ICOMOS საქართველოს ანგარიში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის და ძეგლის კონსერვაციული მდგომარეობის შესახებ, პირდაპირ ამბობს, რომ მთავარი ტაძრის დასავლეთ ნაწილში ჩატარებული თუ ახლა მიმდინარე სრულმასშტაბიანი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება საერთაშორისო, თანამედროვე მიდგომებს.
როგორ შევიდა სპეციალისტების ჯგუფი გელათში
კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების ჯგუფი გელათში 2022 წლის 31 ოქტომბერს შევიდა. ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებული იყო.
მისიაში მონაწილეობდნენ:
- ლელა ნინოშვილი, კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორი, ICOMOS საქართველო;
- ზაზა სხირტლაძე, ხელოვნებათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი, კედლის მხატვრობის რესტავრატორი, ICOMOS საქართველო;
- ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, ჩუბინაშვილის ცენტრი, ICOMOS საქართველო;
- ნატო ცინცაბაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი, ICOMOS საქართველო.
Your browser doesn’t support HTML5
2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქომ ქართველ სპეციალისტებს მიაწოდა გელათზე საერთაშორისო მრჩეველთა* მიერ მომზადებული ანგარიში. მასში ეწერა, რომ ასოციაცია "ჯოვანი სეკო სუარდოს" მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გელათის ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის არ შეესაბამებოდა კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს და ძეგლის სპეციფიკას.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საბჭომ მკაფიოდ უარყოფითად შეაფასა შერჩეული მეთოდი და მოითხოვა „გადაუდებელი ჩარევის გეგმის შეცვლა“, 2022 წლის ივნის-სექტემბერში მთავარი ტაძრის ნაწილში მაინც მასშტაბურად ჩაერივნენ ადრე შემუშავებული მეთოდოლოგიით და სრული საკონსერვაციო სამუშაოც ჩატარდა.
ანგარიშში წერია, რომ:
- კედლის მხატვრობა დასავლეთ ნაწილში კვლავ ზიანდება.
- გაზრდილია მხატვრობის დანაკარგიც.
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ამ ფოტოებზე მდგომარეობის გაუარესება არ ჩანს, მაგრამ სხვაა სურათი ტაძრის შიგნით, რასაც ეს ფოტოც მოწმობს:
ICOMOS საქართველო წერს, რომ 2021-2022 წლებში, საკონსერვაციო-სარესტავრაციო ჩარევას უარყოფითი შედეგები უკვე მოჰყვა და სავარაუდოა, რომ ის, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მასშტაბური და კომპლექსური პრობლემების მიზეზი გახდება.
აი, მაგალითად, რატომ მოხდება ასე:
- სრულმასშტაბიანი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარებულია არასტაბილური ტემპერატურისა და ტენიანობის გარემოში, მაშინ როდესაც დაზიანების გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვნად გამოკვლეული და აღმოფხვრილი.
- უცნობია წინა პერიოდის ქიმებისა და შევსებების მოხსნა/ჩანაცვლების კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. გაუგებარია, რა მონაკვეთებშია ჩარევა დასრულებული და რა მონაკვეთებში უნდა გაგრძელდეს.
- დაუგეგმავად შეჩერებულია საკონსერვაციო პროცესი, რის შედეგადაც კედლის მხატვრობის ზედაპირზე დარჩენილია საკონსერვაციო ქაღალდი და ბამბა.
ჩამონათვალი გრძელია.
როგორ დაიწყო ყველაფერი
საქართველოს კულტურის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც პულიერის და ჩენტანის 2021 წლის მისიის შესახებ მოხსენება მიიღო, რამდენიმე შეხვედრა მოაწყო, რომელსაც კედლის მხატვრობის ქართველი ექსპერტებიც ესწრებოდნენ.
ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც საფრთხეს ხედავდნენ გადაუდებელ ჩარევაში, სამინისტროს ურჩიეს, სხვა საერთაშორისო ექსპერტებისთვის ეთხოვათ უკვე შემუშავებული საკონსერვაციო კვლევისა და ხედვების შეფასება.
2021 წლის სექტემბერში, კულტურის სამინისტროს თხოვნით, კედლის მხატვრობის კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტებმა, სტივენ რიკებიმ და ლიზა შეკედემ მართლაც მოამზადეს „კომენტარები გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის ანგარიშზე“ - ისინი შეშფოთებულები იყვნენ კვლევის ხარისხის, მხატვრობის გააზრებისა და რესტავრაციის მეთოდოლოგიის გამო.
მეტიც, 2021 წლის სექტემბერში, საქართველოს სახელმწიფოს გაეგზავნა გელათის ტაძარში გარემო პირობების მონიტორინგის შესახებ ანგარიშიც, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა არჩეული გადაუდებელი ჩარევის რისკებზე.
შეშფოთებები მხედველობაში არ მიიღო არც სახელმწიფომ და არც კედლის მხატვრობის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა.
2022 წლის მაისში, უკვე საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით, კედლის მხატვრობის კონსერვაციის ექსპერტები ოსტინ ნევინი, სარა სტენიფორსი, ლორინდა ვონგი, ვითარების შესაფასებლად ეწვივნენ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს.
მომზადებულ ანგარიშში ისინი ღიად გამოხატავდნენ შეშფოთებას მარიო პულიერის და ვინჩენცო ჩენტანის საკონსერვაციო მიდგომებსა და ფიზიკურ ჩარევასთან დაკავშირებით და ძეგლის გადაუდებელი მკურნალობის გეგმის შეცვლას ითხოვდნენ.
ამის მიუხედავად, ჩარევის მეთოდოლოგია არ განახლებულა.
ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობაზე ეს ჩარევა გრძელდებოდა 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით.
ქრონოლოგია - რა ხდებოდა გელათის გარშემო
- 2008 წელს შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი.
- მის მიხედვით, 2015-2018 წლებში მოხდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათის და მთავარი სივრცის გადახურვის რეაბილიტაცია. დაზიანებული სახურავის მოჭიქული კრამიტის საფარიანი ფილებით შეცვლა.
- 2019 წელს შეიცვალა ღვთისმშობლის შობის ტაძრის ყველა მინაშენის გადახურვა.
- 2020 წლის თებერვალ-მარტში - ღვთისმშობლის შობის ტაძრის გადახურვის გაუმართაობის გამო, ეკლესიაში წყალმა გაჟონა და კედლის მხატვრობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
- 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ღვთისმშობლის შობის ტაძარზე დროებითი სახურავის დამონტაჟება დაიწყო და 2021 წლის იანვრისთვის მთავარი ტაძარი მთლიანად დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცა.
- 2020 წლის დეკემბერში დამონტაჟდა გარემო პირობების მონიტორინგის სენსორები ორივე ეკლესიის (ღვთისმშობლის შობისა და წმინდა გიორგის სახელობის) ინტერიერსა და ექსტერიერში.
- 2021 წლის ივნისში გელათში პირველი საერთაშორისო მისია შევიდა, რომელშიც მონაწილეობდნენ უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, (ReStruere Ltd, ფლორენციის უნივერსიტეტის Spin-off). ასევე მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი, რომლებიც წარმოადგენდნენ ასოციაცია „ჯოვანი სეკო სუარდოს“ (Associazine Giovanni Secco Suardo).
- პირველ ჯგუფს ევალებოდა გელათში წყლის ინფილტრაციის (გაჟონვის - რ.თ.) მიზეზების დადგენა. ასევე, მათ უნდა მოემზადებინათ რეკომენდაციები, როგორ გადაეჭრათ ეს პრობლემა. მეორე ჯგუფს უნდა შეეფასებინა ტაძრის მთავარი სივრცის მხატვრობის მდგომარეობა, ასევე დაზიანებების გამომწვევი მიზეზები და შეეთავაზებინათ რეკომენდაციები.
- 2022 წლის თებერვალში, საქართველოს სახელმწიფომ საერთაშორისო ICOMOS-ისგან მიიღო მიმოხილვის ორი დოკუმენტი, რომლებიც ეხებოდა 2021 წლის ივნისში, უგო ტონიეტისა და სარა სტეფანინის მიერ შესრულებულ ანგარიშს არქიტექტურის მდგომარეობის შესახებ, ასევე, მარიო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის მიერ შესრულებული კედლის მხატვრობის ანგარიშს. ამ დოკუმენტებში ორივე ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაოები ძირითადად დადებითად იყო შეფასებული.
- 2022 წლის მაისში და მოგვიანებით, აგვისტო-სექტემბერში, კედლის მხატვრობის ფიზიკური ჩარევა განხორციელდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მთავარ ნაწილში.
- 2022 წლის მაის-სექტემბრის პერიოდში მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა ახალი კონსტრუქციით შეიცვალა. რაც ითვალისწინებდა სახურავის საფარის ნაწილობრივ მოხსნას და სტრუქტურის გარედან გამოშრობას.
ანგარიშს ახლავს რეკომენდაციების გრძელი ნუსხაც, რომელშიც პირველი, ინტეგრირებული კონსერვაციის მართვის გეგმის განახლებაა.
ICOMOS საქართველო ფიქრობს, რომ საქართველოს საპატრიარქომ, როგორც ძეგლის მეპატრონემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც მემკვიდრეობის კონსერვაციაზე პასუხისმგებელმა ეროვნულმა უწყებამ, ერთობლივად უნდა შექმნან გელათის პროექტის მართვის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გადაუდებელი ჩარევისა და კონსერვაციის პროცესების მართვაზე.
* საერთაშორისო ექსპერტთა შემადგენლობა:
- ოსტინ ნევინი, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო;
- სარა სტენიფორსი, IIC-ს ყოფილი საპატიო პრეზიდენტი (ემერიტუსი), გაერთიანებული სამეფო;
- ლორინდა ვონგი, გეტის კონსერვაციის ინსტიტუტი, აშშ.