რატომ არ სჯერა გამოძიების კოსტა სანიკიძის დედას და რატომ ვერ აიცილა პოლიციამ დანაშაული?

კოსტა სანიკიძე და გიორგი გველესიანი

მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა გიორგი გველესიანს, რომელსაც გამოძიება ედავება მსახიობ კოსტა სანიკიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას. მოლოდინი, რომ ბრალდებული დუმილს სასამართლოს სხდომაზე დაარღვევდა, არ გამართლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 21 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მან თქვა, რომ იყენებს კანონით მინიჭებულ, დუმილის უფლებას და არცერთი სიტყვა არ დაუძრავს დანაშაულის ჩადენის მოტივზე. მსახიობის დაჭრის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რა მოხდა 19 ნოემბერს გამთენიისას?

ბრალდების თანახმად, რომელიც სასამართლოს სხდომათა დარბაზში პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ წაიკითხა, „19 ნოემბერს, გამთენიისას, 7 საათზე, გიორგი გველესიანი მიდის თბილისში მცხოვრებ კონსტანტინე სანიკიძის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მის მიერ ხორციელდება განსაკუთრებული სისასტიკით დაზარალებულის მკვლელობის მცდელობა. კერძოდ, გულ-მკერდის არეში განხორციელდა ოთხი დარტყმა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, რასაც შეესწრო დაზარალებულის დედა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა“.

პროკურორის თქმით, დანაშაულზე საუბრისას, ბრალდება ეყრდნობა არაერთ მტკიცებულებას, მათ შორის, 20 ნოემბერს, კლინიკაში გამოკითხული დაზარალებულის, კოსტა სანიკიძის ჩვენებას; მისი დედის ჩვენებას, რომელიც თავად შეესწრო შვილის დაჭრის ფაქტს და ასევე სხვა რამდენიმე პირის გამოკითხვის ოქმს, მათ შორის, ერთ-ერთი თვითმხილველის, „რომლის ძალისხმევითაც ბრალდებულმა ვერ მოიყვანა სისრულეში მისი განზრახვა“, - თქვა პროკურორმა სასამართლოს დარბაზში.

რატომ თქვა ბრალდებულმა უარი ოჯახის მიერ დაქირავებულ ადვოკატზე?

21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომა ორი საათით იმიტომ გადაიდო, რომ ბრალდებულმა, მოულოდნელად, ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატის, ლევან დავითაიას აცილება მოითხოვა:

გიორგი გველესიანი სასამართლოს დარბაზში ითხოვს ადვოკატის აცილებას

- არა, ძმაო, ამ ადამიანმა რა უნდა დამიცვას. ამ ადამიანის აცილება მინდა, - თქვა საბრალდებო სკამზე მჯდომმა გიორგი გველესიანმა.

- მიზეზი რა არის? - ჰკითხა მოსამართლემ.

- არ ვასახელებ მიზეზს.

გიორგი გველესიანის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მოულოდნელი აღმოჩნდა ადვოკატისთვისაც:

„მე ვარ ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატი. ორი დღის განმავლობაში ვესაუბრებოდი ბატონ გიორგის, გუშინაც ვესაუბრე საკმაოდ გვიან, შემდეგ ჩავატარე გარკვეული მოქმედებები. დღევანდელი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა. თუმცა, ეს მისი პოზიციაა და, შესაბამისად, გთხოვთ, რომ ამ შემთხვევაში აცილება დააკმაყოფილოთ“.

ლევან დავითაია ორ საათში სახაზინო ადვოკატმა, ოლღა გეჯაძემ შეცვალა.

ბრალდების მოთხოვნას, პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ოლღა გეჯაძე არ დაეთანხმა. თქვა, რომ არ არსებობდა დანაშაულის ჩადენისა თუ მიმალვის საფრთხე და გიორგი გველესიანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ.

სხდომიდან გამოსულმა პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება თავდასხმის მოტივის „ბევრ ვერსიაზე“ მუშაობს, თუმცა, არ აკონკრეტებს მათ შორის არცერთს:

სოფიო ბარაბაძე

„უმრავლეს საქმეზე, რომელზეც გამოძიება იწყება, მუშავდება რამდენიმე ვერსია, მოწმდება ეს ვერსიები. ძალიან ბევრი ვერსიაა ახლაც და, შესაბამისად, ამ ვერსიებზე რომ ვისაუბრო, საზოგადოებას უფრო დავაბნევთ“.

სცადა თუ არა გიორგი გველესიანმა მსახიობზე თავდასხმა 19 ნოემბრამდეც?

მსახიობ კოსტა სანიკიძის მიმართ განხორციელებული მუქარის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარმა სამმართველომ გამოძიება ჯერ კიდევ 2 ნოემბერს დაიწყო.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მუქარის თაობაზე პოლიციისთვის თავად კოსტა სანიკიძეს არ მიუმართავს. გამოძიება ამ საქმეზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კოსტა სანიკიძის მეზობელს, 2 ნოემბერს, გამთენიისას, საკუთარ სახლში, თავს დაესხა უცნობი პირი. მეზობლის თქმით, ეს ადამიანი კოსტა სანიკიძის სახელს და გვარს იძახდა და ანგარიშსწორებით იმუქრებოდა. ანუ, თავდამსხმელს კოსტა სანიკიძის მეზობელი მსახიობში შეეშალა და ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავებს კოსტა სანიკიძის მეზობელმა მიმართა და გამოძიება საქმეზე ორი, 126-ე - ძალადობისა და 150-ე - მუქარის მუხლით დაიწყო.

საქმეზე 2 ნოემბერსვე გამოიკითხა კოსტა სანიკიძე. ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ თავად გაავრცელა მან სოციალურ ქსელში:

„წეღან გამომიშვეს განყოფილებიდან და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა. ყველა ის ადამიანი, ვინც ფიგურირებდა, ღვთის წყალობით, კარგად არის, ვნახოთ, როგორ და რანაირად იქნება“.

კოსტა სანიკიძემ კიდევ ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში ექვსი დღის წინ ატვირთა:

„წეღან გამოვედი პოლიციიდან. დავხედე ერთი ჩემ ამბავზე, ვინ დამდევს, როგორ დამდევს. არაფერი სიახლე. ასე რომ შენ, ვინც არ უნდა იყო, მოდი, მოდი, გელოდები“.

პროკურორი სოფიო ბარაბაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მუქარის საქმეზე დაწყებული გამოძიება ჯერ ისევ შესწავლის ეტაპზეა და არ შეუძლია თქმა, რამდენად უკავშირდება ეს საქმე ბრალდებულ გიორგი გველესიანს:

„ამის შესახებ ალბათ უფრო მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს, როდესაც სათანადო მტკიცებულებები გვექნება. გიორგი გველესიანის შესაძლო კავშირი წინა ინციდენტთან დაკავშირებით მოწმდება“.

გიორგი გველესიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულსაც, სავარაუდოდ, ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას მიაწერენ. ამ ვერსიის თაობაზე ლაპარაკობდა მედიასთან გველესიანის უკვე ყოფილი ადვოკატი ლევან დავითაიაც.

ბრალდებულის ახალი ადვოკატი, ოლღა გეჯაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როდესაც სახეზეა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ბრალდებულს აუცილებლად უტარდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ასე იქნება გიორგი გველესიანის შემთხვევაშიც. თუმცა, მისი თქმით, „ასე ერთი შეხედვით“, ბრალდებულისთვის „ისეთი არაფერი შეუმჩნევია“:

„დაცვის მხარემ რომც არ დააყენოს ასეთი შუამდგომლობა, ეს ექსპერტიზა მაინც უნდა ჩატარდეს და ახლაც ასე იქნება“.

20 ნოემბერს „კურიერისთვის“ მიცემულ კომენტარში, კოსტა სანიკიძემ თქვა, რომ თავდამსხმელს არ იცნობს.

უცნობია მსახიობზე თავდასხმის მოტივი გიორგი გველესიანის ოჯახის წევრებისთვისაც, რომლებიც 21 ნოემბერს სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ.

გიორგი გველესიანის ოჯახის წევრები სასამართლოს ტოვებენ

მათ არ იციან, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს კოსტა სანიკიძე და გიორგი გველესიანი და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და იყო "აგრესიული".

რატომ არ სჯერა კოსტა სანიკიძის დედას სამართალდამცავების?

ირმა ბოიჩენკო-სანიკიძე, კოსტა სანიკიძის დედა, თავად შეესწრო შვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დაკავებულია, დარწმუნებულია, რომ მის შვილს კვლავ ემუქრება საფრთხე და მიუთითებს სამართალდამცავების უმოქმედობაზე:

„თავდამსხმელის მიერ პირველი მცდელობის ფაქტზე პოლიციის მიერ “ჩატარებული გამოძიების” მიუხედავად ჩვენ აღმოვჩნდით დაუცველები და მე მქონდა იმედი, რომ პოლიცია გაატარებდა ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნებოდა. თუმცა, ჩემი იმედი აღმოჩნდა ფუჭი, რადგანაც 2 ნოემბრის შემდეგ, მან კვლავ გაბედა და განმეორებით დაგვესხა თავს და მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმისთანავე, სანამ შემოიჭრებოდა ეზოში, დავრეკე 112-ში, მაგრამ მაინც ვერ დამიცვეს შვილი და პოლიციის მოსვლამდე ჩვენივე ძალებით მოგვიწია თავდამსხმელის მოგერიება და დაკავება, რაც ლამის ჩემი შვილის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა“.

კოსტა სანიკიძის დედას არ სჯერა არც იმ ვერსიის, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი დაესხა თავს. ის ვარაუდობს, რომ მისი შვილის მკვლელობის მცდელობა არ არის ერთი ადამიანის დაგეგმილი:

„გთხოვთ ყველას, ვისაც შეგწევთ უნარი, დამეხმარეთ ჩემი შვილის სიცოცხლის დაცვაში და ჭეშმარიტების დადგენაში. ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ პოლიცია, ისევე გულგრილად და ზერელედ მიუდგება ამ ფაქტს, როგორც პირველი თავდასხმის მცდელობისას“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ბოიჩენკო-სანიკიძე.

რა უნდა ექნათ სამართალდამცავებს?

შესაძლებელი იყო თუ არა დანაშაულის თავიდან აცილება? ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

ანა თავხელიძე, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ამბობს, რომ თუკი მუქარის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება დროულად ვერ ახდენს საფრთხის წყაროს იდენტიფიცირებას ანუ იმ პირის გამოვლენას, ვინც ადამიანს ემუქრება, მაშინ უწყებამ, სავარაუდო დამნაშავის გამოვლენამდე, მუქარის მსხვერპლის დაცვის მიზნით სხვა მექანიზმები უნდა აამოქმედოს:

ანა თავხელიძე

„მაგალითად, არსებობს მოწმის დაცვის სხვადასხვა ღონისძიებები. არსებობს მოწმის დაცვის სპეციალური პროგრამა. საგამოძიებო უწყებას აქვს მექანიზმები იმისთვის, რომ მუქარის შემთხვევაში, დაიცვას მოწმის უსაფრთხოება. შსს-მ უნდა გააკეთოს განმარტება, შესთავაზა თუ არა დაზარალებულს ეს მომსახურება? თუ არ შესთავაზა, რატომ არ შესთავაზა? თუ შესთავაზა, რატომ არ ჩაერთო ეს ადამიანი ამ პროგრამაში?“

ანა თავხელიძის თქმით, სამართალდამცავმა უწყებამ უნდა განმარტოს, რატომ ვერ აირიდა თავიდან ის შედეგი, რომელიც დადგა - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა:

„ცხადია, ზუსტად არ ვიცით, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს სამართალდამცავებმა და სრულყოფილად იმუშავეს თუ არა პირის იდენტიფიცირებისა და მისი დაკავების მიზნით. ეს კითხვის ნიშნები არსებობს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არგუმენტები, რა ზომები გაატარეს იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო და რა გარემოებებმა შეუშალა მათ ხელი ამ დანაშაულის თავიდან არიდებაში“.

კოსტა სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გველესიანის სასამართლო სხდომა 11 იანვარს გაიმართება.

რაც შეეხება კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას 19 ნოემბერსვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.