რას ჰპირდება ამერიკის კონგრესი საქართველოს?

უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობა, რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში - შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში დამტკიცებული ორპარტიული კანონპროექტი - „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ - ქვეყანას მრავალმხრივ მხარდაჭერას ჰპირდება.

ამერიკის მხარდაჭერა რუსეთის სამიზნე საქართველოს

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 22 მაისს დაამტკიცა საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული კანონპროექტი - „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, რომლის ვრცელი სახელწოდებაა „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, და სხვა მიზნებისთვის“.

კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი თვლის, რომ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შევიწროებულ საქართველოს:

  • საქართველოში რუსეთი 2008 წელს შეიჭრა და კრემლი კვლავაც განაგრძობს საქართველოზე თავდასხმას დივერსიული დეზინფორმაციული კამპანიებისა და კიბერშეტევების საშუალებით;
  • ეს დოკუმენტი (H.R. 598) უზრუნველყოფს საქართველოს დახმარებას ამ საფრთხეებთან ბრძოლაში და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერაში;
  • ეს არის კარგი კანონპროექტი, რომელიც გააღრმავებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ წარმომადგენელთა პალატას 2019 წლის იანვარში წარედგინა დემოკრატი კონგრესმენის, ჯერი კონოლისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მიერ.

კონგრესის ვებსაიტზე გამოქვეყნებული კანონპროექტის ტექსტი გულისხმობს მხარდაჭერისთვის მზადყოფნას არაერთი მიმართულებით.

ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

კანონპროექტში ხაზგასმულია შეერთებული შტატების პოლიტიკის მთავარი აქცენტები.

  • აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში;
  • მხარს უჭერს ფასეულობების განვითარებას, მათ შორის - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას;
  • მხარს უჭერს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას.

აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2012 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

  • აშშ მხარს უჭერს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში;
  • აშშ მხარს უჭერს ამ რეგიონებში დევნილებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას და ამას მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელოვან პირობად თვლის.

კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატები გმობს ადამიანების დაკავებას, გატაცებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა გამოვლინებებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

ტექსტში ხაზგასმულია არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტები.

საქართველოს უსაფრთხოება

„ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ, საქართველოსთან კონსულტაციების შედეგად, გაძლიერდეს საქართველოს შეკავების, გამძლეობისა და თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები, შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენით, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები“, - წერია კანონპროექტის ტექსტში.

იქვე აღნიშნულია, რომ აშშ-მა 2018 წელს საქართველოს გამოუყო:

  • 2,200,000 დოლარი - საერთაშორისო სამხედრო სწავლებასა და ტრეინინგებთან დაკავშირებით;
  • 35,000,000 დოლარი - საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით.

კონგრესი მიიჩნევს, რომ დახმარება უნდა გაიზარდოს, რადგან საქართველო, უკვე დიდი ხანია, ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

კიბერუსაფრთხოება

კონგრესს მიაჩნია, რომ სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის ინტერესების შესაბამისად, უნდა იმოქმედოს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გასძლიერებლად.

დახმარების საჭიროება დანახულია შემდეგი მიმართულებებით:

  • სამთავრობო კომპიუტერული ქსელების დაცვა მტრული შეღწევისგან, განსაკუთრებით იმ ქსელებისა, რომლებიც იცავენ საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას;
  • საქართველოს დამოკიდებულების შემცირება რუსეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე;
  • საქართველოს შესაძლებლობების განვითარება და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების გაფართოება.

რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლა

კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს დიდ საფრთხეს უქმნის რუსეთიდან აქტიურად გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა.

ამ მავნებლურ შემოტევასთან ბრძოლის ქმედით იარაღად თავისუფალი მედია სახელდება.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა უნდა იყოს ის, რომ გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობები საბრძოლველად რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამავე დროს, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას“, - წერია კონგრესმენების მიერ მომზადებულ ორპარტიულ კანონპროექტში.

ამ მიმართულებებით კონგრესი მთელ რიგ დავალებებს აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს, შეაფასონ ვითარება და დახმარების კონკრეტული საჭიროებები.

ამერიკა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა

კანონპროექტში ნახსენებია საქართველოს დიდი ხნის სურვილი - ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების აუცილებლობა.

  • კონგრესს მიაჩნია, რომ წინ უნდა წაიწიოს საქართველოსთან მოლაპარაკებებმა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის თემაზე;
  • მოლაპარაკებების პროცესში უნდა გააქტიურდეს შეერთებული შტატების წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში.

სანქციების დაწესება

შეერთებული შტატების კონგრესი მოითხოვს მთელი რიგი სანქციების დაწესებას ყველა იმ პირისთვის, ვინც უშუალოდ არღვევს ადამიანის უფლებებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. სასჯელი გათვალისწინებულია მათთვისაც, ვინც ასეთ ეხმარება ადამიანის უფლებათა უხეშად დამრღვევებს. გათვალისწინებულია:

  • აშშ-ში შესვლის აკრძალვა;
  • ფინანსური აქტივების დაყადაღება.

კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში დანაშაულში შემჩნეულ პირებზე საგანგებო ანგარიში წარუდგინოს კონგრესს.