რატომ არ უნდა დავაყენოთ ეკლესია კანონზე მაღლა

24 მარტს საქართველოს მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დააწესა შეზღუდვები, რომელთა მიზანია კორონავირუსის გავრცელების შეფერხება. ერთ-ერთი შეზღუდვა უკავშირდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას. საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე ვკითხულობთ, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ამ უფლებების შეზღუდვა:

„საჯარო სივრცეში აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე - შენობებში და არ გულისხმობს კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს. აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მაგალითად, ქელეხი, ქორწილი. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. ისინი ვალდებულნი არიან, სამუშაო სივრცეში დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აიკრძალა ყველა არასაცხოვრებელ სივრცეში ხალხის შეკრება, გარდა იმ კერძო დაწესებულებებისა, რომლებიც მუშაობას განაგრძნობენ. საგანგებო მდგომარეობით არ შეზღუდულა რელიგიის თავისუფლება (ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობს), მაგრამ ყველა რელიგიურ დაწესებულებას დაეკისრა ვალდებულება, რომ შეკრების დროს დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ შეზღუდვებს სრულად არ ემორჩილება. მაგალითად, ვიდეოში ჩანს, რომ ბაგრატის ტაძრის მრევლი აღდგომის ღამეს ორმეტრიანი დისტანციის დაცვის შეზღუდვას არ ემორჩილება. მსგავსი ვითარება იყო ბზობის დღესასწაულზეც. მაშინ პრემიერ-მინისტმა გახარიამ აღიარა, რომ სახელმწიფომ ბზობის დროს ვერ იმოქმედა ეფექტიანად და ვერ აღასრულა კანონი. „ვაღიარებ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად,“ განაცხადა გახარიამ 14 აპრილს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება, ხალხმრავალი თავშეყრით აღენიშნა ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები, კეთილგონივრული არ არის, მაგრამ ამის განხილვას აქ არ შევუდგები. ასევე, არ შევუდგები იმის განხილვას, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ დროს საერთო კოვზით ზიარება. ეს რელიგიური საკითხებია და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 21-ე საუკუნეში უნდა მაქსიმალურად ახლოს იყოს თანამედროვე მეცნიერებასთან და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეუწყოს ხელი ობსკურანტიზმს (ნორმალურ სიტუაციაში, თავად უნდა იყოს დაინტერესებული ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელშეწყობით). ასევე, ვფიქრობ, რომ საერთო კოვზით ზიარება ეწინააღმდეგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების პათოსს, მაგრამ რადგან სახელმწიფოს ამაზე პირდაპირი შეზღუდვა არ დაუწესებია, არც პრობლემის ამ ასპექტზე შევაჩერებ ყურადღებას.

ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად მოვლენების პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე მაინტერესებს - კერძოდ, ის თუ რატომ ვერ ხდება კანონის აღსრულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში. მაგალითად, რატომ არ ჯარიმდება ყველა ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირი, ვინც კანონს არღვევს? ჯერ კიდევ 1 და 2 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 706 ჯარიმა გამოწერეს. 17 აპრილის მონაცემებით, 17 დღეში 12 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა (!). თითქმის არც ერთ შემთხვევაში ეს ჯარიმები არ შეხებია არც ეკლესიას, როგორც იურიდიულ პირს, და არც რომელიმე ფიზიკურ პირს, ვინც ეკლესიის ტერიტორიაზე სოციალური დისტანციის წესებს არღვევს. თავად პრემიერ-მინისტრიც აღიარებს, რომ სახელმწიფო ეფექტიანად ვერ მოქმედებს ეკლესიასთან და მრევლთან მიმართებაში.

თუ მომავალში მაინც ვაპირებთ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას, მაშინ ეკლესია და მრევლი კანონზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ. ეს არ არის რაღაც „ლიბერალური ახირება“. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა, ანუ სეკულარიზმია. სეკულარიზმი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში (არ ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას) და ეკლესია, თავის მხრივ, საკუთარ თავს კანონზე მაღლა არ აყენებს.

გავიხსენოთ, სეკულარიზმის პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან. მას რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელით ვიცნობთ. ამ კრებაზე საერო ხელისუფალი, „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფე დავით აღმაშენებელი პირდაპირ ჩაერია საეკლესიო საქმეებში და სახელმწიფოს საჭიროების მიხედვით ეკლესიიდან განკვეთა ან პირიქით, საეკლესიო პოსტებზე დანიშნა სასულიერო პირები. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს სამეფოს ცენტრალიზაცია იყო, მაგრამ რელიგიის თავისუფლების ლიბერალური პრინციპის მიხედვით, პოლიტიკურად სწორი მიზანიც არ ამართლებს საშუალებას. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია, როგორი მართებულიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი.

როგორც ყველას მოგვეხსენება, ეკლესიას სასტიკად ებრძოდა ბოლშევიკური კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც დახურა ტაძრები, დახვრიტა მღვდლები და საპატრიარქოზე პოლიტიკური კონტროლი დააწესა. რელიგიის თავისუფლება სწორედ ის ლიბერალური (!) პრინციპია, რომელიც ეკლესიასთან ბრძოლას, მის შეზღუდვას კრძალავს. ამ ფონზე მით უფრო აბსურდულია იმის მტკიცება, რომ თითქოს ლიბერალური დემოკრატია ებრძვის ეკლესიას ან რელიგიას, როდესაც სწორედ რელიგიის თავისუფლების ლიბერალური პრინციპი უშლის ხელს სახელმწიფოს, უხეშად ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში.

ქვეყანაში ამჟამად დაწესებული საგანგებო რეჟიმით რელიგიის თავისუფლება კი არ უქმდება, არამედ იზღუდება ის უფლებები, რომელთა შეზღუდვაც საჭიროა პანდემიასთან გასამკლავებლად. საქართველოს ეკლესია თუ არ ეთანხმება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, მან ეს საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივროს, როგორც ეს პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ გააკეთა. სამართლებრივი სივრციდან გასვლით საქართველოს ეკლესია და მრევლის ნაწილი საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კანონის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. ბოლო თვეებში ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ შეთანხმებას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ახლა დემოკრატიის გზაზე ასეთი მოულოდნელი შეფერხება არ უნდა დავუშვათ.