აი, რა თქვა კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ ერთ-ერთ სოფელში ამომრჩევლებთან შეხვედრისას სამი დღის წინ:
„უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენ რაიონში. უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ოჯახებში ბავშვის აყვანა. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება "ქართულ ოცნებას" გვერდში.“ - ამბობს მერი და განაგრძობს: - „60 პროცენტზე მეტი ხმებია იმისთვის საჭირო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღოთ და ის კანონები მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგვიძლია ჩვენ. 65, 80 და 90 პროცენტი თუ იქნება, მით უკეთესი“.
ეს შეხვედრა, რომლის დროსაც მერს გვერდით უდგას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დელეგატი შიდა ქართლში ვლადიმერ ხინჩაგაშვილი, შიდა ქართლის საინფორმაციო ქსელის ჟურნალისტმა გადაიღო.
ეს ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს, პოლიტიკური ქილიკის თემად იქცა.
- „კასპი ემშვიდობება გეიქორწილებს“.
- „ანუ კასპში გეიკლუბებიც დაიხურება?“
- „დაიცლება ქალაქი“.
- „როგორც იქნა! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
- „სანამ მაცნეში არ დაბეჭდავენ კანონს, არ ითვლება ძალაში შესულად. ამ შაბათ-კვირას ერთი ორი ქორწილი მოესწრება“.
რამდენიმე დღე ხუმრობდნენ ფეისბუკზე.
„კასპში არასოდეს ყოფილა მსგავსი შემთხვევა . ისიც კი არ გაგვიგია, რომ აქ თუნდაც ერთი გეიწყვილი იყოს. უბრალოდ ამომრჩეველთან სხვა სალაპარაკო თემა არ აქვთ“, - ამბობს კასპელი ირაკლი მილაძე, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი.
ირაკლი დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს. რამდენიმე ასეულ მეტრში კასპის ცემენტის ქარხნიდან. მისი სახლის კედელზე უცნაური მოწყობილობა - სიომეტრია მიმაგრებული. ის ჰაერის დაბინძურების ხარისხს ზომავს და ერთიან მონაცემთა ბაზაში აგზავნის. წლებია კასპელები ჩივიან, რომ ცემენტის მტვერი ახრჩობთ.
ასევე ნახეთ ივანიშვილის ინტერესები და ცემენტის ბიზნესი - როგორ აზიანებს ჰაიდელბერგი გარემოს და ადამიანებსთავად ირაკლი მილაძესაც არაერთი საპროტესტო აქცია გაუმართავს. „ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ ქარხანას ახლა ფილტრები კი უყენია და მისი საკვამურებიდან კვამლის ამოსვლა თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ ქალაქში მტვერი მაინც დგას. ხეები ნაცრისფერი მტვრით არის დაფარული. ირაკლის ხეივანშიც ვაზის ფოთლებზე შეხებისას მტვერი თითებზე გადმოდის.
2022 წელს ქარხნის 45%-ს ფლობდა კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან და ტელეკომპანია „იმედის“ მეპატრონე ირაკლი რუხაძესთან იყო დაკავშირებული. ბოლო მონაცემებით, ანუ 2022 წლისთვის, „ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ შემოსავალი 130 მილიონ ლარს აღწევდა.
„მერის განცხადება სახუმარო თემად იქცა, მაგრამ საზოგადოება დაფიქრდება რით კვებავენ ამომრჩეველს… გაკოტრებულები და საკუთარი გარემოცვის იზოლაციაში არიან და ისედაც აკრძალულ თემებზე ამბობენ, რომ ავკრძალავთო… წყლის ქვეყანა ვართ და კასპში წყალი დილა-საღამოს გრაფიკით მოდის. გორის მერი კი გვამშვიდებდა, რომ თურმე ესპანეთის სოფლებშიც არა აქვთ წყალი. ესეც სასაცილოა, მაგრამ ამავე დროს გასაბრაზებელია, რადგან საზოგადოებას უყურებენ როგორც ადვილად სამართავ ბრბოს“, - ამბობს ირაკლი მილაძე.
Your browser doesn’t support HTML5
ორგანიზაცია "მწვანე პოლუსმა" საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ჭიათურასა და მათ შორის კასპშიც ჰაერის დაბინძურების მზომი მოწყობილობები დააყენა. პირველ ეტაპზე იკვლევენ, რამდენად დაბინძურებულია ჰაერი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი მტვრის მყარი ნაწილაკებით.
„კასპიც არის ერთ-ერთი, ჰაერით დაბინძურებული ქალაქი, ისევე როგორც რუსთავი, თბილისი, მარნეული. [ქარხანაზე] ფილტრების დაყენების შემდეგ [მზომები] დიდ დაბინძურებას აღარ აჩვენებდა, თუმცა მოშორებით უარესი ფონი იყო… ისაა, რომ გზები მტვერდება, როცა [ცემენტით] დატვირთული მანქანები მოძრაობენ და მტვერი ჯერ გზებზე იყრება და აქედან ჰაერში ხვდება მტვრის მყარი ნაწილაკები, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის“, - ამბობს გიორგი ჯაფარიძე, ორგანიზაცია "მწვანე პოლუსის" ხელმძღვანელი და ამატებს, რომ ამ პრობლემისგან დასაცავად კასპის ქუჩები წყლით უნდა ირეცხებოდეს.
კასპის ბაზარში, შავებში ჩაცმული ქალი ზის, მერის განცხადებაზე აზრს ვეკითხებით. ცუდად ვარო, ამბობს, დღეს ერთი ნაჭერი ყველიც კი არ გამიყიდია და არ ვიცი, სახლში ოჯახის წევრებს საჭმელი რა მივუტანოო, არ მაინტერესებს პოლიტიკოსები რას ლაპარაკობენ, ჩვენთვის მაინც არავინ არის და არც ინტერვიუს არ მოგცემთო.
„ჩვენ რაიონში მთავარ პრობლემებზე არ უსაუბრიათ არც კასპის მერს და არც მოჭიდავე ხინჩეგაშვილს. ხალხი გაბრაზებულია - პრობლემების მოგვარებას კი არა, ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას ჰპირდებიან. წყალი ჩვენ არ გვაქვს, მტვერში ვიხრჩობით, კასპი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. დაპირებებიც კი გამოელიათ და ეს ხომ ადამიანების შეურაცხყოფაცაა, როცა ერთსქესიანებზე საუბრობენ და ცდილობენ ამით მოიგონ ადამიანების გულები“, - ამბობს ნინო ზაქარაშვილი, კასპში "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერი.
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში გზები მოასფალტდა, ცხელი ზაფხულისა და ცემენტით დატვირთული მრავალტონიანი მანქანების წინ და უკან სიარულმა გზა დაბრიცაო, - ამბობენ ტაქსის მძღოლები და შიშობენ, რომ ზამთარი გზებს ბოლოს მოუღებს.
„ნებისმიერ სოფელში უამრავი პრობლემაა, უმუშევრობა, მიგრაცია, სასმელი წყალი და ყველაზე დიდი გამოწვევა - ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც ცემენტის ქარხნის გამოა შექმნილი. მოგების გადასახადიც კი არ შემოდის ჩვენ ბიუჯეტში, კომპანია საგარეჯოს რაიონშია რეგისტრირებული და იქ შეაქვს გადასახადი“, - გვეუბნება გიორგი შარიფაშვილი, კასპის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი.
ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოშიღიად საუბარი არც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს უნდათ - მხოლოდ ის მოგვაძახეს, მერს ეს სიტყვები დაუმონტაჟეს და სათქმელი დაუმახინჯესო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, არც კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მოგვცა ინტერვიუ - არც ზარებს უპასუხა და არც ტექსტურ შეტყობინებებს. კასპის მერიაში მისულებს კი კარში დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაგვხვდა - მაისურაძე სოფლებში დადის და თქვენთვის არ სცალიაო.