„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – N4
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ თითოეულ ბავშვს ექნება დეპოზიტი - „ცოდნის ყულაბა“, რომელზეც ბაღის ასაკიდანვე ჩაერიცხება თანხა. მომავალში ეს ფული მხოლოდ განათლებაზე დაიხარჯება, სკოლაში ან უნივერსიტეტში. სკოლამდელი განათლება წლიური 2500, ხოლო სასკოლო - 5000 ლარით დაფინანსდება.
გაორმაგდება მასწავლებლებისა და აღმზრდელების ხელფასი. გაიხსნება ახალი ბაგა-ბაღები და სკოლები, ლაბორატორიებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
სრულად დაფინანსდება მსოფლიოს 50 საუკეთესო რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების სწავლა, ისევე როგორც დაფინანსდება სწავლა საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებში.
კოალიცია მიზნად ისახავს, 2028 წლიდან სრულიად დაფინანსდეს განათლება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო უნივერსიტეტები დაავალდებულოს, რომ ააშენონ სტუდენტების საერთო საცხოვრებლები.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – N9
„ძლიერი საქართველო“, ერთი მხრივ, მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის ვალია ხელი შეუწყოს პატრიოტიზმის განვითარებას, ამავე დროს, პირობას დებს, რომ განათლების სისტემას მთლიანად გაათავისუფლებს პოლიტიკური გავლენისგან.
„თუკი ბავშვებს, მასწავლებლებს, დირექტორებს... საბაზისო კეთილდღეობა არ აქვთ, თუკი ბავშვი გაკვეთილის დროს მშიერია, ის ვერ შეიმეცნებს. ამიტომ კეთილდღეობის ზრდა ჩვენი მიზანია, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ პარტიის პროგრამის პრეზენტაციისას, - ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოში საუკეთესო სკოლები და უნივერსიტეტები გვქონდეს. ამ საქმეში ბევრი მოკავშირე გვყავს - ევროკავშირი, რომელმაც ფართოდ გააღო კარები და ამ ზღურბლზე „ქართული ოცნება“ გვაჩერებს“.
„ქართული ოცნება“ – N41
საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობა; მასწავლებლების ხელფასების ზრდა; პროფესიული სასწავლებლებისა და სამეცნიერო სფეროს ბიუჯეტის ზრდა... - ეს პრიორიტეტები ჩამოთვალა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე. მან ასევე თქვა, რომ დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (დაფუძნებული ბიძინა ივანიშვილის მიერ - რ.თ.) ინფრასტრუქტურის გაფართოება და რუსთავის მიმდებარედ კამპუსის აშენება.
„ნაციონალური მოძრაობა“ – N5
„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებით, მასწავლებლების მინიმალური ხელფასი 2000 ლარი იქნება, დამსახურებულ მასწავლებლებს კი ბინებსაც მისცემენ. დღეს მასწავლებლის ანაზღაურება საათობრივად გამოიანგარიშება.
რაც შეეხებათ სტუდენტებს, მათ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო საცხოვრებლებს და ბინის ქირის სუბსიდირებას ჰპირდება.
„გირჩი“ – N36
„გირჩი“ საერთო-ეროვნული სასწავლო გეგმის გაუქმებას აპირებს - სკოლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ბავშვებს რა და როგორ ასწავლონო.
ასევე სრულად გაათავისუფლებს რეგულირებისგან უნივერსიტეტებს, რადგან „მთავრობის საქმე არაა ერეოდეს ზრდასრული ადამიანების შეთანხმებაში, თუ რა როგორ ისწავლონ და რა როგორ ასწავლონ“.
გაუქმდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. უნივერსიტეტები თვითონ გადაწყვეტენ, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღონ სტუდენტები.
ნებადართული იქნება ბავშვის სახლში აღზრდაც.
„გირჩის მიდგომა ანტისახელმწიფოებრივია. საზოგადოება შეთანხმებულია, რომ სახელმწიფოს განათლების უფლება აქვს, როგორც ვალდებულება და არა როგორც სურვილი. ეს ჯგუფი კი ამას ასე არ განიხილავს“, - ამბობს „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ ექსპერტი გოტა ჭანტურია.
„გახარია საქართველოსთვის“ – N25
„გახარია საქართველოსთვის“ მოსახლეობას ჰპირდება სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, მოდიფიცირებულ სახელმძღვანელოებს, უკეთეს ხელფასს მასწავლებლებისთვის, სტუდენტურ სესხებსა და საცხოვრებლებს.
ახალი სკოლების მშენებლობის პროცესში პრიორიტეტი მაღალმთიან და მოწყვლად რეგიონებს მიენიჭება.
სასკოლო კვების პროგრამა გაფართოვდება. უფასო კვებას პირველ რიგში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მიღებენ. აქაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან და მოწყვლად სკოლებზე.
გაძლიერდება გარემოსდაცვითი განათლება. ასევე შეიქმნება დასაქმებისა და კარიერული ზრდის ბანკი, რომელიც სტუდენტებს სამუშაოს შოვნაში დაეხმარება.
სანდოა თუ არა პოლიტიკოსების დაპირებები?
სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვაზე ლაპარაკი პარტიებზე ადრე სამოქალაქო სექტორმა დაიწყო. სხვადასხვა კვლევა მართლაც ამტკიცებს, რომ ბავშვებს სკოლებში ან შიათ, ან არაჯანსაღ საკვებს ჭამენ. მაგრამ როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?
ექსპერტი განათლების საკითხებში, თამარ მოსიაშვილი, რომელმაც უსაფრთხო კვებაზე კვლევა ჩაატარა, ამბობს, რომ არ შეიძლება ამ პრობლემის ცენტრალიზებულად გადაწყვეტა, რადგან სკოლები ერთმანეთისგან განსხვავებულია.
„შეიძლება სახელმწიფომ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვები დააფინანსოს, ან სკოლამ იპოვოს სპონსორი, ან სკოლაში საჭმელი შედარებით იაფი იყოს, ისე როგორც ეს უნივერსიტეტებშია“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.
რაც შეეხება სხვა დაპირებებს, „განათლების პოლიტიკის ცენტრმა“ მოამზადა ანგარიში განათლების საკითხებში პარტიების პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პარტიების გზავნილები ზედაპირულია და არანაირ გათვლებს არ ეყრდნობა.
„ამ იდეებს არანაირი პროცესი არ გაუვლია, საზოგადოებრივი მსჯელობა იქნება თუ რამე სხვა. პარტიებს განათლებაზე უკიდურესად ზედაპირული წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, არაფერია ნათქვამი სკოლამდელ განათლებაზე, რადგან არ იციან ეს თემა. განათლების მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტები პარტიებს არ ჰყავთ“, - ამბობს გოტა ჭანტურია.
ანგარიშში ასევე წერია, რომ 2023 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სიაში განათლებას მე-7 ადგილი უჭირავს.
განათლების პრობლემებზე საუბრისას გამოკითხულებიდან ყველაზე მეტმა პრობლემად თავად განათლების ხარისხი დაასახელა, ასევე სწავლის მაღალი გადასახადი, რეპეტიტორებთან მომზადების ხარჯები და დაბალი ხელფასი.