რას ჭამენ თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარად და 30 თეთრად

თბილისში ყოველდღე 40 000-ზე მეტი ადამიანი ცხელი სადილის და ახალი პურის მისაღებად უფასო მუნიციპალურ სასადილოში დადის. სახელმწიფოს ერთი ადამიანის სადილი დღეში 1,30 თეთრი უჯდება. ეს თანხა განკუთვნილია არა მხოლოდ პროდუქტისთვის, არამედ მთელი იმ პროცესისთვის, რაც ერთი ადამიანის სასადილოში კვებას სჭირდება. დღეში 1,30 თეთრი უნდა ეყოს - პროდუქტს, მის მიტანას სამზარეულომდე, მომზადებას, სასადილოს ფართის იჯარას, კომუნალურ ხარჯებს, მზარეულების ხელფასს და სხვა ბევრ წვრილმანს, რომელიც სასადილოების შენახვისა და მართვის პროცესის ნაწილია.

როგორ ახერხებენ ამას მუნიციპალიტეტი და მისი კონტრაქტორი კომპანიები?

„უფასო“ სადილი წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით მზადდება - ცხელი წვნიანი, გარნირი, კომპოტი და პური. ბენეფიციარების უმეტესობა სასადილოში არ ჭამს - აქ ჩანთებში ჩაწყობილი ქილებით და ყუთებით მოდიან, ავსებენ და სახლში მიაქვთ, ოჯახის ყველა წევრისთვის.

ის, ვინც სასადილოშივე ჭამს, როგორც წესი, მარტოხელაა. არიან ისეთებიც, ვისაც სახლში შეიძლება არ ჰქონდეს გაზი, ელექტროენერგია, ქურა და თბილი სადილის იქვე ჭამა ურჩევნია - სითბოში.

67 წლის ლეილა, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია და ფიზიკურთან ერთად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ცდილობს სასადილოში ჭამოს - აქ უფრო სიმშვიდეა, ვიდრე სახლში, სადაც შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.

„შფოთვითი აშლილობა მაქვს, რამდენჯერმე მანქანასაც ვუვარდებოდი. წამლები თუ არ დავლიე, არავინ იცის, რას დავუშავებ ჩემ თავს. მთელი პენსია წამლებზე მეხარჯება. ისეთი საჭმელი მენატრება, კარგად შემწვარი ხორცი და სხვა რაღაცეები, რაც შეიძლება კაცმა ინატროს. წლებია, იმას ვჭამ, რაც აქ მხვდება“, - ამბობს ლეილა, რომელიც ჩიტაიას ქუჩაზე, უფასო სასადილოში, როგორც თვითონ ჰყვება, „წინა მთავრობის დროიდან“ დადის. თავის ულუფას აქვე ჭამს, შვილიშვილებისთვის კი სახლში მიაქვს. იშვიათად თუ ფული გვრჩება, ბავშვებისთვის კანფეტს, ყავას და ჩაის ვყიდულობთ, აქედან რაც მიმაქვს, არის ის, რაც მთელი დღე უნდა გვეყოსო.

„ღამე ყავას დავლევ და ვიძინებ“, - ასე ამთავრებს ლეილა ჭამაზე ლაპარაკს.

მეტი ვიდრე სასადილო

უფასო სასადილოები ძირითადად პატარა ფართებშია განთავსებული და გათვლილია იმაზე, რომ უმეტესობა, ვინც აქ საკვებისთვის მოდის, დიდხანს არ ჩერდება. ყველა, ვინც აქ ჭამს, აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაშია ჩართული - ბარათით ადასტურებს, რომ რეგულარულად იღებს საკვებს. თუ რამდენიმე დღეს გამოტოვებს, ამოვარდება და მის ადგილს სხვა დაიკავებს, მომლოდინეთა სიიდან. 72 წლის ცირა ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს თავისი მეზობლის ნაცვლად მოდის მისი საკვების წასაღებად - ამ დღეებში ის მუშაობს. ცირას ამ სიკეთის სანაცვლოდ მეზობელი პურს უყოფს, ეგეც შეღავათიაო, ამბობს.

მუნიციპალური სასადილოები საკვებთან ერთად ახალი ამბების გაზიარების, მეზობლების მოკითხვის, დარდების გაზიარების ადგილია. მზარეული დიდუბის სასადილოდან გვიყვება, რომ ადრე, როცა ვარკეთილში მუშაობდა, იყო შემთხვევები, როცა მოხუცებს ოჯახური ძალადობისგან თავის დასაღწევ ადგილად სასადილო ეგულებოდათ. „შვილები დასდევდნენ, ეჩხუბებოდნენ და სცემდნენ მოხუცებს, რომ პენსია და სოციალური დახმარება მათთვის მიეცათ. რამდენი შეგვიფარებია, ვინ იცის“, - ამბობს ის.

მზარეულებმა იციან ყველაფერი - ვის არ აუნაზღაურა საყოველთაო დაზღვევამ ექიმთან საჭირო სამედიცინო სერვისის ღირებულება, ვინ ვერ ახერხებს გამოსვლას სახლიდან საჭმლის წასაღებად, ვინ ახერხებს ისე იმუშაოს, რომ სოციალური შემწეობაც შეინარჩუნოს და უფასო საკვებიც. თან საჭმელს ანაწილებენ, თან რჩევებს არიგებენ: როგორ ებრძოლო გაციებას, როგორ მოითხოვო კომპენსაცია, თუკი სამუშაოზე დაშავდები ან ავტოავარიაში შენი ოჯახის წევრი დაშავდება და ასე, იმის მიხედვით, ვინ რა სადარდებლით მივა საჭმლის წამოსაღებად.

სასადილო დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე

როგორ ამოვარდა მენიუდან ფუნთუშა, ყველი და სხვა პროდუქტები

უფასო სასადილოებში მზარეულებიც და ბენეფიციარებიც დანანებით ამბობენ, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდამ მენიუც შეცვალა და ასე გაქრა სხვადასხვა დროს დღის ულუფიდან ფუნთუშები, კვერცხი, სალათი, ყველი და სხვა საკვები, რომელსაც 1,30 ლარი აღარ ჰყოფნის.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6,4 % იყო. ამავე წყაროს მიხედვით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით. ხილზე ფასები გაზრდილია 28%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 15%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 14,2%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 7%-ით. გაძვირდა პურიც - 5%-ით.

როგორ ახერხებენ მაღალი ინფლაციის პირობებში გამგეობები და მათი კონტრაქტორი კომპანიები სადილის წლების წინ დადგენილი ფასით მომზადებას, ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს.

და მაინც, როგორ მუშაობენ კონტრაქტორები

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ერთ ბენეფიციარზე დღიური კვების თანხას ტენდერი განსაზღვრავს. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურში კითხვას იმის შესახებ, რამდენად რეალისტურია სრულფასოვანი სადილის უზრუნველყოფა 1 ლარად და 30 თეთრად და როგორ ხერხდება, რომ ეს ფასი წლების განმავლობაში არ იცვლება, არ პასუხობენ. სამსახურში, სადაც ღია წყაროების მიხედვით 10-მდე ადამიანი მუშაობს, პასუხზე უარს იმით ხსნიან, რომ სასადილოების კვებას გამგეობები უზრუნველყოფენ და ტენდერებსაც ისინი ატარებენ. ტენდერებში კი წლიდან წლამდე ერთი და იგივე კომპანიები მონაწილეობენ და იგებენ ძირითადად დაბალი კონკურენციის პირობებში.

სახელმწიფო შესყიდვების მარტივი ანალიზის მიხედვით ცხადი ხდება, რომ რამდენიმე კომპანია, რომელიც უფასო სასადილოების ტენდერებს იგებს, ყოველ წელს ერთსა და იმავე უბანში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს და რიგ შემთხვევებში იგებს ან ძველ ხელშეკრულებას იგრძელებს.

გამგეობების კონტრაქტორი კომპანიები ამბობენ, რომ ამ საქმეში გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და, გარდა ამისა, როცა ერთ უბანში უკვე „აწყობილი“ გაქვს სასადილო, ახალბედებთან შედარებით უპირატესობას ფლობ, ხარჯი ნაკლებია, მოგების შანსი მეტი.

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე სასადილოს სამზარეულო

განსხვავებულია ტენდერებში მონაწილე კომპანიების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ისინი მინიმალური დანახარჯით ახერხებენ უფასო სასადილოების მომარაგებას.

მაგალითად, კომპანია „თარი-08“-ის ხელმძღვანელი, თამილა მელითაური ამბობს, რომ საკვებისთვის საჭირო პროდუქტის დიდ ნაწილს, ბოსტნეულს და ხილს, უკვე წლებია თავისი ნაცნობებისა და ახლობლებისგან ყიდულობს, რომლებიც თბილისთან ახლოს დიდი ფართობის მიწებს ამუშავებენ. „ყველას აწყობს ასე, ისინი რეალიზაციაზე აღარ ფიქრობენ, მე უფრო იაფად ვყიდულობ კარგ პროდუქტს, ვიდრე ბაზარში ვიყიდდი“, - ამბობს თამილა მელითაური.

კომპანია „ალადაშვილები და კომპანია“, რომელიც მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველების კვებაზეა პასუხისმგებელი, მასზე გამოწერილი ჯარიმების მიხედვით უფრო ნაკლებ საკვებს ამზადებს, ვიდრე ამის ვალდებულება აქვს. 2019 წელს კომპანია იმის გამო დაჯარიმდა, რომ კოჯორში, იუნკერების ქუჩა #30-ში არსებულ უფასო მუნიციპალურ სასადილოში საკვებს სასწორის გარეშე გასცემდა, თვალის ზომით და, შესაბამისად, უფრო მცირე ულუფებს.

ამავე სასადილოში მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ქათმის ხორცი მაცივარში იპოვეს გამოუყენებელი რამდენიმე დღის შემდეგ - ასეთი დარღვევებისთვის კონტრაქტორი კომპანია ჯარიმდება 500 ლარით. „ალადაშვილები და კომპანიას“ 2019 წელს კიდევ ერთი ჯარიმა ეძებნება - ჩუღურეთის რაიონში, სააკაძის 50 ნომერში მდებარე 500 ადამიანისთვის გათვლილ სასადილოში საკვები იმაზე ცოტა მზადდებოდა, ვიდრე ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ჯარიმამ ამ შემთხვევაშიც 500 ლარი შეადგინა.

სასადილო გლდანის რაიონში, მეოთხე მიკრორაიონი, 101 კორპუსი

არსებობს კიდევ ერთი კომპანია, რომელიც უფასო სასადილოების ტენდერებში სისტემატურად და დაბალი კონკურენციის პირობებში იმარჯვებს - კომპანია „ილი“. მისი სამივე დამფუძნებელიც, იაშა ჩაჩუა, ლაშა უღრელიძე, იუზა ჯოგლიძე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისას მსხვილ შემომწირველთა შორის იძებნებიან.

შემოწირულებების გაკეთების პარალელურად, 2018 წლის დეკემბერში კომპანია „ილმა“ სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში მოიგო უფასო სასადილოების ტენდერები; კომპანიის დირექტორმა, იაშა ჩაჩუამ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ ამ თემაზე განმარტება არაერთხელ გაუკეთებია, თუ რამე გვაინტერესებს, შეგვიძლია, ტელევიზორში „მისი კომენტარები ვნახოთ და გადავახვიოთ“.

არასაკმარისი ულუფებისა გაცემისა და მომზადების გამო ჯარიმის გადახდა მოუწია 2018 წელს შპს „ილსაც“. საჯარიმო წერილში მითითებულია, რომ „ბენეფიციართა მომსახურებისას არ ხდება მათთვის მენიუთი განსაზღვრული ულუფების ოდენობის აწონვა და გაცემა, ამასთან, ულუფების მნიშვნელოვანი ნაწილი მომზადებული იქნა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები“.

სამზარეულო გლდანში მდებარე ერთ-ერთი მუნიციპალური სასადილოდან

რატომ იზრდება წლიდან წლამდე იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სასადილოებში იკვებება

თბილისში უფასო სასადილოების ბენეფიციარების რაოდენობა და, შესაბამისად, დაფინანსებაც წლიდან წლამდე მზარდია. 2013 წელს უფასო სასადილოებით 22 361 ადამიანი სარგებლობდა, 2017 წელს 22 361, დღეს მათი რიცხვი 40 ათასზე მეტია.

კომპანია „თარი-08“-ის დირექტორი, თამილა მელითაური, რომელიც უკვე წლებია არაერთ მუნიციპალურ სასადილოს ამუშავებს, იხსენებს, რომ 1995 წელს, როცა პირველი უფასო სასადილო გაიხსნა, ადამიანებს ერიდებოდათ და რცხვენოდათ აქ მოსვლა. დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა და დღეს სასადილოში საკვების მისაღებად უფრო მარტივად დადიან. ის, რაც თითქმის არ იზრდება, თითოეულ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხაა - 1,18 თეთრი, რომელიც 2011 წელს იყო გამოყოფილი, იმ დროისთვის 0,86 დოლარი გამოდიოდა, დღეს გამოყოფილი 1,30 თეთრი კი, 2020 წელს არსებული კურსით, 0,46 დოლარია.

ადამიანების უმეტესობა, ვინც ამ ფასად საკვებს იღებს, ამბობს, რომ ამ შესაძლებლობის არსებობით მაინც კმაყოფილია. 78 წლის მატილდა, რომელიც მარტო ცხოვრობს მეუღლის გარდაცვალების მერე, ამბობს, რომ ყოველთვის შეიძლება სახლში მომზადებული საჭმელიც არ იყოს კარგი და საკმარისი, მაგრამ მეტი გზა არ გქონდეს. როცა პენსია საჭმელს არ ყოფნის და შეგიძლია მშიერი არ იყო, კარგიაო, ამბობს ის.

„ეკონომიურად ძალიან შეზღუდული ვარ, ჩემ შვილს ორივე თირკმელი გათიშული აქვს, დიალიზზეა, იმას რა უნდა მოვთხოვო. ცოტა ხნის წინ ხელი მომტყდა და აღმოჩნდა, რომ ოპერაციის თანხის ნაწილი მე უნდა გადამეხადა. ძლივს ვიშოვე 140 ლარი. ასეთი ცხოვრება მაქვს, როგორც გგონიათ, მოსაწონია თუ არა? აქ რომ მიწევს მოსვლა, უკვე არ მომწონს, მაგრამ მერე ამას მთელი დღე ვანაწილებ და ვცხოვრობ ეგრე“.

2018 წელს თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან 2 000 ლარი მიიღო საქართველოს ნუტრიციოლოგთა ეროვნულმა ასოციაციამ უფასო სასადილოების მომსახურების გაუმჯობესებისა და უკეთ ფუნქციონირების მიზნით, ახალი „სასადილე პაკეტის“ შესამუშავებლად. მიუხედავად ამისა, 2018 წლამდე შედგენილი მენიუ თითქმის იდენტურია 2018 წლის შემდეგ მოქმედი მენიუებისა.

უცვლელი მენიუ; პირველი აღებულია 2017 წლის სატენდერო წინადადებიდან, მეორე ასახავს 2020 წლის მონაცემებს


რატომ არ არიან პროგრამაში 6 წლამდე ბავშვები

უფასო სასადილოების სერვისი არ ვრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე.

2015 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთ-ერთი რეკომენდაცია უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტისთვის მათი პროგრამაში ჩართვა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მცირეწლოვანი ბავშვების გამოკვება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მძიმე ფიზიკური ტვირთია.

უფასო სასადილო ჩუღურეთში, ტურგენევისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე


უფასო სასადილოებში 6 წლამდე ბავშვებისთვის პროგრამაში ჩაურთველობა იმით აიხსნება, რომ ამ ასაკის ბავშვებს უფრო სრულფასოვანი კვება საბავშვო ბაღებში შეუძლიათ. თუ უფასო სასადილოების ვიზიტორებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ აქაური საკვებით პროგრამის მიღმა დარჩენილი ბავშვებიც სარგებლობენ. მაგალითად, 78 წლის სათო, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია ჩუღურეთის ერთ-ერთ სასადილოში დადის სადილისთვის, აქ სკოლაში მიმავალ შვილიშვილებთან ერთად მოდის ხოლმე - მოხუცს დიაბეტი აქვს, წვნიანს თვითონ ჭამს, პურს და კომპოტს ბავშვებს ატანს.