„არ სარგებლობს არც მობილურით, არც ინტერნეტით“ - რას ჰყვება პუტინის დაცვის თანამშრომელი

ვლადიმირ პუტინი

„2 წელიწადში პენსიაზე უნდა გავსულიყავი. ვფიქრობდი, ბარემ ვიმსახურებ, იპოთეკას გადავიხდი და კონტრაქტს აღარ გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ თებერვალში ომი დაიწყო და სინდისთან ვაჭრობა ვეღარ გამომდიოდა. აღარ შემეძლო ამ პრეზიდენტთან მუშაობა, მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ“

აღარ შემეძლო ამ პრეზიდენტთან მუშაობა, მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ“, - ასე იწყებს რუსულ მედიაორგანიზაცია „დოსიესთან“ საუბარს გლებ კარაკულოვი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ხელქვეითი, დაცვის ფედერალური სამსახურის კაპიტანი, ადამიანი, რომელიც უშიშროებას რუსეთიდან გამეპარა და სტამბოლში ცოლ-შვილითა და სამი ჩემოდნით გამფრინდა.

„დოსიეს“ ჟურნალისტებმა გლები 2022 წლის ბოლოს, უკვე საზღვარგარეთ ჩაწერეს. მას ყველაზე მაღალი თანამდებობა უჭირავს (ეჭირა) იმ პირებს შორის, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და პუტინის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მიზეზი, რის გამოც საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი უცხოეთში გადაიხვეწა - პოლიტიკაა. მისი თქმით, სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი ის ბოლო წვეთი იყო, რამაც რუსეთიდან წასვლა აიძულა. უნდა, შვილი უკეთეს სამყაროში გაზარდოს და არც თავად გახდეს იმ პროცესების მონაწილე, რომელსაც შინაგანად არ ეთანხმება.

გლებ კარაკულოვი ჰყვება, რომ თავდაპირველად ამ სამსახურში დიდი ენთუზიაზმით მივიდა. პირობებიც მოსწონდა და საქმეც. მას ქვეყნის პირველი პირების ერთმანეთთან დაკავშირება ევალებოდა, მათ შორის, საიდუმლო სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფაც. პუტინს ყველა მივლინებაში თან ახლდა, როგორც საზღვარგარეთ, ისე რეგიონებში.

გლებ კარაკულოვი

„ყველა მივლინებასა და გასვლით ღონისძიებაში მივყვებოდით. პრეზიდენტი ყოველთვის კავშირზე უნდა იყოს, მათ შორის საიდუმლო კავშირზეც. ჩვენ ამას უზრუნველვყოფდით“, - განმარტავს „დოსიეს“ ჟურნალისტთან საუბრისას.

თურქეთში სწორედ ერთ-ერთი ასეთი მივლინებისას გაიქცა. 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც პუტინი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კარაკულოვმა სამუშაოს დასრულების შემდეგ, თანამშრომლებს უთხრა, შეუძლოდ ვარ და სუვენირების საყიდლად ვერ წამოგყვებით, ნომერში დავრჩებიო. სინამდვილეში ცოლ-შვილთან ერთად ასტანის აეროპორტს წავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ უკვე სტამბოლში იყო.

გლებ კარაკულოვი არის ადამიანი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ხშირად ხედავდა და მის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელსაც პრეზიდენტი მხოლოდ ტელევიზორში ჰყავს ნანახი. კარაკულოვი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბოლო წლების განმავლობაში თავი მაქსიმალურ იზოლაციაში მოიქცია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გამოჩნდა, პუტინი თითქმის აღარ დადის მივლინებებში.

„2020 წლამდე ძალიან აქტიური იყო, მივლინებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. მართლა უამრავი მივლინება ჰქონდა. ახლა ძალიან ჩაიკეტა. სამყაროს ყველანაირი ბარიერით გამოეყო, კარანტინით, ინფორმაციის არარსებობით. მას რეალობის აღქმა გამრუდებული აქვს“, - ამბობს გლებ კარაკულოვი. ის ჰყვება, რომ პუტინის თანამშრომლები დღემდე ვალდებულები არიან ორკვირიანი კარანტინი გაიარონ, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამოჩენიდან უკვე სამი წელი გავიდა და თან ყველა აცრეს.

„ყველაზე ხშირად ის ვალდაის რეზიდენციაში მიდის. აქ ორი რამ არის საინტერესო. პიტერში, სოჭსა და ნოვო ოგარიოვოში მას იდენტური კაბინეტები აქვს. ყოფილა, ვიცოდი, რომ სოჭში იყო და ტელევიზიით გადმოსცეს, ნოვა ოგარიოვოშიაო. კოლეგას ვეკითხები: „რა, უკვე გაფრინდა?“ და ის მპასუხობს: „არა, აგერ ზის“. ბიჭები ღიმილით ჰყვებოდნენ, რომ ხანდახან, როდესაც სოჭშია, ისე მოაწყობენ ხოლმე, თითქოს გაფრინდა. თვითმფრინავს მოიყვანენ, კორტეჟი დაიძვრება, სინამდვილეში ისევ იქ არის. ბიჭები ამას რომ ჰყვებოდნენ, ეცინებოდათ. შესაძლოა ამას უცხოეთის დაზვერვისთვის თვალის ასახვევად აკეთებენ, ისინი რომ ვერ მიხვდნენ“, - ამბობს გლებ კარაკულოვი.

ის ასევე ჰყვება, რომ პუტინი ხშირად დადის მატარებლით, რომელიც გარეგნულად ჩვეულებრივი მატარებლისგან არ გაირჩევა და ყურადღებას არ იქცევს.

„პუტინი მობილურს არ ხმარობს, არასდროს მინახავს მობილურით. თუ პრემიერ-მინისტრთან ერთად მივფრინავთ, მას (პრემიერს) კიდევ მოჰყვება ადამიანი, ვისაც ინტერნეტი ეხება. პუტინს ასეთი თანამშრომელი არ სჭირდება, რად უნდა ინტერნეტი?! ის მართლა არ სარგებლობს არც მობილურით და არც ინტერნეტით, ინფორმაციას იღებს მხოლოდ უახლოესი წრისგან. ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს“.

გლებ კარაკულოვი ამბობს, რომ როდესაც პუტინი საზღვარგარეთ მიდის, აუცილებელი მოთხოვნაა პრეზიდენტის ოთახში ტელევიზორი რუსულ არხებს აჩვენებდეს.

მიუხედავად იმისა, რომ გლებ კარაკულოვი ერთ-ერთია, ვინც შიდა სამზარეულოზე რაღაც მაინც იცის, გადაჭრით ისიც ვერ უპასუხებს იმ კითხვებს, რომლებიც არა მხოლოდ რუს ჟურნალისტებს, საერთოდ მთელ რუსეთს აწუხებს, მაგალითად, რამდენი შვილი და შვილიშვილი ჰყავს პუტინს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციის პირველი პირია, მის პირად ცხოვრებაზე დაზუსტებით არავინ არაფერი იცის.

რუსეთში გლებ კარაკულოვზე ძებნა გამოცხადდა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დეზერტირობის მუხლით არის აღძრული.

მასალა მომზადებულია „დოსიეს“ სტატიის მიხედვით.