ყრუ კედლის პირისპირ: რატომ არ მუშაობს სისტემა, როცა დედა ბავშვს ვერ იბრუნებს

„მე არ მინდა შენთან ცხოვრება“, - ეს სიტყვები უთხრა მოულოდნელად ბავშვმა დედას, რომელიც შვილის წამოსაყვანად მამამისის სახლში მივიდა

შვიდი წლის ბავშვის დედა უკვე თითქმის 50 დღეა უშედეგოდ ცდილობს დაიბრუნოს შვილი, რომელსაც ბავშვის მამა მასთან არ უშვებს და ამბობს, რომ მას დედასთან ცხოვრება არ სურს. ბავშვიც იმავეს იმეორებს. სისტემა უმოქმედოა.

დედის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ მამისგან ბავშვის დაუყოვნებლივ განცალკევებაზე უარი თქვა. პოლიციამ, მხოლოდ ბავშვის ჩვენების საფუძველზე, დედას გამოუწერა შემაკავებელი ორდერი და ერთი თვით შვილის ნახვა აუკრძალა. ფსიქოლოგის დასკვნაში წერია, რომ ბავშვი მამისგან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის. სოციალური სამსახური, რომელსაც, პოლიციასთან ერთად, მსგავს შემთხვევებში რეაგირება ევალება, ვერაფერს ცვლის - ბავშვი დედასთან ვერ ბრუნდება.

შეხვედრა ჭიშკრის მიღმა

„მე არ მინდა შენთან ცხოვრება“, - ეს სიტყვები უთხრა მოულოდნელად ბავშვმა დედას, რომელიც 2024 წლის 23 ივლისს, შვილის წამოსაყვანად მამამისის სახლში მივიდა. ბავშვის დედ-მამა 2020 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მათი საერთო შვილი კი, ბოლო წლების განმავლობაში, კვირის ნაწილს ერთთან ატარებდა, ნაწილს - მეორესთან.

წელს, ზაფხულის ბერლინური არდადეგეგებიდან დაბრუნების შემდეგ, გვანცამ (დედის სახელი არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე შეცვლილია), ბავშვი მეორე დღესვე მამას მიუყვანა და შეთანხმებული დროით, ერთი კვირით მასთან დატოვა.

წამოყვანის დღეს, როცა მეზობელ ქალაქში ჩავიდა, სადაც ბავშვის მამა ცხოვრობს, ყოფილი ქმრისგან მესიჯი მიიღო: ბავშვს შენთან ყოფნა არ უნდა და ძალით ვერ გამოვუშვებო.

ყოველთვის, როცა ბავშვი მამისგან მოჰყავდა, შვილს სახლისგან ოდნავ მოშორებით ელოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ბავშვი გარეთ არ გამოსულა. ჭიშკრის მიღმა იდგა, კიბეებზე, მამაზე ხელჩაჭიდებული და დედას მონოტონურად უმეორებდა:

„არ წამოვალ. შენთან ცხოვრება არ მინდა. არ წამოვალ“.

„დაპროგრამებულივით მელაპარაკებოდა. ეს არ იყო ჩემი შვიდი წლის შვილის ლექსიკა. მერე კი მამამ პატიმარივით ისევ ზემოთ აიყვანა. არ ვიცოდი რა მექნა“, - იხსენებს გვანცა.

მცხეთის სოციალურში სამსახურში გვანცას უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ და პოლიციაში წასვლა ურჩიეს. იმ დღესვე დაიწყო საგამოძიებო პროცესი. გამოკითხვის დროს ბავშვი იმეორებდა, რომ დედასთან ცხოვრება არ სურდა და, რომ:

„დედა მას ოთახში კეტავდა - თბილისშიც და ბერლინშიც“.

ბავშვმა დედასთან კონტაქტი შეწყვიტა. დალაპარაკებაზეც უარს ამბობდა. ტირილს იწყებდა და თავი დამანებეო, ეუბნებოდა. სწორედ ბავშვის ჩვენებას დაეყრდნო პოლიცია და 2024 წლის 23 ივლისს, დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

„მაშინვე სასამართლოში გავასაჩივრე. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი არ ეთანხმებოდნენ პოლიციის გადაწყვეტილებას, რადგან ეს, ისედაც დასტრესილი ბავშვის მდგომარეობას კიდევ უფრო დააზიანებდა.

მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გააუქმა, თუმცა პოლიციამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რამაც სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის პროცესი გააჭიანურა.

როცა ვუთხარი, რომ მიყვარს და ველოდები, ტირილი დაიწყო, თუმცა მაინც ამბობდა, რომ ჩემთან არ წამოვა. ის შეშინებული და დათრგუნულია.

„ამ დროის განმავლობაში, ერთხელ დავინახე ბავშვი სასამართლოს ეზოში, თუმცა მაშინ მიახლოების უფლება არ მქონდა. მას მერე, ახლახანს, ერთი საათით შემახვედრეს სოციალურ სამსახურში. როცა ვუთხარი, რომ მიყვარს და ველოდები, ტირილი დაიწყო, თუმცა მაინც ამბობდა, რომ ჩემთან არ წამოვა. ის შეშინებული და დათრგუნულია“.

გვანცა დღეს სასამართლოს გზით მოითხოვს ყოფილი ქმრისთვის დამცავი ორდერის გამოწერას და სოციალური სამსახურისა და პოლიციისგან მოითხოვს ბავშვის გამოყვანას. თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

რა ხდებოდა ოთხი წლის წინ?

როცა გვანცა და მისი მეუღლე დაშორდნენ, ბავშვი 3 წლისა იყო. სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება გვანცამ მიიღო. 9 თვის განმავლობაში დედა-შვილი ქირით ცხოვრობდა. თუმცა, ბავშვი დროის ნაწილს მამასთან ატარებდა ხოლმე. გვანცას ის თავად მიჰყავდა მასთან და უტოვებდა. გვანცა მუშაობდა, ბავშვის მამა - არა.

შემდეგ დაიწყო დავა იმაზე, თუ რა დროს გაატარებდა მოზარდი ან ერთ, ან მეორე მშობელთან. მოლაპარაკებით ვერაფერზე შეთანხმდნენ და დედამ, ბავშვის მუდმივ საცხოვრებლად დედის სახლის განსაზღვრა სასამართლოს გზით მოითხოვა.

პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა მისმა ყოფილმა ქმარმა განაჩენი გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომაც გვანცას მხარე დაიჭირა, თუმცა ბავშვის მამამ გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა და ამან პროცესი კიდევ უფრო გაწელა. ცვლილება ბავშვსაც დაეტყო:

„მამას დაინახავდა თუ არა, მე ხელს გამიშვებდა ხოლმე და ჩემთან ყველანაირ ემოციურ კავშირს წყვეტდა, - იხსენებს გვანცა, - ბავშვი ლაპარაკობდა იმაზე, რომ მე მამა სახლიდან გავუშვი. ეს არ იყო მისი სიტყვები. ასეთ რამეებზე მე არ ველაპარაკებოდი“.

ბერლინშიც იმიტომ წაიყვანა, რომ დედა-შვილს ერთად მეტი დრო გაეტარებინა. რადგან მამა ბავშვის გაშვების წინააღმდეგი იყო, გვანცამ სასამართლოსგან მიღებული დროებითი განკარგულებით შეძლო შვილთან ერთად ქვეყნის დროებით დატოვება.

„იქ ერთად ძალიან კარგად ვიყავით, ბევრს დავდიოდით. ბავშვი ჩემთან თავს კარგად გრძნობდა. რას წარმოვიდგენდი, რომ წინ ეს მელოდა. ახლა თითქოს რაღაც ყრუ კედელს ვეჯახები სოციალური სამსახურის, პოლიციის სახით, სასამართლოს სახით. აბსოლუტურად შეუიარაღებელი ვდგავარ სისტემის წინ. ამასობაში კი ჩემი შვილის ფსიქიკა ნადგურდება“, - გვეუბნება გვანცა.

სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, რაც ბავშვის მამამ შეიტყო, რომ გვანცას ცხოვრებაში ახალი ადამიანი, მისი მომავალი მეუღლე გამოჩნდა...

რა წერია ფსიქოლოგის დასკვნაში და რატომ არ ითვალისწინებს მას არავინ?

საქმეში დევს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის, შორენა მაისურაძის დასკვნა, რომელშიც გარკვევით წერია, რომ:

  • ბავშვი მამის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას საკუთარი ინტერესების და მოთხოვნების სასარგებლოდ.
  • რომ მოზარდი სასოწარკვეთილია, შფოთავს და უმწეოა.
  • რომ მამის მხრიდან კვლავ გრძელდება ემოციური წნეხი და ბავშვს დაკარგული აქვს უსაფრთხოების განცდა.

ამავე დასკვნაში ვკითხულობთ მამის აღიარებას, რომ ბავშვმა გამოკითხვისას, მოიტყუა, თითქოს დედამ ის ბერლინში ყოფნისას ოთახში ჩაკეტა და მოიტყუა „სხვა რაღაცებიც“, რადგან, მამის თქმით, ბავშვი უკმაყოფილო იყო უცხო გარემოში ყოფნით.

ფსიქოლოგის მიერ მამისთვის დასმულ კითხვაზე, რას ფიქრობს ბავშვის განვითარებაზე დედის მიმართ გაუცხოების ფონზე და ამ ყველაფრის დამაზიანებელ შედეგებზე, მამა პასუხობს, რომ „როცა ყველაფერი დალაგდება, ბავშვი დედას მერე გაყვება“.

საბოლოო დასკვნაში კი წერია:

„მჟღავნდება მამის მხრიდან შვილის მიმართ მაღალი ხარისხის ემოციური ზეწოლა/ჩაგონება (ბავშვი სიტყვა-სიტყვით, მონოტონურად იმეორებს იგივე სურვილებსა და მოთხოვნებს, როგორსაც მამა და იყენებს მამის ფრაზებს). ამ გარემოებებმა გამოიწვია ბავშვის ემოციური ტანჯვა და ბავშვის ქცევა მიმართა დედის მიუღებლობისა და უარყოფისკენ“.

რატომ იკავებს თავს სოციალური სამსახური, მიუხედავად ფსიქოლოგის ასეთი დასკვნისა, მიმართოს პოლიციას და ბავშვი მამის ოჯახიდან გამოიყვანოს? ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც ახლა სვამენ ბავშვი დედა და მისი ადვოკატი.

ჩვენ ვესაუბრეთ სოციალური სამსახურის თანამშრომლებს (მათ შორის, სოცმუშაკს ირინა ლაშაურს), თუმცა პასუხად მივიღეთ, რომ „ბავშვის ინტერესებიდან“ გამომდინარე, ისინი ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებენ და გვირჩიეს მიგვემართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პრესცენტრისთვის. ასეც მოვიქეცით, თუმცა პასუხები კითხვებზე ვერც იქ მივიღეთ.

„მოვითხოვთ ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას“

გვანცას წარმომადგენელი სასამართლოში, ციალა რატიანი, მოითხოვდა მამისგან ბავშვის დაუყოვნებლივ გამოცალკევებას, თუმცა, სასამართლომ მას ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

ადვოკატი ამბობს, რომ ბავშვთან სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ფსიქოლოგმა, იმ ტრავმის დროულად დასაძლევად, რაც მას უკვე მიადგა. ჯერჯერობით, არც ეს მომხდარა.

ციალა რატიანი ამბობს, რომ ფსიქოლოგის დასკვნა კარგა ხანია ცნობილია როგორც სოციალური სამსახურის, ისე პოლიციისათვის. ამ უკანასკნელის პირდაპირი მოვალეობა იყო ემოქმედა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის მე-16 მუხლით, რომელიც პოლიციას ავალდებულებს, ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, რაც, ადვოკატის განცხადებით, „პოლიციას არ გაუკეთებია“.

შემაკავებელი ორდერიც კი არ გამოუწერეს მამას, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალადობს ბავშვზე.

„ასეთი დასკვნის შემდეგ, შემაკავებელი ორდერიც კი არ გამოუწერეს მამას, რომელიც ფსიქოლოგიურად ძალადობს ბავშვზე. ხოლო ის გარემოება, რომ ბავშვს მამა უყვარს და პირიქით, საერთოდ არ გამორიცხავს მისი მხრიდან ძალადობას“.

ციალა რატიანმა უკვე გაგზავნა შუამდგომლობა გენერალურ პროკურატურაში და ამ საქმის მცხეთიდან თბილისში გადმოტანა მოითხოვა.

ადვოკატი გენერალური ინსპექციისგანაც მოითხოვს საქმის გამომძიებლის უმოქმედობის ფაქტის შესწავლას.

საჩივარი დაიწერა სოცსააგენტოს უფროსის სახელზეც, იმის თაობაზე, რომ ქმედითი ნაბიჯები არც მცხეთის სოცსამსახურის ხელმძღვანელმა ლალი უნდილაშვილმა გადადგა.

„მოსამართლე თამარ მეშველიანმა იკითხა, ახლა რომ გამოვაცალკევოთ ბავშვი მამისგან, ამ შემთხვევაში არ მიადგება მას ზიანიო? ფსიქოლოგმა უპასუხა, რომ ეს ზიანი არ იქნება იმხელა, რა ზიანიც ბავშვს ახლა ადგება“, - უთხრა ციალა რატიანმა რადიო თავისუფლებას.

ბავშვის მშობლებთან ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში (2023) პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო უწყებების დროული და ეფექტიანი რეაგირება საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის საფუძველზე დადგენილი პროცედურები არ არის შედეგიანი და ეფექტიანი, დაწესებული სანქციები ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მშობელთან ურთიერთობის დროულად აღდგენას, ხოლო სამართალდამცავი უწყებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია (5 მიმართვა 2 წლის განმავლობაში).

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს არ აქვთ წინასწარ გაწერილი, ერთგვაროვანი და თანმიმდევრული მექანიზმები საქმეთა როგორც შეფასების, ისე აღსრულების ეტაპზე. რომ განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლების მხრიდან არასრულწლოვნებზე ემოციური ზეგავლენის კუთხით არსებული გამოწვევები. ხოლო სახელმწიფოს, მათ შორის, სერვისებისა და კადრების სიმწირის გათვალისწინებით, არ აქვს ეფექტიანი მექანიზმი, რომლითაც შეძლებდა მსგავსი გარემოებების თავიდან არიდებას.

რა უნდა მამას?

მამის წარმომადგენელი სასამართლოში, ქრისტინე ჩხიკვაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ საქმეში მისი ერთადერთი მიზანი ბავშვის ინტერესების დაცვაა.

მისი აზრით, ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც ამ ეტაპზე საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლითაც დედის მხარე მამის მიმართ 9 თვის ვადით შემაკავებელი ორდერის გამოწერას მოითხოვს, არადამაჯერებელი და მიკერძოებულია.

ქრისტინე ჩხიკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში საჩივრის წერილიც გაგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ ეს შეფასება აბსოლუტურად აცდენილია რეალურ სურათს, ბავშვის სურვილებსა და ინტერესებს:

იმედი მაქვს, სასამართლოც დაადგენს, რომ არავითარი ფსიქოლოგიური ძალადობა მამის მხრიდან ბავშვის მიმართ არ ხდება.

„ამას აუცილებლად დავადასტურებ და იმედი მაქვს, სასამართლოც დაადგენს, რომ არავითარი ფსიქოლოგიური ძალადობა მამის მხრიდან ბავშვის მიმართ არ ხდება. თავად ეს ფსიქოლოგი ხშირად წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ სიტყვებთან, როცა წერს, რომ ბავშვი არის მხიარული, არის თავისუფალი, გულახდილი და ამ დროს უნდა, რომ ჩვენ დაგვარწმუნოს რამდენად დიდ ტანჯვაშია ამის პარალელურად მამის მხრიდან“.

ადვოკატს ვკითხეთ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მცხეთის სოციალური სამსახურის ფსიქოლოგს ამ საქმეში, რაზეც მან გვიპასუხა, რომ მის პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა ფსიქოლოგი უბრალოდ ცდება ხოლმე.

„შესაძლოა, ამის უკან სხვა ზრახვებიც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ის რეალურ სურათს ამ დასკვნაში ვერ დებს“.

ადვოკატის განცხადებით, ბავშვს უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა, რადგან მას ორივე უყვარს, მაგრამ, მისი თქმით, ამას „გარკვეული დრო“ და ასევე, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდება. ჯერჯერობით მას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია დედის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მამისგან ერთბაშად განცალკევება.

„დარწმუნებული ვარ, პროცესში ჩაერთვებიან ფსიქოლოგები და ეს ვითარება დარეგულირდება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ დედას შეხვდეს ხოლმე და ეს დაძაბული ფონი მოიხსნას. ჩვენ სასამართლოში განვაცხადეთ ის, რაც ბავშვმა მამას მოუყვა. დანარჩენი, დაე, სასამართლომ გადაწყვიტოს“, - ეუბნება ქრისტინე ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას.

ადვოკატი ელოდება დასკვნასაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რომელმაც ასევე შეაფასა ბავშვის მდგომარეობა, თუმცა ეს დასკვნა ჯერ მხარეებს არ უნახავთ - ის სამხარაულის ბიუროს ჯერჯერობით სასამართლოში არ წარმოუდგენია. ქრისტინე ჩხიკვაძე მოელის, რომ ის უფრო ახლოს იქნება რეალობასთან, ვიდრე დღეს საქმეში არსებული ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც, მისი შეფასებით, ფაქტობრივად, მამის მიმართ საბრალდებო დასკვნაა:

„თუ მამა ასეთი საშინელი ადამიანი იყო, რატომ უტოვებდა დედა მას შვილს?“

ქრისტინე ჩხიკვაძე ასევე აცხადებს, რომ მართალია, სასამართლომ ბავშვის მუდმივ საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრა, თუმცა, იმავე მოთხოვნით სასამართლოს მამამაც მიმართა, მაგრამ სასამართლოს მისი სარჩელი არც განუხილავს.

„და კიდევ ერთი: დღეს რომ უკვირთ ის, რასაც ბავშვი ამბობს, თითქოს მან ეს პირველად განაცხადა, რომ მამასთან უნდა მეტი დროის გატარება, ეს ასე არ არის. მას ყოველთვის ჰქონდა ეს მოთხოვნა. უბრალოდ ახლა ბავშვი გაიზარდა და საკუთარ აზრს მეტად აფიქსირებს“.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობა, თუმცა: „მშობლებთან ყოფნის რეჟიმი, ვისთან იქნება ბავშვი ორი დღე და ვისთან ხუთი, ამას უკვე დრო გვიჩვენებსო“.

მოკავშირეობა თუ გაუცხოება?

რა იწვევს იმას, რომ ბავშვი მშობლების განქორწინების შემდეგ მოულოდნელად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს ერთ-ერთი მშობლის მიმართ ან საერთოდ უარს აცხადებს მასთან კონტაქტზე? - ვკითხეთ „გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის“ ფსიქოლოგს, თამთა საამიშვილს, რომელმაც აგვიხსნა, რომ ბავშვს, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ობიექტური მიზეზი, რის გამოც ნაწყენი ან გაბრაზებულია მშობელზე და მასთან შეზღუდულ კონტაქტს ამჯობინებს.

თუმცა, ფსიქოლოგი იმასაც გვეუბნება, რომ არც ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ბავშვის ნეგატიური დამოკიდებულება ერთი მშობლის მიმართ, მეორე მშობლის მხრიდან არსებული ზეგავლენის შედეგია.

გააჩნია, რა სიძლიერისაა ეს ზეგავლენა - ამის მიხედვით ბავშვი შეიძლება გახდეს ერთი მშობლის მოკავშირე ან ერთ-ერთ მშობელს გაუუცხოვდეს.

თამთა საამიშვილი განმარტავს, რომ, როგორც წესი, „Მოკავშირე ბავშვები“ ერთ-ერთი მშობლის მხარეს იჭერენენ. ისინი ბოლომდე არ უარყოფენ მეორე მშობელს, თუმცა მის მიმართ შერეულ განცდებს გამოხატავენ - ერთდროულად დადებითს და უარყოფითს. ხშირად აკრიტიკებენ მას, უარს ეუბნებიან ხანგრძლივ შეხვედრებზე, თუმცა პერიოდულად მაინც ავლენენ გარკვეულ სითბოს მის მიმართ და სრულად არ უარყოფენ. ხოლო მათგან განსხვავებით, გაუცხოებული ბავშვები უკიდურესად ნეგატიურად არიან განწყობილნი და კატეგორიულ უარს აცხადებენ მშობელთან რაიმე კონტაქტზე.

რა ძირითად ნიშნებს ავლენენ მოკავშირე ან გაუცხოებული ბავშვები?

თამთა საამიშვილის პასუხია, რომ ძალიან ხშირად, ბავშვის კრიტიკული ფრაზები, მეორე მშობლის მიერ გამოყენებულ შეფასებებს ემთხვევა.

ფსიქოლოგი ასევე გვიხსნის, რომ მოკავშირეობა შესაძლოა გაუცხოებაშიც გადაიზარდოს. მშობლისგან გაუცხოებას გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები აქვს. ამიტომ არის დროული ჩარევა გადამწყვეტი.

„ბევრ ქვეყანაში, ასეთი ტიპის ზეგავლენა ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმადაა აღიარებული და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება. რეაგირება ხშირად მოიცავს ზეგავლენის მომხდენი მშობლის ფსიქოგანათლებას, რომ მან გააცნობიეროს ასეთი ზეგავლენის უარყოფითი შედეგები არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. თუ მშობელი არ თანამშრომლობს და არ ითვალისწინებს მიცემულ რეკომენდაციებს, მიღებული პრაქტიკაა გარკვეული სანქციების დაწესებაც, მათ შორის - კონტაქტის შეზღუდვა არასრულწლოვანთან“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები საქართველოში, ფსიქოლოგი გვპასუხობს, რომ ასეთი შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ძალიან ხშირად გვხდება არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საოჯახო დავების შემთხვევაში.

ბავშვის დედა შიშობს, რომ თუ მისი შვილი დაუყოვნებლივ არ იქნება მამისგან განცალკევებული, რაც დრო გავა, დედა-შვილს შორის ძველი კავშირი ძალიან დაზიანდება, მაგრამ მთავარი, რაც დედას აღელვებს არის ის, რომ შესაძლოა, ბავშვის ფსიქიკა შეუქცევადად დაზიანდეს.