრუმენტი, რომელიც სისტემური ჩაგვრის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინების - კერძოდ, ქალთა წარმომადგენლობის ნაკლებობის - მოგვარებაში გვეხმარება. შესაბამისად, თუ ის გვესმის, რომ კვოტების შედეგად გაზრდილი ქალთა წარმომადგენლობა შეიძლება ვინმემ ჩაგვრის აღმოფხვრად გაასაღოს, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასე არ არის და ასეთი აპელირებები არ დავუშვათ.
ბონუსი: „დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელია იდეოლოგიური პლურალიზმი, მათ შორის რადიკალური ფემინიზმის ადგილიც უნდა იყოს - მე თუ მსურს მთლიანად ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ხელი რატომ უნდა შემეშალოს?“
საქმე ისაა, რომ მთლიანად ქალთა პარტია ამ არგუმენტშივეა შეფასებული როგორც „რადიკალური“ იდეა, მაშინ როდესაც „მთლიანად კაცთა პარტია“ დღევანდელი ყოველდღიურობაა - იმდენად გათავისებული, რომ შეიძლება პოლიტიკოსი ქალების აბსოლუტური უმრავლესობა არაკომპეტენტურებად გვეჩვენებოდეს და ასეთ ქალებს ისევ არაკომპეტენტური კაცები გვერჩივნოს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.