რას წარმოადგენს წითელი რაკეტისებრი ტყვია, რომელიც მომიტინგეებს ესროლეს?

20 ივნისის ღამით აქციის მონაწილე ვახტანგ ბერიკაშვილი პარლამენტის წინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას იღებდა. ამ დროს მკლავზე დაიხედა და სისხლი შენიშნა. გრძნობდა, რომ ხელში რაღაც მოხვდა, თუმცა არ იცოდა, რა იყო ეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ვახტანგს ხელი გაუჭრეს და მოწითალო რაკეტის ფორმის ტყვია ამოუღეს. ამავე ღამეს ასეთი რამდენიმე ტყვია წამოიღეს აქციის სხვა მონაწილეებმაც რუსთაველის გამზირიდან.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა რისთვისაა განკუთვნილი რაკეტის ფორმის რეზინის ტყვიები და მის ორ ანალოგს მიაკვლია, Javelin-ს და იტალიური წარმოების Stabili-Shock-ს. სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ ტყვიასთან მათი მსგავსება დაგვიდასტურა ვახტანგ ბერიკაშვილმა, ასევე სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ კორესპონდენტმა ალექსანდრე აფაქიძემ და სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

ამ სახის ტყვიებზე იარაღის ონლაინ მაღაზია Firequest წერს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, შედეგები კი დამოკიდებულია სროლის დისტანციაზე, სამიზნის სხეულის წონასა და იმაზე, თუ სად მოხვდა სამიზნეს ტყვია.

აღწერაში ვკითხულობთ: „[ამ ტიპის] რეზინის ტყვია შეიქმნა იმ ნაკლოვანებების დასაძლევად, რაც ჩვეულებრივ რეზინის საბრძოლო მასალას აქვს. რეზინის ტყვიების უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ ის მიწიდან ასხლეტით მოხვდეს მიზანს. ტყვიის ამგვარ ფორმებზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თოვლმა, ტალახიანმა ზედაპირმა ან ბალახის რბილმა საფარმა. რეზინის რაკეტა შექმნილია პირდაპირ სასროლად“.

სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ კი განგვიმარტა, რომ სპეცრაზმის მიერ გამოყენებული წითელი ტყვიები გაცილებით ძლიერია ჩვენ მიერ მოძიებულ ანალოგებთან შედარებით. ფერებიც, შესაბამისად, სხვადასხვაა: ყვითელი, რაკეტის ფორმის ტყვია არის ყველაზე მსუბუქი, შავი - შედარებით მძიმე და წითელი - კიდევ უფრო ძლიერი.

ვახტანგ მაისაიას თქმით, წითელი ტყვია პარალიზებისთვის გამოიყენება და მას სამართალდამცველები მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ პოლიციელის მიმართ ფიზიკური საფრთხე რეალურია. „ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალოვანების მიმართ შტურმი, რა დროსაც სამართალდამცველებს ამ ტყვიის გამოყენების უფლება ჰქონდათ, თუმცა როდესაც ამ ტალღამ გადაიარა და შოკის შემდგომი პერიოდი დადგა, მაშინ, როდესაც პერიმეტრის დაკავებაზე იყო გადასული პოლიცია, აქ არ იყო აუცილებელი ტყვიებით შეტევა. ამ დროს წყლის ჭავლიც სავსებით საკმარისი იქნებოდა“,- უთხრა ვახტანგ მაისაიამ რადიო თავისუფლებას.

Your browser doesn’t support HTML5

რის გამო გაგვიმეტა მთავრობამ ასე, ამაზე პასუხი არ გვაქვს სამწუხაროდ, ჯერ

ვახტანგ ბერიკაშვილს ტყვია პარლამენტის წინ, კიბეებთან მოხვდა, მაშინ როცა დაპირისპირება პიკს აღწევდა, თუმცა ის მშვიდობიანი მომიტინგე იყო და პარლამენტში შეჭრას არ ცდილობდა. რეზინის ტყვია მის სხეულში 4 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო შესული.

რაკეტის ფორმის რეზინის ტყვიების აღწერაში მითითებულია, რომ სროლისას დენთის მარაგი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ტყვიის სისწრაფე ლულიდან გამოსვლის მომენტში არ აღემატებოდეს 130 მეტრს წამში. სისწრაფესა და დისტანციაზეა დამოკიდებული მისი შედეგიც.