რატომ არ ვითვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღრიცხულ COVID-ინფიცირებულებს?

თითქმის ორი თვეა, რაც 83 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მარტო ცხოვრობს, მეზობლებსაც კი აღარ ნახულობს. კორონავირუსის საფრთხის გამო, ცდილობს, იშვიათად დატოვოს საკუთარი ეზო და საჭირო პროდუქტის საყიდლადაც იშვიათად გავიდეს. პურს სახლში აცხობს, ბურღულეულის მცირე მარაგიც აქვს.

სოფელში ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ. ამიტომ ვირუსის განსაკუთრებით ეშინიათ. ახლა უფრო მეტად ის აწუხებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი თითქმის სამი თვეა ჩაკეტილი აქვს და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სოფელში ჩასვლას ვერ ახერხებენ:

„ჩვენს რაიონში, გალში, კორონა არ დადასტურებულა. აფხაზეთიდან ისმის ხმები, რომ ვირუსი რამდენიმე ადამიანს გამოუვლინდაო, მაგრამ, როგორც ვიცი, ბევრი შემთხვევა არ არის. სოხუმში გვყავს ნათესავები, მათაც ვეკონტაქტებით. დიდი აღელვება არ ეტყობათ. აქედან, ჩვენი ბიჭები სამუშაოდაც დადიან სოხუმში, გაგრაში, მაგრამ ამბობენ, რომ საგანგაშო არაფერი ისმის. ჩვენც, როგორც შეგვიძლია, ისე ვიცავთ თავს, მეზობლებში არ დავდივართ. ყველას გვეშინია, აქ უმეტესად მოხუცები ვართ და რაიმე რომ მოხდეს, ალბათ ძალიან გაგვიჭირდება. რაც მთავარია, თუ ვინმე ავად გახდა და ვერ მოერევა აქაური მედიცინა და გადასაყვანი გახდება, ავადმყოფი გადაჰყავთ, სადაც ავადმყოფის პატრონები მოისურვებენ - იქნება ეს თბილისი თუ სოხუმი“.

4 ივნისის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 35 შემთხვევაა დარეგისტრირებული. მათგან გამოჯანმრთელებულია 27, გარდაცვლილი კი ერთი. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის სპეციალური შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, შვიდივე დაინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდნენ. დაინფიცირებულები გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს, გაგრაში დადასტურდა. ინფიცირებული რამდენიმე ხნით ადრე მოსკოვში იმყოფებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა მარტის მიწურულს დააწესა და ის დღემდე დაკეტილია. „საზღვრის“ გადაკვეთა შეუძლიათ მხოლოდ რუს სამხედროებს და სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებს, უცხოელ დიპლომატებს, სატვირთო ავტომანქანებს და „სხვა ქვეყნების საავადმყოფოებიდან გაწერილ აფხაზეთის მოქალაქეებს“.

რაც შეეხება დანარჩენ საქართველოსთან არსებულ ე.წ. საზღვარს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ენგურის ხიდთან 27 თებერვალს დაკეტა.

როგორ ცხოვრობს ცხინვალი?

45 ინფიცირებული ჰყავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს. მათგან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. პირველი სამი შემთხვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთში 5 მაისს დაფიქსირდა. მათგან ორი, დედა-შვილი იყო, ახალგორიდან, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ და ვირუსით იქ დაინფიცირდნენ.

პირველი ინფიცირებულების გამოვლენიდან მალევე, დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიულ შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება 10 მაისიდან რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვრის სრულად ჩაკეტვის შესახებ.

თვე-ნახევრით ადრე, 27 თებერვლიდან, ანუ მეორე დღესვე, რაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აფხაზეთის მსგავსად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამაც დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ბოლო ღია მონაკვეთი.

ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული ღონისძიებები ფორმალურ ხასიათს ატარებს, კარგა ხანია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ სამოქალაქო აქტივისტები ცხინვალიდან და ახალგორიდან. მათ შორის არის თამარ მეარაყიშვილიც. როგორც იგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ცხინვალშიც და ახალგორშიც იშვიათად იპოვით ადამიანს, რომელსაც, მაგალითად, პირბადე უკეთია. ამას გარდა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მაისის დასაწყისში მაღაზიების, სილამაზის სალონებისა და კაფე-რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, ამ შეზღუდვებს თითქმის არავინ დაემორჩილა:

„მაღაზიები არ დაუხურავთ, არც სილამაზის სალონები. კაფეები და რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ, მაგრამ გააჩნია, სტუმარი ვინ იყო, მათთვის მაინც აღებდნენ რესტორნებს. მოგვიანებით, ვითომ კიდევ უფრო გაამკაცრეს წესები და მაღაზიის გამყიდველებს პირბადეების გამოყენება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა იყო დაწესებული, მაგრამ ესეც ფორმალურად. მგონი, სულ ორი თუ სამი ობიექტი დააჯარიმეს“.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, მიუხედავად ე.წ. შეზღუდვებისა, ცხინვალში ხელისუფლების გადაწყვეტილებით არაერთი ხალხმრავალი ღონისძიებაც გაიმართა:

„რომ ჰკითხო, ქორწილები და ქელეხები აკრძალეს, თავად კი 9 მაისისადმი მიძღვნილი ექვსი თუ შვიდი ხალხმრავალი ღონისძიება ჩაატარეს. გამოეფინა ე.წ. პოლიტიკური ელიტა, გამოიტანეს სამხედრო ტექნიკის ნაწილი და ომის ვეტერანების სახლებთან ჩაატარეს“.

როგორც თამარ მეარაყიშვილი ამბობს, მიუხედავად მცირე რაოდენობის ინფიცირებულებისა, მოქალაქეების ნაწილი ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე ლაპარაკობს. მისივე თქმით, ხშირია საკარანტინო ზონებში წესების დარღვევის ფაქტებიც:

„მაგალითად, დღემდე ვერ დავადგინეთ რამდენი სასუნთქი აპარატი გვაქვს. ზოგი რა რიცხვს ასახელებს და ზოგი რას. ერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ თითქმის ყველა სასუნთქი აპარატი ჩრდილოეთ ოსეთში გააგზავნეს. იქ საკმაოდ რთული ვითარებაა. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ისიც აღიარა, რომ მხოლოდ ერთი ტომოგრაფიის აპარატი აქვთ და ისიც გაფუჭებული. ახლა თქვეს, რომ დონეცკიდან ელოდებიან სპეციალისტებს და აპარატის შეკეთება დაახლოებით 2 მილიონი რუბლი დაჯდება. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საკარანტინე სივრცეების მოწყობა და შემდეგ წესების დაცვა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ახალგორის საავადმყოფოში არსებულ საკარანტინე სივრცეში ის მოქალაქეები უნდა მიიღონ, რომლებიც რუსეთიდან ჩამოჰყავთ. სხვა სივრცეებში ადგილი აღარ არისო. არადა, აქაურებს ეშინიათ. თავად მომსახურე პერსონალსაც ეშინია. იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა იზოლაციის პირობები“.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, შეზღუდვები და კარანტინი მხოლოდ ჩაკეტილ საზღვრებსა და გაძვირებულ ფასებზე აისახება და არა ცხოვრების ჩვეულ რიტმზე:

„არც ვიცი, რაში გამოიხატება კარანტინი. ალბათ მხოლოდ იმაში, რომ თბილისთან დამაკავშირებელი ერთადერთი გამშვები პუნქტიც ჩაკეტეს. ამ ეტაპზე, ვინც ჩვენგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის საბაბით გადმოდის, მათ კარანტინის დასრულებამდე უკან შემოსვლა ეკრძალებათ. თუკი წითელ ჯვარს გადაჰყავს და შემდეგ უკანაც მათი დახმარებით შემოდის, მაშინ, მათ აქეთ უწევთ ორკვირიანი კარანტინის გავლა. ეს არის და ეს“.

რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის?

COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა დასახმარებლად, არაერთი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. მათ შორის, აფხაზეთის რეგიონს სხვადასხვა არხით არაერთხელ გადაეცა კორონავირუსისგან თავის დაცვის სხვადასხვა სამედიცინო საშუალება, აღჭურვილობა და ჰიგიენის ნივთები. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

როგორც ამავე ანგარიშშია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება მნიშვნელოვნად შემცირდა, პრაქტიკულად ყოველდღიურად ფიქსირდებოდა როგორც სასწრაფო, ისე გეგმური სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირთა ნაკადი:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შესაბამისმა უწყებებმა ერთობლივად შეიმუშავეს პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც ექიმები განთავსდნენ. ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მიზნით, აღიჭურვა და მუშაობა დაიწყო რუხის საავადმყოფომ, რომელიც აშენდა გრძელვადიანი მიზნებისთვის, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გამარტივებას ემსახურება“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ინფიცირებულები, რომლებიც საქართველოს სტატისტიკაში არ ჩანან

4 ივნისის მონაცემებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 80 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს მონაცემები საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო სტატისტიკაში არ აღირიცხება.

ზვიად ზვიადაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებას წერილობით ატყობინებს, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ, არ შეიყვანოს საკუთარ კოვიდსტატისტიკაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ინფიცირების მონაცემები:

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში არ აისახება, ვინაიდან ოკუპაციის გამო, დაინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება ვერ ხერხდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე დასახელებულია“.

ზვიად ზვიადაძის თქმითვე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად ოკუპაციის გამო არსებული შეზღუდული შესაძლებლობებისა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას იქ არსებული ვითარების შესასწავლად. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აფხაზეთში:

„ამ მხრივ, ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში კიდევ უფრო რთულად არის სიტუაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოება არის ჩვენი პრიორიტეტი. ცხინვალში მდგომარეობა კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვარისა და რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და გავატაროთ გარკვეული ღონისძიებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ჩვენ აქტიურად ვაწვდიდით ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცნობებს აფხაზურ და ოსურ ენებზე, რათა მათ ჰქონოდათ ინფორმაცია, როგორ დაეცვათ თავი ვირუსისგან. გარდა ამისა, შევძელით, რომ გაგვეზიარებინა აფხაზი ექიმებისათვის ჩვენი გამოცდილება. ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ნდობის შენების პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა გარკვეული ურთიერთობები. ადგილზეც შევიტანეთ და შეგვაქვს გარკვეული დახმარება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით და, რაც მთავარია, მზად ვართ და ამას საქმითაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საჭიროებისას, მათ შორის, კოვიდინფიცირებულებს, გავუწიოთ დახმარება დიაგნოსტიკისა თუ მართვის ნაწილში“.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ინფიცირების შემთხვევები, საქართველოს სტატისტიკის მაჩვენებელში უნდა აისახოს. „ძალიან უცნაური გადაწყვეტილება“, - ასე აფასებს ის საქართველოს ხელისუფლების მიზეზს, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღრიცხული ინფიცირებულები საქართველოს სტატისტიკაში ვერ ხვდებიან.

„ეს სტატისტიკა აუცილებლად უნდა აღირიცხოს ჩვენს მონაცემებში. შესაძლოა, ცალკე გრაფაში, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ ის ჩვენი სტატისტიკის ნაწილი უნდა იყოს. ძალიან მიკვირს, რადგან ვლაპარაკობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, კანონი გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არ ვაღიარებთ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას და იმ მიზეზით, რომ შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული მონაცემები იყოს მცდარი, ეს ინფორმაცია ჩვენს სტატისტიკაში არ შეგვაქვს. თუკი ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს ყველა დონეზე ვაჩვენოთ, რომ ეს ტერიტორიები ჩვენია და ოკუპირებულია, მაშინ ეს ამ მონაცემებშიც უნდა ჩანდეს. ვფიქრობ, რომ ცალკე გრაფაში უნდა იყოს აღნიშნული, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ასეთი და ასეთი მონაცემები, რათა საქართველომ მსოფლიოს აჩვენოს, რა ხდება ცხინვალსა და სოხუმში. და გარდა ამისა, აფხაზურმა და ოსურმა მხარემაც იცოდნენ, რომ ჩვენ გვადარდებს, რა ხდება იქ, ფეხზე არ გვკიდია, არადა, ახლა ისე ჩანს, თითქოს ეს არ გვაინტერესებს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“.

პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ განსაკუთრებით აფხაზეთში, კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები რეალურ სურათს ასახავს:

„საქმეში ჩახედული ადამიანი, და მათ შორის ვარ მეც, ვთვლი, რომ მაგალითად, აფხაზეთში არსებული ვითარება, რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა. ნამდვილად არ იტყუებიან, მე მაქვს პირდაპირი კონტაქტები და ნამდვილად არ შედის მათ ინტერესებში მოტყუება. მათ არ გაექცათ ვირუსი. ვირუსმა მათთან გვიან შეაღწია და უკვე მეტ-ნაკლებად მზად იყვნენ, რომ გამკლავებოდნენ მას. აფხაზური მხარე ჩვენს მედიკოსებთან თანამშრომლობდა, იყო პირდაპირი კონტაქტები, ვიდეოკონფერენციები, აშკარად გვისმენდნენ და ყურადღებას აქცევდნენ ჩვენს კონსულტაციებს. ეს ოსურმა მხარემაც უნდა დაინახოს, რომ აფხაზებთან სხვა ტიპის ურთიერთობებია“.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოების დამოკიდებულებას კორონავირუსის საფრთხეების შესახებ, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, მაგალითად, აფხაზეთში, საზოგადოების ნაწილს ვირუსთან დაკავშირებით საკმაოდ ზერელე დამოკიდებულება აქვს:

„როგორც ვიცი, ნაკლებად იყენებენ პირბადეებს, დისტანციის დაცვაც იშვიათია. შიდა სოციალურ ქსელებში არ ყოფილა დიდი განსხვავება ჩვეულებრივ ცხოვრებასა და დღეს არსებულ რეალობას შორის. ადამიანები ინდივიდუალურად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ეტარებინათ თუ არა პირბადეები, რადგან თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ რაკიღა ისედაც იზოლირებულები არიან, მათთან ვერ შევა ვირუსი“.

ის, რომ აფხაზეთში, კორონავირუსს მართლაც ზერელედ უყურებს საზოგადოების გარკვეული და, როგორც ჩანს, არცთუ მცირე ნაწილი, ამის შესახებ საკუთარ ბლოგში წერს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ ავტორი ვიტალი შარია:

„რა უნდა ვთქვა, როცა ამ კვირაში, ჩემმა კოლეგამ, სოხუმელმა ჟურნალისტმა, ისე, რომ მე არაფერი მიკითხავს, ამაყად განმიცხადა: „არ მჯერა ამ კორონავირუსის“. არც კი შევეკამათე, რადგან უკვე კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ არ ღირს. გარდა ამისა, გამახსენდა ერთი ინფორმაციაც, რომელიც მედიაში გავრცელდა, რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ირკვევა, რომ მოსახლეობის მესამედი კოვიდურწმუნოთა რიცხვს მიეკუთვნება“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ერთ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. მარტიდან დღემდე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 309 პირი. აქედან, 117 ადამიანი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას, დანარჩენი კი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში.